"ვარ კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტი. ვსწავლობ ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციას".
ფეისბუკი მაჭანკლობას იწყებს
სულ რაღაც 6 კვირა გავიდა კემბრიჯის ანალიტიკური სკანდალიდან და ფეისბუკი უკვე ახალი სერვისის შეთავაზებას გეგმავს მომხმარებლისთვის – გასაკვირი ნაბიჯია ეს თუ გამიზნული სვლა, ის სულ მალე ხანუმას როლში მოგვევლინება, რათა მარტო მყოფმა მომხმარებლებმა მეორე ნახევარი იპოვონ.
ფეისბუკის ახალმა სვლამ დიდი გავლენა იქონია კომპანიის აქციებზე: მათი ღირებულება 1.1%-ით გაიზარდა. ახალი სერვისისადმი ასეთი ინტერესი კი, თავის მხრივ, დიდ დარტყმას აყენებს IAC Match Group-ის მიერ შექნილ აპლიკაციებს, Tinder – ს, HowAboutWe-სა და OkCupid-ს, რომელთა აქციებიც, ცუკერბერგის მიერ F8-ის სცენაზე გამოცხადებული ონლაინ გაცნობის სერვისის ჩაშვების შემდეგ, 20%-ით დაეცა.
ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როცა მარტში, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან კავშირის მქონე ბრიტანულმა კომპანია Cambridge Analytica-მ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ფეისბუკს წვდომა ჰქონდა 87 მილიონი მომხმარებლის პირად ინფორმაციასთან. ამ თემაზე კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს ორი დღის განმავლობაში მოუწია პასუხის გაცემა კონგრესის წინაშე.
ახლა კი, სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, კომპანია ცდილობს, ახალი შეთავაზებით ამღვრეულ წყალში შეაბიჯოს და მომხმარებლის შერყეული ნდობა აღიდგინოს. პირველ მაისს ცუკერბერგმა ფეისბუკის ყოველწლიურ დეველოპერულ კონფერენციაზე, F8-ის სცენაზე განაცხადა, რომ სულ მალე სოციალური ქსელი თავის მომხმარებელს ახალი, ონლაინ გაცნობის სერვისით დაუბრუნდება.
კეთილშობილური სურვილი თუ ფარული მიზნები, ფეისბუკის ახალი შეთავაზება კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს – იქნება თუ არა ახალი სერვისი მომხმარებლების პირადი ინფორმაციის შეგროვების ახალი წყარო?
როგორც ჩანს, ცუკერბერგი უკვე მზად იყო აუდიტორიისგან წამოსული მსგავსი შენიშვნისთვის და გამოსვლისას თამამად განაცხადა, რომ “ახალი ფუნქცია პირველ რიგში მომხმარებლის პირადი ინფორმაციის დაცვაზე იქნება ორიენტირებული”.
მას შემდეგ, რაც 2004 წელს მომხმარებლების პირად გვერდზე გაჩნდა “ურთიერთობის სტატუსის” მიმანიშნებელი ფუნქცია, დღეისთვის დაახლოებით 200 მილიონამდე ფეისბუკ-მომხმარებელია, რომელთაც ეს სტატუსი გააქტიურებული არა აქვთ. ახალი ფუნქცია კი, რომელიც პირადი გვერდის ზედა მარჯვენა მხარეს განთავსდება გულის ფორმით, მომხმარებელს საშუალებას მისცემს, გადავიდეს ონლაინ გაცნობის გვერდზე, თუკი გადაწყვეტს ამ ფუნქციის გამოყენებას: ფეისბუკი მას სავარაუდო წყვილს შეურჩევს.
Tinder-ისგან განსხვავებით, რომელიც ასევე ონლაინ გაცნობის სერვისზე არის ორიენტირებული, ფეისბუკის პროტოტიპს ექნება ორი ღილაკი – „შემდეგი“ და „საინტერესოა“. ეს ღილაკები მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მისთვის სასურველი კანდიდატის პირადი გვერდის დათვალიერების შემდეგ, დაიწყოს მასთან პირადი მიმოწერა, რომელიც არ იქნება დაკავშირებული Messenger-ის ან WhatsApp-ის აპლიკაციებთან.
ამასთან, გაცნობისთვის შექმნილი პროფილი არ იქნება ხილული პიროვნების ფეისბუკ-მეგობრებისთვის და არც მათი სიახლეების ველში გამოჩნდება, რაც ოპტიმალური ფუნქციაა მათი პირადი სივრცის შესანარჩუნებლად.
ჯერჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის ჩაუშვებს ახალ სერვისს ფეისბუკი თავის გვერდზე და რამდენად შეძლებს ის ბაზარზე არსებულ სხვა ლიდერებთან გამკლავებას, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც მომხმარებელზე იქნება დამოკიდებული, რომელმაც კვლავ უნდა გადაწყვიტოს, ანდოს თუ არა თავისი პირადი ინფორმაცია ფეისბუკს.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ოქტომბერი 9, 2018
- on სექტემბერი 7, 2018
- on მაისი 8, 2018
- on აპრილი 17, 2018