"ვარ ბიზნეს კონსულტანტი..."
ქალი, როგორც იარაღი, რომელსაც პროგრესი მოაქვს
ამ წინა საარჩევნო ციებ-ცხელებაში არავის სცალია გენდერული თანასწორობისთვის. თუ სხვა შემთხვევაში ყველა მეტნაკლებად ვთანხმდებით, რომ ქალებს და კაცებს განსხვავებული გამოცდილება, ინტერესები, ხედვები აქვთ და მნიშვნელოანია, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე ორივე სქესი წარმოდგენელი იყოს, ახლა ლუსტრაცია მოგვიწყო პატრიარქარულმა სისტემამ და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ კრიზისულ და გადამწყვეტ სიტუაციებში (როდესაც კარგად ჩანს, ვინ რა ღირებულებების მატარებელია და ვის როგორ ადარდებს თანასწორობის, დემოკრატიის განვითარების იდეა) ქალებს თავისი წარმომადგენლობით „ძაღლადაც არ გვაგდებენ“. ისე ძაღლებს რას ვერჩი, მარგამ ეს ფრაზა კარგად აჩენს ქალების ფასს გაცხარებულ პოლიტიკურ ომში.
2016 საპარლამენტო არჩევნებში 25 სუბიექტია დარეგისტირებული და პარტიულ სიებში ჯამურად 3592 ადამიანი იყრის კენჭს, სადაც 36% ქალია. ერთი შეხედვით არც ისე ცუდი მაჩვენებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ერთი ფაქტი, პირველ ათეულში ჯამურად ქალები მხოლოდ 28%-ით არიან წარმოდგენილი, ისიც ისეთი პარტიების ხარჯზე, რომელიც ძალიან დაბალი რეიტინგით სარგებლობენ და მათი პარლამენტში მოხვედრა დიდი ეჭვის ნიშნის ქვეშ დგას. მაგალითად „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში, რომელიც 155 ადამინისგან შედგები, ქალები მხოლოდ 15% არიან. „საარჩევნო ბლოკი პაატა ბურჭლაძე“ – 16%, სიის პირველ ოცეულში არცერთი ქალი! „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – სიის მხოლოდ 29% არიან ქალები.
თუ სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო რეიტინგებს დავეყრდნობით და ანალიზს გავაკეთებთ, ქალთა წარმომადგენლობა მომდევნო პარლამენტში არ გაიზრდება და ისევ 12-15% შორის იმერყევებს. ქალი ვარ და როგორც ამ გენდერული იდენტობის მატარებელს, სუბიექტურად მადარდებს ეს საკითხი, მაგრამ ამ პირადი ინტერესების მიღმა ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა დგას, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ქვეყნის კეთილდღეობაზე. მინდა შეგახსენოთ, რა შესაძლებლოზე ვამბობთ უარს, როდესაც ქალებს ხელს ვუშლით გახდნენ აქტიური პოლიტიკური და ეკონომიკური აქტორები.
თუ ქალებს „შუშის ჭერს“ მოვუხსნით, კონკურენცია გამძაფრდება, ჩვენ კი მრავალფეროვანი არჩევანი გვექნება: დამსაქმებლები, ამომრჩევლები უპირატეს მდომარეობაში აღმოვჩნდებით. კონკურენციის ინტენსივობის მატება ხარისხის გაუმჯობესებას იწვევს. კონკურენცია აიძულებს ყველას, გახდეს უკეთესი და აიმაღლოს კვალიფიკაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე მოთხოვნა არ იქნება.
რატომ აჩოჩებენ გამუდმებით ქალებს, პრივილეგირებული კაცები? იქნებ ზუსტად ამ კონკუნრეციის ეშინიათ? იქნებ იმ კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ უნდათ, რომელიც რეალურად აზარმაცებს ადამიანს და აფერხებს პროგრესს?
არც ისე სასიამოვნოა ამის წაკითხვა, მაგრამ იქ, სადაც ქალის ნებისყოფაზე და მუშაობაზეა დამოკიდებული მისი წარმატება, შედეგები ასე გამოიყურება: 2014 წელს საქართველოში გაცემული დოქტორის ხარისხის მქონე ადამიანებში 62% ქალია. ამასთან, არ დაგვავიწყდეს, რომ 2014 წელს 16 776 მსჯავრდადებულთა შორის ქალი მხოლოდ 4%-ია.
ნუთუ ეს საკამარისი მიზეზი არ არის იმისთვის, რომ ქალებს ხელი შევუწყოთ და მოვაცილოთ ბარიერები პოლიტიკასა და ეკონომიკაში? ქალი ხომ კეთილდღეობის გარანტი და პროგრესის მნიშვნელოვანი ლოკომოტივია. #მეტიქალიპარლამენტში!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on დეკემბერი 23, 2018
- on აგვისტო 17, 2017
- on დეკემბერი 7, 2016
- on ნოემბერი 2, 2016
- on ოქტომბერი 11, 2016
- on სექტემბერი 22, 2016
- on სექტემბერი 20, 2016
- on სექტემბერი 13, 2016