"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
ქალის სურნელი პოლიტიკაში
ლეგენდარული ჯეიმს ბრაუნი თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერაში ამბობს (ამბობს და მერე როგორ): “ეს არის კაცების სამყარო, მაგრამ ეს (სამყარო) არაფერი იქნებოდა ქალის, ან გოგოს გარეშე”. ეგრეა? ფაიზახი სიტყვებია. ერთხელ ჩემს ჯეელობაში, თბილისში ასაკოვანმა სომეხმა ტაქსისტმა, როდესაც მოუსმინა ხმამაღალ მსჯელობას, შვილი გოგო ჯობია, თუ ბიჭი (გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ ჩემი ხმამაღლა გაცხადებული პოზიცია იყო, რომ მთავარია ჯანმრთელი იყოს და რა მნიშვნელობა აქვს სქესსთქო. ეტყობა ეს პოზიცია ჩაესმა ჩემს უპირველეს შვილს სალომეს და იმიტომაც ვუყვარვარ დაბადებიდან, ისევე როგორც უბუკიტეს ნატალიას), თავისი უსერიოზულესი არგუმენტი გაახმიანა: “კანეშნა” გოგო ჯობია. იცი რატომ? იმიტომ, რომ ქალი პირველი “ზაპევალაა”. აი შენ რო მოკვდები, ბიჭი დაიწყებს წინ და უკან უსიტყვოდ სიარულს, პაპეროზის წევას, გოგო კიდევ, როგორც კი სამძიმარზე ვინმე შემოვა, ეგრევე ტირილს დაიწყებს – ადე პაპიკ, ნახე ვინ მოვიდა შენს სანახავადო. ხო, ეგრეა რა, პირველი ზაპევალაა”. მაშინ 20 წლის ბიჭი ვიყავი, ახალ სიცოცხლეს ველოდი და ამან კიდევ “გამამწესა”. ახლა მეცინება, თორემ მაშინ მაგრადაც დავიგრუზე, ელბაქიძის აღმართზე მიხეილ ჯავახიშვილის სახლთან გავაჩერებინე და სოლოლაკამდე გზა ფეხით გავაგრძელეთ.
დიდ პოლიტიკაში ყველაფერს თავისი წესი და პროტოკოლი აქვს, მათ შორის მიქელ გაბრიელთან გამგზავრების ცერემონიალსაც. ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, თუმცა ერთხელ თავადაც უნებლიედ გავხდი შემსწრე, ვიღებდი რა მონაწილეობას “რკინის ლედის” მარგარეტ თეთჩერის გამოსათხოვარ პროცესიაში (სხვათა შორის, თავის ქელეხიანად), როგორ მოწესრიგებულად, კულტურულად შეიძლება გამოემშვიდობო მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანს. ამერიკელი “კერკეტი კაკალის” სენატორ მაკეინის დაკრძალვის ცერემონიალზე უხვად იყო შთამბეჭდავი სიტყვები და ამაღელვებელი მომენტები, ასევე უამრავი ფოტო და ვიდეო კადრები. ამერიკაში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ერთ-ერთ მთავარ ფოკუსში ჯორჯ ბუშ უმცროსის და მიშელ ობამას მოკრძალებულ/ცელქურ/შეთქმულებული კონტაქტის კადრიც აღმოჩნდა, რომელიც ძალიან მაგრად აღწერა თავად მიშელ ობამამ ამერიკული “თუდეი”-თვის მიცემულ ამასწინანდელ ინტერვიუში: ვგიჟდები ძია ჯორჯზე, სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება, ის ხომ ჩემი “თანამზრახველია”, ყველა ქორწილში და დაკრძალვაზე პროტოკოლით გვერდიგვერდ გვიწევს ჯდომა და მაგრადაც ვხალისობთო. რა თქმა უნდა, აქ ამბავი იმაში კი არაა, რომ ძია ჯორჯმა კაფენტი ჩაუბღუჯა მიშელს, არამედ, მთავარი ისაა, რომ ტეხასელი რესპუბლიკელი 43-ე პრეზიდენტის და აშშ-oს ისტორიაში პირველი ფერადკანიანი დემოკრატი პრეზიდენტის ოჯახებს შორის ადამიანური, უფრო მეტიც, მეგობრული ურთიერთობები შეიძლება იდგეს ყველანაირ პოლიტიკაზე მაღლა. არა, თქვენ არ გეგონოთ პოლიტიკა არ იყოს ამ ამბავში და ეს ისე გულუბრყვილო ემოცია იყოს. იქაც არჩევნებია, იქაც კამპანიაა. ყველა სიტყვას და ჟესტს თავის ფასი აქვს. უბრალოდ სხვა დონეა. სხვა კულტურაა. შორია ჯერ იქამდე. მშვენივრად იცის, სად რა უნდა თქვას, სად გაიღიმოს და სად არა მიშელ ობამამ, თორემ ნელსონ მანდელას დაკრძალვაზე (ისე რას გადავეკიდე ამ დაკრძალვებს? J)) ბარაქ ჰუსეინის ძემ ერთი გაილაღა/გაიღიმა/წაისელფა დანიის პრემიერ-მინისტრთან ჰელე თორნინგ-შმიდტთან და ეგრევე გვერდიდან კისერზე მწველი მცხუნვარებაც იგრძნო. ნენა რა იყო ეს.
აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის მეუღლე თუ იტყოდა, მსოფლიოში ბულინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი ვარო, რას წარმოვიდგენდი. რავარი დასაბულინგებელია ზესახელმწიფოს პირველი ლედი, ეს ანგელოზივით ქალი მელანია, მაგრამ დაეჯერება, რასაც ამბობს. ქუდი დაიხურა, მზის დარტყმა არ მივიღოო და ეგ კოლონიზატორის ქუდი რატო გახურავსო. ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და სად გაუჩინარდა, ხომ ცოცხალიაო. რასაც ეგ ისმენს, კიდევ კარგად არის, მაგრამ ისე არ გეგონოთ, მარტივი ქალი იყოს. თავის სიტყვასაც ამბობს, არის კიდევ ხალხი თეთრი სახლის ადმინისტრაციაში, ვისი ნდობაც არ შეიძლებაო. მე ჩემს აზრებს თავს არ ვახვევ პრეზიდენტს, უბრალოდ ვეუბნები და ის მერე ისე იქცევა, როგორც თავად გადაწყვეტსო. ატყდება ალბათ ამბავი, აჰაა, მშვენიერო მელანია, კიდევ ურჩევ პრეზიდენტსა? ურჩევს აბა არ ურჩევს. თეთრ სახლში რომ ქალის სურნელი სუფევს, ამაში ქალბატონ მელანიაზე უფრო დიდი წვლილი პრეზიდენტის შვილს ივანკას მიუძღვის. რავარი უწინასწარმეტყველია ჯეიმს ბრაუნს, ეს სამყარო არაფერი იქნებოდა ქალის ან გოგოს გარეშეო.
ნაღდი წინასწარმეტყველება მაშინ იქნებოდა, “ბანქოს სახლის” სცენარით პრეზიდენტის მეუღლეს რო დაეკავებინა ოვალური კაბინეტი, მაგრამ სავარაუდოდ ეგ ამბავი არ გამოვა. ყოველ შემთხვევაში აბსოლუტური სიზუსტით, თორემ ისე ვინ იცის. გაიხსენეთ აბა, ვიდრე მაგ მწვერვალამდე მივიდოდა, ფრენსის ანდერვუდის მეუღლე კლერი სად მოღვაწეობდა? დიპლომატიაში. სად კონკრეტულად? სად და გაეროში აშშ-ს წარმომადგენლად. გასულ კვირას გაერო-ში აშშ-ს ელჩობიდან მოულოდნელად ვინ გადადგაო? ვინ და დ.ტრამპს თუ დავესესხებით, ადამიანი, ვინც გაერო-ში ელჩის პოზიცია უფრო მეტად გლამურული გახადა. არ შეიძლება არ დაეთანხმო. ნიკი ჰეილიმდეც იყვნენ ძალიან მაგარი ელჩები. მადლენ ოლბრაიტი, ზალმაი ჰალილზადი და მრავალი სხვა, მაგრამ ნიკი ჰეილიმ სულ სხვა პეწი შესძინა გაერო-ს, ბიუროკრატიის მსოფლიო მექას. ძალიან მაგარი ელჩიც იყო, ძალიან მაგარი პოლიტიკოსიც გამოდგა და მაგარი პერსონალური თვისებებით და უნარებითაც არის ეტყობა დაჯილდოვებული. არის მასში ნამდვილად რაღაც განსაკუთრებული, თორემ თუ სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ეიჩ არ მაკმასტერი ისე გაისტუმრეს, რომ ერთი წესიერი პკ-ც კი არ უთხრეს, ნიკი ჰეილის მოულოდნელ წასვლას უზარმაზარი მედია შესაძლებლობა დაუთმო პრეზიდენტმა ტრამპმა. პიარ სივრცე გაუყო ძმაო. ვინც პიარ კამპანიის უბადლო ოსტატს დ. ტრამპს ადევნებს თვალყურს, მიხვდება, რასაც ვამბობ. ჰოდა ერთი ნიშანდობლივი რა იყო ამ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე და ნიკი ჰეილიმ თვითონ გააცხადა, 2020-ში პრეზიდენტობას არ ვაპირებ, დ.ტრამპისკენ გაიშვირა ხელი და აი ამ კაცისთვის ვიმუშავებო მის კამპანიაშიო. აქაც ქულები ჩაიწერა. შორს იხედება, 2020-ში ტრამპს რო შეპაექრებოდა, გაცამტვერდებოდა და 2024-თვის კიდევ მაგარი თადარიგი დაიჭირაო. ტრიალებს, ტრიალებს, პოლიტიკაში ქალის სურნელი ტრიალებს. ჰილარი როდემ კლინტონს გარემოებებმა შეუშალა ხელი. ვნახოთ “კარენოი” ამერიკელი ნიკი ჰეილი როგორ ივაჟკაცებს. მანამდე აგერ შუალედური არჩევნები მოდის. არ გაინტერესებთ, ვინ შეიძლება კონგრესის ბედს ვინ გადაწყვეტს?
აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ბრეტ კავანოს წინააღმდეგობით აღსავსე კანდიდატურის დამტკიცების ვნებათაღელვის ჩაცხრობის შემდეგ გამოქვეყნებული სი ენ ენ-ის კვლევის მიხედვით, 6 ნოემბერს დაგეგმილ არჩევნებში ქალების 60%-ზე მეტი დემოკრატებისთვის აპირებს ხმის მიცემას. არ ვიცი, რამდენად გამართლდება მაგ კვლევის შედეგები, მაგრამ ამერიკულ პოლტიკაში რომ ქალებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ, საუბარი ზედმეტია.
ამდენი ვისაუბრეთ ქალის სურნელზე და კაცებმა რაღა ქნანო, იკითხავს მკითხველი. ალ პაჩინოს გმირივით ტანგოს ცეკვა რომ შეგვეძლოს, შეიძლება კიდეც გავშვებოდით პოლიტიკასაც და დიპლომატიასაც, მაგრამ არ გვაქვს ფუფუნება. ტანგო, ცხოვრებისგან განსხვავებით, ადვილია, შეცდომა არ მოგივა, არწმუნებს ახალგაზრდა მანდილოსანს ვიეტნამის ომის ვეტერანი, მხედველობა დაკარგული პოლკოვნიკი ფრენკ სლეიდი. ამბობს და ისეთს ცეკვავს, რომ სასწაული გამომეტყველებით და პლასტიკით გადმოგვცემს ქალის სურნელის მთელი სიგრძე-სიგანით შეგრძნებას. დიახ, ეს არის კაცების სამყარო, მაგრამ… ის არაფერი იქნებოდა ქალის ან გოგოს გარეშე.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023