"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ყველა ყველას წინააღმდეგ

ყველა ყველას წინააღმდეგ

ყველა ყველას წინააღმდეგ – გასული კვირის მოვლენებს, მსოფლიო ლიდერების განცხადებებს, ზურგსუკან “ქირქილებს” და შეხვედრებისას მათ ჟესტიკულაციებსა და მიმიკებს თუ გადავხედავთ, არ მგონია, ამაზე ლაკონურად შეიძლებოდეს საერთაშორისო პოლიტიკაში არსებული ურთიერთობების მდგომარეობის აღწერა.

ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, ნისლიანი ალბიონი იყო. იქ, სადაც მასპინძელი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონია; იქ, სადაც სტუმარი აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპია; იქ, სადაც ნატო-ს საიუბილეო სამიტია, წყალ-წყალა სადღეგრძელოების, მაგ. “ჩვენს ძმობას და სიყვარულს გაუმარჯოს”, “ვისაც ჩვენ არ ვუყვარვართ, იმათაც გაუმარჯოს” და ა.შ. ადგილი ნამდვილად არ არის. დედოფალს ყველა პატივს სცემს, მის მიღებაზე ზედმეტის უფლებას თავს არავინ მისცემს, მაგრამ  ბუკინგემს გარეეეთ… როგორც იტყვიან, დედა შვილს არ აიყვანს.

წინსმწრებად არტილერიული ცეცხლი (არტერიულში არ აგერიოთ) საფრანგეთის პრეზიდენტმა გახსნა. “ეკონომისტთან” ინტერვიუში ემანუელ მაკრონმა, არც მეტი არც ნაკლები, ნატო, ანუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ანუ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამხედრო-პოლიტიკური კავშირი ფაქტიურად გარდაცვლილად გამოაცხადა. აპარატზეა შეერთებული და დროა ევროპელებმა ჩვენს თავს მივხედოთო. 70 წლის, მე თუ მკითხავ, ძალიანაც მხნედ და ჯან-ღონზე მყოფ ნატო-ს თურქეთის პრეზიდენტი გამოექომაგა და თვითონ თუ ხარ გონებაზეო, ჩაეკითხა ფრანგ კოლეგას. აბა ამის შემდეგ ეს სამიტი საზეიმო და საიუბილეო როგორღა გამოვიდოდა.

დ.ტრამპი ჩაფრინდა თუ არა ლონდონში, პირველივე შეხვედრაზე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ფრანგ კოლეგას ტონი დაუწუნა, ვის ვის და საფრანგეთს ყველაზე მეტად სჭირდება ნატო და ასეთი უხეში განცხადებები არ ეგებისო. აშშ-ს პრეზიდენტის საყვედური მარტო ამ განცხადებით არ შემოფარგლულა. საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ამერიკული გიგანტებისთვის “გუგლის” (გუგულიში არ აგერიოთ) და სხვ. ციფრული გადასახადის დაწესების გამო აშშ-ს ადმინისტრაციამ 2.5 მლრდ დოლარის ფრანგულ ღვინოსა და ყველებზე (კამამბერზე კაცო, მაშ, კამამბერზე) შემხვედრად  გადასახადების ზრდა გამოაცხადა. ამ ყველაფრის კულმინაცია იყო დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა. საერთოდ, ნატო-ს სამიტის ყველაზე თვალსაჩინო მომენტი სწორედ ეს შეხვედრა იყო და არა “საოჯახო ფოტო” დედოფალთან და მის გარეშე (რომელზეც ტრამპი არ არ არის). ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ არა ტელეკამერები, კააიი მწარ-მწარესაც ეტყოდნენ ერთმანეთსო. განსაკუთრებით “გაწიწმატებული” საფრანგეთის პრეზიდენტი ჩანდა, თორემ მისი ამერიკელი ვიზავი მაინც თავის სტილში ხან დაუყვავებდა, ხან შეეხუმრებოდა, ხანაც ფრანგული პასპორტის მქონე ისლმური სახელმწიფოს დატყვევებული “ცაკალელი” (ვციტირებ ტრამპს) ტერორისტების პარიზში დაბრუნებას შეთავაზებდა. ამ ყველაფრიდან კარგი ის მოხდა, რომ დ.ტრამპმა ფრანგული ღვინის და ყველის მოყვარულებს იმედი არ გადაუწურა, რამეს მოვიფიქრებთო და მისივე დაჯავშნილი ლიმუზინით ბუკინგემის სასახლეში მიღებაზე მიმავალმა ფრანგი კოლეგა დაიმგზავრა.

აკი გითხარით, მასპინძელი ბორის ჯონსონი იყო მეთქი და თითქოს ყველა ცხელი ამბის შუაგულშიც ეგ უნდა ყოფილიყო, მაგრამ… აფერუმ მის მოხერხებას. წინასაარჩევნოდ ამ ორომტრიალში კაცმა იარა, ბარე ორმა დაიკვეხნოს. არ მოწონს ბრიტანელ ხალხს დონალდ ტრამპი? კი ბატონოო, არ არის პრობლემი. მერე შეხვდება, როცა გაიმარჯვებს არჩევნებში და გაიყვანს დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან. თითქმის ყველა წინააღმდეგობრივ და უხერხულ სიტუაციას აარიდა თავი. თითქმის… მეორე დღეს გავრცელდა ვიდეო, სადაც კანადის პრემიერი ბრიტანელ კოლეგას და საფრანგეთის პრეზიდენტს ტრამპთან მისი შეხვედრის დეტალებზე მხიარულად ყვებოდა. ეწყინა ტრამპს. პრესკონფერენციაც გააუქმა, სულ ორსახა იანუსი უძახა კანადელ მეზობელს და …დააწვა გაცხარებული, ადუღებული ვაშინგტონისკენ.

არ ეშვებიან დემოკრატები დონალდ ტრამპს. ძალს ისინი არიან და ძალს აშშ-ს პრეზიდენტი. კონგრესის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ლონდონში დააწია დონალდ ტრამპს ამბავი, უკან არ ვიხევთ, ბოლომდე მივდივართ იმპიჩმენტზეო. პასუხად ტრამპმა, სადაც თქვენი დაიკვეხნოთ იქაც ბოლო 50 წლის მანძილზე უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არ დაგავიწყდეთო. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ალბათობით დონალდ ტრამპი აშშ-ს მესამე პრეზიდენტი იქნება, ვის წინააღმდეგაც საიმპიჩმენტო პროცედურები განხორციელდება, ფსონები მაინც დონალდ ტრამპზე იდება; იმიტომ რომ სენატი რესპუბლიკურია, რესპუბლიკელებში კი ბოლო გამოკთხვების თანახმად დონალდ ტრამპის საქმიანობის მოწონება 92%-ს შეადგენს.

ლონდონს რომ დავუბრუნდეთ, პიპინიასგან განსხვავებით, ნატოელებმა ვალოდია რუსს არ აგინენ, მაგრამ არც ბევრი დააკლენ. იმსჯელეს, იმსჯელეს და შეთანხმდნენ, პოლონელების და ბალტიელების წინააღმდეგ რუსების განძრევა და …. ერთი იქნება. ნათქვამია, კუმ ფეხი გამოყოო, გამწარდა რუსების პირველი დიპლომატი და ბრატისლავაში, ეუთო-ს მინისტერიალზე ყოფნისას სულ დესტაბილიზატორები ეძახა ნატოელებს. ამ ამბავს ასე არ დავტოვებთ, თქვენზე ნაკლები დესტაბილიზატორების ქურქიც დავხიეთო. ჩავა ამ კვირაში ვაშინგტონში და ვინ ვის ქურქს დახევს, მაგასაც ვნახავთ. მაგათ ურჩევნიათ, მთელი რუსული “ისთებლიშმენტის” შვილები რომ აშშ-ს, დიდი ბრტანეთის და იტალიის მოქალაქეები არიან, იმაზე იფიქრონ. არ უშველის მაგ საქმეს ალპებში “შპიონების” მოსამზადებელი ბაზები და არჩევნებში ჩარევები. ბუნებრივი აირით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანაში მოსახლეობის მესამედი რომ შეშით თბება, კუნთებზე ყურება ცოტა უხერხულია. დიდებთან, თორემ ჩვენთან იცოცხლე, ექიმებსაც გვიჭერენ –  #გათავისუფლდესვაჟაექიმი –  და შეშაზე გამახსენდა, შეშისთვისაც იჭერენ. გასდით და “უაი ნოთ”. 

ყველა ყველას წინაააღმდეგ მეთქი და აბა ჩინეთის გარეშე როგორ ჩაივლიდა ასეთი ხმაურიანი კვირა. თვითონ ჩინელებს ხმაური არ უყვართ, არც “ლოცვა-კურთხევა”, როდის გიღიმის და როდის გიბრაზდება ვერ გაიგებ, ჩუმად აგრძელებს თავის საქმეს, საბერძნეთის პიროესის პორტის აღება იქნება თუ რუსეთიდან მილიარდობით კუბური მეტრი გაზის წამოღება. სამაგიეროდ, ამერიკელები ბობოქრობენ; კანონმდებლებიც და აღმასრულებელიც. პრინციპი მარტივია – ჯერ მთავარი ღირებულებები, მერე სავაჭრო ხელშეკრულებები. ამიტომაც, არ დაადგა საშველი ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების პირველი ფაზის დოკუმენტის ხელმოწერასაც კი. ისევ შეფერხდა, ისევ გაიჭედა. დონალდ ტრამპმა ლონდონიდან დაიქუხა, ჩინელებმა იკითხონ, თორემ მე კი მაწყობს 2020-ის არჩევნების (საქართველოს პარლამენტისას არ გულისხმობდა. სხვაგანაც ტარდება არჩევნები ))) ) შემდეგ შეთანხმებაო. თანაც, ისეთი შეთანხმება, რომელიც პირველ რიგში მოაწყობს ამერიკელ ხალხს, და არა პირიქითო. შეზანზარდა ისევ ბირჟები, წამოვიდა ქვემოთ აქციების ფასები. ასე ხდება, როდესაც ვერ თანხმდებიან დიდები. ისე, მაგარია, შენს სიტყვას ეგეთი ძალა რომ აქვს. საერთოდ, სიტყვას რომ ფასი აქვს, ისიც კარგია, თორე თუ დაეკარგა, მერე ხდება ხოლმე ცუდი რამეები.

ჩინეთზე ნატო-მაც არ დააყოვნა. ფრთხილად და აკურატულად, მაგრამ სულ რაღაც 9-პუნქტიან დეკლარაციაში თავისი ადგილი ჩინეთსაც გამოუყო. ისაო, ესაო, რუსეთი რუსეთად, კოსმოსი კოსმოსად, მაგრამ ჩინეთზეც გვაქვს ჩვენი შეშფოთებაო. არ გაემტყუნება. ძააალიან სწრაფად და მძლავრად ღონიერდება ყველა მიმართულებით ცისქვეშეთის კანცელარია.  

აი ამ ნოტაზე დაგვირგვინდა ნატო-ს საიუბილეო სამიტი. ვნახოთ რას მოგვიტანს ეს კვირა – პარიზში ნორმანდიული ოთხეული იკრიბება, დიდ ბრიტანეთში არჩევნები იმართება, საუდის არაბეთში კი სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს საიუბილეო, რიგით მე-40 სამიტი ტარდება. მწვავე დაპირისპირების შემდეგ პირველად საუდის არაბეთის მეფემ  მოწვევა ყატარის მმართველსაც გაუგზავნა. ისე, ყველა ყველას წინააღმდეგ იმისთანა უნდა, ახლო აღმოსავლეთში რომ არის, მაგრამ ძალიანაც არ მინდა, რომ კვირის დასაწყისში დაგამძიმოთ.

ჩვენიც გვეყოფა…

გააზიარე