"ვარ სტრატეგიული მარკეტინგის კონსულტანტი, ლექტორი. 12 წელია ვმუშაობ ბიზნესში, მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით. პარალელურად, დაინტერესებული ვარ წერით, ხელოვნებით. მიმაჩნია, რომ ცვლილება იწყება ჩვენით".
შემატე ახალი ფერი - ბიზნესი, როგორც ხელოვნება
ბიზნესი და ხელოვნება ორი განსხვავებული სამყაროა, სხვადასხვა ხედვით, ღირებულებებით, პრიორიტეტებით. თუმცა სინთეზი, რომელსაც ეს ორი სამყარო ქმნის, ხშირად საინტერესო და ინოვაციურ შედეგს იძლევა.
შეაფასე სხვადასხვა კუთხიდან
კუბიზმმა, მეოცე საუკუნის დასაწყისის ხელოვნების ავანგარდულმა მიმდინარეობამ, ახალი ეპოქა შექმნა ხელოვნების ისტორიაში. ნამუშევრებში ობიექტი დაშლილია ფრაგმენტებად, გაანალიზებული, ხოლო შემდეგ კვლავ აწყობილი აბსტრაქტული ფორმით, მისი შეფასება სხვადასხვა კუთხიდან ერთდროულად ხდება.
ბიზნესში, კუბიზმის მსგავსად, ერთი და იმავე საკითხის სხვადასხვა კუთხიდან დანახვა ინოვაციური ბიზნეს მოდელების შექმნის ერთ-ერთი წინაპირობაა. თუმცა კონკურენტულ, სწრაფად ცვალებად გარემოში აღნიშნულის მიღწევა საკმაოდ რთულია. ცნობილი ავტორი ჯუდი გლეისერი, თავის წიგნში Conversational Intelligence: How Great Leaders Build Trust & Get Extraordinary Results განიხილავს ინოვაციის შემაფერხებელ რიგ მიზეზებს, მათ შორის თანამშრომლობის პროცესში ერთმანეთის იდეების მოსმენას და მიმღებლობას ახალი აღმოჩენების გაკეთების მიზნით, შინაგანი წინააღმდეგობების დაძლევას. ავტორი აღწერს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დებატები, კონფორმიზმის შემცირება, ნდობის განვითარების ხელშეწყობა.
ბარიერები, რომლებიც ხშირად ჩვენივე შიდა ცენზურიდან მომდინარეობს, თითქოს არც არსებობდა შორეულ წარსულში – “ყოველი ბავშვი ხელოვანია, მთავარია დარჩე ხელოვანი ზრდასრულ ასაკში” – ამბობდა პიკასო და აღნიშნავდა, რომ ოთხი წელი მოანდომა ესწავლა ხატვა როგორც რაფაელს, ხოლო მთელი ცხოვრება – როგორც ბავშვს.
ბავშვების ცნობისმოყვარეობა, ინტერესი, მუდმივად ახლის ძიების სურვილი – ეს ფაქტორები წარმოადგენდა მხატვრის ხედვით რაიმე განსხვავებულის შექმნის საფუძველს.
ბიზნესი, ისევე როგორც ხელოვნება, მუდმივი ექსპერიმენტის ობიექტია, წარმატებით გამოწვეული ერთგვარი თავდაჯერების, სასურველის მიღწევით ტკბობის დროული დასრულება, რადგან “წარმატება საშიშია, განმეორების საფრთხეს ქმნის”- თვლიდა პიკასო და მუდმივად ქმნიდა ახალს, ექსპერიმენტულს, საინტერესოს.
ცვლილების შიში და მოსალოდნელი რისკი ხშირად შემაფერხებელია ინოვაციისთვის, თუმცა, სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ ბიზნეს გარემოში თამამი იდეების გარეშე წინსვლა და განვითარება – თითქმის შეუძლებელი.
ეძებე შთაგონების ობიექტები
“ნუ ელოდები ინსპირაციას, ის თვითონ მოვა მუშაობის პროცესში”, – ამბობდა ანრი მატისი. ის დაუზარებლად იკრებდა გარშემო შთაგონების ობიექტებს: ტექსტილს, სკულპტურას, კერამიკას, მცენარეებს, ჩიტებს და ა.შ. მიაჩნდა, რომ შემოქმედებითი მიდგომა სიმამაცეს საჭიროებს, მთავარი კი ობიექტების განსხვავებულობის შემჩნევაა.
“შთაგონების ობიექტებს” ეძებს ბიზნესიც და ისევე როგორც მხატვრობაში, მწერლობაში, მუსიკაში, ინსპირაცია აქაც ხშირად მოგზაურობით, ახალი ადამიანების გაცნობით, ზოგჯერ კი უბრალოდ, საინტერესო ნივთების შეგროვებითაც მოდის.
დაკვირვება თანამშრომლებზე, მომხმარებლების ცვალებადი ქცევის თავისებურებებზე, ინდუსტრიის სიახლეების მუდმივად გაცნობა, ზოგად ტენდენციებს გამოკვეთს, რაც ახალი იდეების ფორმირებას უწყობს ხელს.
თუმცა ბიზნესში არსებულ გამომოწვევებთან გამკლავება ზოგჯერ რთულია მხოლოდ რაციონალურ ან ლოგიკურ დასკვნებზე დაყრდნობით. ხელოვანები, რომლებსაც “მომავლის რადარებსაც” უწოდებენ, ხშირად სცდებიან რაციონალურ აზროვნებას და სიტუაციის სინამდვილეს საკუთარი გადმოსახედიდან აფასებენ. ამიტომაც მიმართავს ბიზნესი “ხელოვნებაზე დაფუძნებულ სწავლებას”, შემოქმედებითი აზროვნების, პრობლემის გადაჭრის უნარების, ინოვაციური ლიდერობის კომპეტენციის განვითარებისთვის.
გააერთიანე კომერცია და წარმოსახვა
სიზმარსა და რეალობას შორის ჰარმონიის მიღწევის ძიების, რაციონალურობის უარყოფის და ქვეცნობიერთან დაკავშირების მუდმივი მცდელობით ცნობილი ესპანელი გენიოსი სალვადორ დალი, აქტიურად თანამშრომლობდა ბიზნესთან, რის გამოც მას ანდრე ბრეტონმა Avida Dollars (“დოლარებზე დახარბებული”) შეარქვა. სალვადორ დალის ეკუთვნის Chupa Chups-ის ცნობილი ლოგოს დიზაინი, იღებდა მონაწილეობას სარეკლამო რგოლების გადაღებაშიც: Alka Seltzer, Veterano Brandy, Lanvin.
“ღვთაებრივი დალი”, როგორც ის საკუთარ თავს უწოდებდა, აქტიურად მუშაობდა პერსონალურ ბრენდინგზეც – ატარებდა ექსცენტრულ ტანისამოსს, აპრეხილ ულვაშებს, ინდივიდუალური ექსტრავაგანტული სტილით გამოირჩეოდა, რითაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა ხალხზე.
ესთეტიკა, წარმოსახვა, ფორმების და ფერების სიღრმისეული აღქმა მოდის და ხელოვნების სფეროებსაც საინტერესო ექსპერიმენტებით ერთიანებს: Dolce&Gabanna and Smeg სიცილიური ფოლკლორის მოტივებზე, ხელით მოხატული სამზარეულო ტექნიკის #DGSicilyismyLove 2017 კოლექციას ქმნიან. მყიდველებს მხატვრების მიერ ექსკლუზიურად მათთვის მოხატული სამზარეულო ტექნიკის ყიდვის შესაძლებლობა ეძლევათ.
ხელოვანებთან თანამშრომლობას ბიზნესის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს Rolls-Royce Motor Cars-ის აღმასრულებელი დირექტორი თორსთენ მიულერ ოთვოსი და ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ კომპანია არ ყიდის მეტალს, არამედ ოცნებებს, სეგმენტთან კომუნიკაციისას კი ქმნიან რომანტიულ ატმოსფეროს ბრენდის გარშემო, რაშიც ხელოვნება ეხმარებათ. კომპანიის მიერ ინიცირებული Rolls-Royce Art Programme აქტიურად ცდილობს აღმოაჩინოს და ერთმანეთთან დააკავშიროს ნიჭიერი ხელოვანები, შეუწყოს ხელი მათ დიალოგს და თანამშრომლობას სხვადასხვა ღონისძიებების და გამოფენების ორგანიზების გზით.
კოლაბორაციის პერსპექტივის პარალელურად, დამატებითი გამოწვევა, ბიზნესის მხრიდან ხელოვანის მუშაობის პროცესში ჩართულობის ბალანსირებაა. Fendi-ს აღმასრულებელი დირექტორი პიეტრო ბეკარი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ხელოვანი ბრენდმა ფრთხილად უნდა შეარჩიოს, ბრენდის ღირებულებების გათვალისწინებით, თანამშრომლობის პროცესში კი ენდოს, რომ ავთენტურობა არ დაიკარგოს. არტისტებთან მრავალმხრივი კომუნიკაციის ხელოვნებას იგი ბრილიანტის ქვას ადარებს, რომლის ყოველი წახნაგიც საინტერესო ისტორიას გადმოსცემს.
და მაინც, ხელოვნებასთან, როგორც ბიზნესისგან რადიკალურად განსხვავებულ სფეროსთან თანამშრომლობა, ზოგჯერ რისკის შემცველად აღიქმება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 21-ე საუკუნის ბიზნესი, მენეჯერული თეორიის ტრადიციულ განმარტებებსა და მართვის ჩარჩოებს თავისდაუნებურად სცდება. სცდება ადამიანების ცხოვრების სტილის, მათი პრიორიტეტების, სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე. დღეს ადამიანები, ისე როგორც არასდროს, ეძებენ შინაარსიან, გამოცდილებით დატვირთულ ცხოვრებას, ემოციას, ეთიკას, კულტურას, თავისუფლებას, საკუთარი აზრის თანაბარ პირობებში გამოხატვის, შემოქმედებითი რეალიზების მუდმივ შესაძლებლობას. სწორედ ამიტომაც, ხელოვნება, როგორც ადამიანის სულიერი განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობა, თამამად იკავებს ადგილს მათ ცხოვრებაში. ხოლო შეკითხვას, არის თუ არა რისკის შემცველი კოლაბორაციები განსხვავებულ სფეროებს შორის, მარტივი პასუხი შეიძლება გაეცეს – საინტერესო და აუცილებელიცაა.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2020
- on მარტი 19, 2019
- on იანვარი 30, 2019
- on ნოემბერი 14, 2018
- on ოქტომბერი 2, 2018
- on აგვისტო 28, 2018