"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
შემდეგი გაჩერება - დედა აფრიკა
გასული წლის განმავლობაში მსოფლიოს ყურადღება ძირითადად მიპყრობილი იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე (სისხლისმღვრელი ომი სირიაში, უკანასკნელ დრომდე შეუმჩნეველი ჰუმანიტარული კატასტროფა იემენში, ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, ბირთვული პროგრამის ყოფნა/არყოფნა ირანში და სხვ.), წამყვან ეკონომიკებს შორის სავაჭრო და სატარიფო ომებზე, ჩრდილოეთ კორეელი დიქტატორის მორჯულებასა თუ მის ცბიერ მანევრებზე, რუსეთის მავნებლობებზე უკრაინაში, ხელების უშნო ფათურსა და ჩარევაზე აშშ-ში, ბოროტმოქმედებაზე ევროპაში (განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში “გამოიჩინეს” თავი) და იმავე ახლო აღმოსავლეთში (დაწამლეს და დახოცეს ბაშარ ასადთან ერთად ათეულ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე), ბრექსიტზე, მიგრანტების კრიზისსა და ნავთობის ფასებზე. მომიტევე ჩემო მკითხველო, თუ რამე გამომრჩა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აქტუალური იქნება მომავალ წელსაც. ახალი თუ დაემატება რამე, თორემ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები სხვადასხვა დოზით კვლავ ჩვენი ყურადღების ცენტრში იქნება. ასეთია თანამედროვე შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო.
ჩვენ კი არ გამოგვრჩენია ნამდვილად, მაგრამ ჩინეთის და რუსეთის დაპირისპირებამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყველა ძირითადი მიმართულებით აშკარად გადაფარა ამ სამეულის, განსაკუთრებით ჩინეთის და რუსეთის აქტივობა, აქტიურობა და ჩართულობა ბუნებრივი რესურსებით და ძვირფასი თვლებით უმდიდრეს აფრიკაში (აფთარი ტაბაკი რო დაყვება შერხანს, ეგრე მისდევს რუსეთიც ფეხდაფეხ ჩინეთს). განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ჩინეთის აგრესიული ეკონომიკური დიპლომატია. ევროპასა და აზიაში უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი “სარტყელისა და გზის ინიციატივა” წელს აფრიკის კონტინეტსაც მიადგა. სენეგალი გახდა პირველი აფრიკული სახელმწიფო, რომელიც შეუერთდა ჩინეთის პრეზიდენტის ში ძინპინის სანუკვარ პროექტს. ეს ოფიციალურად კი გაფორმდა დაკარში, ჩინეთის პრეზიდენტის აფრიკის კონტინენტის 4 ქვეყანაში (სენეგალი, რუანდა, სამხრეთ აფრიკა, მავრიტანია) ვიზიტის ფარგლებში, თორემ ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე დიდი ხანია ხორციელდება ჩინეთის მიერ აფრიკის კონტინენტზე.
რა ჯობია მაგას, კაცმა რომ თქვას, მაგრამ ასე არ ფიქრობენ ვაშინგტონში. მთავარი პრეტენზია ჩინეთის მიმართ მდგომარეობს კაბალური მრავალმილიარდიანი კრედიტების გაფორმებაში, აფრიკელი ჩინოსნების მოქრთამვასა და გადაბირებაში. მაგალითად, ეკონომიკურად დუხჭირ ზამბიას უკვე მართებს ჩინეთის 6-დან 10 მილიარდამდე დოლარი, რომელსაც ნამდვილად ვერ გადაიხდის, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მის ეკონომიკას ეგეთი პირი უჩანს. ასეა სხვა ქვეყნების უმრავლესობაშიც, სადაც ჩინეთი აქტიურობს. დადასტურებული მონაცემებით, ჩინეთმა 2000 წლიდან მოყოლებული აფრიკის კონტინენტზე 120 მილიარდ დოლარზე მეტი “დააბანდა”, საიდანაც მხოლოდ 40%-მდეა გაცემული დახმარების სახით, დიდ ნაწილს კი სწორედ “მძიმე” სესხები წარმოადგენს, რომლის გასტუმრებაც აფრიკის ქვეყნების უმეტესობას ძალიან გაუჭირდება. ასეა თუ ისე, ჩინეთი აქტიურად მუშაობს აფრიკის კონტინენტზე, ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც (პრაქტიკულად ყველა აფრიკული სახელმწიფო დააშორა ტაივანს). მუშაობს იქაც, სადაც ერთადერთი მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს – პაწაწინა, მაგრამ უსტრატეგიულეს ჯიბუტიში, რომელსაც ბაბელმანდების სრუტე ჰყოფს წითელ ზღვაში მომიჯნავე იემენთან. ჯიბუტიში განლაგებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტი კი არის ძირითადად დაკავებული აფრიკის კონტინენტზე ალ შაბაბის ტერორისტების ჟუჟვით, ასევე მათ ფუნქციებში შედის იემენში მოქმედი ამერიკული დანაყოფების მხარდაჭერა, მაგრამ არის კიდევ ერთი დიდი საკითხი: ჯიბუტის გააჩნია მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა (დღიურად 4,5 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანზიტი ხორციელდება სწორედ ზემოხსენებული ბაბელმანდების სრუტით), აგრეთვე აქ არის უმნიშვნელოვანესი პორტი, თავისი უმნიშვნელოვანესი “დორალეს” საკონტეინერო ტერმინალით, რომელიც ჰაერივით საჭიროა ამერიკული ბაზის უზრუნველსაყოფად. აი ზუსტად მაგ ტერმინალის მეზობლად დასცა გასულ წელს ახალი სამხედრო ბაზა ჩინეთმა. არ გაუჭირდებოდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2017 წელს ჯიბუტის საგარეო ვალი 50%-დან 85%-ზე ავიდა (გონს მოდი ჯიბუტი!!!). ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამ ვალში ლომის წილი ჩინეთზე მოდის. სწორედ ამ ლოკაციიდან ამერიკული ლემონიეს (ფრანგული სახელმწოდება ადრე არსებული ფრანგული ბაზიდან შემორჩა) სამხედრო ბაზიდან აფრენილი სამხედრო თვითმფრინავების წინააღმდეგ ჩინელებმა ლაზერული იარაღიც კი გამოიყენეს. წარმოიდგინეთ, ამ პაწაწინა ჯიბუტიში რავარი დასატევია ორი ამხელა ზესახელმწიფო. ოხ, ეს სტრატეგიული მდებარეობა!!!
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ამ დრომდე განსაკუთრებულ ინტერესს ნამდვილად არ იჩენდა აფრიკის მიმართ. ის კი არა, ერთხელ ისეთი სიტყვაც კი იხმარა კონტინენტის ქვეყნებთან მიმართებაში, რეზო ჩელებაძის შვილიშვილმა რომ იცის ყველაზე კარგად ინგლისურად, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია. ამის მერე შემოდგომაზე პირველი ლედი იყო ჩასული აფრიკაში სოლო ტურზე, მაგრამ არც ამ ვიზიტს ჩაუვლია ხმაურის გარეშე. ამჯერად უხერხულობა პირველი ლედის ჩაცმულობამ, კერძოდ მისმა თავსაბურავმა გამოიწვია, რომელმაც აფრიკის კოლონიალურ წარსულთან ასოციაციები გააჩინა (კი უხდებოდა ნამდვილად, მაგრამ პროტოკოლი მაინც უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყო). ამ ყველაფერთან ერთად, ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილებაც მიიღეს, რომ 7500 სამხედრო კონტინგენტი ჯიბუტიში 10%-ით შეემცირებინათ. მოკლედ, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, აღარ აინტერესებს აშშ-ს აფრიკის კონტინენტიო. ამ შთაბეჭდილების გასაფანტად აშშ-ს პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა “ჰერითიჯ ფაუნდეიშენში” ახალი აფრიკული სტრატეგია წარმოადგინა. მან ისაუბრა აფრიკისთვის შემდგომი დახმარების აუცილებლობაზე, თუმცა, აქვე ისიც აღნიშნა, რომ დიდი ნაწილი ამ დახმარების არამიზნობრივად იხარჯებოდა წლების მანძილზე. ასევე, მან ისაუბრა კონტინენტზე ამერიკული ინვესტიციების გაზრდის პერსპექტივებზე და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებაზე, მხოლოდ იმ დათქმით, რომ ახლო მომავალში აფრიკულმა სახელმწიფოებმა თავად უნდა შეძლონ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ერთი სიტყვით, ახალი პროგრამა “აყვავებული აფრიკა” კი გულისხმობს აფრიკის კონტინენტზე სიღარიბესთან და ტერორიზმთან ბრძოლის ახალ მნიშვნელოვან მექანიზმებს და ზოგადად აფრიკის აყვავებას ამერიკის დახმარებით, მაგრამ ამერიკელი გავლენიანი ქორის გამოსვლაში მთავარი აქცენტი მაინც ჩინეთთან და რუსეთთან დაპირისპირებაზე გაკეთდა. რუსეთი, აშშ-სა და ჩინეთთან შედარებით, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ ჩაითვლება სუპერმძიმეწონოსნად, მაგრამ პუწინის პირადი პოვარის, ევგენი პრიგოჟინის დაქირავებულ მკვლელებს ისედაც არცთუ მშვიდ და დაპურებულ აფრიკულ კონტინენტზე სიტუაციის ატალახების უნარი ნამდვილად აქვთ. ეგ არის ზოგადად რუსეთის სტრატეგიაც: ატალახებს იმისათვის, რომ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ის ალაგებს, და თუ რამეა, მასთან ილაპარაკეთ. ვწუხვარ, რომ ამ სტრატეგიამ მათ ამ დრომდე არაერთხელ გაუმართლა. იმედია, აწი მაინც გაკეთდება სათანადო დასკვნები და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები. ისე, ჩინეთის არ იყოს, 2019 წელს რუსეთსაც აქვს დაგეგმილი რუსეთი-აფრიკის სამიტი და აქაც გაიცემა ალბათ “მძიმე” კრედიტები, გაფორმდება სამხედრო კონტრაქტები და ჩაიდება ახალი ნაღმები. ვისაც გახსოვთ “ვრემია”-ში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოსვლაში აფრიკელი ელჩები ბოლოს “სპასიბა ზა ვნიმანიე”-ს რო იძახდნენ, კი იცით რასაც ნიშნავს “მირ, დრუჟბა, ფესწივალ”. ფუი ეშმაკს.
მოკლედ, ჩემო ძვირფასო მკითხველო, როგორც ვატყობ, მომდევნო წლებში, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთში, ტიტანების შერკინებას უნდა ველოდოთ აფრიკის კონტინენტზე. ადევნეთ თვალყური. შემდეგი გაჩერება – დედა აფრიკაა.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023