"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
შპიონური თამაშები მე-5 განზომილებაში
გასული წლის დეკემბერი მსოფლიო პოლიტიკურ ცხოვრებაში უჩვეულოდ ცხელი გამოდგა.
ჩემი მოკრძალებული აზრით, საშობაო და საახალწლო დღესასწაულებს, რომელთაც კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ, როგორც “მარტო სახლშის” არაჩვეულებრივი სერიები უხდება, ან ჰარისონ ფორდის მონაწილეობით “ინდიანა ჯონსის მოგზაურობა” და თუნდაც ელდარ რიაზანოვის კლასიკა, აი ისევე ხატავს ზედოზირებულ ტკბილეულ-ნიგოზეულს ფილმები რობერტ რედფორდის მონაწილეობით “The Sting”, ანუ იგივე “აფიორა” და ვესტერნის კლასიკა “ბუჩ კესედი და სანდენს კიდი” გენიალურ პოლ ნიუმანთან ერთად. 2001 წლიდან კი ჩემთვის ასეთ აუცილებელ საყვარელ სანახავ ფილმად იქცა “შპიონური თამაშები”, რომელშიც რობერტ რედფორდთან ერთად ბრედ პიტიც თამაშობს (მთელი პატივისცემით მის თაყვანისმცემლებთან, მაგრამ ჩემთვის ამ ფილმში სწორედაც რომ ბრედ პიტი-ც!! მონაწილეობს. მე მაგალითად არანაკლებად მომწონს ამ ფილმში ქალი მსახიობი ქეთრინ მაკკორმაკიც). ძალიან კარგი ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმია, როგორც უკვე გითხარით, შესანიშნავი მსახიობებით და კლასიკური რომანტიკული ჰეფი-ენდით. ფილმში ყველაფერია, რაც დღეს კვლავინდებურად უაღრესად აქტუალურია. ახლო აღმოსავლეთი და ტერორისტები, ევროპა და რუსი შპიონები, ჩრდილოეთ ირლანდია და მისი რადიკალური ფრთა ირა (ღმერთმა არ ქნას, ბრიტანეთში ისე დასრულდეს ბრექსიტი, ირა ისევ გააქტიურდეს) და, რა თქმა უნდა, მეგობრობა და სიყვარული.
ნამეტანი გამიგრძელდა ამ ფილმზე საუბარი, რომელიც უფრო კარგ შემფასებელს იმსახურებს. ამიტომაც, მოდით მივადგეთ თემას, რომელზეც ფილმები, ისევ ჩემის მოკრძალებული აზრით, ასევე უხდება დღესასწაულებს. სამრეწველო შპიონაჟი, ტექნოლოგიების მოპარვა, მესამე მხარისთვის მიყიდვა ან გაცვლა და ა.შ. ამ ყველაფრის ხსენებაზე ჩემსავით ოდნავ ჩახედული ადამიანიც კი მიხვდება, რომ საქმე ეხება ჩინეთს, საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს და მათ შორის არსებულ დაპირისპირებას, აყვანილს სულ სხვა ხარისხში – მე-5 განზომილებაში.
გასული წლის დეკემბერი მსოფლიო პოლიტიკურ ცხოვრებაში უჩვეულოდ ცხელი გამოდგა. ზოგი პოლიტიკოსი ძალიან დაძაბული გავიდა, ზოგი კი ვერც გავიდა საშობაო არდადეგებზე. ჩვენი ყურადღება მიმართული იყო მოვლენებისკენ უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში. ამიტომაც ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩა ჩინური სატელკომუნიკაციო გიგანტის “ჰუავეის” მთავარი ფინანსური ოფიცრის, ანუ ჩვენებურად ფინანსური დირექტორის, კორპორაციაში #2 ადამიანის და კორპორაციის დამფუძნებელი ხელმძღვანელის შვილის ქალბატონ მენგ ვანჟოუს კანადაში დაკავება, ამერიკული მხარის მოთხოვნის საფუძველზე. ის მხოლოდ 10-დღიანი პატიმრობის შემდეგ, 10 მილიონი კანადური დოლარის სანაცვლოდ გირაოთი გამოუშვეს და ამ დრომდე რჩება კანადის ტერიტორიაზე. ამ დაპატიმრების საპასუხოდ, ჩინეთმა ჯერ ერთი სასწაული პოლიტიკური წნეხი მოუწყო კანადას და მეორეც ერთი, დღეის მდგომარეობით, უკვე 13 კანადელი ჰყავს დაპატიმრებული ჩინეთის ტერიტორიაზე. მაინც რა მოხდა ასეთი? რა დააშავა ან ქალბატონმა მენგმა ან მსოფლიო სამეულში შემავალმა “ჰუავეიმ”? ოფიციალურად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამერიკული მხარე ბრალს სდებს ქ-ნ მენგს და მობილურების მწარმოებელ კომპანიას ირანისთვის, აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით, ტექნოლოგიების გადაცემას. უფრო ფართოდ კი, რა თქმა უნდა, საქმე ეხება ჩინეთის ოფიციალური სპეცსამსახურების წარმომადგენლების მიერ ამერიკული ტექნოლოგიების მოპარვას. ეს თემა არახალია, ამაზე ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია და აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო დაპარისპირებაში არცთუ ისე უმნიშვნელო ადგილი უკავია. სავაჭრო დაპირისპირების განუყოფელი ნაწილია “ჰუავეის” მიერ გაყიდვებში მიღწეული $93 მილიარდიანი მაჩვნებელი და მობილურების წარმოებაში უკანასკნელ დრომდე “სამსუნგის” შემდეგ მეორე პოზიცია მსოფლიოში. მას სულ ცოტა ხნის წინ, სულ ცოტათი გადაასწრო “აიფონმა” .
ევროპული სახელმწიფოები უკვე განგაშის ზარებს სტეხენ, რომ 2019 წელს დაგეგმილ მე-5 განზომილების სააუქციონო გაყიდვებში ჩინური კომპანიები “ზეტეი” და “ჰუავეი” ყველას აჯობებენ და ეს საფრთხეს შეუქმნის კიბერსივრცეში ისეთ ევროპულ სახელმწიფოებს, როგორებიცაა გერმანია, იტალია, ესპანეთი, ბელგია და ავსტრია. სხვათა შორის, გასულ წელს სწორედ ეს ორი კომპანია იყო გათავისუფლებული ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაყიდვებში სანქციებიდან. თუმცა, როგორც ჩანს, წელს ვითარება შეიძლება განსხვავებული იყოს. ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელიც წელს ორპარტიულად შეიტანეს სენატში განსახილველად გავლენიანმა რესპუბლიკელმა რუბიომ და დემოკრატმა უორნერმა, სწორედ ჩინეთთან კიბერსივრცეში ბრძოლის საკითხს და ზემოაღნიშნული ორი კომპანიისთვის შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია უკანასკნელ დრომდე თავს იკავებდა ხელახალი სანქციების დაწესებისგან, თუმცა ცოტა ხნის წინ ეს საკითხი ისევ დღის წესრიგში დადგა.
მოკლედ, მე რომ ჩემი შვილების თაობის მეათედი ვიცოდე, რომელი სმარტფონი სჯობია სხვას და რა მონაცამებით, ან თუნდაც ამ მე-5 განზომილებაში რატო აკლავენ თავს ზესახელმწიფოები, შესაძლოა, ასეთი “ლაღი” საახალწლო ბლოგი არც გამოსულიყო, თუმცა ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ამხელა მონსტრი კორპორაციის ფინანსურ დირექტორს და დამფუძნებლის საყვარელ ქალიშვილს ტყუილად არ დაიჭერდნენ კანადაში და არც საფრთხეს შეუქმნიდნენ კანადის მოქალაქეებს ჩინეთში. თავის მხრივ, ამერიკელებსაც ჰყავთ “შავ სიაში” თუ წითელ ცირკულარზე ჩინეთის ოფიციალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები. ასე რომ, ჩემი ვარაუდით, ეს თემა შორს გასცდება დღესასწაულებს და არაერთხელ აიწევს მაღალ დონეებზეც. თანაც ისე აიწევს, რომ არა მგონია “შპიონური თამაშების” ჰეფი ენდთან ახლოსაც კი იყოს.
პ.ს. რომ დავასრულე ბლოგი და გადავიკითხე, ჩემი თავის გამიკვირდა, რომ ჩრდილოელ ჰაკუშკებს ამჯერად “არასაკმარისი, არათანაზომადი და არადამახასიათებლად მწირი” ყურადღება დავუთმე. ამ ერთხელ დავისვენოთ ჩვენც მათგან და ოპერაციას “გასვლითი სადილი ორისთვის” მივაწვეთ.
ბედნიერ შობას და მრავალ ახალ წელს!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023