"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტებში. დავიბადე 1989 წლის 10 აგვისტოს".

შრომის ბაზარზე უნარების შეუსაბამობა, როგორც ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი

შრომის ბაზარზე უნარების შეუსაბამობა

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე მაღალია, დამსაქმებლები ხშირად უჩივიან კვალიფიციური კადრების ნაკლებობას. რაც ერთი შეხედვით უცნაურია, ვინაიდან ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, ანუ სამუშაო ძალის 53%-ს და უმუშევართა 58%-ს მიღებული აქვს პროფესიული ან უმაღლესი განათლება. მაშასადამე, ქვეყანაში გვაქვს განათლებულ ადამიანთა შორის უმუშევარობის მაღალი მაჩვენებელი. თუმცა დაისმის კითხვა, ნიშნავს კი დიპლომის ქონა სამსახურისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ქონას? თუ მსოფლიო ბანკის 2013 წლის ანგარიშს დავეყრდნობით, საქართველოში ზოგი უმაღლეს დამთავრებული განიცდის იმ უნარ-ჩვევების ნაკლებობას რაც მოთხოვნადია დამსაქმებლების მიერ, ანუ არსებობს ე.წ. skills gap, რაც გარკვეულწილად იწვევს უმუშევრობას.                     

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შრომის ბაზარი გაჯერებულია მომიჯნავე პროფესიების მქონე კადრებით, მაშინ როდესაც ზოგიერთი სფერო კადრების (თუნდაც არა მაღალპროფესიონალი კადრების) სიმწირეს განიცდის. 2014 წელს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა უმრავლესობა (73%) განაწილებულია შემდეგ პროგრამებზე: 47% სწავლობს სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის პროგრამებზე, 15% ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ხელოვნების პროგრამებზე, 11% კი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე, მაშინ როდესაც GTZ-ის ანგარიშის მიხედვით საქართველოში მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას ისეთ პროფესიის კადრებზე, როგორიცაა ელექტრიკოსი, გაზის ტექნიკოსი, წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტი, სამთო დამუშავების მრეწველობის სპეციალისტი, ქიმიკოსი და ფარმაცევტი,  ლოგისტიკისა და სარკინიგზო სფეროს სპეციალისტი. აღნიშნულ დარგებში სამუშაო ძალის დეფიციტზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სამთომოპოვებით მრეწველობაში, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში არსებული საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ქვეყანაში არსებულ საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასზე მაღალია.

მიუხედავად სამუშაო ძალაზე არსებული მოთხოვნისა და საშუალოზე მაღალი ანაზღაურებისა, ზემოთ ხსენებულ მიმართულებებლზე არამხოლოდ კადრების სიმწირე შეინიშნება, არამედ პროფესიული პროგრამებისაც, რომლებიც კადრებს მოცემულ სფეროებში გადაამზადებდნენ. ვინაიდან ჩამოთვლილი პროფესიები თეორიულ ცოდნასთან ერთად საკმაოდ მაღალ პრაქტიკულ უნარებსაც მოთხოვს, აღნიშნული პროგრამების შეთავაზებას უმეტესად პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა ახორციელებდნენ. თუმცა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობა ორიენტირებულია ისეთ პროგრამებზე, როგორიცაა: სარესტორნო/სასტუმრო ბიზნესი, საფეიქრო მრეწველობა, კომპიუტერული მეცნიერებები, მშენებლობა,  ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვა.  

და მაინც, რა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ბაზარზე არსებობს მუდმივად მზარდი მოთხოვნა იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა კურსდამთავრებულებიც ისედაც ჭარბად არიან შრომის ბაზარზე? ეს ყოველივე მიმბაძველობის/პრესტჟულობის დამსახურებაა თუ ინფორმაციის არარსებობის? სამწუხაროდ, აბიტურიენტთა უმრავლესობა პროფესიის არჩევისას არც ბაზრის მოთხოვნებს ითვალისწინებს და არც პოტენციური ანაზღაურების ოდენობას. მათ დიდ ნაწილს არც კი აქვს გააზრებული ზუსტად რას გულისხმობს მის მიერ არჩეული პროფესია და რა სამუშაოს შესრულება მოუწევს მომავალში.

რა გავლენა აქვს უნარებზე მოთხოვნისა და უნარების მიწოდების შეუსაბამობას ქვეყნის ეკონომიკაზე? პირველ რიგში ეს ყოველივე ადამიანური რესურსების არასწორ გადანაწილებაზე მიუთითებს, რაც ნაკლები კაპიტალის შექმნასა და ეკონომიკის განვითარების შეფერხებას გულისხმობს. თუ ეკონომიკაში რესურსები სწორედ იქნებოდა გადანაწილებული, ანუ ერთ დარგში არ იქნებოდა სამუშაო ძალის სიჭარბე, მეორეში კი დეფიციტი, მაღალი იქნებოდა პროდუქტიულობა, წარმოება, ხელფასები და ეკონომიკური ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა იმ სფეროებზე მოდის, რომელზეც ქვეყნის მთლიანი გამოშვების დიდი წილი (სოფლის მეურნეობა, თევზჭერა და ნადირობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა), აღნიშნული სფეროები დაბალი პროდუქტიულობითა და შესაბამისად საშუალოზე დაბალი ანაზღაურებით გამოირჩევა. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საჭიროა არსებობდეს პროფესიული კონსულტაციის ცენტრები, სადაც მოხდება აბიტურიენტთათვის ინფორმაციის მიწოდება მოთხოვნადი პროფესიების შესახებ და დახმარების გაწევა საკუთარი უნარების შესაბამისად პროფესიის არჩევაში.

გააზიარე