ვარ ეკონომისტი, ილიაუნის ბიზნეს სკოლის მკვლევარი და ლექტორი, ბიზნეს პორტალ BPI-ის, გაყიდვების მართვის კომპანიის და ბიზნეს გაზეთი Caucasian Business Week-ის პარტნიორი. მაინტერესებს ისტორია და ბიზნეს სიახლეები
შრომის ბაზარი საქართველოში
გლობალური კონკურენტუნარიანობის 2014–2015 წლის რეიტინგის მიხედვით ბიზნეს ლიდერების და ინვესტორების უმრავლესობა (21%) საქართველოში ბიზნესის ხელისშემშლელ მთავარ ფაქტორად სამუშაო ძალის არაკვალიფიციურობას ასახელებს. გასული წლის რეიტინგში იგივე პრობლემა 14%–ის მიერ იყო დასახელებული.
ქართულ ბაზარზე ერთგვარ პარადოქსს აქვს ადგილი. ერთი მხრივ, არსებობს მაღალი მოთხოვნა კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე, მეორე მხრივ, არსებობს ჭარბი სამუშაო ძალა და მთავარი პრობლემა სწორედ არასათანადო კვალიფიკაციაა.
ილიაუნის ბიზნეს სკოლის მიერ დეკემბერ–თებერვალში გამოქვეყნებული ვაკანსიების საფუძველზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალი იქნა გამოკვლეული. კვლევის შედეგებით ყველაზე მაღალი მოთხოვნა ფინანსისტებზე და საკრედიტო ექსპერტებზეა (20.1%), ასევე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება გაყიდვების მენეჯერებზე (18.5%). სხვა პროფესიებზე მოთხოვნას კი შემდეგი სურათი აქვს – ტექნიკური პერსონალი – 13.2%; ექიმი/სამედიცინო პერსონალი – 9.7%; დისტრიბუცია/ვაჭრობა – 8%; აიტი სფეროს მენეჯერი – 7.4%; სხვადასხვა სფეროს მენეჯერი – 7.2%; მასწავლებელი ტრენერი კონსულტანტი – 6.4%; ტუროპერატორი – 3.5%; მარკეტინგი – 3.1%; იურისტი – 1.9%; ინჟინერი –1%.
ყველაზე დიდი მოთხოვნა ფიქსირდება შემდეგ სექტორებში – საბანკო–საფინანსო სექტორი –26%, რითეილი – 18%, სამედიცინო სექტორი/ფარმაცია –15%, სასტუმრო/რესტორანი/ტურიზმი –17%, კომუნიკაციები/ტრანსპორტი – 9%, მშენებლობა – 5%, საგანმანათლებლო ორგანიზაციები – 7%, მედია – 1%, კვების და სასმელების ინდუსტრია – 2%; რეგიონების მიხედვით მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება: თბილისი – 77%, იმერეთი – 5%, აჭარა – 4%; კახეთი – 3%, შიდა ქართლი – 2.5%, სამეგრელო – 3%, ქვემო ქართლი – 2.5%, სამცხე –ჯავახეთი – 2%, გურია – 1%.
საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებად სექტორად კვლავ ფინანსური საქმიანობა და სახელმწიფო მმართველობა რჩება, ტრადიციულად ყველაზე დაბალი შემოსავლები განათლების სექტორშია.
უმუშევრობის დონე მამაკაცებში უფრო მაღალი მაჩვენებლით ფიქსირდება (16.5%), ვიდრე ქალებში (12.3%), რაც ქალები შედარებით ნაკლები აქტიურობით შეიძლება ავხსნათ. გარდა ამისა ქალების შრომის ანაზღაურება 36%–ით ჩამორჩება მამაკაცების საშუალო ხელფასს.
საქართველოში ძალიან მაღალია იმედდაკარგული მუშახელის წილი, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ვერ იშოვეს სამსახური, ვერ დასაქმდნენ და ხელი ჩაიქნიეს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ახალგაზრდებში (15–დან 30 წლამდე) უმუშევრობის მაჩვენებელი უფრო მაღალია (34%) ვიდრე 45 წელს გადაცილებულ ადამიანებში (8%). ახალგაზრდები სამსახურს აქტიურად ეძებენ, 45 წელს გადაცილებული ადამიანები კი იშვიათად, რადგან მათ სამსახურის შოვნის იმედი გადაწურული აქვთ.
საქართველოში უმუშევართა თითქმის 1/3 უმაღლესი განათლება აქვს. ეს განპირობებულია როგორც მოსახლეობის მაღალი საგანმანათლებლო ცენზით (უმაღლესი განათლების მქონე პირთა დიდი წილი მოსახლეობაში) და შრომის პირობებისადმი გაზრდილი მოთხოვნებითა და მოლოდინებით, ისე სამუშაო ძალის მოთხოვნა–მიწოდებას შორის არსებული სტრუქტურული და ხარისხობრივი დისბალანსით. რიგი სპეციალობების უმაღლესი განათლების მქონე კადრების ჭარბწარმოებით, სპეციალობით დასაქმების შესაძლებლობების შეზღუდვით. აღნიშნული მიზეზები ახლაგაზრდებს შორის მაღალი უმუშევრობის განმაპირობებელ გარემოებადაც გვევლინება.
ოფიციალური სტატისტიკით, ქალაქში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. რაც დათვლის არასწორ მეთოდიკაზე მიუთითებს და არ ასახავს რეალურ სურათს. ეკონომიკურად აქტიურ ქალაქებში უმუშევრობა ბუნებრივად მაღალია, სოფლად კიდევ უფრო მეტი რაოდენობა ფიქსირდება, თუ არ ჩავთვლით მეთოდიკას, რომლის მიხედვითაც 1 ჰა მიწის მფლობელი ითვლება დასაქმებულად. ბოლო წლებში პოზიტიური დინამიკის მიუხედავად მცირეა პრეცენდენტები, როდესაც ხდება ბიზნესის და უნივერსიტეტების კოოპერაცია სამუშაო ძალის მოზიდვის ნაწილში.
უნივერსიტეტის დამთავრებულს პრაქტიკულად ხელახლა სჭირდება გადამზადება, უნივერსიტეტების უმრავლეობაში ნაკლებად არიან მოწვეულნი ლექტორებად ბიზნესიდან პრაქტიკოსები, რომლებიც თეორიის გარდა საჭირო უნარჩვევებს გადასცემენ სტუდენტებს, ასევე მზადყოფნას გამოთქვამენ პრაქტიკაზე და სამუშაოზე მიიწვიონ სტუდენტები. სასწავლო პროგრამებში პრაქტიკულად არ არის მეწარმეობაზე ორიენტირებული სასწავლო კურსები, რომლებიც სტუდენტებს ცოდნასთან ერთად უვითარებს სამეწარმეო უნარ–ჩვევებს.
გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის მიხედვით საქართველო შრომის ბაზრის ეფექტურობის მიხედვით 144 ქვეყანას შორის 41–ე პოზიციაზეა. ამ მაჩვენებლით რეგიონში ჩამოვრჩებით ყაზახეთს და აზერბაიჯანს და ვუსწრებთ რუსეთს, სომხეთს, უკრაინას და თურქეთს. შრომის ბაზრის ეფექტურობის 10 კომპონენტიდან საუკეთესო პოზიციები გვაქვს, მუშახელის შემცირების ხარჯების, მუშახელის დაქირავების და დათხოვნის პრაქტიკაში. უარესი პოზიციების ტალანტების მოზიდვა და შენარჩუნება.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მარტი 10, 2015
- on ივლისი 15, 2014
- on ივნისი 19, 2014
- on მაისი 13, 2014