"ვარ იურისტი, საერთაშორისო თანამშრომლობის მაგისტრი და ბლოკჩეინ ენთუზიასტი. მჯერა, რომ ახალი ტექნოლოგიები კი არ ანაცვლებს, აძლიერებს ადამიანებს, და კიდევ, ყველაფერი ორჯერ იქმნება, ჯერ გონებაში და შემდეგ რეალობაში".
ჩემი სასურველი ბლოკჩეინ საქართველო - ანუ რა თქვა პრემიერმა და რა გავიგე მე
სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას 2016 წელს დაწყებული მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური შედეგები გააცნეს. 600 000-ზე მეტი განაცხადისა და ჯამურად 301 976 ჰექტარი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია დროის ამ მოკლე მონაკვეთში რეფორმის წარმატებაზე თავისთავად მიუთითებს, თუმცა მე ამჯერად სხვა თემაზე მინდა, ვისაუბრო.
პრემიერის გამოსვლის წუთიდან ზიარდებოდა ვიდეოები სოციალურ მედიაში, ონლაინგამოცემებში, ყველა მხრიდან ისმოდა სიტყვები “ახალი ტექნოლოგიები”, “ბლოკჩეინი”, “ინოვაციები”, “ციფრული ტრანსფორმაცია”, “მონაცემთა უსაფრთხოება” და სხვა.
და მაინც, რა გვითხრა პრემიერმა? რას ელოდება ჩვენგან, როცა ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე საუბრობს?
საჯარო რეესტრში ეს პროცესი დიდი ხანია, დაწყებულია, 2016 წელს მაშინდელმა თავმჯდომარემ გაბედული ნაბიჯი გადადგა, სიტყვა “ბლოკჩეინი” გააჟღერა და “Bitfury” ჯგუფის დახმარებით ამ რევოლუციური ტექნოლოგიის გამოყენებაზე დაიწყო მუშაობა. 2017 წელს საჯარო რეესტრის ამონაწერს ბლოკჩეინის პატარა ღილაკი დაემატა, რომელიც დოკუმენტის უნიკალური ჰეშ-კოდის შესახებ ინფორმაციას შეიცავს და ნიშნავს ზუსტად იმას, რაც პრემიერმა თქვა – სისტემაში შენახული მონაცემების წაშლა, შეცვლა, გადაწერა, კორექტირება ან სხვაგვარი უკანონო მანიპულაცია ფაქტობრივად შეუძლებელია, და დიახ, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც სახელმწიფო სერვისებში ეს ტექნოლოგია გამოიყენა და მონაცემები ბლოკჩეინის ქსელში შეინახა.
საპილოტე პროექტის წარმატებით დასრულებამ ლოკალური სკეპტიკური განწყობა საერთაშორისო აღიარებით შეცვალა, რამაც მეტი მოტივაცია მისცა სააგენტოს, ბლოკჩეინის სხვა უპირატესობების გამოყენებაზე უფრო თამამად დაეწყო საუბარი და საჯარო რეესტრმა შემდეგ მიზნად გონიერი და სანდო კონტრაქტების დანერგვა დაისახა.
სანდო კონტრაქტის მიზანი უძრავი ქონების გასხვისებისა და შეძენისას მოქალაქის ფინანსური რისკების აღმოფხვრაა, გონიერი კონტრაქტი კი პროცესების სრულ ავტომატიზაციას და სახლიდან გაუსვლელად, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით განხორციელებულ ტრანზაქციებს გულისხმობს.
მარტივად ჟღერს, თუმცა, როდესაც საქმე უძრავ ქონებას ეხება და არა, მაგალითად, სადილის ონლაინშეკვეთას, მომხმარებელს უსაფრთხოების გაცილებით მაღალი სტანდარტები უნდა შევთავაზოთ.
რა მოხდება ჩემს სასურველ ბლოკჩეინ საქართველოში…
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები პრემიერის მოწოდების შესაბამისად, რომ “თითოეული სამინისტროს რეფორმებში, რომლებიც 2019 წელს დაიგეგმება საქართველოში, გამოყენებულ იქნას მსგავსი ტექნოლოგიები”
ჩემს სასურველ ბლოკჩეინ საქართველოში ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომია და ყველა სახელმწიფო უწყებაში იწყება კითხვების დასმა: როგორი ბლოკჩეინია მიზანშეწონილი ჩვენთვის? ღია, დახურული თუ კონსორციუმი? როგორი ტიპის კონსენსუსია მისაღები? PoA, PoW, PoS თუ სხვა და საერთოდაც რას ნიშნავს ან ერთი, ან მეორე? ნებადართული “ნოდები” თუ თავისუფალი წვდომა? ვინ გასცემს ნებართვას? ინფორმაცია დაიშიფროს თუ საჯარო იყოს? აუდიტორებად გარეშე პირები ხომ არ ჩავრთოთ?
“ჩემს ბლოკჩეინ საქართველოში” დანერგილია სმარტკონტრაქტები, შესაძლებელია დაცულ გარემოში ავტორიზაცია, სერვისების განვითარების სააგენტოს გავლით პიროვნების დადასტურება/ციფრული იდენტიფიკაცია, ხელმისაწვდომია რამდენიმე უწყებისგან მოწოდებული ზუსტი მონაცემები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, თანხის გადარიცხვის შესაძლებლობა და სხვა რა დარჩა კიდევ? მოქალაქის მხრიდან ნების გამოვლენის დადასტურება/ელექტრონული ხელმოწერა ღილაკზე თითის ერთი დაჭერით.
“ჩემს ბლოკჩეინ საქართველოში” ამ პროცესში შემოსავლების სამსახურიც ერთვება, რომ გზად ქონების გადასახადის გადახდაც არ დაგვავიწყდეს, თუ გვეკუთვნის.
განათლების სამინისტროში კი “ბრეინშტორმინგი” მიმდინარეობს. მგონი, დღეს სკოლებში გარკვეულ საფეხურამდე ნიშნებს აღარ წერენ. ამიტომ უნივერსიტეტი წარმოვიდგინოთ. ლექტორი მონაცემებს პროგრამულად ასახავს, შემდეგ უკვე ყველაფერი ავტომატურად ხდება – ითვლება საშუალო არითმეტიკული, წლიური შედეგი, მიღებული შედეგების მიხედვით პროგრამა იღებს გადაწყვეტილებას დიპლომის გაცემის შესახებ. შემდგომ დამსაქმებელი აღარ ითხოვს ნოტარიულად დამოწმებულ დიპლომის ასლებს და ბონუსად, თუ “აკადემიური ბრწყინვალებისათვის” სტიპენდიატებიც ავტომატურად გამოითვლება, სიტყვები “მიკერძოება”, “კორუფცია” “ქულა დამაკლეს” – ასევე ავტომატურად ჩაჰბარდება წარსულს.
ამავე “ბლოკჩეინ საქართველოში” სოფლის მეურნეობის სამინისტრო “from field to fork” კონცეფციას აანალიზებს, რას ნიშნავს პროდუქტის მიკვლევადობა? ან ის ფერმერი სად წავიდა, ცხოველის დაბადებიდან სტეიკამდე გზის ბლოკჩეინში შენახვა რომ უნდოდა? თუ ეს გაუგონარი სისულელეა? მაგრამ მანქანის vin-კოდებს რომ წარმატებით ვიყენებთ?
“ჩემს ბლოკჩეინ საქართველოში” ეკონომიკის სამინისტრო ენერგოსექტორში რევოლუციას ამზადებს და 3D პრინტერების გამოყენებას იკვლევს, სტარტაპებს “სახალხო დაფინანსების” (crowdfunding) შესაძლებლობას სთავაზობს, ცენტრალური საარჩევნო კომისია ბლოკჩეინში ხმის მიცემის რეალობას ირწმუნებს და დეველოპერებს ქირაობს, ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტის ისტორიების დიგიტალიზაციას ახდენს, კომპანიების რეგისტრაცია, გადასახადები, ლიცენზიები, სანოტარო აქტები, ანდერძები, საქორწინო კონტრაქტები, აპოსტილი, – ყველასთვის მოიძებნება შესაბამისი პლატფორმა.
ბლოკჩეინი შეიძლება, სულაც არ იყოს ყველასთვის საჭირო ტექნოლოგია, მაგრამ ციფრული ტრანსფორმაცია მხოლოდ ბლოკჩეინს არ გულისხმობს. ეს არის: ნაკლები ფურცელი, ოპტიკური ნიშნების ამომცნობი (OCR) ტექნოლოგიის დანერგვა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თუნდაც მარტივ პროცესებში, “ნივთების ინტერნეტი”, გამდიდრებული (augmented) რეალობის შესაძლებლობები და სხვა მრავალი. მაგალითისთვის, მოვახერხებდით ტურისტებისთვის მხოლოდ მშრალად და სიტყვიერად კი არ გვეთქვა, როგორ არნახულ გამარჯვებას მივაღწიეთ დიდგორის ბრძოლაში, არამედ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ვირტუალური რეალობის შექმნით ფიზიკურად შეეგრძნოთ მათ ეს ამბავი და ასე გაგვეცოცხლებინა, ხელშესახები გაგვეხადა ისტორია.
დაბოლოს, “ჩემს ბლოკჩეინ საქართველოში” იქმნება ერთიანი სივრცე, სადაც ამ ყველაფერზე ყველა ერთად მუშაობს, სადაც სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღება, სადაც გაბედული ნაბიჯები იდგმება, სადაც ინოვაციურ იდეებს რევოლუციური შედეგები მოჰყვება და სადაც არ ეშინიათ შეცდომების დაშვების და შემდეგ ამ შეცდომებზე სწავლის.
სახელმწიფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას პიროვნებასთან, ქონებასა და ბიზნესთან დაკავშირებული ინფორმაციის დაცულ გარემოში შენახვა წარმოადგენს. ამ მონაცემების მართვა და გამოყენება რთულია, თუნდაც კარგად განვითარებული სახელმწიფოებისთვის. მარეგისტრირებელი ორგანოები, როგორც წესი, ქმნიან საკუთარ ინფრასტრუქტურას/მონაცემთა ბაზებს, რომელიც დაცული უნდა იყოს დაზიანებისგან, გაყალბებისგან, კიბერშეტევებისგან, არასანქცირებული წვდომისაგან და ამასთანავე, უნდა ასახავდეს მაქსიმალურად ზუსტ ინფორმაციას.
როგორ მოვახერხოთ, რომ ჩვენ მხოლოდ ინფორმაციის მიმწოდებლებად დავრჩეთ და დანარჩენი პროცესები ავტომატური გახდეს? ან რატომ არის პროცესების ავტომატიზაცია კარგი? ამის წარმოსადგენად, ალბათ, მხოლოდ ესტონეთის მაგალითიც საკმარისია, რომელიც ელექტრონული მმართველობის განვითარებით ყოველწლიურად 820 სამუშაო წელს ზოგავს.
როგორ მივიდეთ “ჩვენს ბლოკჩეინ საქართველომდე”? ამას სხვა ვერ გვეტყვის, ეს ჩვენ უნდა მოვიფიქროთ და ჩვენვე გავაკეთოთ, სწორედ ამისთვის ვართ იქ, სადაც ვართ.