"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტებში. დავიბადე 1989 წლის 10 აგვისტოს".

ცოტა რამ დემოგრაფიის შესახებ...

ცოტა რამ დემოგრაფიის შესახებ...

დემოგრაფია წარმოადგენს სოციალური მეცნიერებების ნაწილს, რომელიც ეხება მოსახლეობის სტრუქტურას (სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურას, სიკვდილიანობის და შობადობის დონეს, მიგრაციას და სხვა) და მის ურთიერთკავშირს გარემო პირობებსა და სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობასთან. ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ეხმარება სახელმწიფოსა და საზოგადოებას უკეთ გაუმკლავდეს მოსახლეობის ცვალებად მოთხოვნებს, როგორიცაა  მაგალითად მოთხოვნა განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სხვ. დემოგრაფიული მდგომარეობის განსასაზღვრად, გამოიყენება ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა მოსახლეობის რიცხოვნობა, შობადობისა და საკვდილიანობის დონე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, სქესობრივ-ასაკობრივი განაწილება, განათლების დონე, მიგრაცია.

როგორია საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა? ამ კითხავზე პასუხი უახლოეს წარსულში ჩატარებულ საყოველთაო აღწერაში მოვძებნოთ.  2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად, 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3,713,804 კაცი შეადგინა, რაც წინა აღწერის მონაცემებზე (რომელიც 2002 წელს ჩატარდა) 15 %-ით ნაკლებია. კლება უფრო მეტად აისახება სოფლის მოსახლეობაზე (სასოფლო დასახლებებში მოსახლეობამ იკლო 23.7%-ით, ხოლო ქალაქის მოსახლეობამ 7.1 %-ით), რაც ნაწილობრივ ურბანიზაციით, ნაწილობრივ კი მიგრაციითაა გამოწვეული.

საქართველოს მოსახლეობის 52% ქალია, ხოლო 48% მამაკაცი, თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ ახალშობილთა უმრავლესობა (52%) მამრობითი სქესის წარმომადგენელია. მამრობითი სქესი მდედრობითს ჭარბობს 24 წლის ასაკამდე, განაწილება თანაბარია (50/50) 25-დან 35 წლამდე, ხოლო 35 წლის შემდეგ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები დომინირებენ. სხვაობა განსაკუთრებით შესამჩნევია 85 წლის ზემოთ, როდესაც აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის მოსახლეობის 70%-ზე მეტი მდედრობითი სქესის წარმომადგენლებზე მოდის.

რაც შეეხება მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურას, 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის წილი მთლიან მოსახლეობაში 18.6%-ია, რაც 2.4%-ით ნაკლებია წინა აღწერის მონაცემებზე, ხოლო 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 14.3%-ია, რაც 1.6%-ით აღემატება 2002 წლის მონაცემებს. ვინაიდან 2002 წელთან შედარებით შობადობის მაჩვენებელი გაზრდილია, 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის წილის შემცირება კვლავაც მიგრაციულ პროცესებში უნდა ვეძებოთ.

საქართველოს მოსახლეობის 27%-ს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, 17%-ს პროფესიული, 51%-ს ზოგადი, ხოლო 4%-ს საერთოდ არ აქვს დაწყებითი განათლება მიღებული. უმაღლესი განათლების მქონე პირთა უმრავლესობა (46%) 25-დან 45 წლამდე ასაკისაა, ხოლო დაწყებითი განათლების არმქონე მოსახლეობის უმრავლესობის ასაკი 75-85 წელს შორის მერყეობს. მიუხედავად იმისა, რომ 25 წლამდე ასაკის მოსახლეობის დიდ ნაწილს მიღებული აქვს ზოგადი ან უმაღლესი განათლება, მაინც მაღალია იმ ახალგაზრდათა რაოდენობა, რომლთაც არ აქვთ დაწყებითი განათლება, ან არ იციან წერა-კითხვა. 10-დან 25 წლამდე ასაკის მოსახლეობის 9%-ს არ აქვს დაწყებითი განათლება, ხოლო 0.2% წერა-კითხვის უცოდინარია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 2014-2015 სასწავლო წელს 14 ათასმა მოსწავლემ მიატოვა სწავლა, ხოლო 2015-2016 წლებში 12 ათასმა. მათი უმრავლესობა (78%) IX-XII კლასის მოსწავლეა. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 15-19 წლის ასაკის მოსახლეობის 7% (15,144 ადამიანი) ქორწინებაში იმყოფება, რაც ხშირად პირდაპირ აისახება ახალგაზრდების მხრიდან სწავლის გაგრძელებაზე.

ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ასევე დიდ გავლენას ახდენს მიგრაციაც. 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოდან მიგრაციაში იმყოება 88.5 ათასი ადამიანი. მიგრანტთა ძირითად ნაწილს 20-50 წლის ასაკის მოსახლეობა (65%) შეადგენს. 39 წლამდე ასაკის ემიგრანტებში მამაკაცების რაოდენობა აღემატება ქალების რაოდენობას, ხოლო 40 წლის ასაკის და უფროს ემიგრანტებში, პირიქით, ქალთა რაოდენობა აჭარბებს მამაკაცების რაოდენობას. რაც შეეხება მიგრანტთა მიმართულებებს, ქართველ ემიგრანტ მამაკაცთა უმრავლესობა დსთ-ს ქვეყნებში (რუსეთი, უკრაინა, აზერბაჯანი) ცხოვრობს, ხოლო ქალთა უმრავლესობა საცხოვრებლად თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს (იტალია, გერმანია, საბერძნეთი) ირჩევს.

გააზიარე