"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, მარკეტინგის მკვლევარი. დავიბადე 1986 წლის 27 აგვისტოს"
წამალი რომელიც გვწამლავს, წამი რომელიც იკარგება
“იქნებ ამ ორი კვირის განმავლობაში, იმ ფორმით რითიც ჩავთვლით საჭიროდ, უზრუნველვყოთ მოსახლეობის ერთგვარი დამშვიდება, რომ დეფიციტი და ფასების გაძვირება არ არის მოსალოდნელი’” – განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთაც შეხვედრის დასრულებისთანავე მომხმარებელთა ინფორმირებაზე ზრუნვა დაიწყეს. კომუნიკაციის თავდაპირველი ინსტრუმენტი – სატელეფონო შეტყობინებები გახდა. სააფთიაქო ქსელები მომხმარებელს თადარიგის დაჭერას ურჩევდნენ. შეტყობინებები გაიგზავნა როგორც დღის, ასევე ღამის საათებში, რამაც მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვია. უკმაყოფილო მოსახლეობამ კი ერთმანეთს მოსაზრებები ჩვეულ რეჟიმში, სოციალურ ქსელში გაუზიარა.
საყურადღებოა, რომ ბაზარზე არსებული მსხვილი კომპანიები ჯერ კიდევ იყენებენ sms გზავნილებს, მაშინ, როდესაც არაერთმა კვლევამ ცხადყო მათი არაეფექტურობა: ილიაუნის ბიზნესის სკოლაში, 2014 წლის მაისში ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოკითხული 448 რესპოდენტიდან 67% კომპანიისგან მიღებულ სატელეფონო შეტყობინებას წაკითხვის გარეშე შლის, 14% გამოხატავს ნეგატიურ დამოკიდებულებას იმ ორგანიზაციების მიმართ, ვისგანაც მოსდით შეტყობინება.
დავუბრუნდეთ სოციალურ ქსელს, სადაც არასაკმარისად ინფორმირებულმა მომხმარებელმა მოსაზრებების გამოხატვა, შეკითხვების დასმა და მსჯელობა დაიწყო. ცვლილება კანონში თანაბრად ეხება ყველა სააფთიაქო ქსელს, თუმცა სოციალური მედიაპლატფორმის ეფექტურად გამოყენება მიმდინარე პროცესების დროს მხოლოდ ერთმა შესძლო. საინტერესოა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების ფონზე ფარმაცევტული კომპანიები ყურადღების ცენტრში მოექცა, სწორი მარკეტინგული გადაწყვეტილების მიღება კი არც ისე ადვილი აღმოჩნდა.
ვათვალიერებ ბაზრის ერთერთი ლიდერი კომპანიის ფეისბუქის გვერდს, სადაც ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილების შესახებ 14 აგვისტოს გავრცელდა. 1 გაზიარება და 10მდე განრისხებული მომხმარებლის კომენტარი, პრეტენზიები ღამის შეტყობინებების შესახებ და ა.შ. მართალია, კომპანიამ მომხმარებელს მოუბოდიშა, თუმცა წარმატების მომტანი ერთი წამი დაკარგულია. მეორე კომპანია, რომელიც გამოვიკვლიე, სამთავრობო პოლიტიკის შეფასების მსხვერპლი აღმოჩნდა. მომხმარებელს არასდროს აინტერესებს რას ფიქრობენ კომპანიაში, თუ ისინი არ ფიქრობენ მომხმარებელზე. ეს ოქროს წესია, მარკეტინგის პირველი კანონი, რომელიც ყველას, ყოველთვის უნდა ახსოვდეს. კომპანია შეეცადა განემარტა, თუ რატომ შეიცვალა არსებული კანონი, თუმცა მომხმარებელს ახლა ის უფრო აინტერესებს როგორ იმოქმედოს, ვის და სად მიმართოს. ახსნა განმარტებები ხომ ტელეეთერითაც საკმაოდ ისმინა? აქ სულ 4 კომენტარი და 24 გაზიარება იყო. ფაქტია, თემის აქტუალურობის მიუხედავად, მომხმარებლისთვის ინფორმაცია უინტერესო აღმოჩნდა. წამი აქაც დაკარგულია.
ვათვალიერებ კომპანია პე-ეს-პე-ს (ან მესამე ლიდერი კომპანიის) ფეისბუქის გვერდს და აი ისიც! სწორი, ზომიერი და დროული ინფორმაცია. რა ჯგუფის მედიკამენტებზე ვრცელდება შეზღუდვა და ვის უნდა მიმართოს მომხმარებელმა წამლის შეძენამდე, სად შეიძლება დარეკონ იმ შემთხვევაში თუ დამატებითი ინფორმაცია ესაჭიროებათ და სად მოიძიონ მედიკამენტების სრული ჩამონათვალი? ეს არის ის შეკითხვები რომელიც დღეს მომხმარებელს აინტერესებს. მოცემულ აქტივობას 600 გაზიარება, 850 მოწონება და 500მდე კომენტარი აქვს. ხსენებული კომპანიების წილობრივი თანაფარდობა სხვა ბლოგის თემაა, სოციალური მედია ომი კი მესამემ, დამაჯერებლად მოიგო.
დასასრულს, ერთ ციტატას გავიხსენებ მოთხრობიდან, რომელიც ვფიქრობ ყველა მარკეტერმა უნდა წაიკითხოს: “იყო თუ არა წამი, როცა შემეძლო ახლოს ვყოფილიყავი და არ ვიყავი’” – ჯეკ ლონდონი, “როცა ღმერთი იცინის’”.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 8, 2016
- on მარტი 22, 2016
- on დეკემბერი 15, 2015
- on ნოემბერი 24, 2015
- on ნოემბერი 16, 2015
- on ოქტომბერი 13, 2015
- on აგვისტო 11, 2015