"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

წითელი კოლიბრით შიგ შტაბ-ბინაში

წითელი კოლიბრით შიგ შტაბ-ბინაში

ეს ბლოგი რომ გამოვა, არჩევნები შემდგარი იქნება. მავანი იტყვის, კარგი რა ბუკა, დაგვასვენე, რა დროს ქორები და პერშინგებიაო. ვისთვის როგორ.

31 წლის წინ

80-იანების მეორე ნახევარია. საბჭოთა კავშირის დაშლამდე უკვე არცთუ ისე შორია. 1987 წლის 27 მაისს, ვაშინგტონში რონალდ რეიგანმა და მიხეილ გორბაჩოვმა ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას საშუალო და მოკლე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ, რის შედეგადაც 4 წლის განმავლობაში განადგურდა 2692 (846 ამერიკული და 1846 საბჭოთა) ჩვეულებრივი და ბირთვული ქობინი, ასევე მათი გასაშვები დანადგარები. კიდევ უამარავი რამე მოხდა 80-იანების დასასრულს. ჩვენი და ლიეტუველების სისხლი დაიღვარა. იყო ტიანანმენის მოედანი. იყო ბერლინის კედლის დანგრევაც და ბელოვეჟის შეთანხმებაც, სადაც  საბჭოთა კავშირის გარდაცვალება ოფიციალურად გაფორმდა. ცივი ომი დამთავრდა. თითქოს დედამიწამ უფრო თავისუფლად დაიწყო სუნთქვა. არა, რაკეტები კიდევ საკმარისად ჰქონდა დარჩენილი ყველას, მაგრამ რაღაც სასიკეთო ძვრების და ცვლილებების იმედების სურნელი ტრიალებდა ჰაერში. ვისთვის როგორ.  

21 წლის წინ

90-იანი წლების ბოლოა. სტამბოლის ისტორიულ ეუთო-ს სამიტამდე, როდესაც გადაწყდა რუსული ბაზების საქართველოდან გაყვანა, უკვე არცთუ ისე შორია. მოსკოვში, ტრადიციულად -30 გრადუსია ცელსიუსით. საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ბურდულის ხელმძღვანელობით ჩადის (ჯერ კიდევ) მონაწილეობის მისაღებად დსთ-ს სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის ერთ-ერთ ღონისძიებაზე. იმ დროს ჩვენს საელჩოში მოსკოვში  ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი მუშაობდა, მაგრამ ჩვენ იმ დილას მხოლოდ ერთი, ჩემი მეგობარი ნოდარი გადაგვაწყდა. არადა წასასვლელები ვართ ამ დასაწვავი დსთ-ს ღონისძიებაზე. ბევრი რო არ გავაგრძელო, მივადექით ჩემი მეგობარი ნოდარის წითელი ორკარიანი “ოპელ კოლიბრით” რუს სამხედროებს (კოლიბრი ლათინურ ამერიკული ერთგვარი ფრინველია, რომელიც ძალ-ღონის, იმედის, სიცოცხლის და მოძრაობის სიმბოლოდაც არის ცნობილი). სრული შოკია. დარბიან ეს რუსები გადარეული სახეებით. ამოწმებენ საბუთებს, დელეგაციის შემადგენლობას (იქედან მარტო პლატონიჩი აღარაა ამ ქვეყნად. აცხოვნოს ღმერთმა მისი სული. ძალიან დიდი იყო მისი წვლილი  რუსული ბაზების გაყვანაში. სტამბოლში პარაფირებულ დოკუმენტზე სწორედ მისი ხელმოწერაა. ვერ დაუფასეს. არ დაუფასეს. მათ სინდისზე იყოს. მოკლედ, იმ სუსხიან დილას წითელ ორკარიან სპორტულ კოლიბრიში, თქვენს მონა მორჩილთან ერთად, უკან კიდევ ორი ჩემთვის პატივსაცემი ადამიანია ჩაპრესილი, რომლებიც დღესაც  წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე და ძალიან ღირსეულადაც). შიგნით შევაღწიეთ როგორც იქნა და მივიწევთ პარკინგისკენ. რაის სითი პარკი, დედა შვილს არ აიყვანს. უზარმაზარი შავი თოლიებია (იგივე ჩაიკები) ჩამწკრივებული და ჩვენი წითელი კოლიბრი. მაგარი სანახაობა იყო. დაფეთებული და გაცოფებული რუსი პოლკოვნიკები, თან ვერაფერს ამბობენ (ხო იცი მკითხველო, როგორი სტუმარ-მასპინძლობა იციან მაგ… დედააფეთქებულებმა) და თან გული უსკდებათ, რომ მათი შეფობა თავეებს დააცლის ამ სრულიად ამოვარდნა/ჩავარდნა საპროტოკოლო “ბირთვული” აფეთქებისთვის.  ერთი წამით წარმოიდგინეთ: მათ წესრიგში, შიგ მათ შტაბ-ბინაში ჩვენი წითელი კოლიბრით მათ შავ თოლიებს 100-0 გავუკეთეთ. შეიძლება უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ძალაუნებურად ძალიან მაგარი დიპლომატიური ჟესტი გამოვიდა. ვისთვის როგორ.     

11 წლის წინ

2000-იანების მეორე ნახევარია. 2007 წელს 10 თებერვალს ვ.პუწინმა მისი ცნობილი მიუნხენური გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ 20 წლის წინანდელი შეთანხმება აღარ ემსახურებოდა მათი ინტერესებს და ვერ პასუხობდა მათი უსაფრთხოების პრიორიტეტებს. რამდენიმე დღეში მისი გენერალური შტაბის უფროსი ბალუევსკი დაიმუქრა, გავალთ შეთანხმებიდან გავალთ შეთანხმებიდანო. მაშინ, მიუნხენში პირველად გამძაფრდა ჰაერი. არაფერ კარგს არ მოასწავებდა მაგათი წამოყელყელავება. ვისთვის როგორ.

1 კვირის წინ

2018 წელია. ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი დიდი ხანია არღვევს შეთანხმებას, ტესტავს თავის საშუალო და მოკლე სიშორის რაკეტებს და საფრთხეს წარმოადგენსო. ამიტომაც ამერიკის შეერთებული შტატები გადის შეთანხმებიდან და იწყებს მუშაობას იმგვარი მექანიზმების შემუშავებაზე, რომელიც ყველასთვის უკეთესი იქნება – ევროპელებისთვისაც, რუსებისთვისაც და ჩინელებისთვისაც კიო.

ამ სიტყვებიდან სულ რამდენიმე დღეში აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაციის გამორჩეული “ქორი”, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი მიფრინავს მოსკოვში და შეხვედრებს მართავს შიგ კრემლში, ბოროტების მთავარ შტაბ-ბინაში (წამძლია ამბიციამ მაინც. ნახე სად დავაპარალელე ჩვენი კოლიბრი და ამერიკული ქორი. მომიტევეთ, მაგრამ სტრატეგიულად ერთი მიზანი ნაღდად გვამოძრავებს ორივეს). აშშ თავის პოზიციებზეა, რუსები – თავისაზე. ისმის მუქარებიც. თუ აშშ ევროპაში პერშინგებს განათავსებს, რუსეთი იძულებული იქნება საპასუხოდ რაკეტები დაუმიზნოს ევროპელებს. კიდევ ორი რამ, რაც ცნობილი ხდება არის ის, რომ 11 ნოემბერს პარიზში სავარაუდოდ ტრამპი-პუწინის მეორე შეხვედრა გაიმართება და რომ 2019 წელს პუწინი აშშ-შია ოფიციალურად მიწვეული.

იცეკვებენ თუ არა უკანასკნელ ტანგოს პარიზში აშშ და რუსეთი? რთული სათქმელია. დაიწყება თუ არა ნამდვილი ახალი ცივი ომი, თავისი ვარსკვლავური ომებით და გამალებული შეიარაღებით? შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში, ახალი პერშინგები სად დადგება? წესით ევროპაში. მაგრამ რომელ ქვეყნებში? ჯერჯერობით დასახელება ძალიან ძნელია.  სკეპტიკოსები ამბობენ, ვის აქვს ევროპაში ორი თავი უშუალო კონფრონტაციაში შევიდეს რუსეთთანო. ჩვენთან, ევროპებში, ხალხი იმაზე ვფიქრობთ, სანქციები როგორ მოვუხსნათ რუსეთს. საქართველოში და უკრაინაში რაც მოხდა, მოხდა. ნუ გადავაყოლებთ ყველაფერს, ჯობია მოვრიგდეთ რუსეთთან, არ გვჭირდება ეს პერშინგები და რაკეტები კრემლზე დამიზნებულიო. ვისთვის როგორ.

პ.ს. ეს ბლოგი რომ გამოვა, არჩევნები შემდგარი იქნება. მავანი იტყვის, კარგი რა ბუკა, დაგვასვენე, რა დროს ქორები და პერშინგებიაო. ვისთვის როგორ.

გააზიარე