"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტებში. დავიბადე 1989 წლის 10 აგვისტოს".
წყალდიდობის მოსალოდნელი გავლენა ქართულ ეკონომიკაზე
13 ივნისს მომხდარმა წყალდიდობამ მოუშუშებელი იარა დატოვა თითოეული მოქალაქის გულზე. დავკარგეთ ადამიანთა სიცოცხლეები, საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩნენ ოჯახები, დაზიანდა გზები და ინფრასტრუქტურა, სტიქიას ემსხვერპლნენ ცხოველები. ადამიანთა სიცოცხლეებისა და ყველა იმ დანაკარგის გარდა, რაც დედაქალაქს თავს დაატყდა, წყალდიდობას მნიშვნელოვანი ეკონომიკური და გარემოს დაცვითი შედეგები ახლავს თან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ძალიან რთულია ზუსტი ზარალის განსაზღვრა, არსებობს ზოგადი ეკონომიკური ასპექტები, რომლებზეც სტიქია გავლენას მეტ-ნაკლებად აუცილებლად იქონიებს.
განადგურებული ინფრასტრუქტურა
ეკონომიკისთვის ინფრასტრუქტურას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან განვითარებული ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ქვეყნის მწარმოებლურობას, აადვილებს ტრანსპორტირებასა და კომუნიკაციას. ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა და ხარისხი კი მიმზიდველს ხდის საინვესტიციო გარემოს. განადგურებული გზებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენას საკმაოდ დიდი დრო და ბიუჯეტის სახსრები დასჭირდება.
ტურიზმის შემცირება
როგორც მოგეხსენებათ, წელიწადის ამ პერიოდში ტურისტული სეზონია. ტურიზმს ქართული ეკონომიკისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, თუმცა ლარის გაუფასურების ფონზე, წელს მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. დედაქალიქისთვის თავსდამტყდარი სტიქიური უბედურება კი არამხოლოდ დედაქალაქის, არამედ ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას ამცირებს, რამაც შესაძლოა ტურიზმის შემცირება გამოიწვიოს.
გაზრდილი დანახარჯები ჯანდაცვაზე
სტიქიის შედეგად არაერთი ადამიანის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი. ადამიანები საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ტრავმების გამო. ზოგადად წყალდიდობის შემთხვევაში, მითუმეტეს თუ წყალდიდობაში მოყოლილია ცხოველთა ლეშები, მატულობს გადამდებ და იმუნურ დაავადებათა რისკი. მოხალისეთა დიდი ნაკადი საჭიროებს ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრებს. ყოველივე ზემო აღნიშნული ზრდის სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვაზე გაწეულ დანახარჯებს, რაც კვლავაც ბიუჯეტზე აისახება.
საფრთხის წინაშე მდგარი ბიზნესები
წყალდიდობის შედეგად დაზარლადნენ ის კომპანიებიც, რომლებიც სტიქიის ზონაში მდებარეობდნენ. წყალდიდობის შედეგად დაზიანდა შენობა, რომელიც ხორცპროდუქტების მწარმოებელ ქარხანა “ვაკეს” ეკუთვნოდა, ასევე განადგურდა შენობაში არსებული დანადგარები. დაზიანდა მაღაზიები “სვოჩი” და “ართ თაიმი”, სტიქიამ დააზარალა ქართულ-ამერიკული “მომავლის სკოლა”, გასართობი ცენტრი “ჰეფი ლაუნჯი”, რესტორანი “მატრიოშკა”.
შინამეურნეობების დანაკარგები
სტიქიის შედეგად, მიმდინარე მონაცემებით, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილია 260-ზე მეტი ადამიანი. მოსახლეობამ დაკარგა არამხოლოდ შენობები, სადაც ცხოვრობდნენ, არამედ ყველანაირი საყოფაცხოვრებო ნივთები და პირველადი მოხმარების საგნები.
შემცირებული მწარმოებლურობა
დღეს ქვეყანაში ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც აღნიშნულმა გარემოებამ არ შეძრა. ადამიანთა უმრავლესობა ძლიერი სტრესის ქვეშაა, რაც ამცირებს მათ პროდუქტიულობას სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას. პროდუქტიულობას ამცირებს ასევე გაძნელებული ტრანსპორტირება სახლიდან სამუშაო ადგილამდე. პროდუქტიულობის შემცირება კი ეკონომიკურ აქტივობაზე ახდენს გავლენას.
გაზრდილი გარემოსდაცვითი და სანიტარული დანახარჯები
წყალდიდობის შედეგად გაზრდილია გარემოსდაცვითი დანახარჯები. მეწყერის შედეგად განადგურებულია ტყის მასივის ნაწილი. ასევე დიდია სანიტარული დანახარჯები, როგორც გარემოს დასუფთავებაზე, ასევე დახოცილი ცხოველების გატანასა და ტერიტორიის დეზინფექციაზე.
ზოოპარკის აღდგენის დანახარჯები
დედაქალაქი ასევე დიდ სახსრებს საჭიროებს ზოოპარკის აღდგენის/აშენებისათვის და მასში ცხოველთა ნაირსახეობის გაშენებისათვის, რაც ასევე ქვეყნის ბიუჯეტს დააწვება მხრებზე.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, დედაქალაქში შემდეგი ტიპის სამუშაოების განხორციელება იქნება საჭირო:
- გაწმენდითი და სამაშველო საქმიანობები (რაც ამჟამად მიმდინარეობს),
- გარემოს დაზიანების შემაფერხებელი სამუშაოები,
- წყლის სისტემების მართვითი სამუშაოები,
- ინფრასტრუქტურისა და ზოოპარკის სამშენებლო/აღდგენითი სამუშაოები.
დღეს, მთელი საქართველო ერთიანია და დაზარალებულებს ეხმარება ყველა, ვისაც რით შეუძლია, რაც ძალიან იმედის მომცემია. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიღებს სახსრებს აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, ხალხი თუ მთავრობა, ფული მხოლოდ ერთი სექტორიდან მეორეში იტრიალებს და არანაირ ეკონომიკურ დოვლათს არ შექმნის. ეკონომიკის გაძლიერების ერთ-ერთი გზა, ბიზნესის ინვესტიციები იქნებოდა, თუმცა ლარის გაუფასურების ფონზე, ისედაც შენელებულ ბიზნეს აქტივობებს ბუნებრივი კატასტროფებიც დაემატა, რამაც კიდევ უფრო ნაკლებ მიმზიდველი გახადა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო. შესაბამისად, აღნიშნულ მოვლენებთან გამკლავების გზად დიდი რაოდენობის გრანტებისა და საერთაშორისო რესურსების მოზიდვა რჩება.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on იანვარი 10, 2017
- on დეკემბერი 16, 2016
- on დეკემბერი 1, 2016
- on ნოემბერი 4, 2016
- on ოქტომბერი 16, 2016
- on სექტემბერი 23, 2016
- on აგვისტო 8, 2016
- on ივლისი 20, 2016