"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
ხმაურიანი დეფილე ისთ რივერზე
თანამედროვე მოდის სამყაროში სიტყვა “დეფილე”, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა მოდების ჩვენებასთან არის გაიგივებული. თუმცა, “დეფილე” ფრანგული სიტყვაა და მის თავდაპირველ მნიშვნელობას წარმოადგენს ვიწრობი, ანუ ვიწრო გასასვლელი მთიან და საწყლოსნო სივრცეებში.
ყველასთვის სათაყვანებელი ქალაქი ნიუ-იორკიც, რომელსაც არასდროს სძინავს, უოლსტრიტთან, ბროდუეისთან და უამრავ სხვა ძალიან მაგარ რამესთან ერთად, ასევე ასოცირდება მოდების ჩვენებასთან. თუმცა, მდინარედ წოდებული საწყლოსნო სივრცის ისთ რივერის სანაპიროზე განლაგებული შენობაც წელიწადში ერთხელ ხვდება საყოველთაო ყურადღების ცენტრში. იქაც იმართება თავისებური დეფილე, ანუ ვიწრობზე გავლა.
დიახ, ჩემო მკითხველო, ეს გახლავთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინა და ყოველწლიური ვიწრობზე გავლაც სწორად აქ იმართება, ყოველწლიური გენერალური ასამბლეის ფარგლებში.
მისი უნიკალური გლობალური სტატუსის დამსახურებით სწორედ ამ შენობაში ერთდროულად შეგიძლიათ იხილოთ თავისი ამალებით მოსიარულე ერთმანეთის მოსისხლე მტრები, ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების ლიდერები, აგრეთვე, როკ და პოპ მეგავრასკვლავები, ცნობილი მსახიობები და საერთაშორისო აღიარების მქონე უფლებადამცველები, გარემოს დამცველები თუ უბრალოდ დამცველები.
ყოველ წელს გაერო-ს შტაბ-ბინაში აუცილებლად ჩნდებიან ახალი კაშკაშა ვარსკვლავები და აქვე არიან “ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები” (წლევანდელ წელს, როგორც არასდროს ისე უხდება ცნობილი მხატვრული ფილმის სათაური).
წელს ვიწრობზე პირველი ჩემს უმცროს შვილზე ოდნავ უფროსი შვედი გოგონა გრეტა ტურნბერგი გამოჩნდა, რომელმაც ისეთი ცეცხლი დაყენა ჯერ შტაბ-ბინაში და მერე მთელს სოციალურ და მედია სივრცეში, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისაც კარგა გვარიანად შეხურდნენ და კლავიატურის ჭიებიც. კლიმატური ცვლილებები ის თემაა, რომელიც ვერ დაგტოვებს ვერც გულგრილს და ვერც “ტანგრილს”. როდესაც ტაიგა და ამაზონია იწვის, როდესაც ევროპაში ამ დრომდე არნახული, რეკორდულად მაღალი ტემპერატურები ფიქსირდება, ყველას გვმართებს დაფიქრება შვედი გოგონას ემოციურ მოწოდებასა და შეძახილზე. მართალია, მავანნი (თან როგორი მავანნი) მაინც ცდილობენ არ შეიმჩნიონ არც ხანძრები, არც ანტარქტიდაზე 11.5 მილიარდი ტონა ყინულის ლღობა და განაგრძონ მტკიცება, რომ ადამიანი კლიმატურ ცვლილებებთან უბრალოა და პატარა გრეტაც მშვენივრად გრძნობს თავს ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში, მაგრამ სულ უფრო მეტი ადამიანი სერიოზულად აფრთხილებს მსოფლიოს, ან ვიმოქმედებთ ახლავე, ან მერე ძალიან გვიან იქნება.
“ჩვეულებრივ ეჭვმიტანილებში”, რა თქმა უნდა, ტრადიციულად შედიან მასპინძელი, მისი ახლო აღმოსავლელი მოკავშირეები და მოწინააღმდეგეები, ასევე ისეთი ოდიოზური ლიდერები, როგორებიც იყვნენ თავის დროზე ფიდელ კასტრო და უგო ჩავესი, დღეს კი მათ ცვლიან “დედას ბუშტი” კიმ ჩენ ინი და მადურო უმადურესი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არაპოლიტიკურ ვიწრობზე ყველა და ყველაფერი დაჩრდილა პატარა გოგონამ შვედეთიდან. რაც შეეხება უსაფრთხოებას და საერთაშორისო პოლიტიკას, წესით წელს მთავარ ფოკუსში უნდა ყოფილიყვნენ ირანის პრეზიდენტი როუჰანი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ჯონსონი. ოსკარების დაჯილდოვების ნომინაციებს თუ დავესესხებით, მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში ისინი ნამდვილად მოწინავე პოზიციებზე იყვნენ. ფოტოებიდანაც კარგად ჩანს, რომ ბრიტანელ და ირანელ ლიდერებს ლაპარაკი კარგად წაუვიდათ (შედეგმაც არ დააყოვნა: ირანმა გაათავისუფლა ბრიტანული ტანკერი, რომელიც დაკავებულ ჰყავდა კვირეების განმავლობაში სპარსეთის ყურეში). თუმცა, ბორის ჯონსონს ბოლომდე მაინც არ დასცალდა პრემიერა პრემიერის რანგში უმაღლეს საერთაშორისო ტრიბუნაზე. არ დასცალდა იმიტომ, რომ მის ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, არც პრემიერი და არც დედოფალი. ამიტომაც, ნაცვლად გაერო-ს ნახევრად მძინარე და ნახევრად ცარიელი დარბაზის ნაცვლად, ბორის ჯონსონი საკუთარი ქვეყნის აბობოქრებულ პარლამენტში გამოსასვლელად გაეშურა ნისლიანი ალბიონისკენ.
პრემიერა ჰქონდა ჩვენი მეგობარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც. მისი გამოსვლა გაერო-ს ტრიბუნიდან ნამდვილად შთამბეჭდავი იყო, გაცილებით უფრო ემოციური ბევრი სხვა ქვეყნის ლიდერის, მ.შ. საქართველოს პრეზიდენტის ისევ მთვლემარე და თითქმის ცარიელ დარბაზში წაკითხულ ტექსტებთან შედარებით, მაგრამ კინოსცენას მიჩვეული და კამერასთან შენობით მყოფი ზელენსკი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, როგორი სარისკო და ვიწრო შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური დეფილე. მითუმეტეს, როდესაც ვიწრობზე წყვილში ხარ ყველაზე, ყველაზე, ყველაზე… მოკლედ აშშ-ს 45-ე პრეზიდენტთან. დარწმუნებული ვარ, ვ. ზელენსკის და მის დელეგაციას ძალიან მწარე გემოს და კარგა ხნით დაუტოვებდა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნება. ერთი ამბავია სკანდალი, რომელიც პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის შვილის უკრაინაში საქმიანობის გამოძიებაზე ამერიკელი კოლეგის მხრიდან დაჟინებულ მეგობრულ თხოვნას შეეხება. ეს ისეთი თემაა, რომელიც გაერო-ს შემდეგ გენერალურ ასამბლეამდე აუცილებლად ცხელი იქნება და კიდევ საკითხავია, ვის რა ფასად დაუჯდება. თუმცა, ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და მომავალი წლის არჩევნებში მისი მთავარი კონკურენტის, მათთან ერთად რესპუბლიკელების და დემოკრატების და ზოგადად ამერიკელი ხალხის თავისტკივილი უფროა, ვიდრე ვოლოდიმირ ზელენსკის. ამ უკანასკნელს “ნორმანდიულ ოთხეულში” ერთი მტერი ჰყავდა რუსეთის პრეზიდენტის და ორი მოკავშირე ფრანგი და გერმანელი ლიდერების სახით. მას მერე, რაც საუბრის ჩანაწერი გასაჯაროვდა, უკრაინულ დიპლომატიას და თავად უკრაინის პრეზიდენტს მოუწევთ დამატებითი ძალისხმევის დახარჯვა, რომ ევროპელი ლიდერები პარტნიორულ ერთგულებაში დაარწმუნონ.
ცნობილი შვეიცარიული საათის “როლექსის” რეკლამაში თავად შვეიცარიელ ლეგენდარულ ჩოგბურთელს, როჯერ ფედერერს ბევრი ვერ გაეჯიბრება. ნიუ-იორკის ღია პირველობაც 5-ჯერ აქვს მოგებული და შვეიცარიული როლექსიც მშვენივრად მორგებული. აი შვეიცარიული შოკოლადის რუსულ სივრცეში მოკრძალებულ “ფრომოუშენში” თავისი წვლილი შეიტანეს რუსმა და ქართველმა პირველმა დიპლომატებმა. ამ ბლოგის გამოსვლის მომენტისთვის ამაზე მეტი არაფერი ვიცი და ეგება ჯობდეს კიდეც, რომ არ ვიცოდე. ერთი რაც დანამდვილებით ვიცი, არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის (არ მავიწყდება ჩემი დიდი მეგობრის ლევან მიქელაძის სიტყვები), მ.შ. დარწმუნებული ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისაც, ნატვრა, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდეს ისეთი, როგორიც შვეიცარიაა, ვერანაირად ვერ ჯდება თბილისში დაბადებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და მისი ხელმძღვანელის გეგმებში. მათი გადმოსახედიდან, ჩვენ უნდა ვიცეკვოთ ხანჯლური, ვიმღეროთ “ღვინო კახუროო” და რომანსები (რომელიც სხვათა შორის ჩვენ შესანიშნავ მომღერლებს უკეთ გამოსდით, ვიდრე თავად რუსებს), ვასხათ ჭაჭა და გვეხუროს დიდი აეროდრომი ქუდები, შვეიცარიაში სათხილამუროდ და ბანკებში სამუშაოდ კი უნდა იარონ თავად და მათმა შვილებმა. ვერ მოგართმევთ…
თქვენთან, რუსეთის ხელმძღვანელ პირებთან ლაპარაკი ნამდვილად საჭიროა, მაგრამ ვისურვებდი, რომ შვეიცარიული შოკოლადის მაგივრად მოლაპარაკების მაგიდაზე იდოს ბეეევრი პოლიტიკური(!!!) იარაღი, ოთახში აუცილებლად მხარს მიმაგრებდეს აი იმ ყველაზე, ყველაზე, ყველაზეს სპეციალური წარმომადგენელი (მაგალითად ისეთი, როგორიც ჰყავს მოძმე უკრაინელებს) და იყოს ნორმანდიული ოთხეულის მაგივრად “ისტ-ვესტ-ლანდიური” ათეული (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო და რუსეთი).
აბა ვიწრობზე მარტო რუსეთთან ერთად ჩემმა მტერმა იარა. მტერმა კი არა, საკუთარმა შამანმაც კი ბოლომდე ვერ გაიარა.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023