პროფ. თენგიზ ვერულავა არის ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი. იგი ამავე დროს არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. მას მოპოვებული აქვს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. იგი საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია" მთავარი რედაქტორია. თენგიზ ვერულავა არის 17 წიგნის და 400-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში (10h-index SCOPUS). 2018 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო „წლის საუკეთესო მეცნიერი სიცოცხლის შემსწავლელ და ჯანდაცვის მეცნიერებების მიმართულებებით“. იგი არის მრავალი საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი. 2001 წლიდან ჯანდაცვის ეკონომისტთა საერთაშორისო ასოციაციის (IHEA) წევრია. ფლობს კონსულტირებისა და ტრენინგების ჩატარების 25-წლიან გამოცდილებას ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკის, ჯანდაცვის სოციოლოგიის, გლობალური ჯანდაცვის, სადაზღვევო საქმის მიმართულებებით.
ჯანმრთელობა, როგორც უფლება თუ პრივილეგია?
რა არის ადამიანის უფლება
ადამიანის უფლება ნიშნავს, რომ იგი იურიდიულად გარანტირებულია სამართლებრივი ნორმებით და იცავს ადამიანს ისეთი ქმედებებისაგან, რომლებიც არღვევენ მის თავისუფლებას და ღირსებას.
ადამიანის უფლებები უნივერსალურია. საერთაშორისო საზოგადოება ადამიანის უფლებებს უნდა განიხილავდეს გლობალურად, სამართლიან და თანასწორ საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ გასათვალისწინებელია ეროვნული თავისებურებები, სახელმწიფო პასუხისმგებელია დაიცვას ადამიანის უფლებები.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948). 1966 წელს მიღებულ იქნა საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ და საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტები სავალდებულოა სახელმწიფოებისათვის რომლებმაც მათ რატიფიცირება მოახდინეს.
რას ნიშნავს ადამიანის უფლება ჯანმრთელობაზე?
ჯანმრთელობის უფლება არ ნიშნავს ჯანმრთელად ყოფნის უფლებას და იმას, რომ ღარიბი ქვეყნის მთავრობები ვალდებულნი არიან შექმნან მაღალტექნოლოგიური ძვირადღირებული სამედიცინო სერვისები, რომლისთვისაც მათ არ აქვთ სათანადო რესურსები. თუმცა, ჯანმრთელობის უფლება სახელმწიფოსგან მოითხოვს ისეთი პოლიტიკის და სამოქმედო გეგმების შემუშავებას, რომლებითაც მიიღწევა ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაცვა.
ჯანმრთელობა, როგორც უფლება, არ ნიშნავს “უფასო” მომსახურებას, ან სამედიცინო ორგანიზაციების მიერ მომსახურებების ქველმოქმედების სახით მიწოდებას ან სახელმწიფოს მიერ აბსოლუტურად ყველა სერვისის უზრუნველყოფას. ჯანმრთელობის უფლება ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მოსახლეობა უზრუნველყოს აუცილებელი სამედიცინო სერვისებით, მიუხედავად მათი გადახდისუნარიანობისა.
“ჯანმრთელობის უფლება” პირველად ჩამოყალიბდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესდებაში 1946 წელს. წესდების მიხედვით, ჯანმრთელობის უფლება განისაზღვრება როგორც “ჯანმრთელობის ყველაზე მაღალი დონის მიღწევა”. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუცია ჯანმრთელობის უფლებას განსაზღვრავს, როგორც ადამიანის ფუნდამენტურ, განუყოფელ უფლებას და ყველა ქვეყანას მოუწოდებს დაიცვას იგი.
1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ასევე ითვალისწინებს ჯანმრთელობის უფლებას, როგორც ღირსეული ცხოვრების უფლების ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს (მუხლი 25). ჯანმრთელობის უფლების ყველაზე ფართოდ გამოყენებადი და ყოველისმომცველი განმარტება მოცემულია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტში (1966 წ.). პაქტის მე-12 მუხლის მიხედვით, “მოცემული პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ადამიანის უფლებას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტზე”. იგი რატიფიცირებულ იქნა 145 ქვეყნის მიერ.
ჯანმრთელობის უფლება ფასდება ოთხი კრიტერიუმის მიხედვით.
- საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სამედიცინო ორგანიზაციები, საქონელი და მომსახურება უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით;
- სამედიცინო ორგანიზაციები, საქონელი და მომსახურება უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასათვის ყოველგვარის დისკრიმინაციის გარეშე. ხელმისაწვდომობა ფასდება ოთხი კრიტერიუმით: არადისკრიმინაციულობა, ფიზიკური ხელმისაწვდომობა, ეკონომიკური ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
- ყველა სამედიცინო ორგანიზაცია, საქონელი და მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს სამედიცინო ეთიკის პრინციპებს, ითვალისწინებდეს კულტურულ თავისებურებებს, გენდერულ და ასაკობრივ მოთხოვნებს, კონფიდენციალურობას.
- სამედიცინო ორგანიზაციები, საქონელი და მომსახურება უნდა იყოს სათანადო ხარისხის.
რატომ უნდა იყოს ჯანმრთელობა უფლება?
ჯანმრთელობის სერვისები არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც მხოლოდ პერსონალური პასუხისმგებლობა, ისევე როგორც მხოლოდ საზოგადოებრივი სერვისი. ჯანმრთელობის სერვისები არის როგორც პერსონალური პასუხისმგებლობა, ასევე საზოგადოებრივი სერვისი.
ბაზარი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ეფექტური, როდესაც რესურების განაწილება ეფუძნება გადახდისუნარიანობას და არა სამართლიანობის პრინციპს. ბაზარი ეფექტურად განსაზღვრავს თუ ვინ უნდა მართოს საწარმოები, ვინ იმგზავროს ავტომანქანით, ავტობუსით ან ველოსიპედით, მაგრამ ნაკლებად ითვალისწინებს ადამიანის ბაზისურ საჭიროებებს.
სამედიცინო ბაზარზე საბაზრო ძალების გავლენა სერვისების მოცულობაზე, მათ ფასსა და ხარისხზე არსებითად განსხვავდება ჩვეულებრივი ბაზრებისგან. სამედიცინო ბაზრის ასეთი განსხვავება ჩვეულებრივი ბაზრისაგან განპირობებულია სამედიცინო მომსახურების სოციალურ-ეკონომიკური ბუნებით და სამედიცინო მომსახურების მიწოდების სპეციფიკურობით, კერძოდ, მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებაზე ხშირად ატარებს არამხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ სოციალურ ხასიათსაც (“საზოგადოებრივი სიკეთეები” სამედიცინო ბაზარზე) და მოითხოვს ცალკეულ მომხმარებელთა სახსრების გაერთიანებას. ასეთ სიტუაციებს, სადაც ბაზარს არ შეუძლია რესურსების ეფექტიანი განაწილება, უწოდებენ ბაზრის ჩავარდნებს. ბაზრის ძირითადი ჩავარდნებია: რისკები და გაურკვევლობა, არასრული ინფორმაცია (ინფორმაციის ასიმეტრია), საბაზრო ძალაუფლება, შეზღუდული კონკურენცია, გარეგანი ეფექტები, საზოგადოებრივი სიკეთის წარმოება. ჯანდაცვის სექტორის ეს სპეციფიკა განაპირობებს სამედიცინო ბაზარზე ეკონომიკური ურთიერთობების განსაკუთრებულ ფორმებს, რაც მოითხოვს სათანადო რეგულირების მექანიზმების შემუშავებას.
ევროპის ქვეყნებში და კანადაში ჯანდაცვა განიხილება, როგორც საზოგადოებრივი სერვისი, რომლის უზრუნველყოფა საზოგადოებრივი სექტორის პასუხისმგებლობაა. ამ ქვეყნებში მოქმედებს უნივერსალური, საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპი, რომელიც ფარავს მთელ მოსახლეობას. ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უფლება აქვს თითოეულ მოქალაქეს, რაც ხელს უწყობს მათ შორის სოლიდარობას და მიიჩნევა სახელმწიფობრიობის მნიშვნელოვან ქვაკუთხედად. ამ მიზნით ჯანდაცვის დაფინანსება მთლიანად გამოყოფილია აქტუარული პრინციპებისგან. ინდივიდის ფინანსური წვლილი ჯანდაცვაში დამოკიდებულია მის გადახდისუნარიანობაზე და არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ანუ რისკზე.
ევროპის ქვეყნებში ჯანმრთელობა ადამიანის ძირითად უფლებად განიხილება არა მხოლოდ ჰუმანისტური და ეთიკური მიზეზებით, არამედ პრაგმატული, უტილიტარული მიდგომების გამო. უნივერსალური ხელმისაწვდომობას სარგებელი მოაქვს როგორც ინდივიდისათვის, ასევე საზოგადოებისთვისაც, რადგან უზრუნველყოფს სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდას.
ევროპული უნივერსალიზმისაგან განსხვავებით, აშშ-ში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ჯანმრთელობას არ თვლის უფლებად, არამედ პრივილეგიად. აშშ-ში არსებობს სოციალური დაცვის შერჩევითი (სელექციური) სისტემა. იგი ეფუძნება მოსახლეობის საჭიროებების შეფასების პროცედურებს და გულისხმობს სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის მხოლოდ იმ ნაწილის მოცვას, ვინც სოციალურად დაუცველია ან მაღალი რისკის გამო უფრო საჭიროებს სერვისებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის სისტემა ასახავს ამერიკული სოციალურ-ეკონომიკური მოდელის, იდეოლოგიის და ტრადიციების თავისებურებებს. ინდივიდუალიზმისა და სელექციურობის პრინციპი მყარად დამკვიდრდა ამერიკულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში. თუ ევროპულ ქვეყნებში სოციალური პოლიტიკის შემუშავებისას ყოველთვის დომინირებდა თანასწორობის, სოციალური დაცულობის და საზოგადოებრივი სოლიდარობის პრინციპები, აშშ-ში ასეთი რამ მიუღებელი აღმოჩნდა მოქალაქეთა ნაწილისთვის. მათი აზრით, ადამიანი პასუხისმგებელია საკუთარ ბედსა და ქმედებებზე, ხოლო პასუხისმგებლობის სახელმწიფოსთვის გადაცემის იდეა დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობს. აშშ-ში ქვეყნის სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სახელმწიფოს როლის გაძლიერება ტრადიციულად განაპირობებს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილებას. ამერიკელთა უმრავლესობა ჯანდაცვის სფეროს განიხილავს არა როგორც სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ ფუნქციას, არამედ როგორც სერვისს, რომელიც სხვა სერვისების მსგავსად იყიდება სამედიცინო ბაზარზე.
აშშ-ში დგას სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის პრობლემა. თვით ისეთი სახელმწიფო პროგრამაც კი, როგორიცაა მედიქეა, რომელიც მილიონობით საპენსიო ასაკის და შეზღუდული შესაძლებლობების მოსახლეობას მოიცავს, მოითხოვს პაციენტების მხრიდან მნიშვნელოვანი ხარჯების გაზიარებას ე.წ. თანაგადახდებს (ხარჯების დაახლოებით ნახევარს მოსახლეობა ფარავს). 2018 წლის მონაცემებით აშშ-ში დაუზღვეველთა რაოდენობა შეადგენს 11%-ს (30 მლნ ადამიანი). გარდა ამისა, არიან არასაკმარისი დაზღვევის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევა, მაგრამ თავიანთი შემოსავლის 10%-ს ან მეტს ხარჯავენ საკუთარი ჯიბიდან სამედიცინო ხარჯებზე. არასაკმარისი დაზღვევის მქონე ადამიანთა რაოდენობა შეადგენს დაზღვეულთა 29%-ს.
მიუხედავად აღნიშნულისა, აშშ-ში ჯანმრთელობის უფლება არ არის მიუღებელი კონცეფცია. ამის დასტურია მედიქეას და მედიქეიდის სახელმწიფო პროგრამები, ასევე ომის ვეტერანთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა, სადაც ჯანმრთელობა განიხილება როგორც უფლება. თუმცა, აშშ-ში სახელმწიფო არ არის ვალდებული მისი ყველა მოქალაქე უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვით.
ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა დასავლური აზროვნების პერსპექტივიდან
საინტერესოა საკითხის – ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა თუ პრივილეგია – განხილვა დასავლური აზროვნების პერსპექტივიდან, კერძოდ, არისტოტელეს, იმანუილ კანტის, თომას ჰობსის, თომას პეინის, ჰანა არენდტის, ჯეიმზ როულზის და ნორმან დენიელსის ნაშრომების მიხედვით.
არისტოტელე და სული
ძველი ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს (ძვ.წ. 384-322) მტკიცებით, არსებობენ ბუნებრივი სხეულები, რომელთაგან ზოგი ცოცხალია, ზოგი კი არ არის ცოცხალი. ყველაფერი რაც ცოცხალია, აქვს სული. სული სიცოცხლის მომცემი ძალაა. იგი პასუხისმგებელია ყველა ცოცხალის განვითარებაზე. სხეული საგანია, მატერიაა, რომლის შიგნით არის სიცოცხლე სულის სახით. ამგვარად, სხეული ინსტრუმენტია, რომელშიც მოძრაობს სული. სული გადის სრულქმნის, სრულყოფის გზას, რომლის მისაღწევად საჭიროა სულის ზრდა. სული ვერ გაიზრდება თავისთავად, მისი განვითარებისათვის საჭიროა კვება. ასევე, კაცობრიობა ვერ იქნება უკეთესი, თუ ადამიანი არსებობს მხოლოდ თავისთავად, საკუთარი ძალებით და მასზე არ ზრუნავენ საზოგადოებრივი მექანიზმები.
ადამიანის განვითარებისათვის აუცილებელია კარგი ჯანმრთელობა, რაც ვერ მიიღწევა მხოლოდ თავისთავად, საკუთარი ძალებით. ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელია როგორც ადამიანის, ასევე მთელი საზოგადოების ძალისხმევა, ანუ საჭიროა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ყველასათვის. შესაბამისად, ჯანდაცვა უნდა განიხილებოდეს როგორც ადამიანის უფლება.
კანტი და მორალის ძალა
იმანუელ კანტის (1724-1804) მიხედვით, ყოველი ადამიანი არსებობს “როგორც მიზანი და არასდროს მხოლოდ საშუალება”. ადამიანი არ უნდა განიხილებოდეს როგორც საგანი, სხვისი სიამოვნების ან კეთილდღეობის საშუალება. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ღირსება. კანტის კატეგორიული იმპერატივი მოითხოვს: “მოიქეცი ისე, რომ შენს მოქმედებაში ადამიანი ყოველთვის იყოს მიზანი და არასდროს მხოლოდ საშუალება”. საზოგადოება ადამიანებს შორის ურთიერთობებია, სადაც ყველანი პატივს ვცემთ ერთმანეთის ინტერესებს, რადგან თითოეულ ჩვენგანს აქვს ღირებულება.
რადგან ყველა ადამიანს აქვს ღირებულება და რადგან ადამიანი უნდა განიხილებოდეს “როგორც მიზანი და არასდროს მხოლოდ საშუალება”, აქედან გამომდინარეობს მორალის ძალა. მორალი გვმართავს ჩვენ აბსოლუტურად და ვგრძნობთ მის ძალას ყოველთვის. მორალი დიქტატია, რომლის იგნორირება შეიძლება, მაგრამ უარყოფა არასოდეს.
აბსოლუტური მორალის ძალიდან გამომდინარე, ადამიანის სიცოცხლე, მისი ჯანმრთელობა დაცული უნდა იყოს. ჯანმრთელობის ყველასათვის ხელმისაწვდომობის საკითხი მუდმივი მორალური საკითხია, რომლის იგნორირება შეიძლება, მაგრამ უარყოფა არასოდეს.
ჰობსი და შეთანხმებები
თომას ჰობსი (1588-1679) თავის ნაწარმოებში “ლევიათანი” წარმოგვიდგენს “ბუნებით უფლებას” (jus naturales) და “ბუნებით კანონს” (lex naturalis). “ბუნებითი უფლება არის ადამიანის თავისუფლება, გამოიყენოს საკუთარი ძალა ისე, როგორც სურს, საკუთარი ბუნების ანუ სიცოცხლის შესანარჩუნებლად და, შესაბამისად, მოიმოქმედოს ნებისმიერი რამ, რაც, მისი მოსაზრებითა და განსჯით, ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო გზაა”. “ბუნებითი უფლების” მიხედვით, “ყველა ადამიანს აქვს ყველაფრის უფლება”.
ბუნებითი უფლებისაგან განსხვავებით “ბუნებითი კანონი”, ანუ გონება ადამიანს საშუალებას აძლევს გაერკვეს თუ რა უნდა გაკეთდეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ბუნების სამი მნიშვნელოვანი კანონი არსებობს, რომლებიც განაპირობებენ პასუხისმგებლობას ჩვენს ქმედებებზე: (1) მშვიდობის ძიება, (2) შეთანხმებების დადება და (3) შეთანხმებების შესრულება.
ჰობსის პირველი კანონი, “მშვიდობის ძიება” გულისხმობს, რომ “ყოველი ადამიანი უნდა ესწრაფვოდეს მშვიდობას და ცდილობდეს დაიცვას იგი”, ხოლო თუ ვერ მიაღწევს მშვიდობას, “მას შეუძლია ომის ყველა ხერხი და გზა ეძებოს და გამოიყენოს”, ანუ ნებისმიერი საშუალებით თავად დაიცვას საკუთარი თავი.
ბუნების პირველი კანონიდან, რომელიც ყველა ადამიანისგან მშვიდობის ძიებას მოითხოვს, გამომდინარეობს მეორე კანონი. როდესაც ადამიანებს აქვთ თავისუფლება “აკეთონ ის, რაც მოესურვებათ, ყველანი ერთმანეთთან ომის მდგომარეობაში არიან”. ამიტომ ადამიანებმა უარი უნდა თქვან თავის უფლებაზე “აკეთონ ის, რაც მოესურვებათ”, იმ პირობით, თუ სხვებიც იგივეს გააკეთებენ. ეს ბიბლიის კანონია: მოექეცით სხვა ადამიანებს ისე, როგორც თქვენ გინდათ, რომ ისინი მოგექცნენ.
ბუნების კანონი მოითხოვს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა დათმოს თავისი უფლება, უარი თქვას თავისუფლებაზე და ამით მეტი თავისუფლება მისცეს სხვა ადამიანებს. ამ დათმობით ადამიანები ფიქრობენ, რომ სხვებსაც იგივე კეთილგანწყობა ექნებათ მათ მიმართ და ისინიც დათმობენ თავისუფლებას. როდესაც ადამიანი თმობს თავისუფლებას ან რაიმე უფლებას სხვას გადასცემს, “ის ამას აკეთებს იმის გამო, რომ თავად იღებს ტოლფას უფლებებს ან რაიმე სხვა ხეირს ელის… უფლების დათმობის ან გადაცემის მოტივი და მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის პიროვნული უსაფრთხოება იმ თვალსაზრისით, რომ მას ჰქონდეს საშუალება, დაიცვას თავისი სიცოცხლე”.
ჰობსი მიიჩნევს, რომ “ვალდებულება” იქმნება “ბუნებითი უფლების უარყოფით”. “ბუნებითი უფლება” ადამიანისგან არ მოითხოვს ვალდებულებებს. ბუნებით მდგომარეობაში ყველა თავის თავსაა მინდობილი და ადამიანს შეუძლია მოიმოქმედოს ყველაფერი, რაც მის ინტერესებს შეესაბამება. “ბუნებითი უფლების” უარყოფით საზოგადოების ყველა წევრი ვალდებულებას კისრულობს ერთმანეთის წინაშე, რომ ექნებათ მშვიდობიანი თანაარსებობა და ამით უზრუნველყონ ერთმანეთის უსაფრთხოება.
ჰობსის მეორე კანონიდან გამოდინარეობს ადამიანებს შორის შეთანხმებების კონცეფცია. როდესაც ადამიანები უარს ამბობენ “ბუნებით უფლებაზე”, ან მას გადასცემენ სხვას, წარმოიქმნება ხელშეკრულება ან შეთანხმება. “ბუნებითი უფლებიდან” “ბუნებით კანონზე” გადასვლა ხდება საზოგადოებრივი ხელშეკრულების სახით: ადამიანები თანხმდებიან კანონს დაემორჩილონ, რადგან ალტერნატივა საყოველთაო ომის მდგომარეობაა.
ჰობსის კონცეფციას თუ განვიხილავთ ჯანმრთელობასთან მიმართებით, უსაფრთხო ცხოვრებისათვის ადამიანები სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის “უფლებას” გადასცემენ საზოგადოებას, რომელშიც ყველა წევრი ურთიერთთანამშრომლობის პირობას დებს. ანუ, საზოგადოება თანხმდება, რომ ჯანმრთელობა არის უფლება და იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის.
საზოგადოება შეიძლება შეთანხმდეს ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის უფლებაზე, თუმცა, არ იყოს სახელმწიფოს მიერ საყოველთაოდ აღიარებული. ამ შემთხვევაში, კანტის აზრებს თუ მოვიშველიებთ, ეს საზოგადოებრივი შეთანხმება შეიძლება პოლიტიკურად იქნას იგნორირებული, მაგრამ მას აქვს მორალური ძალა, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია.
თომას პეინი და ადამიანის უფლებები
ამერიკელი პუბლიცისტი თომას პეინი (1737-1809) ერთმანეთისაგან განასხვავებს ბუნებრივსა (natural rights) და სამოქალაქო უფლებებს (civil rights). ბუნებრივი უფლებები ადამიანს თავისი არსებობის ძალით ეკუთვნის (რწმენის თავისუფლება, აზრის გამოხატვის უფლება, ბედნიერებისაკენ სწრაფვა და ა.შ.), ხოლო სამოქალაქო უფლებები ადამიანს აქვს იმდენად, რამდენადაც იგი საზოგადოების წევრია. სამოქალაქო უფლებები საზოგადოების მიერაა გარანტირებული. მათი სრულყოფილად განხორციელება საზოგადოების დახმარების გარეშე ინდივიდს არ შეუძლია.
სამოქალაქო უფლებები წარმოიშვა ბუნებრივი უფლებებიდან. ადამიანს მარტო არ შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა გადაეცემა ცენტრალურ ძალას (სახელმწიფოს). სამოქალაქო ძალაუფლება არ უნდა გამოიყენებოდეს ინდივიდთა ბუნებრივი უფლებების დასათრგუნად. ადამიანის უფლება სხვა ადამიანის უფლებასაც გულისხმობს, რომელთა დაცვის ვალდებულებაც ამ ადამიანს აკისრია.
ამგვარად, ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობა განიხილება როგორც ადამიანის პიროვნული, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. თანამედროვე საზოგადოებაში ყველა ადამიანი საკუთარ ბუნებრივ უფლებებს გადასცემს ცენტრალურ ხელისუფლებას, რითაც იქმნება კოლექტიური უსაფრთხოების კაპიტალი. საერთო კეთილდღეობიდან ყოველ ადამიანს აქვს უსაფრთხოება და სარგებელი, ისევე როგორც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე უფლება.
ჰანა არენდტი და ადამიანური მდგომარეობა
ჰანა არენდტიმ (1906-1975) გამოაქვეყნა წიგნი “ადამიანური მდგომარეობა” (1958). არენდტის მიხედვით, ადამიანებმა ერთმანეთთან მიაღწიეს შეთანხმებას საერთო კეთილდღეობაზე და გადასცეს თავისი ბუნებრივი უფლებები ცენტრალურ ხელისუფლებას მათი კოლექტიური უსაფრთხოებისათვის. ამით ადამიანები, გარდა იმისა, რომ თანასწორნი არიან, განსხვავდებიან ერთმანეთისაგან: “ადამიანური მრავალფეროვნება ძირითადი პირობაა როგორც ქმედების, ასევე სიტყვის და აქვს თანასწორობის და განსხვავების ორმაგი ხასიათი. თუ ადამიანები არ იქნებიან თანასწორნი, ვერასოდეს ვერ შეძლებენ გაუგონ ერთმანეთს. თუ ადამიანები არ იქნებიან განსხვავებულნი, მაშინ მათ არ დასჭირდებოდათ არც სიტყვა და ქმედება, რომ გაუგონ ერთმანეთს. საკმარისი იქნებოდა საჭიროებებისა და მოთხოვნებისათვის ერთმანეთთან საკომუნიკაციო მხოლოდ ნიშნები და ხმები.
ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სიტყვითა და ქმედებებით. ეს განსხვავება ეფუძნება იმას, თუ რას ამბობენ ადამიანები (სიტყვა) და რა ინიციატივით გამოდიან ისინი (ქმედება). სიტყვის ზოგიერთი ფორმა ადამიანებს უკეთესად ცნობადს ხდის, ზოგიერთი ქმედების ფორმა გარკვეულ ადამიანებს მდიდარს ხდის, ხოლო სხვებს ღარიბებად აქცევს. ადამიანებს შორის ასეთი მრავალფეროვნება წარმოშობს “განსხვავებულობას”, მაგრამ იგი არ ცვლის თანასწორობას.
ყველა ადამიანი თანასწორია, ყველა ადამიანი განსხვავებულია და ყველა ადამიანი გმირია. თუმცა, გმირებს არ აქვთ გამორჩეული თვისებები. ჰომეროსის მიხედვით, სიტყვა “გმირი” იყო სახელი, რომელიც ერქვა ტროას ომში მონაწილე თითოეულ თავისუფალ ადამიანს და რომელთა შესახებაც დაიწერა პოემა. სიმამაცე, რომლის იდენტიფიცირებასაც ჩვენ გმირთან ვახდენთ, არენდტის მიხედვით, არის ქმედების, საუბრის და საკუთარი თავის საზოგადოებაში ჩაწერის სურვილი. გმირი არის ადამიანი, რომელიც იღვიძებს ყოველ დილით და საკუთარი თავი შეაქვს საზოგადოებაში. ყველა კაცი და ქალი გმირია, ყველა თანასწორია, თუმცა განსხვავებული. ისინი შეიძლება განსხვავდებოდნენ სიმაღლის, წონის, ეთნიკურობის, სიმდიდრის, სექსის, ასაკის, ან რელიგიის მიხედვით, მაგრამ ისინი ყველა გმირებია, რომლებმაც საკუთარი თავი ჩაწერეს სამყაროში და დაიწყეს თავიანთი ამბავი. ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ სიტყვებითა და ქმედებებით. ეს საჯარო სივრცეა, სადაც კანონის უზენაესობაა და ადამიანები თანაარსებობენ.
სამედიცინო მომსახურების საჭიროება, როგორც წესი, უფრო მეტად აქვთ არახელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ღარიბ პირებს. მათ, ვისაც სჭირდებათ სამედიცინო მომსახურება ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ საჯარო სივრცესთან. საჯარო სივრცე შეუძლებელია დაიკავოს ყველა ადამიანმა, ყველა დროით, მაგრამ ზოგიერთმა ადამიანმა, რომელსაც სჭირდება სამედიცინო მომსახურება, შეიძლება ვერასდროს შეძლოს მასთან ურთიერთქმედება.
არსებობს მომენტები, როდესაც სხვებს შეიძლება მოეთხოვოთ ისაუბრონ მათ მაგივრად, ვისაც არ აქვთ ძალაუფლება და არ აქვთ საჯარო სივრცეში შესვლის შესაძლებლობა. უფრო მეტიც, მათ უნდა უზრუნველყონ ძალაუფლების არმქონეთა შესვლა საჯარო სივრცეში, რათა მათ მოუსმინონ. “ადამიანისათვის სამყაროს რეალობა გარანტირებულია სხვათა არსებობით”. ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს საჯარო სივრცეში გამოჩენა გარკვეული დროის განმავლობაში (და ამით ძალაუფლების გაზიარება), მიუხედავად იმისა, რომ მას არ შეუძლია მისი ნებისმიერ დროს დაკავება. ამის უარყოფა ნიშნავს, რომ უარყო მორალის ძალა, ნებისმიერი შეთანხმების არსებობა, ან საერთო უსაფრთხოების უფლება.
როულზის და დენიელსის ჯანდაცვის სამართლიანობა
ჯონ როულზმა (1921-2002) თავის წიგნში “სამართლიანობის თეორია” (1971) განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჯანმრთელობის ყველასათვის ხელმისაწვდომობას. ნორმან დენიელსმა ჯონ როულზის პრინციპეპზე დაყრდნობით მოგვცა უნივერსალური ჯანდაცვის დასაბუთება.
ჯონ როულზი მიიჩნევდა, რომ თითოეულ ადამიანს აქვს ხელშეუხებლობის უფლება (ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის დაცვა, სიცოცხლის უფლება, პირადი ცხოვრების უფლება…), რაც ეფუძნება სამართლიანობას. ამიტომ სამართლიან საზოგადოებაში მართლმსაჯულების მიერ უზრუნველყოფილი უფლებები არ ექვემდებარებიან პოლიტიკურ გარიგებებს ან სოციალური ინტერესების გათვლებს.
მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის სოციალურ სტრუქტურაზე, სახელმწიფოს პოლიტიკაზე და ეროვნულ კულტურაზე. მდიდარ ქვეყნებში ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მაღალია. ამასთან, მოსახლეობის ჯანმრთელობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკაზე, არამედ სიმდიდრის განაწილებაზეც. რაც უფრო მეტია სახელმწიფოს ინვესტიციები ჯანდაცვაში, მით მაღალია ჯანმრთელობის მაჩვენებლები. მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში ჯანდაცვის უთანასწორობის პრობლემა გადაწყვეტილ უნდა იქნას ეკონომიკური უთანასწორობის კორექტირებით. ჯანდაცვის რეფორმირებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს არამარტო სამედიცინო სერვისების მიწოდებაზე, არამედ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზეც მთელი მოსახლეობისათვის. ამგვარად, სახელმწიფო პოლიტიკას უდიდესი როლი ეკისრება მოსახლეობის ჯანმრთელობის ამაღლებაზე.
ჯანდაცვის სისტემა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მისთვის მთავარი იყოს პაციენტის კეთილდღეობა. ჯანდაცვის ყოველი სისტემა მოსახლეობას უნდა აძლევდეს ხელმისაწვდომობის გარანტიას, უნდა იცავდეს ჯანდაცვის კატასტროფული ხარჯებისაგან. ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. ჯანმრთელობას სარგებელი მოაქვს როგორც ადამიანისათვის, ასევე საზოგადოებისათვის, საერთოდ ქვეყნის კეთილდღეობისათვის. ჯანმრთელობა ადამიანის პროდუქტიულობის განმაპირობებელი ფაქტორია. რაც უფრო ჯანმრთელია ადამიანი, მით უფრო შრომისუნარიანია იგი. ჯანმრთელობის გაუმჯობესება ხელს უწყობს ცოდნის ათვისებას, წავლის უნარების განვითარებას, შემოქმედებითობას, კრეატიულობას. ჯანმრთელი და განათლებული მუშაკები უფრო ადვილად რეაგირებენ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროცესებზე, რაც რეფორმების წარმატებით განხორციელების განმსაზღვრელი ფაქტორია. ამგვარად, ადამიანის ჯანმრთელობა ხელს უწყობს ეკონომიკის ამაღლებას, რადგან ზრდის შრომისუნარიან მოსახლეობას.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on აპრილი 7, 2021
- on თებერვალი 12, 2021
- on მარტი 15, 2020
- on თებერვალი 19, 2020
- on თებერვალი 12, 2020
- on თებერვალი 4, 2020
- on იანვარი 28, 2020