"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
ჰაკერ იქა, ბიო აქა
არა რა, მართლაც რაღაც არის ჩვენში, ქართველებში განსაკუთრებული. აბა, ერთი კარგად დააკვირდით ამ ამბავს: 13 აპრილს ჰოლანდიის დედაქალაქ ჰააგაში ადგილობრივმა სპეცებმა, ბრიტანელ ჯეიმს ბონდებთან ერთად, “დააზდრასტეს” ოთხი გრუსი აფიცერი, რომლებიც გეგმავდნენ ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ოფისის (ქიამო) დაჰაკვას. ეგენი კი გაუშვეს იმავე დღეს ქვეყნიდან (უცნაური სევდა შემომერია), მაგრამ 6 თვის თავზე აშშ-მ, ნიდერლანდებმა, ბრიტანეთმა და კანადამ იმ 4 “ტურისტთან” ერთად კიდევ 3 გრუსს წაუყენეს ოფიციალური ბრალდება. კომპიუტერებით და საჰაკაო აპარატურით დატენილი მანქანა რატომ ყავდათ მიყენებული ამ ქიმიური რაღაცის შტაბ-ბინაში (ილაპარაკეთ მამაძალი ქართულად, ასე ძნელია), ეს ძნელი მისახვედრი ნამდვილად არ იყო: ამ დროს, სწორედ ქიამო-ში იკვლევდნენ ბრიტანული სოლსბერიდან ამოღებულ გრუსულ საფირმო დელიკატეს “ნოვიჩოკს”.
სულ ასე იციან ამ გრუსებმა. ჯერ დააწვებიან კაი “იმნაირებივით” ექსკურსიაზე, გაუმასპინძლდებიან “ჩაით” ხალხს (ეგრე მოუხდებაო მოღალატე სკრიპალსაო, მამა-ჩეკისტმაო სთქვაო) და მერე არიქა, ჩვენი “ჩაის” რეცეპტი ვინმემ არ გამოიცნოსო, მაგათნაირებივე გამოვლენ გრუ-ს ჰედქუოთერიდან (ეგრე არ ჯობია) მოსკოვში, ჩაჯდებიან ტაქსში (ქვითარიც შეუნახავს ჯიგარს, უეჭველი რო დაბრუნდებოდა, სამეურნეოს წარუდგენდა ასანაზღაურებლად, ეგ მოწესრიგებული ეგა), ჩაფრინდებიან “კანალებიან” ქალაქ ამსტერდამში, აიყვანენ მანქანას და იალა საჰაკაოდ ჰააგაში. მერე ამოყოფენ თავს კანალიზაციაში (აშკარად გავლენის ქვეშ ვარ და არა კაკაინის ან პიროვნება გერაინის ზეგავლენის))) და აქეთ დაიწყებენ დაბრალებას: ჩვენ რას გადაგვეკიდეთ ეს ამერიკელები, ჩვეულებრივი ტურისტები ვართ, ფოტო ვერ გადაგვიღია და სელფიო. ამ დროს თვითონ რა დღეში ხართ, ზედ ჩვენი დედა სამშობლოს და დიდი ჩინეთის საზღვრებთან ბილოგიურ იარაღს ამზადებთ…. საქართველოშიო. არ გეგონოს ძვირფასო მკითხველო, ჩვენი საზღვრების ნიკოფსიიდან დარუბანდამდის 2.0 ვერსიის აღდგენას ლამობდნენ ისე მაგათი დუბლირებული ტყაპუჭი დავხიე, ერთმორწმუნეები. არა, უბრალოდ ეს ლაბორატორიები არის ყაზახეთშიც, ყირგიზეთშიც, უზბეკეთშიც და უკრაინაშიც, მაგრამ აი მაინცდამაინც ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაფრის ეპიცენტრში. ჩვენ “ვუყვარვართ” ყველაზე მეტად გრუსებს და ჩვენი ხალხის ბედი ადარდებთ, დაწამლეს ამერიკელებმა ალექსეევკის მაცხოვრებლები, ხან მწვანე ბოლი ამოდის, ხან ყვითელი და ხან შავიო, მერე კიდე ზოგს თავი ტკივა და ზოგს თვალს აკლდებაო. მაგათ რა უჭირთ, რაღაც ექსპერიმენტის შედეგად 73 კაცი ერთ დღეს მოკლეს ამ კაპიტალისტმა კოლონიზატორებმაო. ბიოს როგორი ეფექტი აქვს, არ ვიცი, მაგრამ აი მაგათ ბოლს აშკარად მაგარი მოაქ. დებილად ტოვებს ტიპებს. ფაქტი სახეზეა. არ ვარგა ხალხო ეს ნარკოტიკი, არაა.
დიდი უცნაური ხალხი კია ეს მამაცხონებული გრუსები. საცა არ ეპატიჟებიან, მაინცდამაინც იქ მიძვრებიან, თორე მიიწვია (მერამდენედ!!!) ლუგარის ლაბორატორიამ დასათვალიერებლად, მოდით ბიძიკო და ნახეთ, რავარ ბიოს ვაკეთებთო და ცოცხალი თავით არ ჩამოდიან და არ შედიან ექსკურსიაზე. შიგნით არ შედიან, თორე თავისი პროპაგანდის მანქანით ისეთ კადრებს აჩვენებენ და ისეთ ბიოს უშვებენ, ვერანაირი დეკრიმინალიზაციის სტანდარტები ვერ უძლებს. იციან, რომ ვიღაცაზე იმუშავებს და იმიტომაც უშვებენ. იმედი აქვთ, რომ სამშობლოზე “გულდაფუფქული პატრიოტები” აყიყინდებიან და იტყვიან, ვერ გაგვიგია რა სარგებელი მოაქვს ამისთანა ამ ლაბორატორიას, არ დაგვცხოს მაგის გულისთვის ამ რუსეთმა, რა საჭიროა ეს პროვოცირებაო. რაც მთავარია, ალბათ ჰგონიათ, რომ გაღმა თუ გაედავებიან, ოდნავ მაინც გადაფარავენ თავიანთ ნაკანალიზაციებს და ამიტომაც უშვებენ. პენტაგონმა კი შეუთვალა, მაიმუნობას მოეშვი, ტყუილად ირჯები და შენ კიდევ ხო ხედავ, რას დაგამგვანა საკუთარმა ბიომო.
ისე რაღაც ძალიან მოუხშირეს ამ გრუსებმა კანალიზაციებში ამოგანგვლას. ხო არ მოუძველდათ მეთოდები მაგინეფის კუკარეკებს? შეიძლება შპიონობაში კი, მაგრამ ფანტაზიაში აშკარად ძრაივზე არიან. აბა რა არის თუ იცით “მოდური დათვი”, იგივე “Fancy Bear”? ამერიკული ფეხბურთის გუნდი? ახალი დიზაინერული სახლი? რამე როკ ჯგუფია? არა, ძვირფასო მკითხველო. თუ არ იცი, ვერ გამოიცნობ. აბა რო მეკითხა, რა უნდოდა რუსთავში “ქემიქალ ბრაზერს”-თქო, ხო იტყოდა ვინმე “პატრიოტუშკა”, უკვე რუსთავშიც წამლავენ ჩვენს ხალხს ეს ამერიკელებიო. ისე, “Chemical Brothers”-ს მართლა მაგარს აბრუებენ მილიონობით ადამიანს, ოღონდ მადლობა ღმერთს თავისი მუსიკით. ან ვთქვათ, რას წარმოადგენენ “ვუდუ დათვი” (Woodoo Bear), “ცუდი ბაჭია” (Bad Rabbit) და რას მოღვაწეობს “ქვიშის სითბოება”, იგივე “Sandworm”? გეუბნებით, ფანტაზიას არ უჩივიან თქო. ჰაკერებს კი უნდა ჰქონდეთ ისე წესით განვითარებული ეგ უნარები. დიახ ჩემო მკითხველო, ამ უწყინარი სახელწოდებების უკან იმალება ზანზარონე გრუ-ს ჰაკერ ბრიგადები, რომლებიც ხან ამერიკელი დემოკრატების ყრილობას მიუხტებიან, ხან საერთაშორისო ანტიდოპინგურ ორგანიზაციას და ხანაც შპიცის ლაბორატორიას.
კეთილი, გავიგეთ, რომ ჰაკერები არიან და ესეც დავიმახსოვრეთ, რომ გრუსული ჰაკერული ჯგუფებია, მაგრამ აი საქართველოსთან რა კავშირშიაო, ხო იკითხავს კირკიტა კრიტიკოსი? რა კავშირშია და 2008 წელს, სანამ ტანკები შემოვიდოდნენ, მინამდის “მოდური დათვები” დაესხნენ თავს ჰაკერულად ჩვენს მძინარე სახელმწიფო უწყებებს. ძლივს არ გავარკვიეთ, ვინ იყო პირველი – ვავანა და ძიმონა მედვეძევი და საყვარელი სირიოჟა ლავრუშა კი არა, არამედ ვინცხა გრუსული “მოდნიე მედვეძი”. მორჩა, დამშვიდდით ახლა ყველა.
ისე, მოდური დათვი და ორთავიანი არწივი კი არა, სამთავიანი გველეშაპი უნდა იყოს ამ გრუსების თანამედროვე სიმბოლო. ერთი თავი ბირთვული რაკეტაა (რეკეტი არა, რაკეტა), მეორე თავი ციმბირული გაზია (ნაღდი გაზი, ბუნებრივი. ისე, რამდენი აქვთ მაგ ოხრებს) და აგერ ბატონო მესამეც – ჰაკერ ბოშკა (ჰაკერ ფშორის ხინკალში არ აერიოს ვინმეს, რომელიც პირიქით, კეთილშობილების განსახიერებაა). უნდა დააცალო სამივე თავი და დაისვენებს დედამიწა, მაგრამ სად არის ბიო და კაი ცხოვრება? გრუსებს რო კითხო, საქართველოში. მეტი არაა ჩემი მტერი.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023