"ვსწავლობ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას, წარმოების მენეჯმენტის მიმართულებით. ამასთანავე ჩართული ვარ Erasmus+ არაფორმალური განათლების საერთაშორისო პროექტებში".

ჰუმანოიდი რობოტები ჩვენ გვერდით

ჰუმანოიდი რობოტები ჩვენ გვერდით

როდესაც ჯორჯ დევოლმა 1954 წელს პირველი პროგრამირებადი რობოტი შექმნა, ალბათ არც უფიქრია იმაზე, რომ 64 წლის შემდეგ მსგავსი ქმნილება იმდენად დაიხვეწებოდა, რომ ათასი ინვესტორის წინაშე წარდგებოდა, ადამიანური ლოგიკით უპასუხებდა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს და, რაც ყველაზე მთავარია, საუდის არაბეთის მოქალაქე გახდებოდა.  

რობოტ სოფიას, მისი უნარების გამო, უკვე მთელი მსოფლიო იცნობს. იგი ცნობს ადამიანებს, ამუშავებს ვიზუალურ მონაცემებს თვალებში არსებული კამერებისა და ალგორითმების საშუალებით და არჩევს სახეებს, ასევე იღებს ბუნებრივი სახის მიმიკებს და ძალიან ჭკვიანია მუდმივად განვითარებადი ხელოვნური ინტელექტის წყალობით. თუმცა სოფიაზე აღარ ვისაუბრებ, რადგან უკვე არსებობს მრავალი ჰუმანოიდი რობოტი, რომლებსაც შესაძლოა, მისგან განსხვავებით ჯერ არ ჰქონიათ უილ სმიტთან პაემანი ან ჯიმი ფალონთან შოუში სტუმრობის ბედნიერება, მაგრამ არანაკლები მიღწევები აქვთ და სხვადასხვა ადამიანურ როლს წარმატებით ითავსებენ. 

ერიკა იაპონური რობოტია, რომელსაც ხმით ადამიანის იდენტიფიცირება და ოთახში მისი მდებარეობის აღქმა შეუძლია. ერიკას ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად უმჯობესდება და შედეგად კარიერული წინსვლაც აქვს, რადგან, არსებული ინფორმაციით, 2018 წლის აპრილიდან ახალ ამბებს წაიყვანს იაპონურ ტელევიზიაში, ადამიან ჟურნალისტებთან ერთად. ამისათვის მისი შემქმნელი ჰიროში იშიგურო 2014 წლიდან იბრძვის და, როგორც ჩანს, ერიკას დებიუტი ტელევიზიაში სულ მალე შედგება. იშიგუროს, რომელსაც ერიკა მამას ეძახის, საბოლოო მიზანია, რომ ერიკას დამოუკიდებელი ცნობიერება განუვითაროს, რომ რობოტს სურვილები გაუჩნდეს, იფიქროს და აკეთოს, რასაც მოისურვებს. ამ დიდი ამბიციებიდან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ ერიკა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო დაფინანსების მიმღებია იაპონიაში.  

ევროპაში კი გვყავს 146 სმ სიმაღლის ფრანგი რომეო, რომელიც ევროპის სხვადასხვა ლაბორატორიაში შეიქმნა. მართალია, ის ადამიანური გარეგნობით არ გამოირჩევა, მაგრამ რომეოს პროექტი მიზნად ისახავს მისი შესაძლებლობების განვითარებას ისე, რომ თავისუფლად გააღოს კარი ან ავიდეს კიბეზე.

რომეო ზედამხედველობის ფუნქციებით აღჭურვილი თანაშემწე რობოტია, რომლის მთავარი დანიშნულებაა, დაეხმაროს ასაკოვან ადამიანებს და მათ, ვისაც გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. პროექტის მეორე ეტაპზე მუშაობენ იმისათვის, რომ რომეომ შეძლოს საგნებისა და ადამიანების აწევა და ტარება.

მოკლედ, შანსები იმისა, რომ ჰუმანოიდი რობოტები ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან დაგვეხმარებიან და ზოგიერთ საქმიანობაში ადამიანური რესურსის ალტერნატივადაც კი იქცევიან, საკმაოდ რეალურად გამოიყურება. ამის კარგი მაგალითია იაპონიაში არსებული სასტუმრო Henn na Hotel-ი, რომელიც უმეტესად დაკომპლექტებულია რობოტი თანამშრომლებით და ისინი სრულ მომსახურებას უზრუნველყოფენ. სასტუმროში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მუშაობს და შესაძლოა იქ სტუმრობისას მათ ვერც კი შეხვდეთ. 2018 წლის ზაფხულის სეზონზე კი იტალიაში, სასტუმრო Peschiera del Garda-ში დაიწყებს მუშაობას რობოტი რობი, როგორც იტალიის პირველი კონსიერჟი რობოტი. ამ ყველაფრის შემდეგ ალბათ გაგვიჩნდება კითხვა, რამდენად შეძლებენ რობოტები ადამიანური სტუმართმოყვარეობისა და ყურადღების ჩანაცვლებას? მასზე პასუხი სუბიექტურია.  

თუმცა ფაქტია, მომსახურების რობოტებზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია: ეს მოიცავს ლოგისტიკის, თავდაცვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, სამედიცინო და სხვა რობოტებს. რობოტიკის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემების მიხედვით, პროფესიული მომსახურების რობოტების რაოდენობა 2018-2020 წლებში საშუალოდ 20-25%-ით გაიზრდება (წელიწადში საშუალოდ 397,000 ერთეული) მათი რიცხვი კი 2017 წელს 78,700 იყო. საერთო ღირებულება 2018-2020 წლებში $19 მილიარდს მიაღწევს. ამათგან, პროფესიული მომსახურების რობოტების 54% იწარმოება ამერიკაში, 27% – ევროპაში, ხოლო 19% – აზიაში.  

მომსახურების დარგის გარდა, რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის შერწყმის შედეგად აქტიურად იქმნება თერაპიაში, მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის, კადრების შერჩევისას ინტერვიუსთვის, განათლებასა და ჯანდაცვის სფეროში მუშაობისთვის განკუთვნილი რობოტები. 

მაგალითად, რობოტების გამოყენება აქტიურად იტესტება საავადმოფოებსა და სკოლებში ბავშვებთან მუშაობისას. აღმოჩნდა, რომ ბავშვები უფრო მეტად უჯერებენ რობოტებს და უფრო უმარტივდებათ საავადმყოფოში დარჩენა: ჰოლანდიაში უკვე არსებობს რობოტის გამოყენების პრაქტიკა დიაბეტიან ბავშვებთან – რობოტი ბავშვებს ადვილად უმეგობრდება და შემდეგ ამავე რობოტის დავალებით ისინი სწავლობენ საჭირო ინფორმაციას თავიანთი დაავადებების შესახებ. რობოტები ამეცადინებენ, შემდეგ ათამაშებენ ქვიზებს, რომლებითაც ბავშვი სწავლობს თავისი დაავადების შესახებ – მაგალითად, როგორია დასაშვები შაქრის დონე სისხლში სხვადასხვა ასაკის მოზარდებისთვის და მსგავს საჭირო მონაცემებს. ბავშვები იმდენად ერთობიან რობოტებთან საუბრით, რომ შედარებით მარტივია მათთვის წამლების მიღება და ამ პროცესსაც ხალისით ხვდებიან. ტოკიოში, მოხუცთა სახლში, სადაც დემენციით დაავადებულებს მკურნალობენ, რობოტები დილის ვარჯიშებსა და სიმღერის გაკვეთილებს უძღვებიან. 

რამდენიმე ათეული წლის წინ დღევანდელი რეალობა ალბათ უფრო სამეცნიერო ფანტასტიკის საინტერესო სიუჟეტი იქნებოდა, თუმცა ფაქტია, რომ ბევრი რამ, რაც ადრე ფანტასტიკად ითვლებოდა, დღეს უკვე რეალურია და ვერ გამოვრიცხავთ, რომ რაც დღეს წარმოუდგენლად მიგვაჩნია, სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი გახდეს. 

გააზიარე