"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 103-ე ადგილზეა

beso2 copy

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური ეროვნული შემოსავლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 103-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ქვეყანაში ერთ მოსახლეზე შემოსავალი სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლება და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. მსოფლიო ბანკი ერთ მოსახლეზე შემოსავალს მთლიანი ეროვნული შემოსავლის (მეშ) გადანაწილების მეთოდოლოგიითაც თვლის. მთლიანი ეროვნული შემოსავალი მთლიანი შიდა პროდუქტისგან (მშპ) იმით განსხვავდება, რომ შემოსავალი ქვეყნის რეზიდენტების მიხედვით ითვლება, ანუ მშპ-ს ემატება ამ ქვეყნის რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ გამომუშავებული თანხა და აკლდება ქვეყნის შიგნით უცხოელების მიერ გამომუშავებული თანხა. საბოლოოდ ვიღებთ, ქვეყნის რეზიდენტების მიერ მიღებულ შემოსავალს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. მაგალითად, საქართველოს მშპ-ს გამოაკლდება უცხოელების მიერ საქართველოში გამომუშავებული თანხა და დაემატება ქართველების მიერ საზღვარგარეთ გამომუშავებული თანხა.

ქვეყნების მაჩვენებლები ერთმანეთთან მეტად შესადარისი რომ იყოს, მსოფლიო ბანკი შემოსავალს „ატლასის მეთოდით“ თვლის. ეს მეთოდოლოგია მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მსგავსია, რადგან ქვეყნებს შორის განსხვავებულ ფასების დონეებს ითვალისწინებს.

მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევა 190 ქვეყანას მოიცავს.

საქართველო ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლით ზრდის რეიტინგში

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლით საქართველო 184 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა. რეიტინგი 2021 წლის მონაცემებით არის შედგენილი, როდესაც საქართველოში ერთ მოსახლეზე ეროვნულმა შემოსავალმა 4,740 დოლარი შეადგინა.

2020 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 4,260 დოლარი იყო და საქართველო რეიტინგში 108-ე ადგილს იკავებდა. 2021 წელს შემოსავლის ზრდა ამავე წელს დაფიქსირებულმა 10.4%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.

„ატლასის მეთოდით“ დათვლილი, ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის ცვლილება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გარდა, ასევე დამოკიდებულია: ქვეყნის მოსახლეობის რიცხვის ცვლილებაზე, ინფლაციაზე, ლარის დოლარის მიმართ გაცვლის კურსზე და ემიგრანტებისა და იმიგრანტების მიერ გამომუშავებულ თანხაზე. საქართველოში მოსახლეობა მცირდება, რაც ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდას აჩქარებს. ასევე, როცა ლარი დოლარის მიმართ უფასურდება, თუ მას თან არ ახლავს ლარის გაუფასურების შესაბამისი ინფლაცია, დოლარში გამოსახული ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი იზრდება.

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური ეროვნული შემოსავალი საქართველოში, დოლარი

წყარო: მსოფლიო ბანკი

ქვეყნები, სადაც შემოსავლები ყველაზე მაღალია

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2021 წელს ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი ყველაზე მაღალი შვეიცარიაში იყო – 90,360 დოლარი. მეორე ადგილზე ლუქსემბურგია 85,110 დოლარით. მესამეზე კი ნორვეგიაა 84,090 დოლარით. არაევროპული ქვეყნებიდან ტოპ 10-ში აშშ, სინგაპური და კატარი ხვდებიან.

ეროვნული შემოსავლის მიხედვით საქართველოსთან ყველაზე ახლოს იამაიკა (4,800  დოლარი), სომხეთი (4,560 დოლარი) და ნამიბია (4,550 დოლარი) არიან.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალშემოსავლიანი რუსეთია, ერთ მოსახლეზე 10,600 დოლარით. შემდეგ თურქეთი მოდის 9,830 დოლარით. აზერბაიჯანში ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 4,880 დოლარია.

ეროვნული შემოსავლით ყველაზე ღარიბი ქვეყანა ბურუნდია, სადაც ერთი მოსახლის საშუალო წლიური ეროვნული შემოსავალი 240 დოლარია. შემდეგ მოდის სომალი 450 დოლარით და მოზამბიკი 480 დოლარით.

ტოპ 10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის მიხედვით, 2021 წელი

 ქვეყანადოლარი
1შვეიცარია90,360
2ლუქსემბურგი85,110
3ნორვეგია84,090
4ირლანდია74,520
5აშშ70,430
6დანია68,110
7ისლანდია64,410
8სინგაპური64,010
9შვედეთი58,890
10კატარი57,120

წყარო: მსოფლიო ბანკი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა