"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"
ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 108-ე ადგილზეა
ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური ეროვნული შემოსავლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 108-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
ქვეყანაში ერთ მოსახლეზე შემოსავალი სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლება და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. მსოფლიო ბანკი ერთ მოსახლეზე შემოსავალს მთლიანი ეროვნული შემოსავლის (მეშ) გადანაწილების მეთოდოლოგიითაც თვლის. მთლიანი ეროვნული შემოსავალი მთლიანი შიდა პროდუქტისგან (მშპ) იმით განსხვავდება, რომ შემოსავალს ქვეყნის რეზიდენტების მიხედვით თვლის, ანუ მშპ-ს ემატება ამ ქვეყნის რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ გამომუშავებული თანხა და აკლდება ქვეყნის შიგნით უცხოელების მიერ გამომუშავებული თანხა. საბოლოოდ ვიღებთ ქვეყნის რეზიდენტების მიღებულ შემოსავალს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. მაგალითად, საქართველოს მშპ-ს გამოაკლდება უცხოელების მიერ საქართველოში გამომუშავებული თანხა და დაემატება ქართველების მიერ საზღვარგარეთ გამომუშავებული თანხა.
ქვეყნების მაჩვენებლები ერთმანეთთან მეტად შესადარისი რომ იყოს, მსოფლიო ბანკი შემოსავალს „ატლასის მეთოდით“ თვლის. ეს მეთოდოლოგია მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მსგავსია, რადგან ქვეყნებს შორის განსხვავებული ფასების დონეებს ითვალისწინებს.
მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევა 190 ქვეყანას მოიცავს.
საქართველო ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლით ზრდის რეიტინგში
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლით საქართველო 190 ქვეყანას შორის 108-ე ადგილზეა. რეიტინგი 2020 წლის მონაცემებით არის შედგენილი, როდესაც საქართველოში ერთ მოსახლეზე ეროვნულმა შემოსავალმა 4,290 დოლარი შეადგინა.
რადგან 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა და, შესაბამისად, ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალიც შემცირდა, 2019 წელს ის 4,780 დოლარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 2019-ში შემოსავალი უფრო მაღალი იყო, საქართველო რეიტინგში 112-ე ადგილზე იყო. შემოსავლის კლების მიუხედავად რეიტინგში დაწინაურება სხვა ქვეყნების ეროვნული შემოსავლის მეტად შემცირებამ განაპირობა.
„ატლასის მეთოდით“ დათვლილი ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის ზრდა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე დამოკიდებულია: ქვეყნის მოსახლეობის რიცხვის ცვლილებაზე, ინფლაციაზე, ლარის დოლარის მიმართ გაცვლის კურსზე და ემიგრანტებისა და იმიგრანტების გამომუშავებულ თანხაზე. საქართველოში მოსახლეობა მცირდება, რაც ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდას აჩქარებს. ასევე, როცა ლარი დოლარის მიმართ უფასურდება, თუ მას თან არ ახლავს ლარის გაუფასურების შესაბამისი ინფლაცია, დოლარში გამოსახული ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი იზრდება.
ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი საქართველოში, დოლარი
წყარო: მსოფლიო ბანკი
ქვეყნები, სადაც შემოსავლები ყველაზე მაღალია
მსოფლიო ბანკის 2020 წელს ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი ყველაზე მაღალი ლიხტენშტაინში იყო – 116,400 დოლარი. ლიხტენშტაინი ე.წ. „ჯუჯა სახელმწიფოა“ ავსტრიასა და შვეიცარიას შორის, სადაც 40 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.
მეორე ადგილზე შვეიცარიაა 84,300 დოლარით, მესამეზე კი ნორვეგია 78,200 დოლარით. არაევროპული ქვეყნებიდან ტოპ-10-ში აშშ, კატარი და სინგაპური ხვდებიან.
ეროვნული შემოსავლის მიხედვით საქართველოსთან ყველაზე ახლოს იორდანია (4,310 დოლარი) და სომხეთი (4,220 დოლარი) არიან.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალშემოსავლიანი რუსეთია, ერთ მოსახლეზე 10,690 დოლარით. შემდეგ თურქეთი მოდის 9,050 დოლარით. აზერბაიჯანში ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 4,450 დოლარია.
ეროვნული შემოსავლით ყველაზე ღარიბი ქვეყანა ბურუნდია, სადაც ერთი მოსახლის საშუალო წლიური ეროვნული შემოსავალი 270 დოლარია. შემდეგ მოდის სომალი 310 დოლარით და მოზამბიკი 460 დოლარით.
ტოპ-10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის მიხედვით, 2020 წელი
ქვეყანა | დოლარი | |
1 | ლიხტენშტაინი | 116,400 |
2 | შვეიცარია | 84,300 |
3 | ნორვეგია | 78,200 |
4 | ლუქსემბურგი | 73,500 |
5 | აშშ | 64,500 |
6 | ირლანდია | 64,200 |
7 | დანია | 63,000 |
8 | ისლანდია | 62,400 |
9 | კატარი | 56,200 |
10 | სინგაპური | 55,000 |
წყარო: მსოფლიო ბანკი
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024
- on თებერვალი 29, 2024