"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

ერთ მოსახლეზე ფულადი გზავნილებით საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა

1 copy (2)

წლის განმვალობაში საშუალოდ ერთ მოსახლეზე მიღებული უცხოური ფულადი გზავნილებით საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ემიგრანტები გამომუშავებული თანხის ნაწილს თავიანთ ქვეყნებში გზავნიან. ღარიბი ქვეყნებისთვის ასეთი გზავნილები მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. ქვეყნების მიხედვით გზავნილების სტატისტიკას სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის, მსოფლიო ბანკი აქვეყნებს, რომლის მონაცემებსაც ამ ბლოგში დავეყრდნობით.

ფულადი გზავნილების ბოლო მონაცემები მსოფლიო ბანკს 2022 წლისთვის 176 ქვეყანაზე აქვს გამოქვეყნებული.

როდესაც შედარება ხდება, თუ რომელი ქვეყანა იღებს მეტ გზავნილს ემიგრანტებისგან, ამ დროს უფრო მართებულია, გზავნილების ერთ მოსახლეზე საშუალო რაოდენობის ან ეკონომიკის მიმართ (მშპ-ის მიმართ) ფარდობა შედარდეს და არა ნომინალური რიცხვები. ლოგიკურია, რომ რაც უფრო მეტია ქვეყნის მოსახლეობა და მეტი ემიგრანტი ჰყავს, მით მეტი თანხა გადმოირიცხება მათ მიერ. მოსახლეობის და ეკონომიკის მიმართ ფარდობა კი უჩვენებს, რომელი ქვეყნების კეთილდღეობაში და ეკონომიკაში თამაშობს უფრო მნიშვნელოვან როლს ემიგრანტების გზავნილები. მაგალითად, 2023 წელს, ინდოეთისთვის ემიგრანტების მიერ გადარიცხული 125 მილიარდი დოლარი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოსთვის ემიგრანტების გადმორიცხული 4.1 მილიარდი დოლარი.

საქართველო ფულადი გზავნილების რეიტინგში

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წელს საზღვარგარეთიდან საქართველოში 4.1 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1,121 აშშ დოლარია. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა, ანუ მხოლოდ 8 ქვეყანას ჩამორჩება. 2022 წელს საქართველო რეიტინგში მე-8 ადგილზე იყო.

2023 წელს მიღებულ 4.1 მილიარდ დოლარში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში მცხოვრები რუსი ემიგრანტებისთვის გადმორიცხული თანხაც შედის. 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 300 მლნ დოლარით (7%-ით) შემცირდა. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ 2022 წელს რუსეთიდან 2.1 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, ხოლო 2023 წელს 1.5 მილიარდი. 2023 წელს 2021 წელს თუ შევადარებთ, რუსეთიდან გზავნილები 4-ჯერ არის გაზრდილი.

2023 წელს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა – 1.5 მილიარდი დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა. 519 მლნ დოლარი გადმოირიცხა იტალიიდან, 456 მლნ დოლარი აშშ-დან, 243 მლნ დოლარი საბერძნეთიდან და 229 მლნ დოლარი გერმანიიდან.

ფულადი გზავნილები საქართველოში, მილიარდი დოლარი

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ქვეყნები, რომლებიც ერთ მოსახლეზე ყველაზე მეტ ფულად გზავნილს იღებენ

2023 წელს ფულადი გზავნილებით ერთ მოსახლეზე ყველაზე მეტი თანხა ლუქსემბურგმა მიიღო. ლუქსემბურგმა სულ 2.2 მილიარდი დოლარი მიიღო, მაგრამ რადგან მისი მოსახლეობა მხოლოდ 640 ათას ადამიანს შეადგენს, ერთ მოსახლეზე ფულადი გზავნილები 3,394 დოლარი გამოდის.

მეორე ადგილზე ასევე პატარა ქვეყანა ტონგაა, რომელმაც 222 მლნ დოლარის გზავნილები მიიღო. ტონგაში 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ერთ ადამიანზე 2,220 დოლარის გზავნილი მოდის. მესამე და მეოთხე ადგილზე სამოა და ხორვატია არიან.

სადაც საქართველოზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და საქართველოზე მეტ გზავნილს იღებენ, ასეთი მხოლოდ 3 ქვეყანაა: ხორვატია, სალვადორი და ბელგია.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთია ყველაზე მეტად ფულად გზავნილებზე დამოკიდებული, რომელმაც 2023 წელს 1.9 მილიარდი დოლარის გზავნილები მიიღო და ერთ მოსახლეზე გზავნილებით მსოფლიოში 29-ე ადგილზეა. აზერბაიჯანი 68-ე ადგილზეა ერთ მოსახლეზე საშუალოდ 272 აშშ დოლარის გზავნილით. რუსეთი 129-ე ადგილზეა ერთ მოსახლეზე 47 დოლარით და თურქეთი 163-ე ადგილზეა 12 დოლარით. 2023 წელს რუსეთმა სულ 6.8 მილიარდი დოლარის, ხოლო თურქეთმა 1 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები მიიღო.

მსოფლიოში ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხა ერთ მოსახლეზე ყველაზე მცირე პაპუა-ახალი გვინეაშია – 0.25 დოლარი. შემდეგ მოდის ანგოლა 0.45 დოლარით და კონგო 0.58 დოლარით.

ტოპ-10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე ფულადი გზავნილების მიხედვით, 2023 წელი

 ქვეყანაერთ მოსახლეზე, დოლარი
1ლუქსემბურგი3,394
2ტონგა2,220
3სამოა1,485
4ხორვატია1,484
5იამაიკა1,350
6მონტენეგრო1,318
7სალვადორი1,280
8ბელგია1,127
9საქართველო1,121
10პორტუგალია1,087

წყარო: მსოფლიო ბანკი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა