"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა

შემოსავალი2 (1)

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

11 ოქტომბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების განახლებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელიც ერთ მოსახლეზე საშუალო წლიურ შემოსავალსაც მოიცავს.

ქვეყანაში ერთ მოსახლეზე შემოსავალი სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლება და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. როდესაც მიზანი სხვადასხვა ქვეყნების ერთ მოსახლეზე შემოსავლის შედარებაა, ამ დროს ყველაზე მართებული მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით დათვლილი მშპ-ის გამოყენებაა. PPP-ის მეთოდოლოგია ქვეყნის შემოსავალს მისი მსყიდველობითი უნარის მიხედვით განიხილავს. ვინაიდან, ზოგადად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში პროდუქციაზე ფასები უფრო დაბალია, ვიდრე მაღალშემოსავლიან ქვეყანაში, ღარიბი ქვეყნების შემოსავლის მსყიდველობითი უნარი ყოველთვის მეტია. ასეთი ქვეყნების რიცხვშია საქართველოც. მაგალითად, საქართველოში 1,000 დოლარის ყოველთვიური შემოსავლით გაცილებით უკეთ იცხოვრებ, ვიდრე აშშ-ში. სავალუტო ფონდის ბოლო კვლევით, საქართველოში დახარჯულ 1 აშშ დოლარს 2.9-ჯერ მეტი მსყიდველობითი უნარი აქვს, ვიდრე აშშ-ში დახარჯულ 1 დოლარს.

საქართველო ეკონომიკური ზრდის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2022 წლის 11 ოქტომბერს გამოქვეყნებული მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით საქართველო 77-ე ადგილზეა 191 ქვეყანას შორის. რეიტინგი 2022 წლის მონაცემებით არის შედგენილი, რომლის მიხედვით საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალმა 19,789 PPP დოლარს მიაღწია. პანდემიამდე, 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 15,608 PPP დოლარი იყო. რადგან 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, ერთ მოსახლეზე შემოსავალიც შემცირდა 14,754 PPP დოლარამდე. 2019 წელს საქართველო რეიტინგში 87-ე ადგილზე იყო და 2020 წელსაც 87-ე ადგილზე დარჩა (რადგან სხვა ქვეყნებსაც შეუმცირდათ შემოსავალი). 2021 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი PPP დოლარებში 14.6%-ით გაიზარდა, რაც მაღალი ზრდაა და საქართველომ 83-ე ადგილზე გადაინაცვლა.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება, ერთ მოსახლეზე PPP დოლარით შემოსავალი კი 17%-ით და 19,789 PPP დოლარს მიაღწევს.

PPP დოლარში გამოსახული ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობის რიცხვის ცვლილებაზე, ინფლაციაზე საქართველოში, ინფლაციაზე აშშ-ში და ლარის დოლარის მიმართ გაცვლის კურსზე. საქართველოში მოსახლეობა მცირდება, რაც ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდას აჩქარებს. ასევე, როცა ლარი დოლარის მიმართ უფასურდება, თუ მას თან არ ახლავს ლარის გაუფასურების შესაბამისი ინფლაცია, PPP დოლარში ერთ მოსახლეზე შემოსავალი იზრდება.

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი საქართველოში, PPP დოლარი

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ქვეყნები, სადაც მოსახლეობის შემოსავალი ყველაზე მაღალია

სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე მაღალი ლუქსემბურგში იყო – 141,587 PPP დოლარი. მეორე ადგილზე კი სინგაპური გავიდა 131,426 PPP დოლარით. 2022 წელს ლუქსემბურგის ეკონომიკა 1.6%-ით გაიზრდება, სინგაპურის ეკონომიკა კი 3%-ით. რეიტინგში მესამე ადგილზე ირლანდიაა, სადაც ერთ ადამიანს წელიწადში საშუალოდ 131,034 PPP დოლარის შემოსავალი აქვს.

შემოსავლების მიხედვით, საქართველოსთან ყველაზე ახლოს მაკედონია (19,783 PPP დოლარი), ეკვატორული გვინეა (19,433) და ბოცვანა (19,199) არიან.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მდიდარი თურქეთია, ერთ მოსახლეზე 38,759 PPP დოლარით. შემდეგ რუსეთი მოდის 31,967 PPP დოლარით. აზერბაიჯანში საქართველოზე ნაკლები შემოსავალია – 17,448 PPP დოლარი. სომხეთში კი 16,798 PPP დოლარია.

ყველაზე ღარიბი ქვეყანა ბურუნდია, სადაც ერთი მოსახლის საშუალო წლიური შემოსავალი 865 PPP დოლარია. შემდეგ მოდის სამხრეთი სუდანი 934 PPP დოლარით და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 1,088 PPP დოლარით.

ტოპ-10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით, 2022 წელი

 ქვეყანაPPP დოლარი
1ლუქსემბურგი141,587
2სინგაპური131,426
3ირლანდია131,034
4კატარი113,675
5შვეიცარია84,469
6ნორვეგია78,128
7არაბთა გაერთ. საამიროები77,272
8აშშ75,180
9ბრუნეი74,196
10სან-მარინო72,070

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა