"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ევროპის ბოლო დიქტატორობიდან საჰაერო მეკობრეობამდე

ალექქსი პეტრიაშვილი - ბლოგი

გასულ კვირამდე დემოკრატიულ თანამეგობრობაში ბელარუსის პრეზიდენტს მოიხსენიებდნენ, როგორც ევროპის უკანასკნელ დიქტატორს. მას შემდეგ, რაც 1994 წელს ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტად აირჩიეს, ის ყველა შესაძლო ხერხებით ცდილობდა ძალაუფლების შენარჩუნებას. გასული წლის აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებამდე ა. ლუკაშენკო, რუსეთსა და დასავლეთს შორის ბალანსის პოლიტიკის გატარების შედეგად, შეძლებისდაგვარად ინარჩუნებდა პოზიციებს. ვერ ვიტყვი, რომ თანაბარზომიერად, მაგრამ ის მაინც საკმაოდ ოსტატურად ახერხებდა ერთდროულად „ფლირტაობას“ როგორც ვლადიმირ პუტინთან, ისე თავისუფალი სამყაროს ლიდერებთან. ხან ერთი გაუწყრებოდა, ხან მეორენი გაუნაწყენდებოდნენ, მაგრამ მაინც იყო ასე რუსეთსა და დასავლეთს შორის „სენდვიჩის შუაგულში“ მოქცეული და მართავდა ქვეყანას. ჩემი აზრით, ალექსანდრ ლუკაშენკომ საბედისწერო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 90-იან წლებში მიიღო, როდესაც გადადგა ნაბიჯი რუსეთთან საკავშირო სახელმწიფოს შექმნის მიმართულებით. შეიძლება 1996-1997 წლებში, როდესაც პირველი შეთანხმებები გაჩნდა ჯერ რუსეთ-ბელარუსის თანამეგობრობის, შემდეგ კი საკავშირო სახელმწიფოს შექმნის შესახებ, უკვე მნიშვნელოვნად დასუსტებული ბორის ელცინის პირობებში ლუკაშენკოს იმედი ჰქონდა, რომ ის რუსეთ-ბელარუსის პრეზიდენტი გახდებოდა და ამიტომაც 1999 წლის 8 დეკემბერს ხელი მოაწერა მთავარ შეთანხმებას რუსეთისა და ბელარუსის ერთიანი სახელმწიფოს შექმნის შესახებ, მაგრამ… იმავე 1999 წლის დეკემბრის ბოლოს ბორის ელცინმა თავის მემკვიდრედ დაასახელა მანამდე ბევრისთვის უცნობი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც სულ მალე ლუკაშენკოს ოცნებები გააცამტვერა.

მას მერე ორი ათწლეული გავიდა. რუსეთ-ბელარუსის პრეზიდენტობის შესახებ ლუკაშენკოს ოცნების რა გითხრათ და ვლადიმირ პუტინი კი ძალიან მიზანდასახულად და გეგმაზომიერად მოქმედებდა მისი საკუთარი ოცნების – საბჭოთა კავშირის აღდგენის რეალიზებაზე. გახსოვთ ალბათ, ვლადიმირ პუტინმა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ კატასტროფად საბჭოთა კავშირის დაშლა რომ დაასახელა. სად, თუ არა ლუკაშენკოს ბელარუსში შეიძლებოდა ამ „აპოკალიფსური შეცდომის“ გამოსწორება.

თუმცა ასეთი „გრანდიოზული ქორწინებისთვის“ ლუკაშენკო მაინც კაპრიზული მეწყვილე გამოდგა. დიახ, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში პრაქტიკულად ყველაფერი მიდიოდა იქამდე, რომ როგორც საბჭოთა კავშირში იყო, ისე ყოფილიყო საკავშირო შეიარაღებული ძალები, საკავშირო უშიშროება, საკავშირო მილიცია და ა.შ. დე ფაქტო ასეც არის და დე იურემდე ბევრიც აღარ უკლია, მაგრამ სხვა მიმართულებებით – განსაკუთრებით ნავთობგადამმუშავებელი თუ მილსადენების ინფრასტრუქტურების გამოყენებასთან, ენერგომატარებლების ღირებულებასთან დაკავშირებით, პერიოდულად ვხედავდით რუსეთზე განრისხებულ და დასავლეთთან დამტკბარ ლუკაშენკოს (ნორვეგიული ნავთობის შეძენა და ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მასპინძლობა გვახსოვს ყველას).

2020 წლის აგვისტოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ა. ლუკაშენკოსთვის ორ ცხენზე ჯდომის მრავალწლიანი ისტორია დასრულდა და ჭეშმარიტების მომენტი დადგა. ძალიან კი იქადნებოდა არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ვლადიმირ პუტინთან მკაცრად დალაპარაკებით და ხისტი პოზიციებით, მაგრამ არჩევნებმა ლუკაშენკოს ფეხქვეშ ნიადაგი  გამოაცალა. ბელარუსმა ხალხმა უარი უთხრა მის დაუსრულებელ ავტორიტარულ მმართველობას და მთელი ძალით გააპროტესტა გაყალბებული არჩევნების შედეგები.

დასავლეთმაც აღარ „გაუტარა“. არც ეუთომ, არც ევროკავშირმა და არც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ ცნეს არჩევნების შედეგები და მოუწოდეს ლუკაშენკოს ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ, მის მთავარ კონკურენტს, სვეტლანა ციხანოვსკაიას კი ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს. ლუკაშენკოს ძალაუფლების შესანარჩუნებლად სხვა არაფერი დარჩენოდა, გარდა ვლადიმირ პუტინთან „ხალიჩაზე გამოცხადების“ და მისთვის დახმარების თხოვნისა. ჩვენი წრუწუნასი არ იყოს, მანაც შესძახა თავის ფიცხელას „მიიშველე, ვლადიმირ“! ვლადიმირმაც აიღო ეს მძიმე ტვირთი საკუთარ ბეჭებზე: პოლიტიკური მხარდაჭერაც გამოუცხადა, საჭიროების შემთხვევაში ჯარებით და საპოლიციო ძალებით დახმარებასაც დაჰპირდა და 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფაზეც დიდსულოვნად დათანხმდა. მას მერე ლუკაშენკო წელში გაიზნიქა და გალობის ნაცვლად მასობრივ დარბევებსა და დაჭერებს კიდევ უფრო დიდი შემართებით შეუდგა. სამწუხაროდ, მისთვის უკვე აღარც დასავლურ სანქციებს ჰქონდა რაიმე მნიშვნელობა და მით უმეტეს არც შეშფოთება/აღშფოთების განცხადებებს.

დასავლეთმაც შეიცხადა, შეიცხადა და საკუთარი დღის წესრიგის სხვა პრობლემებზე ნება-ნება გადართვა დაიწყო. ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა 23 მაისს ბელარუსის საჰაერო სივრცეში ჩადენილი საჰაერო მეკობრეობის აქტი. ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიმავალი ირლანდიური „რაინეარის“ სამგზავრო თვითმფრინავი, ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავების მონაწილეობით, იძულებით დასვეს მინსკის აეროპორტში, თითქოსდა თვითმფრინავის ბორტზე არსებული ბომბის შესახებ მიღებული ინფორმაციის გამო. თვითმფრინავში ბომბი არა, მაგრამ ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა ნამდვილად იმყოფებოდნენ. რა თქმა უნდა, ორივე დააპატიმრეს და ორი დღის შემდეგ მათი „აღიარებითი“ ჩვენებებიც გაავრცელეს.

ამჯერად ევროკავშირიც და ამერიკის შეერთებული შტატებიც უფრო სერიოზულად აღშფოთდნენ. ევროკავშირმა, მისი ბიუროკრატიისთვის წარმოუდგენელი სისწრაფით მიიღო გადაწყვეტილება ბელარუსული თვითმფრინავებისთვის ევროკავშირის სივრცის დახურვის შესახებ და ბელარუსის საჰაერო სივრცის ევროპული ავიაკომპანიების მიერ გამოყენებაზე თავის შეკავების შესახებ მოწოდების თაობაზე. ერთმანეთის მიყოლებით დაუხურეს ცა ბელარუსულ ავიაგადამზიდებს ევროკავშირის წევრმა-ქვეყნებმა, მათთან ერთად – უკრაინამაც. სად იყო და სად არა, უცებ გაჩნდა „გასაჭირში“ უფროსი ამხანაგი პუტინი, რომელმაც თავის მხრივ ფრანგულ, ავსტრიულ და სხვა ევროპულ ავიაკომპანიებს საკუთარი ჰაერი გადაუკეტა. ოფიციალური მიზეზი ტექნიკური შეფერხება იყო, მაგრამ, მგონი, არავის სჯერა ამის.

ნიშანდობლივია, რომ ამჯერად სანქციები მხოლოდ ინდივიდებს არ შეეხო. ევროკავშირში განიხილება ბელარუსისთვის ისეთ მნიშვნელოვან დარგებში შეზღუდვები, როგორიცაა ნავთობპროდუქტების ექსპორტი ევროკავშირში (საერთო მოცულობის 20% სწორედ ევროკავშირის ბაზარზე მოდის), აგრეთვე ქიმიური მრეწველობა (კალიუმის ექსპორტის შეჩერება ასევე სერიოზული დარტყმა იქნება ბელარუსისთვის). ევროკომისიამ წარუდგინა ევროკავშირის საბჭოს ყოვლისმომცველი ეკონომიკური დახმარების გეგმა მომავალი დემოკრატიული  ბელარუსისთვის, რომლის თანახმად ევროკავშირი იღებს ვალდებულებას, გაუწიოს დახმარება ბელარუს ხალხს დემოკრატიული ტრანზიციის პერიოდში. დახმარებისა და სესხების სახით გამოიყოფა 3 მლრდ ევრო, რომელიც დაიხარჯება 5 ძირითადი მიმართულებით:

  • 20 ათასამდე მცირე და საშუალო საწარმოსთვის პირდაპირი დახმარება ინოვაციური და კონკურენტული ეკონომიკის განვითარების მიზნით;
  • სატრანსპორტო ურთიერთკავშირების გაუმჯობესება და ევროკავშირ-ბელარუსს შორის ვაჭრობის ხელშეწყობა;
  • ინოვაციური და ციფრული ინფორმაციის დარგის განვითარება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მინსკში ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლის გახსნის პერსპექტივით;
  • მწვანე ბელარუსის ხელშეწყობა ენერგოეფექტიანობის, ნარჩენების გადამუშავებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით;
  • დემოკრატიულ, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ ბელარუსში ინვესტირება.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ბელარუსთან ხელშეკრულება საჰაერო მიმოსვლის შესახებ, დაუწესა პერსონალური სანქციები ლუკაშენკოს და მის გარემოცვას, მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ბელარუსში მოგზაურობისგან და მისცა უფლებამოსილება ფინანსთა დეპარტამენტს, ევროკავშირთან კოორდინაციაში შეიმუშაონ დამატებითი სანქციები.

ამ ყველაფრის ფონზე სად წავიდოდა მეკობრედ შერაცხული ა. ლუკაშენკო, თუ არა ვ. პუტინთან? სასწრაფოდ ჩაქროლდა სოჭში ფორმალური და არაფორმალური შეხვედრებისთვის. ცხადია, მან დაიჩივლა „უმფროსთან“, რომ ევროპელებმა უსამართლოდ დაუხურეს ცა; დაიტრაბახა, რომ პანდემიამდე არსებული სავაჭრო ტვირთბრუნვის 35%-მილიარდდოლარიან  დონეს მალე დაუბრუნდებოდა ორი ქვეყანა და სიხარულით აღნიშნა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე მალე ამუშავდებოდა საერთო ატომური ელექტროსადგური.

თავის მხრივ, მასტერ პუტინმა დაამშვიდა ევროპელებზე „გაცეცხლებული“ ლუკაშენკო; გაახარა გასულ წელს შეთანხმებული სესხის მეორე ტრანშით 500 მლნ დოლარის გამოყოფის თაობაზე; ხაზი გაუსვა, რომ პროტასევიჩთან ერთად დაკავებული სოფია საპეგა რუსეთის მოქალაქეა და მისი ბედი აინტერესებს, დაბოლოს, შავ ზღვაში შეცურვაც შესთავაზა.

შავ ზღვაში შეცურდნენ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ლუკაშენკო რომ გაღმა ნაპირზე საბოლოოდ მიცურდა, მგონი, ყველასთვის ცხადი გახდა. ამ ყველაფრიდან არცთუ ისე შორი მანძილია საკავშირო სახელმწიფოს საბოლოო გაფორმებამდე. მენანება ბელარუსი ხალხი. საბოლოოდ რომ მაინც გაიმარჯვებენ, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ, როგორც ვატყობ, ბრძოლა ხანგრძლივი და მძიმე იქნება. ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი რომ ბოლომდე იბრძოლებენ მათთან ერთად, ამაში ეჭვი, მგონი, არავის ეპარება. რაც შეეხება სხვებს, რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა ჯერჯერობით მხოლოდ პრეზიდენტ ბაიდენს აქვს დაგეგმილი. რამდენად მწვავედ დაისმება ბელარუსში არსებული მდგომარეობის საკითხი, რთული სათქმელია, მაგრამ ალექსეი ნავალნის საკითხთან ერთად რომან პროტასევიჩის გათავისუფლების თემა ალბათ მაინც გაიჟღერებს შეხვედრაზე. ვნახოთ, კიდევ რას მოიმოქმედებს ევროკავშირი. ასე რომ კიდევ ერთხელ და მრავალჯერ:

ჟივე ბელარუს!

გააზიარე