საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და მკვლევარი
ევროპის კავშირის მედიაციის 10 წელი - ბელგრადისა და პრიშტინას მოლაპარაკებები
სერბეთსა და მის სამხრეთ ნაწილში მდებარე კოსოვოს პროვინციას შორის ეთნიკური დაძაბულობა 1980-იან წლებში დაიწყო. ვითარება 1989 წელს განსაკუთრებით დაიძაბა, როდესაც სლობოდან მილოშევიჩმა კოსოვოს სპეციალური ავტონომიის სტატუსი შეუჩერა და ეთნიკური ალბანელების დევნა დაიწყო. მილოშევიჩის გადაწყვეტილებას კოსოვოელმა ალბანელებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობითა და დამოუკიდებელი პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნით უპასუხეს.
1992 წელს სეპარატისტული მოძრაობის წევრებმა კოსოვოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს – თვითგამოცხადებული რესპუბლიკა მხოლოდ ალბანეთმა აღიარა.
1996 წელს კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიასა და ადგილობრივ სერბულ პოლიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, რასაც კონფლიქტში იუგოსლავიის შეიარაღებული ძალების ჩართვა მოჰყვა. საბოლოოდ, სისხლიანი დაპირისპირება 1999 წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ინტერვენციით დასრულდა, 2008 წელს კი კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა.
2011 წელს სერბეთსა და კოსოვოს შორის ევროპის კავშირის მედიატორობით მოლაპარაკებები დაიწყო.
2013 წელს, EU-ს უშუალო ჩართულობით, ზემოაღნიშნულმა ქვეყნებმა ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ ე.წ. ბრიუსელის 15-პუნქტიანი შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმადაც, ჩრდილოეთ კოსოვოს სერბული მუნიციპალიტეტები, ადგილობრივი სერბი მოსახლეობის ინტერესების დაცვით, ოფიციალური პრიშტინას უფლებამოსილებას უნდა დაქვემდებარებოდა; სერბეთს უარი უნდა ეთქვა კოსოვოს ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტებში არსებულ „პარალელურ პოლიტიკურ სტრუქტურებზე“ და მათ კოსოვოს პოლიტიკურ და სამართლებრივ სისტემებში ინტეგრაციაზე დათანხმებოდა; სერბების მიერ მართული „პარალელური ინსტიტუტების“ გაუქმება სერბული მუნიციპალიტეტების ასოციაციის შექმნით და მისთვის უფლებების ფართო სპექტრის მინიჭებით უნდა დაბალანსებულიყო.
გამომდინარე იქიდან, რომ პრიშტინასა და ბელგრადს ასოციაციასთან/საზოგადოებასთან დაკავშირებით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხედვა ჰქონდათ, სერბული მუნიციპალიტეტების ასოციაციის შექმნის საკითხი მძაფრი დაპირისპირების მიზეზი გახდა. აზრთა სხვადასხვაობის გამო ბრიუსელის შეთანხმების იმპლემენტაცია ამ დრომდე არ მომხდარა.
2011 წლიდან დღემდე, ევროპის კავშირის მედიაციით სერბეთსა და კოსოვოს შორის არაერთი ტექნიკური საკითხი გადაიჭრა, თუმცა ყოვლისმომცველი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
წლების განმავლობაში, კოსოვოს საკითხის გადასაჭრელად სამი ძირითადი ვარიანტი განიხილებოდა: 1. კოსოვოს ტერიტორიაზე სერბული და ალბანური ავტონომიური რეგიონების შექმნა; 2. კოსოვოსა და სერბეთს შორის მიწების გაცვლა/საზღვრების ცვლილება; და 3. კოსოვოს აღიარების სანაცვლოდ ევროპის კავშირში სერბეთის დაჩქარებული ინტეგრაცია.
კოსოვოში სერბული და პრეშევოს ხეობაში ალბანური ავტონომიური რეგიონების შექმნა
აღნიშნული ვარიანტის თანახმად, ერთი მხრივ, კოსოვოში მცხოვრები სერბები, ხოლო მეორე მხრივ სამხრეთ სერბეთში მდებარე პრეშევოს ხეობაში მცხოვრები ალბანელები ფართო ავტონომიას მიიღებენ – საკუთარი ძირითადი კანონი, ასამბლეა, საპოლიციო ძალები და დაფინანსების წყარო. პრიშტინას დაქვემდებარებაში მხოლოდ თავდაცვა, საგარეო ურთიერთობები, მონეტარული პოლიტიკა და კანონის აღსრულება იქნება.
კოსოვოში სერბული, ხოლო პრეშევოს ხეობაში ალბანური ავტონომიური რეგიონების შექმნას ემხრობა ბელგრადი, პრიშტინა კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
კოსოვოში მცხოვრებ ეთნიკურ ალბანელებს წარსულის მწარე გამოცდილება აქვთ – მათ კარგად ახსოვთ იუგოსლავიის სოციალისტური რესპუბლიკის ავტონომიური პროვინცია – კოსოვო, რომელსაც 1989 წელს სლობოდან მილოშევიჩმა სპეციალური ავტონომიის სტატუსი გაუუქმა და ეთნიკური ალბანელების დევნა დაიწყო.
პრიშტინა შიშობს, რომ კოსოვოს ჩრდილოეთში სერბული ავტონომიური რეგიონის შექმნა, ბელგრადის მიერ კოსოვოს საშინაო საქმეებში ჩარევისა და აღნიშნული ტერიტორიის სერბეთთან მიერთების წინაპირობა გახდება.
ამას გარდა, ეთნიკურ ალბანელებს ავტონომიური რეგიონების შექმნის საწინაღმდეგო არგუმენტად ხშირად ბოსნია ჰერცეგოვინა, როგორც უფუნქციო/ვერშემდგარი სახელმწიფოს მაგალითი, მოჰყავთ.
კოსოვოს აღიარების სანაცვლოდ ევროპის კავშირში სერბეთის დაჩქარებული ინტეგრაცია
არსებობს მოსაზრება, რომ სერბეთს ევროპის კავშირის დაჩქარებული წევრობა კოსოვოს აღიარებისკენ უბიძგებს.
ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ქვეყანა ევროპის კავშირში ინტეგრაციის სანაცვლოდ კომპრომისისთვის მზადაა – „მხოლოდ კომპრომისი და არა ჩვენი ხალხის დამცირება“.
კოსოვოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციისა და სამშვიდობო შეთანხმების მომხრეა სერბეთის პრემიერ-მინისტრი – ანა ბრნაბიჩი, თუმცა სერბეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას სასტიკად ეწინააღმდეგება – „თუ ალბანელი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბელგრადთან დიალოგის შედეგად სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს, ვაცხადებ, რომ ეს არ მოხდება“.
სერბეთის მოსახლეობის უმრავლესობისთვის „დამცირება“ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაა.
სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, კოსოვოს დე იურე აღიარებისთვის რეფერენდუმის გამართვა და მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვებაა საჭირო, სერბებისთვის კი კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება მიუღებელია. სერბეთის ხელისუფლების მიერ კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლა, ფაქტობრივად, პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია.
მიუხედავად იმისა, რომ სერბეთს 2012 წლიდან ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს, EU-ის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულის ზემოაღნიშნული სახელმწიფო ევროპის კავშირში ინტეგრაციისთვის ჯერ მზად არ არის.
ისმის ლოგიკური კითხვა – როგორ უნდა გახდეს სერბეთი დაჩქარებულად ევროპის კავშირი წევრი, როდესაც ევროგაერთიანებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთო პოზიცია არ არსებობს?
ამას გარდა, საინტერესოა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სერბეთი ევროპის კავშირის წევრი კოსოვოზე ადრე გახდება?
აღსანიშნავია, რომ ევროპის კავშირის წევრ ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება დაბლოკოს/ შეაფერხოს აპლიკანტი ქვეყნის გაწევრიანების პროცესი.
ოფიციალური პრიშტინა სერბეთს მის წინააღმდეგ „დაუნდობელი კამპანიის“ წარმოებაში მუდმივად ადანაშაულებს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების შეფერხებაში სდებს ბრალს. არ არსებობს გარანტია იმისა, რომ სერბეთი, ევროპის კავშირში კოსოვოზე ადრე გაწევრიანების შემთხვევაში, ამ უკანასკნელის ევროინტეგრაციის პროცესს არ შეაჩერებს.
სერბეთსა და კოსოვოს შორის მიწების გაცვლა
2018 წლის ზაფხულში საერთაშორისო მედიაში სერბეთ-კოსოვოს შორის ტერიტორიების შესაძლო გაცვლაზე ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც, ორმხრივი აღიარების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კოსოვოში მდებარე მიტროვიცას ოლქის სამი მუნიციპალიტეტი (ლეპოსავიჩი, ზვეჩანი და ზუბინ-პოტოკი), სადაც მოსახლეობის უმრავლესობას სერბები წარმოადგენენ, სერბეთს შეუერთდება, ხოლო სამხრეთ სერბეთში მდებარე ეთნიკურად ალბანელებით დასახლებული პრიშევოს ხეობა (პრიშევო, ბუიანოვაცი, მედვეჯა) კოსოვოს ნაწილი გახდება.
კოსოვოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ტერიტორიების გაცვლა ეთნიკური დაპირისპირებისა და ახალი ომის წინაპირობაა. კოსოვოს მოსახლეობისთვის არა მხოლოდ ტერიტორიების გაცვლა, არამედ კოსოვოში მცხოვრები სერბი მოსახლეობისთვის ნებისმიერი სახის ავტონომიის მინიჭება მიუღებელია, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს მომავალში სერბეთის მიერ კოსოვოს საშინაო საქმეებში ჩარევის წინაპირობა გახდება.
ტერიტორიების გაცვლის საშუალებით მრავალწლიანი კონფლიქტის დასრულებას აშშ და ევროპის კავშირი მხარს უჭერენ. სახელმწიფო, რომელიც აღნიშნულ ინიციატივას ღიად ეწინააღმდეგება, გერმანიაა. ოფიციალური ბერლინის აზრით, სერბეთ-კოსოვოს საზღვრების ეთნიკურ საფუძველზე ცვლილებას დომინოს ეფექტი ექნება და ბალკანეთის რეგიონში კონფლიქტის ახალ კერებს წარმოშობს.
საზღვრების ცვლილებას მხარს ევროპის კავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფო – საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი, სლოვაკეთი და რუმინეთიც არ უჭერენ, რადგან აღნიშნულ ქვეყნებში მძლავრი სეპარატისტული მოძრაობები არსებობს და სწორედ ამ მიზეზის გამო, მათ კოსოვოს დამოუკიდებლობა ამ დრომდე არ უღიარებიათ.
რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, რომელიც სერბეთის პრეზიდენტს – ალექსანდრ ვუჩიჩის მხარდამჭერია, ტერიტორიების გაცვლას მხარი დაუჭირა, თუმცა, არა იმიტომ, რომ კოსოვოს საერთაშორისო იზოლაცია ან სერბეთის ევროპული ინტეგრაცია აღელვებს, არამედ იმიტომ, რომ საზღვრების ეთნიკურ საფუძველზე გავლება დიდი ალბათობით, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ცუდ პრეცედენტს შექმნის და ეთნიკურად ჭრელ რეგიონში დაძაბულობის ზრდას ხელს შეუწყობს.
იმ შემთხვევაში, თუ სერბეთსა და კოსოვოს შორის ტერიტორიების გაცვლა მოხდება, სავარაუდოდ ძალიან მალე ანალოგიურ მოთხოვნას წამოაყენებენ ბოსნია-ჰერცეგოვინაში მცხოვრები სერბები, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის 30%-ს (რესპუბლიკა სრპსკაში – 81%) და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში მცხოვრები ალბანელები, რომლებიც მოსახლეობის 25%-ს შეადგენენ.
აღსანიშნავია, რომ მიწების გაცვლას მხარს არც სერბეთის მოსახლეობის უმრავლესობა და მართლმადიდებელი ეკლესია უჭერს. მათთვის კოსოვო სერბეთის აჯანყებული პროვინციაა და მისი დამოუკიდებლობის აღიარება დამარცხების ტოლფასია.
სერბეთსა და კოსოვოს შორის ტერიტორიების გაცვლასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო საკმაოდ რთულია:
ჩრდილოეთ კოსოვოს (მიტროვიცას ოლქი) გარდა სერბები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილშიც ცხოვრობენ. პრიშტინას ოლქის ორ მუნიციპალიტეტში – გრაჩანიცა და ნოვო-ბრდო, ფერიზაის ოლქის შტრიპცეს მუნიციპალიტეტსა და გილანის ოლქის სამ მუნიციპალიტეტში – რანილუგი, კლოკოტი, პარტეში – სერბები უმრავლესობას წარმოადგენენ, თუმცა ტერიტორიების გაცვლის შემთხვევაში კვლავ კოსოვოს მმართველობის ქვეშ დარჩებიან. საზღვრების ცვლილებით კოსოვოში მცხოვრები ეთნიკური სერბების საკითხი კვლავ გადაუჭრელი დარჩება და ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ავტონომიის მინიჭებას კვლავ მოითხოვს;
კოსოვოში სერბებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში არსებობს სოფლები, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ალბანელები შეადგენენ და ტერიტორიების გაცვლის შემთხვევაში ისინი ბელგრადის დაქვემდებარებაში აღმოჩნდებიან, რაც მათთვის მიუღებელია;
გარდა იმისა, რომ სერბეთთან შეთანხმება კოსოვოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მტერთან გარიგების ტოლფასია, ისინი საზღვრების ცვლილებას ჩრდილოეთ კოსოვოს ეკონომიკური მნიშვნელობის გამოც ეწინააღმდეგებიან. მიტროვიცაში მდებარეობს გაზივოდას კაშხალი, რომელიც წყლით და ელექტროენერგიით ამარაგებს ქვეყანას, ასევე, Trepča-ს მაღარო, სადაც ოქრო, ვერცხლი, ტყვია, თუთია და მადანი მოიპოვება.
სერბეთსა და კოსოვოს შორის ყოვლისმომცველი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო რთულია: სერბეთსა და კოსოვოს შორის ნდობის არარსებობა – პოლიტიკური დიალოგის თვალსაზრისით ცუდი გამოცდილება არსებობს. მას შემდეგ რაც, 2011 წელს სერბეთ-კოსოვოს შორის ევროპის კავშირის შუამავლობით მოლაპარაკებები დაიწყო, არაერთი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელთა უმრავლესობის იმპლემენტაციაც ამ დრომდე არ მომხდარა; როგორც სერბეთში, ასევე კოსოვოში ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ფართო პოლიტიკური კონსენსუსი არ არსებობს. მოსახლეობის, მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების აზრი ორადაა გაყოფილია; სერბებისთვის კოსოვოს საკითხის სენსიტიურობა – სერბების უმრავლესობისთვის კოსოვო სერბეთის ტერიტორიის ნაწილია, შესაბამისად, მმართველი გუნდის მიერ კომპრომისზე წასვლა და მისი დამოუკიდებლობის აღიარება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია.
თუ სერბეთსა და კოსოვოს შორის შეთანხმება ორივე ქვეყანაში ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერითა და შესაძლო რისკების გათვალისწინებით არ მოხდა, მრავალწლიანი დავის მოგვარების კეთილშობილური მცდელობა შესაძლებელია უფრო სერიოზული პრობლემის გამომწვევი აღმოჩნდეს.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 22, 2023
- on თებერვალი 27, 2023
- on იანვარი 20, 2023
- on ივლისი 11, 2022
- on აპრილი 6, 2022
- on იანვარი 21, 2022
- on ნოემბერი 27, 2021