"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

გადამწყვეტი ბრძოლა ევროპის თავისუფლებისთვის

ბუკა2 (4)

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან  მე-11 თვეს დემოკრატიული სამყაროს ლიდერების მთავარმა გზავნილმა საბედისწერო ცვლილება განიცადა. აღარაფერს ვამბობ სრულმასშტაბიანი აგრესიის პირველ დღეებზე, როდესაც ვრცელდებოდა განცხადებები და ცნობები, რომ კიევი მაქსიმუმ 72 საათს გაძლებს. შემდეგ იყო პირველი კვირები, პირველი თვე და… ჰოი, საოცრებავ, უკრაინამ პირველი თვეც გაძლო და სასიცოცხლო მნიშვნელობის პირველი გამარჯვებებიც მოიპოვა. კიევი არ დაეცა, ხელისუფლებამ კონტროლი შეინარჩუნა და კიევის მიდამოებიდან მტერიც დიდი დანაკარგებით განდევნა. პირველი იმედის მომცემი განცხადებებიც მალევე გაისმა. ჯერ გაგვიხარდა, რომ ანტისატანკო „ჯაველინებთან“ ერთად ბრიტანული „ენლაუებიც“ გადაეცემოდათ უკრაინელებს; მერე კიდევ უფრო გავიხარეთ, რომ სახელგანთქმული „სტინგერების“ გადაცემის საკითხი განიხილებოდა ვაშინგტონში და ახლად შექმნილ ე.წ. რამშტაინის ფორმატში. მერე ნელ-ნელა წამოვიდა პირველი განცხადებები მძიმე თვითმავალი არტილერიის მიწოდებისა და ნატო-ს წევრი ცენტრალური ევროპის ქვეყნების შეიარაღებაში არსებული მოდერნიზებული საბჭოთა ტანკებისა და ჯავშანმანქანების გადაცემის შესაძლებლობის შესახებ. ბრძოლის ველზე მიმდინარე უმძიმესი საომარი მოქმედებების პარალელურად რუსეთმა დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა. „ჩაკეტეთ ცა“ – ითხოვდა პრეზიდენტი ზელენსკი, მთელი უკრაინა და მათი ნამდვილი მეგობრები ევროპასა და ამერიკაში. ვინაიდან კლასიკური გაგებით ცის ჩაკეტვის ალბათობა  ძალიან მცირე იყო, უკრაინელებმა მოთხოვნის სტრატეგია შეცვალეს:  ჩვენ გადმოგვეცით, რაც საჭიროა და ჩვენ თვითონ დავიცავთო. აბა, იყო ერთი ამბავი, გამორიცხულია, ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტი“ უკრაინაში ოდესმე აღმოჩნდეს, ხოლო სხვა, ევროპულ სისტემებზე კი საერთოდაც ზედმეტი იყო საუბარი. ჯერ გერმანული „ირის-ტ“ გამოჩნდა, ახლა კი სადაცაა „პეტრიოტებიც“ დაიცავს უკრაინულ ცას.

პარალელურად მკაცრდებოდა რიტორიკა. „ომი უკრაინაში არის ბრძოლა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის თავისუფლებისთვის“ – ჯოზეფ ბაიდენი, ბორის ჯონსონი, იენს სტოლტენბერგი, სანა მარინი, მარკ რუტე – ყველა ერთხმად იმეორებდა. მათთან ერთად იმავეს აცხადებდნენ ოლაფ შოლციც და ემანუელ მაკრონიც. თვეების მანძილზე გაისმოდა: „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს“; „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინა არ დამარცხდეს“! დაკვირვებულ ადამიანს არ გამორჩებოდა, რომ კოლექტიური დასავლეთი მაინც ვერ ამბობს ისე ომახიანად, რაც სათქმელია.

შემდეგ იყო უკრაინის ისტორიული მასშტაბური გამარჯვებები – ხარკოვის ოლქის პრაქტიკულად 100%-ით გათავისუფლება, ლუჰანსკის ოლქის პირველი ტერიტორიების დეოკუპაცია და დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტებზე კონტროლის დამყარება. კრეისერ „მოსკვას“ მიჰყვა ყირიმის ხიდის დაბომბვა/დაზიანება და, ბოლოს, ქალაქ ხერსონისა და მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროს გათავისუფლება!

რა თქმა უნდა, დახმარებამ იმატა! რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებებმა უკრაინელ ხალხში საბოლოო გამარჯვების რწმენა განამტკიცა, ხოლო დასავლეთში მოხდა დაშვება იმისა, რომ პუტინი   შეიძლება რეალურად დამარცხდეს. ეს იყო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მართლაც ისტორიული გამარჯვებების სერია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება უახლოეს თვეებში და განვითარდებოდა კიდეც ძალიან მალევე, რომ არა რუსეთის მიერ საზარბაზნე ხორცად 250 ათასის მობილიზება. რაგინდ ცუდად უნდა ყოფილიყვნენ მომზადებული ახლად მობილიზებულები, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოთა ტაქტიკით შეტევამ, ანუ დიდი მასებით ფაქტობრივ თვითმკვლელობაზე წასვლამ, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობით ძველი პოზიციების შენარჩუნებამ და ახალი დასახლებული პუნქტების დაპყრობამ თავისი შედეგი გამოიღო. არ უნდა დაგვავიწყდეს თან, რომ არტილერიის, ავიაციისა და მძიმე ტექნიკის თვალსაზრისით რუსეთს ამ დრომდე სერიოზული უპირატესობა აქვს უკრაინასთან.

მიუხედავად ამისა, უკრაინამ, მისი შეიარაღებული ძალებისა და მათთან ერთად საერთაშორისო მებრძოლების (მათ შორის ყველაზე მეტი საქართველოდან არის) თავგანწირული და გმირული ბრძოლის შედეგად შეძლო მნიშვნელოვანი პოზიციების შენარჩუნებაც და რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის ძალიან სერიოზული ზარალის მიყენებაც.  ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემა ამერიკულ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ომის დაწყებიდან რუსეთმა მოკლულებით და დაჭრილებით 188 ათასი კაცი დაკარგა. ერთ-ერთი ამერიკული ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის შეფასებით, მხოლოდ ბახმუტისა და სოლედარისთვის ბრძოლებში გასამხედროებულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ თავისი 50-ათასიანი რესურსის მეოთხედი ბრძოლის ველზე დატოვა.

სწორედაც რომ ამ ყველაფრის შემხედველი გაძლიერდა და უფრო ხისტი გახდა კოლექტიური დასავლეთის განცხადებები. ბოლოს და ბოლოს გაისმა ის, რასაც ასე დიდხანს ველოდით. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დავოსის სამიტზე განაცხადა: „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთი დამარცხდეს და უკრაინამ გაიმარჯვოს“! ალილუია! ბორის ჯონსონისგან ასეთი განცხადება არავის გაუკვირდებოდა, არც პოლონეთის პრეზიდენტ დუდასგან, მაგრამ გერმანიის კანცლერის ამ განცხადებას მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

ამავე დროს, ჩვენ გვესმის ნატო-ს გენერალური მდივნისგან,  აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელისა და ევროპული ქვეყნების ლიდერებისგან, რომ შემდგომი 2-3 თვე იქნება უაღრესად კრიტიკული და ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა უკრაინის გამარჯვებისთვის. ცხადია, ყველა ნორმალურ ადამიანს სურს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს 2023-ში. ასევე ყველას კარგად ესმის, რომ შეტევითი შეიარაღების გარეშე ახალი, გარდამტეხი წარმატებების მიღწევა ძალიან რთული იქნება. განა როგორ შეიძლება იმ ფაქტის დაკნინება, რომ ამერიკაში უკვე ხდება უკრაინელი სამხედროების მომზადება „პეტრიოტის“ სისტემების ათვისებისთვის  და სულ მალე უკრაინას ექნება 4 ბატარეა „პეტრიოტი“; ფასდაუდებელია ფრანგული, არტილერიის ღმერთად შერაცხული „ცეზარების“ როლი, ისევე როგორც გადაწყვეტილება შვედური ყველაზე სწრაფი და მობილური საარტილერიო სისტემის „არჩერის“ უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე; ერთგვარად შევეჩვიეთ უკვე, რომ სტაბილურად მატულობს ლეგენდად ქცეული „ჰაიმარსებისა“ და „ნასამსების“ რაოდენობა; დიდებულია გადაწყვეტილება „ბრედლის“ ტიპის ყველაზე მაგარი ამერიკული დაჯავშნილი საბრძოლო მანქანებისა და ასევე მაღალი ხარისხის გერმანული ჯავშანმანქანების, „მარდერის“ მიწოდების თაობაზე! მაგრამ…

დიდ გამარჯვებებს სჭირდება დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა, საკმარისი რაოდენობის სრულფასოვანი მხარდაჭერა ციდან და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მტრის შეიარაღების საწყობების, სამხედრო ნაწილებისა და ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. ძალიან მაღალი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო ჯამში გერმანული ტანკების „ლეოპარდ 2“-ის ევროპული კოალიცია შეიქმნება და უკრაინას უმოკლეს დროში ექნება 100-ზე მეტი ერთეულისგან შემდგარი „ლეოპარდების“ სატანკო დივიზია. აგრეთვე, როდესაც ვაშინგტონში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს ვიზიტის შემდეგ ამერიკული პრესა, ნიდერლანდების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ალაპარაკდა უკრაინისთვის ფ-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემაზე, ხოლო ამ განცხადებას ეუთო-ში აშშ-ის ელჩიც გამოეხმაურა და საკითხის დადებითად გადაწყვეტის იმედი გამოთქვა, შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ ადრე თუ გვიან უკრაინის ცაში უკრაინელი გმირი პილოტები ამერიკული გამანადგურებლებით მოიპოვებენ სტრატეგიულ უპირატესობას. ამ ყველაფრის პროგნოზირება თამამად შეიძლება, ისევე როგორც იმის მტკიცება, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. მთავარ კითხვად რჩება: როდის? ტყუილად არ აცხადებენ მარკ მილი, იენს სტოლტენბერგი, გიტანას ნაუსედა, სანა მარინი და სხვები, რომ უკრაინაში ახლა არის ყველაზე კრიტიკული მომენტი და გადამწყვეტი ეტაპი ევროპული თავისუფლებისთვის ბრძოლაში! ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო უკრაინამ იმისთვის, რომ აღარ იყოს ყოყმანი და ორჭოფობა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების დროს! უკრაინის გამარჯვება მართლაც ხომ ევროპისა და თავისუფალი სამყაროს გამარჯვება იქნება?!

გააზიარე