„ვარ მედიაფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი, მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრ "მედიახმის" დამფუძნებელი. მოდით, ერთად დავინახოთ როგორ მოქმედებს მედია და ტექნოლოგიები ჩვენზე.“

გადატვირთვა „მათეს ეფექტით“

მარიამ გერსამია2

ვისაც ბავშვის გართობა გიცდიათ, სავარაუდოდ, გამოგიცდიათ ისიც, თუ როგორ გთხოვთ პატარა უკვე მოსმენილი ზღაპრის ხელახლა წაკითხვას ან იმ მულტფილმის ჩართვას, რომელიც უკვე ზეპირადაც იცის. შეგინიშნავთ, როგორ მოსწონს მას, როცა უკვე ნაცნობ სცენარს ისმენს ან უყურებს? თავადაც ხომ გახსენდებათ ფილმები ან სერიალები, რომლებიც  ბევრჯერ გაქვთ ნანახი და ყოველ ჯერზე მაინც სიამოვნებით უყურებთ?

ამაში უჩვეულო არაფერია. თურმე, ჩვენს ტვინს მოსწონს ნაცნობი გამოსახულებების, ხმისა და შინაარსის მოსმენა იმიტომ, რომ ეს პროცესი კომფორტთან და უსაფრთხოებასთან ასოცირდება. უკვე ნანახი ფილმების, რეკლამების ყურებისას და მუსიკის მოსმენისას უსაფრთხოების განცდას აჩენს ის, რომ გონებას შეუძლია პროგნოზირება და მოვლენების განვითარების კონტროლი. ამ ფენომენს მედიაფსიქოლოგი პამელა რუთლიჯი იმით ხსნის, რომ ტვინს მოსწონს, როცა ხედავს გარემოში არსებულ წესრიგს, სადაც ნაკლები იმედგაცრუებაა და ამას კომფორტის განცდა მოაქვს. ფსიქოლოგი ნილ ბარტონი ამ ჩვევას ნოსტალგიის ფაქტორითაც ხსნის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი და იმავეს ყურებისას, ნანახს იდენტურად აღვიქვამთ. ყოველ ჯერზე  ჩვენი მეხსიერება დამატებით კომპონენტებს ამუშავებს, ახალ ემოციურ მეხსიერებასაც ქმნის და აქაც, მედია ადამიანის ბიოლოგიურ  ბუნებას და მოთხოვნილებებს ერგება. მარშალ მაკლუჰანმა ჯერ კიდევ 60-იან წლებში დაინახა, რომ „მედია ჩვენივე თავის გაგრძელებაა“, ამიტომ შეიძლება დავუშვათ, რომ რასაც ვსწავლობთ, ვუყურებთ და ვისმენთ – ის ვართ.

მედია, როგორც მეხსიერების მასწავლებელი

სკოლიდან და უნივერსიტეტებიდან ფორმალური განათლების მიღების შემდეგ სწორედ მედიაა განათლების მიღების და ქცევების დასწავლის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება. ის უკვე ყველგანაა და მთელი ცხოვრების მანძილზე გვასწავლის. უფრო მეტიც, ის მიღებული ცოდნის გამეორების სურვილსაც აღძრავს. ახალი ჩვევების დასწავლასაც თავისი კანონზომიერება აქვს.

არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თუმცა ძველი ღვინის მსმელი ახალს არც ისურვებს, იტყვის: ძველი მირჩევნიაო (ლუკას სახარება, 5:37). ჩემთვის სახარებაში მოყვანილი ეს მეტაფორა იმასაც ნიშნავს, რომ ახალი აზრი ძველ ემოციებში ვერ ცოცხლობს, ვერ ვითარდება. ვერც ძველ ემოციურ მეხსიერებას მოერგება სრულიად ახალი სცენარი. ახალი ემოციები მთავარი ინგრედიენტია იმისთვის, რომ კოლექტიური მეხსიერებისთვის განახლებული ყალიბი მომზადდეს. ახალი მეხსიერების შექმნაში  რუტინულად, ყოველდღე მონაწილეობს მედია, როგორც მეხსიერების მასწავლებელი.

მედიაფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ყოველ ჯერზე მედია ემოციურ ნარჩენებს გვიტოვებს, რომლებიც კარგა ხანს მოგვყვება. ამ ემოციური ნარჩენების გადამუშავება შესაძლებელია დისკუსიით, მედიაპროდუქტის ხელახლა ყურებით და ახალი კონტექსტის დანახვით. ემოციური ტრიგერები თან ახლავს მუსიკას, ფილმებს, ფოტოებს, სერიალებს, საინფორმაციო გამოშვებებსა და ტოქშოუებს. მაგალითად,  მუსიკალური ნაწარმოებების ხელახალი მოსმენისას ჩვენ არა მარტო „ვწინასწარმეტყველებთ“ პარტიტურას, არამედ ვაცოცხლებთ ჩვენს სხეულში არსებულ ემოციურ ნარჩენებს და ნერვულ სისტემას ახალი პოზიტიური გამოცდილებით ვავსებთ. ეს პროცესი ჩვენი ემოციური ინტელექტის განვითარებაზეც მოქმედებს.

 „ეს კინო ნანახი მაქვს“

ფილმებიდან პოლიტიკურ სცენარებზე გადმოვერთოთ. ყოველდღიურობაში სულაც არაა მარტივი, ყოველთვის ზუსტად გამოიცნო, რა მიმართულებით განვითარდება ესა თუ ის სცენარი. რამდენჯერ გვითქვამს, რომ პოლიტიკაში „ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს“. მაშინაც კი, როცა პოლიტიკური სცენარები დიდად არ მოგვწონს, ვხედავთ, რომ უმრავლესობას შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ ლხინს. შეიძლება სცენარი სულაც არ მოგვწონდეს, სამაგიეროდ, სიამოვნებას გვანიჭებდეს უპირატესობის განცდა იმის გამო, რომ შეგვიძლია წინასწარ გამოვიცნოთ ნაცნობი სტრატეგიები და მოვლენების „წრეზე ტრიალი“.

არა მარტო ცალკეულ ინდივიდებს და ჯგუფებს, არამედ ერსაც შეიძლება ჰქონდეს გაწერილი „კომფორტის ზონაში მოკალათებული“ სცენარი, რომელიც კარგად ნაცნობი რეკლამასავით ხტება გონებაში და ან წინ მიჰყავს ერი, ან წრეზე ატრიალებს. ერის კოლექტიურ მეხსიერებაში ალტერნატიული, სრულიად ახალი პატერნის და გზის შექმნა დიდ ძალისხმევას და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ახალი სცენარით ცხოვრებას სჭირდება გამბედაობა, დასწავლა და რუტინული გამეორება. ამისთვის აუცილებელია მისი სხვადასხვა კონტექსტში დამახსოვრება. და რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება კონტექსტი და ბევრი იქნება წარმატებული ისტორია,  პროპორციულად უფრო მეტი სივრცე გაჩნდება ახალი, მსგავსი ეპიზოდებისთვის.  ასე მუშაობს ტვინში „მათეს ეფექტი“.

Matthew Effect

„მათეს ეფექტი“ ის სოციალური ფენომენია, რომელიც წარმატების მიღწევის პროპორციებს ადგენს და ახლის დასწავლას უკავშირდება (ტერმინის ავტორი რობერტ მერტონია, 1968). ეს კონცეფცია მათეს სახარებას ეფუძნება, სადაც ვკითხულობთ: „ვისაც აქვს, მას მიეცემა და მიემატება, ხოლო ვისაც არ აქვს წაერთმევა ისიც, რაც აქვს“. ჩემთვის ის თავისუფლებასთან და ინოვაციებთან მიმართებით ასე ითარგმნება: ვისაც აქვს თავისუფლება და გაბედულია, მას მეტი მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაც აქვს. თუ ეს კანონზომიერებაა, ჩნდება კითხვა: როგორ გავზარდოთ „გამდიდრების“ პროპორცია და განვითარების შანსები? როგორ შევისისხლხორცოთ ის ახალი ჩვევები, რომლებიც მობეზრებულ წრეზე ტრიალს გადაგვაჩვევს და შეჩვეული კომფორტის ზონიდან წარმატების გზაზე გაგვიყვანს?

იმისთვის, რომ ახალი სცენარი ქცევად და ჩვევად იქცეს, მან ჯერ მეხსიერებაში  „უსაფრთხო ადგილი“ უნდა მონიშნოს, რომელიც ემოციებისთვის ახალი თავშესაფარი იქნება. ანუ, მთავარი აქაც ემოციური საყრდენია. პოსტსაბჭოთა ადამიანში ჯერ კიდევ არსებობს ამის ბარიერი –  შიში, რომელიც ხელს უშლის  ახალი მეხსიერების, ახალი ემოციების დაბადებას და გააზრებას. არადა, „უსაფრთხო ადგილი“ გონებაში შიშისა და მონობის საპირისპიროდ, სწორედ თავისუფლების განცდით ჩნდება. შიშის გამო პოსტსაბჭოთა ადამიანი ითმენს და ელოდება დროს, როცა ბიოლოგიურად შეუძლებელი გახდება ემოციიის შეკავება და გაჩნდება შესაძლებლობა, ემოციურმა სათქმელმა ერთიანად ამოხეთქოს, მაგრამ ამით საბჭოთა შიში მეხსიერებიდან მაინც არ ქრება. ზოგადად, შიშის განცდა ადამიანს სჭირდება (მაგ: საფრთხეებთან გამკლავებისთვის), მაგრამ ის, რაც პოსტსაბჭოთა ადამიანს თავის ჭკუაზე, წრეზე ატრიალებს და განვითარებაში ხელს უშლის, თავისუფლებისა და მისი მიღების შიშია. პოლარიზებულ საზოგადოებაში კი ამას ემატება ემოციური ინტელექტის, ემოციების ვერშეცნობისა და ვერგააზრების, მათი თანამიმდევრულად გამოხატვის ნაკლებობა.

ყოველ ჯერზე თავისუფლებას არა მხოლოდ რაციონალური, არამედ ემოციური გააზრება სჭირდება, რომლის წინაპირობა – თავისუფლებისა და მისი გამოხატვის შეყვარებაა. საბჭოთა ემოციურ ნარჩენებში არსებული შიში კი ჯერ კიდევ არის ახალი ემოციების გაჩენის ბარიერი და თუ ამგვარი უსარგებლო შიში გაქრება – ახალი ემოცია თავის გზას აუცილებლად – თავისუფლებაში იპოვის.

მეოცე საუკუნის დიდი მოაზროვნე გიორგი გურჯიევი წერდა, რომ თავისუფლებას მივყავართ – თავისუფლებასთან. მოციქული „მათეს ეფექტით“ კი: მშიშარა და მონა უფრო მშიშარა გახდება და ყველაფერი წაერთმევა, ხოლო თავისუფალი ადამიანი მეტ თავისუფლებას და ჯილდოს მიიღებს. „წრეზე ტრიალის“ დასრულებას და ახალ სცენარში გადასვლას თავისი კანონზომიერება აქვს – ის ძველი ემოციების ყალიბში ვერ მოთავსდება და ვერ იცოცხლებს. ამიტომ მორიგი, მათ შორის პოლიტიკური სცენარის დაწერა ახალი და სიცოცხლისუნარიანი ემოციებით სჯობს: „საბჭოთა ნოსტალგიისა და შიშის“ გარეშე და შინაგანი თავისუფლების უპირობო სიყვარულით.

გააზიარე