"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
გაერო და მსოფლიო
გაერო-ს 77-ე ასამბლეა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ომს დაემთხვა. ამასთან, პანდემიის შემდეგ მსოფლიოს ლიდერები, საგარეო საქმეთა მინისტრები და პოლიტიკოსები პირველად შეიკრიბნენ. შესაბამისად, მოლოდინიც უფრო მაღალი იყო, ვიდრე ტრადიციული ყოველწლიური გენასამბლეების დროს არის ხოლმე.
რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინაში, რა თქმა უნდა, მთავარი თემა იყო. აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა ლიდერების გამოსვლებს განსაკუთრებული სიმძაფრე რამდენიმე საათით ადრე ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებულმა ნაწილობრივმა მობილიზაციამ, აგრეთვე, მისი მხრიდან უკრაინის დროებით ოკუპირებული 4 რეგიონის – დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის კოლაბორაციული რეჟიმების მიერ გამოცხადებული ფიქტიური რეფერენდუმების მხარდაჭერამ და განსაკუთრებით მსოფლიოს მისამართით ბირთვული იარაღის გამოყენების მორიგმა მუქარამ შესძინა. დემოკრატიული სამყაროს პრაქტიკულად ყველა ლიდერმა, პრეზიდენტ ბაიდენის თაოსნობით, ვლადიმირ პუტინი პირდაპირ გააფრთხილა, რომ ბირთვული შანტაჟი არ იმუშავებს, ხოლო მისი გამოყენების საფრთხე თუ რეალურად დადგება, პასუხი იქნება დამანგრეველი რუსეთისთვის და გამანადგურებელი პირადად პუტინისთვის.
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ პუტინის ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრეც ძალიან მწვავედ გამოვიდნენ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მათ მიერ წარმოთქმულ სიტყვებში იგრძნობოდა ერთიანობის სულისკვეთება, უკრაინის მხარდაჭერაში ურყეობა და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზე ვლადიმირ პუტინისთვის სრული პასუხისმგებლობის დაკისრება. „დროა, ქვეყნები ჩამოყალიბდნენ, რომელ მხარეს დგანან ამ ომში“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. „პუტინი იმ შემთხვევაში აიღებს ხელს ომის გაგრძელებაზე და უარს იტყვის საკუთარ იმპერიულ ამბიციებზე, თუ მიხვდება, რომ ის ვერ მოიგებს ომს. მანამდე კი ის არამხოლოდ უკრაინას ანადგურებს, არამედ ანგრევს საკუთარ ქვეყანასაც”, – ეს სიტყვები უკვე გერმანიის კანცლერს ეკუთვნის.
ცხადია, დიდი იყო ინტერესი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ლიზ ტრასის გამოსვლისადმი. მან ეს მოლოდინები ნამდვილად გაამართლა. „დიდი ბრიტანეთი არ გაჩერდება, ვიდრე რუსეთი არ დამარცხდება უკრაინასთან“, – ეს ნამდვილი ბრიტანელი პრემიერის სიტყვებია.
თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, რომელიც საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო მისი შუამავლობით ლეგენდარული უკრაინელი მებრძოლების ტყვეობიდან გათავისუფლების გამო, ასევე ძალიან პრინციპული იყო უკრაინისთვის მისი კუთვნილი ტერიტორიების დაბრუნების აუცილებლობასთან დაკავშირებით. გასაგები მიზეზების გამო, თურქეთის პრეზიდენტი სხვა ლიდერებზე უფრო ღიად და ხშირად აფიქსირებს, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და ის უნდა დაუბრუნდეს მას. ასე იყო ამჯერადაც.
შემდეგ უკვე იყო თავად პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც ჯერ ისაუბრა მშვიდობის მისეულ ფორმულაზე (რუსული ჯარების გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, რუსი დამნაშავეებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა და რეპარაციების გადახდა), შემდეგ კი, სხვებისგან განსხვავებით, კვლავ პირდაპირ ისაუბრა გაერო-ს ქმედება/უმოქმედობაზე. „არის ორი გზა: ან შეაჩერეთ რუსეთი და დაასრულეთ ომი, ან ჩაალაგეთ თქვენი ნივთები და წადით სახლში“! ამაზე მეტად კრიტიკულობა უკვე არაეთიკურობაში თუ გადაიზრდება, თორემ ძალიან მკაფიოდ თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ის, რაზეც გაერო-ს ქარტიაზე და რეფორმირების აუცილებლობაზე აპელირებით საუბრობდა როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ისე სხვა ლიდერები. თუმცა ამჯერად, სხვებთან შედარებით, კიდევ უფრო შორს წავიდნენ ევროკავშირის ლიდერები. როგორც ევროპული კავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადეს, რუსეთი უნდა გავიდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოდან. ჩემი მოკრძალებული აზრით, მოვლენები ისე ვითარდება, რომ უკრაინაში გარდაუვალი დამარცხების შემდეგ ეს საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. ისევე როგორც გარდაუვალია ომის დასრულების შემდეგ გაერო-ს რეფორმირებაც. სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებამდე მისვლას მაინცდამაინც უკრაინაში რუსეთის ომი დასჭირდა, მაგრამ მუდმივმოქმედ უშიშროების საბჭოში ახალი წევრების შეყვანის, ვეტოს პრინციპის გაუქმება/დასუსტების და უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების საკითხები გარდაუვალად სწორედ მას შემდეგ დადგება, რაც რუსეთი უკრაინაში დამარცხდება.
ვიდრე უშიშროების საბჭოს წევრის სტატუსით ჯერ კიდევ სარგებლობს რუსეთი, მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვიზაც მიიღო პასპორტში (იმედი მაქვს, მოკლევადიანი და ბოლოჯერ) და სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობითაც ისარგებლა. დემაგოგია, პროპაგანდა, უტიფარი ტყუილები – ამ კატეგორიაში რაც კი ეპითეტი მოიძებნება, ყველაფერი მიესადაგება ლავროვის გამოსვლას. საკუთარი გამოსვლის შემდეგ ლავროვმა სხდომა დატოვა, რაზეც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ძალიან ზუსტად შენიშნა: „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზუსტად ისეთივე სისწრაფით გაიქცა სხდომიდან, როგორითაც მისი ქვეყნის ჯარისკაცები გარბიან ბრძოლის ველიდან“! ძნელია, როდესაც ერითრეის, ჩრდილოთ კორეის, ვენესუელის, ბელარუსის და კუბის ამარა რჩები ამხელა ბირთვული და რესურსებით მდიდარი ქვეყანა. კიდევ უფრო რთულია ალბათ, როდესაც იცი, რომ არცთუ ისე შორეულ პერსპექტივაში შენივე სიტყვების და ქმედებების გამო თავს საერთაშორისო ტრიბუნალის საბრალდებო სკამზე ამოყოფ. 50 ათასზე მეტი სამხილი არსებობს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულების დასამტკიცებლად. თანაც ეს კიდევ ყველაფერი არაა – რამდენი ახალი ტერიტორიაც თავისუფლდება უკრაინელების მიერ, იმდენი ახალი სისასტიკეები ვლინდება და იწყება გამოძიება/მტკიცებულებების შეგროვება. ეს სამყარო თუ იარსებებს, როდესაც რუსეთი უკრაინასთან ომს წააგებს, საერთაშორისო ტრიბუნალი სპეციალურად რუსეთისთვის აუცილებლად შეიქმნება!!!
გაერო-ს ტრიბუნა და გენერალური ასამბლეის ფორმატი, რა თქმა უნდა, სწორად გამოიყენეს ჩვენმა მეზობლებმა – სომხეთმა და აზერბაიჯანმა. ცეცხლი შეწყვეტილია, მაგრამ მისი განახლების საფრთხე დღითიდღე იზრდება. სამწუხაროდ, გაერო ამ კონფლიქტის მოგვარებაშიც უძლურია, უფრო სწორად კი ხელფეხშეკრულია სწორედაც რომ რუსეთის ხელთ არსებული ვეტოს უფლებით. ასე ვეღარ გაგრძელდება!
როდესაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან სიტყვით მიმართავდა მსოფლიოს, ათიათასობით ადამიანი გამოდიოდა თეირანისა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში. 22 წლის მაჰსა ამინი მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის ცემით მოკლა. საოცარი სიმამაცე აჩვენეს მსოფლიოს ირანელმა ქალებმა. ეს პროტესტი ახლაც, ამ წუთებშიც გრძელდება და კიდევ უფრო მეტ ძალას იკრებს მიუხედავად იმისა, რომ ირანის ძალოვანმა სტრუქტურებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეებს და 20-მდე ადამიანი მოკლეს. ამან ვერ შეაშინა დემონსტრანტები, განსაკუთრებით ქალები, რომლებმაც მაგალითი აჩვენეს როგორც ირანელ კაცებს, ისე მთელ მსოფლიოს.
გაერო-ს რეფორმირებასა და ქმედუნარიანობის ხარისხზე კიდევ ბევრი შეიძლება ვისაუბროთ. უკრაინაში რუსეთის ომმა ყველაზე მკაფიოდ დაანახა მსოფლიოს, რომ არსებული სახით ეს ორგანიზაცია ვერ შენარჩუნდება. ახლა მთავარია, როდის და როგორ დამარცხდება რუსეთი! რომ დამარცხდება, ამაზე ცივილიზებულ სამყაროში არავინ დავობს! მარტო ღია და ლატენტურ პრორუსებს თუ სჯერათ გულის სიღრმეში, რომ მთვრალი, მოსინის კარაბინით და ჟანგიანი კალაშნიკოვით შეიარაღებული რუსეთი შეძლებს სათავისოდ რამის შემოტრიალებას უკრაინაში!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023