"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

გამარჯვებებს შემოდგომაზე ითვლიან!

Forbes WEB 1

ოდნავ მაინც თუ გაქვს უკრაინის მიმართ სიმპათია, ოდნავ მაინც თუ ადევნებ თვალყურს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის პარალელურად რა პროცესები ვითარდება მსოფლიოში და ოდნავ მაინც თუ გადავავლებთ თვალს ისტორიას, არ შეიძლება აგვისტოს ბოლო-სექტემბრის პირველ რიცხვებში უკრაინის მიერ წამოწყებულმა იერიშმა ეიფორია არ  განგაცდევინოს!

ცხადია, ეს არ არის საბოლოო გამარჯვება; ცხადია, წინ კიდევ დიდი ბრძოლები იქნება და ყველაზე მწვავედ მაინც ყირიმის საკითხი იდგება, მაგრამ…  ფსიქოლოგიური გარდატეხა ომში მომხდარია! ეს წარმატებები ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელი მებრძოლებისთვის, მათი ოჯახებისთვის, უკრაინელი დევნილებისთვის და თითოეული უკრაინელისთვის, ვისაც პირველი დღიდან სწამდა (მით უმეტეს, თუ არ სწამდა), რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებდა. ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებები ფსიქოლოგიურად უმნიშვნელოვანესია უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის – არაერთხელ გვითქვამს ჩვენც და არაერთხელ გამხდარა საყოველთაო მსჯელობის საგანი, გადაიტანს თუ არა ევროპა ცივ ზამთარს და შენარჩუნდება თუ არა უკრაინის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირისა და ევროპის ცალკეული ქვეყნების მიერ. როგორც კვლევები ადასტურებს, ევროპაში კვალავაც დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და ამიტომ მათთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თვეების განმავლობაში ყოველდღიურად მომდინარე თავგანწირული თავდაცვის ამბების ნაცვლად ახლა საინფორმაციო ველი „წალეკა“ ცნობებმა უკრაინელების შეტევისა და მათ მიერ მიღწეული წარმატებების შესახებ. მილიარდები, რომელთაც ევროპელი, ამერიკელი, იაპონელი და ავსტრალიელი გადასახადის გადამხდელები ხარჯავენ უკრაინის შეიარაღებასა და მისი ეკონომიკის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადარჩენაზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორი მიმართულებით მიდის და სწორად ხდება მათი განკარგვა (იქნება უზუსტობებიც, მაგრამ ომი არ არსებობს გადახარჯვების გარეშე 😉 ). ამას არა მხოლოდ ამ ომში გამარჯვებისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა, არამედ შეიძლება კიდევ უფრო მეტი დატვირთვა ჰქონდეს ომის შემდგომ გამარჯვებულ უკრაინაში ინვესტირების, მარშალის გეგმის განხორციელების და ზოგადად უკრაინის სრულფასოვან ევროპელ პარტნიორად აღქმისთვის. ეს მოგახსენეთ რაც შეეხება თავად უკრაინელებს და მათ ევროპელ მხარდამჭერებს;

ახლა განვიხილოთ განწყობები რუსეთში, რუსეთის არმიაში, რუსეთის პოლიტიკურ, ფინანსურ და ძალოვანი სტრუქტურების ელიტებში. ტერმინ „კეთილი ნების გამოხატვის“ ჩანაცვლება ტერმინით „სტრატეგიული ტერიტორიული გადაჯგუფება“ რუსეთის საზოგადოებაზე  კრემლისთვის სასურველ ეფექტს ვეღარ მოახდენს – რაც არ უნდა იყოს, 21-ე საუკუნეა და ტექნოლოგიების განვითარებისა და ინფორმაციის გავრცელების საშუალებებით ავღანეთის ომში „ინტერნაციონალური ვალის“ მოხდის მიზნით დაღუპული 15-ათასიანი საბჭოთა კონტინგენტის ირგვლივ შექმნილ საინფორმაციო ვაკუუმს კრემლი ვეღარ შექმნის. არც იმის მჯერა, რომ ჩრდილოეთ კორეა 2.0 მოდელი გამოუვიდეს კრემლს. დროც სხვა არის, მასშტაბებიც და, თუ გნებავთ, რუსების გაქანებაც (ანუ შესაძლებლობები). ასე რომ, ვფიქრობ,თუ უკრაინის წარმატებების დინამიკა მიმდინარე წლის ბოლომდე შენარჩუნდება, რუსეთშიც შეიძლება ალაპარაკდნენ მარცხზე, მარცხის გამომწვევ მიზეზებსა და მარცხზე პასუხისმგებელ პირებზე. ერთ-ერთ მეგობარს ეწერა სოციალურ ქსელში და არ შეიძლება არ დაეთანხმო: რუსეთი არასდროს აპატიებდა ხოლმე თავის მმართველებს ომში წაგებას და სასტიკად უსწორდებოდა მათ. თუ დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთმა არათუ სრული კონტროლი ვერ დაამყარა, არამედ სულ მცირე 24 თებერვლის მდგომარეობას დაუბრუნდა და, კიდევ უფრო უკეთესი, თუ კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის გათავისუფლებას შეძლებენ  უკრაინელები, როგორც იტყვიან, „თავები დაგორდება“, თანაც „დიდი თავები“ და დიდი სიმაღლიდან.

სრულებით არ მიკვირს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებში გაჩენილი დამატებითი დოზით სიხისტე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. კერძოდ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ღიად განაცხადა, რომ უკრაინისთვის ძველი ფორმატები (მინსკისა და ნორმანდიის) მიუღებელია და მოთხოვნებიც განსხვავებული იქნება იმ წარმატების შემდეგ, რასაც უკრაინამ მიაღწია და აღწევს ყოველდღიურ რეჟიმში. „საიმედო პარტნიორები“ ახსენა ამ კონტექსტში რეზნიკოვმა და უნდა ვივარაუდოთ, რომ გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად უკრაინა აუცილებლად მოითხოვს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და, სავარაუდოდ, პოლონეთის ჩართვას.

აშშ-ს წინ შუალედური არჩევნები აქვს. ამერიკული ლენდ-ლიზი კვლავაც არ ამუშავებულა, მაგრამ ამერიკული დახმარება ყველაზე ძლიერია ყველა მიმართულებით – სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების, უშუალოდ ოპერაციების მომზადების თუ შეიარაღების მიწოდების თვალსაზრისით. ლენდ-ლიზის ამოქმედება მნიშვნელოვანია როგორც უკრაინისთვის, ისე ამერიკული ტექნოლოგიური, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა თუ სხვადასხვა ინდუსტრიისთვის. თუმცა მოასწრებს კი ზემოქმედებას ახლად დაწყებული ლენდ-ლიზი ან თუნდაც უკრაინის მიერ ომში მიღწეული წარმატებები შუალედური არჩევნების შედეგებზე? ნაკლებად სავარაუდოა. მაღალი ალბათობით, რესპუბლიკელები შეძლებენ როგორც სენატში, ისე კონგრესში უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ კაპიტოლიუმის ბორცვზე რესპუბლიკელების მოსვლის შეთხვევაში უკრაინისადმი მხარდაჭერა განელდება. რესპუბლიკელებში არიან „ქორები“, რომელთაც ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს ომში გამარჯვების მიღწევაში თანადგომა და აქედან პოლიტიკური დივიდენდების მიღება. პირიქით, ვფიქრობ, რომ რესპუბლიკელები კიდევ უფრო გააძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას.

დიდ ბრიტანეთში უკვე ვიხილეთ ახალი პრემიერ-მინისტრის, 46 წლის ლიზ თრასის მთავრობის სათავეში მოსვლა, რომელიც საგარეო მდივნის რანგშიც პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო. ამ თვალსაზრისით, ნისლიან ალბიონზე არათუ კარდინალური ცვლილებები არ იგეგმება, არამედ შეიძლება პირიქით – ბორის ჯონსონის პროუკრაინული ხაზი კიდევ უფრო ხისტი და მკაფიოდ გამოხატული იყოს კონკრეტულ ქმედებებში, გადაწყვეტილებებსა თუ განცხადებებში.

ბუნებრივია, საშემოდგომო სურათი ვერ შეიკვრება, თუ არ გადავავლებთ თვალს ჩინეთის კომუნისტური პარტიის 16 ოქტომბერს დაგეგმილი ყრილობის შესაძლო პროგნოზებს. მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა, მიუხედავად საგარეო და სამხედრო-პოლიტიკურ ფრონტზე გამოვლენილი თავშეკავებული პოზიციებისა (ჩემი აზრით, ტაივანთან მიმართებით ეს ყველაზე მოზომილი და დიპლომატიური შეფასებაა), ვფიქრობ, პრეზიდენტი სი ძინპინი მაინც შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. ამერიკულმა სანქციებმა, ამერიკულ ეკონომიკასთან არსებულმა მიჯაჭვულობამ ნათლად დაგვანახა, რომ ჩინეთი არც რუსეთისთვის არის რაიმე სერიოზული მხარდამჭერის გამწევი (ნახავდით, როგორ ობლად დატოვა პრეზიდენტმა სიმ ვლადიმირ პუტინი ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე) და არც ტაივანის ტერიტორიული დისპუტის გამო არ არის მზად  დემოკრატიულ სამყაროსთან ბოლომდე ურთიერთობების გაფუჭებისთვის. თანაც, ნოემბერში დიდი 20-ეულის ფარგლებში ჯერ კიდევ იგეგმება აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენთან ჩინელი კოლეგის შეხვედრა, რომელსაც გაცილებით მეტი მნიშვნელობა ექნება, ვიდრე ვლადიმირ პუტინის იქ ჩასვლა-არჩასვლას. ვნახოთ, სულ რაღაც ერთი თვე გვაშორებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობას  და ორი თვე – დიდი 20-ეულის შეხვედრას.

ამდენად, ყველასთვის კარგად ცნობილი გამოთქმა – წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან – ნამდვილად ზუსტად მიესადაგება ამ შემოდგომის სეზონს.

უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს!

გააზიარე