ნიკოლოზ მარკოზაშვილმა დაამთავრა თსუ-ს კიბერნეტიკის ფაკულტეტი და ასპირანტურა თსუ-ს მართვის თეორიის კათედრა. დაიცვა დისერტაცია საქართველოს აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში ოპტიმალური მართვის საკითხებში. დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა ESM-თბილისის მენეჯმენტის BBA და MBA პროგრამებს. 1994 წლიდან ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა მრავალი ბიზნეს პროექტი. ამჟამად არის საკონსულტაციო ფირმის „Innova“ და სასწავლო ცენტრის „Sapienty Sat“ პარტნიორი.
გამგები გაიგებს | ნიკოლოზ მარკოზაშვილის ბლოგების სერია
„ყველაფერს მოუძებნე საწყისი და ბევრ რამეს გაიგებ.“
უცნობი ავტორი
ისტორია, რომლის მოყოლასაც ვაპირებ, მეოცე საუკუნის 70-იან წლებში მოხდა. თსუ-ს მაღლივ კორპუსში მერვე სართულზე მართვის თეორიის კათედრაზე (ოთ. 816) ჩამოყალიბებული იყო სასწავლო წრე. კვირაში სამჯერ ლექციების შემდეგ სტუდენტები ფიქრობდნენ საინტერესო ამოცანებზე, არჩევდნენ მართვის მათემატიკურ თეორიაში მიღებულ ახალ შედეგებს, ეცნობოდნენ პრაქტიკულ გამოწვევებს. არაჩვეულებრივი დრო იყო…
გაჩნდა კედლის გაზეთის გამოშვების იდეა და სტუდენტებმა ამ საქმეს ენთუზიაზმით მოჰკიდეს ხელი. გაზეთს არ უნდა „დაეტოვებინა“ ოთახი და მასში თავმოყრილი უნდა ყოფილიყო ის, რაზეც მიდიოდა მსჯელობა შეხვედრების დროს. სწორედ აქ გაჩნდა პრობლემა: რა დავარქვათ გაზეთს? ყველა შემოთავაზებული ვარიანტი კრიტიკას ვერ უძლებდა… გადიოდა დრო, გაზეთი გამოდიოდა სხვადასხვა სახელით. პრობლემა პრობლემად რჩებოდა… თავმოყვარეობა გველახებოდა…
ერთ-ერთ შეხვედრაზე მაშინდელი მესამე კურსის სტუდენტმა კობა გელაშვილმა მოულოდნელად განაცხადა: „თითქოს ვიცი გაზეთის სახელი! “ და გააგრძელა: „საპიენტი სატ“, მივიდა დაფასთან და დაწერა Sapienti Sat… ვერაფერი გავიგე და ვკითხე: „რას ნიშნავს? გადმოგვითარგმნე…“ „გამგები გაიგებს“ – იყო პასუხი. ზუსტად მიზანში – 10-იანში! გაზეთმა „მონახა“ თავისი სახელი…
გავიდა დრო… უკვე ოცდამეერთე საუკუნეში მარიანასთან ერთად გადავწყვიტეთ, დაგვეარსებინა სასწავლო ცენტრი ბიზნესის მართვის საკითხებში. სახელზე დიდი ფიქრი საჭირო არ იყო: Sapienti Sat – აბა, უკეთესს რას მოვიფიქრებდით!
შემდეგი ნაბიჯი იყო ლოგო. სურათზე ორი ისარია. ერთი – თეთრი – უფრო წვრილია და მიმართულია გარემოდან სასწავლო კურსებისკენ. მეორე (უფრო ფართო) ნარინჯისფერია და მიმართულია კურსებიდან გარემოსკენ (სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ). მაშასადამე, კურსის შედეგად მსმენელთა გაგების „დონე“ უნდა გაიზარდოს…
აქ ბევრი კითხვა ბუნებრივად იბადება – ჩვენ მათ მოგვიანებით დავუბრუნდებით. დავიწყებთ კი მარტივი მოსაზრების განხილვით: ადამიანები იყენებენ ერთსა და იმავე სიტყვებს, მაგრამ შეიძლება განსხვავებულად ესმოდეთ ისინი. კომუნიკაცია საფრთხეშია!..
გაგების საერთო მნიშვნელი
გაგების? საერთო მნიშვნელი? გააჩნია, თუ არ გააჩნია? შემდეგი ტექსტი აღებულია ჩემი „უბის წიგნაკიდან“.
ჩვენ ხშირად ვიყენებთ სიტყვებს არაცხადი დაშვებით, თითქოს ერთნაირად გვესმის მათი მნიშვნელობა. როდესაც სასწავლო პროცესში მასწავლებელს მოჰყავს რომელიმე ცნების განმარტება, ის ამას აკეთებს იმის საჩვენებლად, თუ რა უნდა გვესმოდეს ამ ცნების ქვეშ მისი ლექციების განმავლობაში. ზოგჯერ სხვადასხვა მასწავლებელს ერთი და იმავე ცნების ქვეშ განსხვავებული რამ ესმით. სიტყვა ერთია – შინაარსი კი სხვა! სიტუაცია კიდევ უფრო რთულია, სახიფათოც კი, პრაქტიკაში (განსაკუთრებით, ბიზნესში), სადაც, როგორც წესი, არ ხდება ტერმინოლოგიის წინასწარი შეთანხმება. ნაწყვეტი წიგნიდან: Simon Blackburn. The Big Questions – Philosophy. 2009.
“The very first exercise of understanding is social, not private. It is in communication with others that language is first embodied in the developing mind. It is we, together, who determine and indeed who police meaning. An individual is up for being told what his words mean, if there is reason to believe that he has strayed away from them. Humpty Dumpty (Lewis Carroll. “Alice in Wonderland”) did not realize this, in one of the famous inversions that marked the looking-glass world:
‘There’s glory for you!’
‘I don’t know what you mean by “glory”’, Alice said.
Humpty Dumpty smiled contemptuously. ‘Of course you don’t – till I tell you.
I meant “there’s a nice knock-down argument for you!”’
‘But “glory” doesn’t mean “a nice knock-down argument”,’ Alice objected.
“When I use a word,’ Humpty Dumpty said, in rather a scornful tone, ‘it means
just what I choose it to mean – neither more or less.’
‘The question is,’ said Alice, ‘whether you can make words mean so many different thing.’
‘The question is,’ said Humpty Dumpty, ‘which is to be master – that’s all.’
Humpty Dumpty’s mistake is to suppose that either words interpret themselves, which they clearly do not, or that he can make them mean what he wants. The truth is different again, namely that we, collectively, have made them mean what we want.”
არ გაგვიკვირდეს, როდესაც ცნობილი კონსულტანტი მენეჯმენტში იცხაკ ადიზესი აღნიშნავს:
„ორგანიზაციებთან მუშაობის დროს მე ყოველთვის თავიდანვე ვითხოვ იმ ტერმინების განმარტებას, რომლებსაც ისინი იყენებენ“.
რატომ? ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ სიტუაციებს. აქედან პირდაპირ გამომდინარეობს, რომ შესაძლოა, ერთი და იგივე ტერმინი სხვადასხვანაირად ესმოდეთ. ეს განსაკუთრებით ხელს გვიშლის ბიზნესში, სადაც ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანები უნდა ქმნიდნენ ერთიან გუნდს, რომელშიც ყველას ესმის ერთმანეთის. საერთო მნიშვნელის დაძალება შეუძლებელია, მცდელობა კი ასუსტებს ორგანიზაციას. რატომ?..
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ნოემბერი 22, 2022
- on ნოემბერი 19, 2022
- on ნოემბერი 1, 2022
- on ოქტომბერი 17, 2022