კორპორაციული კომუნიკაციების სპეციალისტი. თაკო ჯგუფ ანაგრამას თანადამფუძნებელია. ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, კომპანიებთან ერთად პასუხისმგებლიანი მიდგომების შექმნა და დანერგვა.
განათლება - პასუხისმგებლობიანი ბიზნესის მთავარი მოკავშირე
წლების წინ, ესპანეთის ერთი უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში შემოსულმა ძალიან სახელგანთქმულმა ლექტორმა, როდესაც მისი ინოვაციური ნამუშევრებისა და ტექნოლოგიური მიღწევების წარდგენა სთხოვეს, ასე გვიპასუხა; ,,რაც უფრო მემატება წლები, სულ უფრო კომიკურად გამოვიყურები ასეთ დროს. ამ პატარა პლანეტაზე, სადაც ტექნოლოგიური მიღწევებით მოგვაქვს თავი მე და კიდევ უამრავ ჩემნაირს, ვრჩებით მოცემულობაში, სადაც ვერაფერი მოვუხერხეთ ბევრ სასიცოცხლო პრობლემას. მაგალითად, ადამიანის შიმშილს. და ტექნოლოგიებით კბილებამდე შეიარაღებულებმა, პლანეტის ერთი ნაწილში არ ვიცით, ზედმეტ საჭმელს რა მოვუხერხოთ, მეორეში კი – სად მოიპოვონ თავის გადასარჩენი სარჩო. ასე რომ, ყოველგვარი აღტაცებისა და ტრაბახის გარეშე, მოდი, საქმეზე გადავიდეთ, რადგან განათლების იმედი ჯერ კიდევ არ დამიკარგავს“.
იმ კაცის შემდეგ იშვიათად შემხვედრია ამგვარი სევდის მატარებელი ადამიანი, ამიტომ მის სახელზე, მეც განათლების იმედით დავწერ დღევანდელ ბლოგს.
ძალიან ცვალებადი და აჩქარებული გარემოს მიუხედავად, ჩვენ ირგვლივ მრავლადაა თემები და საკითხები, რომლებიც ხშირად ფეხს ვერ უწყობენ დროის ცვლილებას და საზოგადოების კეთილდღეობასაც უქმნიან დამატებით საფრთხეს;
სწორედ ასეთ მოჩანჩალე საკითხთა ჩამონათვალს მივაკუთვნებ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ ფართოდ დამკვიდრებულ შეხედულებებს და აღქმებს.
ეს მდგომარეობა მხოლოდ ჩვენთან ან ჩვენგვარ ქვეყნებში არ შეინიშნება, გლობალური საზრუნავია და ამ ჩამორჩენის მიზეზების ძიებაც მუდმივი თავსატეხი გახლავთ.
როდესაც ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობაზე ან მის მდგრად განვითარებაზე ვსაუბრობთ, ერთ შესამჩნევ უკიდურესობას ვაწყდებით, რომლის თანახმადაც, ბიზნესმა თავად უნდა შექმნას და განავითაროს ის პასუხისმგებლობიანი მიდგომები, რომელთა მიმართაც საზოგადოების ინტერესი სულ უფრო მზარდია. თუმცა, სანამ ბიზნესს ბევრ მკაცრ მოთხოვნას წავუყენებთ, ალბათ ღირს დავფიქრდეთ, აქვთ თუ არა სათანადო ცოდნა და განათლება იმ ადამიანებს, ვინც კომპანიებსა და ორგანიზაციებში სხვადასხვა პოზიციას იკავებენ, მუშაობენ კომპანიის სტრატეგიაზე, მისიას, მიზნებს სახავენ და სამოქმედო გეგმას ადგენენ.
იმისათვის რომ თანამედროვე კომპანია მართლაც გახდეს პასუხისმგებლობიანი მოთამაშე, მას საიმედო მოკავშირეები ჰაერივით სჭირდება. ამ საქმეში კი მის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დასაყრდენად საგანმანათლებლო ინსტიტუციები მოიაზრება.
სპეციალისტები ხშირად საუბრობენ პასუხისმგებლობიანი ადამიანების ფორმირების სხვადასხვა ეტაპზე; სულ მცირე ასაკიდან – საბავშვო ბაღში შეძენილი უნარ-ჩვევები, შემდეგ, სკოლაში, სასარგებლო ცოდნად რომ უნდა გარდაიქმნას და მოგვიანებით, უმაღლეს სასწავლებლებში, პროფესიის შესწავლასთან ერთად, იმ აუცილებელ ცოდნად ჩამოყალიბდეს, რომლის მატარებელი ადამიანებიც შემდეგ კერძო, სამთავრობო თუ სამოქალაქო სექტორში შეუდგებიან მუშაობას.
დიახ, აქაც განათლების სისტემის როლი გადამწყვეტია და განსაკუთრებული მისია საუნივერსიტეტო სივრცეებს ენიჭებათ.
უნივერსიტეტის იდეასა და მისიაზე მსჯელობა საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობს – ხშირად საუბრობენ მთავარი არსის დაკარგვის პრობლემაზე და იმაზე, რომ იქ მისული სტუდენტის მიზანი მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის გამოსადეგი ცოდნის მიღებაა. თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, პასუხისმგებლობიანი მიდგომების შესწავლა პირადი კეთილდღეობის თანამდევ ნაწილად და იმ „აუცილებელ ცოდნად“ შეგვიძლია განვიხილოთ, რომლის უქონლობაც, დღეს, თანამედროვე მსოფლიოში, ნებისმიერი დარგის სპეციალისტს რაღაც მნიშვნელოვანს აკლებს და ხედვის არეალს უვიწროებს.
ამიტომაც მსოფლიოს ბევრ საგანმანათლებლო სივრცეში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ იმ ცოდნის გადაცემას, რომელიც ადამიანების და გარემოს წინაშე არსებული პრობლემების გასამკლავებელ უნივერსალურ, ყველასთვის აუცილებელ ცოდნად და მუდმივ საზრუნავად შეგვიძლია განვიხილოთ.
და მაინც რა შეუძლია და როგორი ძალა აქვს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს პასუხისმგებლობიანი ადამიანებისა და სპეციალისტების ფორმირებაში?
- სასწავლო გეგმებსა და კლასგარეშე აქტივობებში სათანადო მასალის ინტეგრირებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ შექმნან და გააძლიერონ პასუხისმგებლობიანი და ეთიკური ქცევის ღირებულებები.
- საკლასო და სალექციო პროცესში გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების ჩართვისას ძალიან ბუნებრივად ყალიბდება კორპორაციული პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტები, რაც თანამდევ საფიქრალადაც იქცევა; რას ვაზიანებ ჩემი ქმედებით, რა სარგებლობას მოვიტან ჩემი ცოდნით და რისი შეცვლა შემიძლია უკეთესობისკენ ჩემი მუშაობით.
- სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ და დააკვირდნენ ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი სისტემების ურთიერთქმედებას, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებისა და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, საკუთარი თავის დანახვას ამ საკითხებთან მიმართებით.
- სწავლების სხვადასხვა საფეხურზე, პასუხისმგებლობიანი მიდგომების ინტეგრირებას შეუძლია მომავალში მოგვცეს სხვადასხვა დარგის ისეთი სპეციალისტები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, ვისაც ექნება სათანადო ცოდნა და მგრძნობელობა გარშემო არსებული პრობლემების, საფრთხეების მიმართ და შეძლებს გაითვალისწინოს მორიგ ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებში.
- საგანმანათლებლო სივრცეებმა ხელი უნდა შეუწყონ და წაახალისონ სამოქალაქო აქტივიზმი.
- ინტერდისციპლინური სწავლებისას სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე ფოკუსირებას არაერთი ინოვაციური პროექტის შექმნა შეუძლია. საგანმანათლებლო სივრცეები უნდა იყოს ცდების, კვლევების ადგილი, სადაც ცოდნის შეძენის პარალელურად ფიქრობენ, ქმნიან და ავითარებენ სასარგებლო ტექნოლოგიებს.
დაბოლოს – საგანმანათლებლო დაწესებულებები თავად უნდა გახდნენ პასუხისმგებლობიანი ორგანიზაციის კარგი მაგალითი. ადგილი, სადაც ხელს უწყობენ მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემოს შექმნას, ქმნიან ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ეკომეგობრულ გარემოს და მუდმივად არიან ამ ახალი ცოდნის მომპოვებლები და გამავრცელებლები.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on თებერვალი 28, 2024
- on იანვარი 31, 2024
- on დეკემბერი 19, 2023
- on დეკემბერი 4, 2023
- on ნოემბერი 20, 2023