"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

გერმანული არჩევანი: „იამაიკა“ თუ „შუქნიშანი“?!

პეტრიაშვილი

26 სექტემბერს გერმანიამ მართლაც რომ ისტორიული არჩევანი გააკეთა. ანგელა მერკელის ეპოქა დასრულდა. გავრისკავ და თავშივე ვიტყვი სათქმელს: ჩემი მოკრძალებული აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი პარტიული მემკვიდრის არმინ ლაშეტის მმართველობის ხანა დაიწყოს. ბევრი საუბარი იყო კანცლერობის კანდიდატების შერჩევის დროს: ვინ იქნება ქალბატონი მერკელის ღირსეული შემცვლელი ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში, მთავრობაში, ევროკავშირსა და ნატოში. ამ საუბრებმაც და თავად კანცლერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიამ საბოლოო ჯამში ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს ათწლეულების მანძილზე ყველაზე დაბალი შედეგი – 24.1% მოუტანა. მართალია, არმინ ლაშეტს კანცლერობის იმედი არ დაუკარგავს და კოალიციის ჩამოყალიბებაზეც დაიწყო კონსულტაციები, მაგრამ ხომ გაგიგიათ: იმედი არის, მაგრამ შანსები – ცოტა.

პირველ ადგილზე მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატების პარტია რომ გავიდოდა, ამაზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევები ნათლად მეტყველებდა. ასეც მოხდა. მათ 25.7% აიღეს და ხანმოკლე ზეიმის შემდეგ კოალიციის ფორმირებაზე მუშაობას შეუდგნენ.

მიუხედავად სერიოზული დარტყმებისა, ფინიშამდე მაინც კარგად მივიდნენ და 14.8%-ით მესამე ადგილზე გავიდნენ გერმანელი მწვანეები ანალენა ბერბოკის ხელმძღვანელობით. შექმნილ ვითარებაში, მათ და თავისუფალ დემოკრატებს კარგი შანსი აქვთ, წყვილში გახდნენ ე.წ. „კინგმეიკერები“, ანუ გადამწყვეტი როლი ითამაშონ კოალიციის შექმნაში.

მიხარია, რომ საგრძნობლად გაიუმჯობესეს მდგომარეობა და 11.5%-ით ნამდვილად საპრიზო!!! მეოთხე ადგილზე გავიდნენ თავისუფალი დემოკრატები. როგორც მოგახსენეთ, მწვანეებთან ერთად შეიძლება მათი „ვარსკვლავური საათი“ ისევ დადგეს.

ჩემი აზრით, 10% მაინც ბევრი იყო ულტრამემარჯვენე AfD-სთვის, მაგრამ დემოკრატიაზე უკეთესი მართვის სისტემა, როგორც ბრძენ ხალხს უთქვამს, ჯერ არაფერი მოუფიქრებიათ. ხალხი ირჩევს თავისუფალ გარემოში თავისი გემოვნების მიხედვით.

კიდევ უფრო ნაკლები აიღეს მემარცხენეებმა, აღმოსავლელი კომუნისტების მემკვიდრეებმა – ისინი ბუნდესტაგშიც შევლენ 39 მანდატით, მაგრამ შესაძლო კოალიციურ მთავრობაში მოხვედრის ყველაზე ნაკლები შანსი სწორედ ულტრამემარჯვენებსა და მემარცხენეებს აქვთ.

გერმანელმა ხალხმა კი გააკეთა არჩევანი, მაგრამ ახლა მათმა რჩეულებმა უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები და გადაწყვიტონ, როგორი იქნება კოალიცია, რომელიც საკმაო ხანია, სამპარტიული არ ყოფილა.

გასული 8 წლის მანძილზე „გრანდ“ კოალიციას, მე თუ მკითხავს კაცი, გერმანიისთვის ცუდი არაფერი მოუტანია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. არ არის გამორიცხული, რომ ისევ მივიღოთ გრანდ კოალიცია სოციალ-დემოკრატებისა და ქრისტიან-დემოკრატების სახით, მაგრამ არ მგონია, მწვანეებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა ეს შანსი ხელიდან გაუშვან და ისეთი მოთხოვნები დააყენონ, რომ ისევ შეჩვეულ ჭირზე ჩამოყალიბდეს პირველ-მეორე ადგილზე გასული ორი ყველაზე მსხვილი პარტია.

ისევ ჩემს გემოვნებას გაგიზიარებთ: გასაგებ მიზეზთა და სენტიმენტთა გამოისობით, და არა პოლიტიკური პრეფერენციებით, „იამაიკა“ უფრო მომხიბვლელად ჟღერს და გამოიყურება, რაც ნიშნავს შავი ფერის ქრისტიან-დემოკრატების (196 ადგილი), ყვითელი ფერის თავისუფალი დემოკრატების (92 ადგილი) და მწვანე ფერის მწვანეების (118 ადგილი) კოალიციას, მაგრამ მაინც ცვლილები­სა და სიახლისკენ უფრო მიმიწევს გული ამჯერად.

შუქნიშანი – წითელი ფერის სოციალ- -დემოკრატები 206 მანდატით, თავისუფალ დემოკრატებთან და მწვანეებთან კოალიციით. არის კიდევ ვარიანტები, მაგალითად „კენია“ და ა.შ. მაგრამ, ექსპერტთა აზრით, მაღალი ალბათობით შუქნიშანი გახდება შემდეგი რამდენიმე წლის მანძილზე ყველაზე ხშირად მოხსენიებადი (ცუდად თუ კარგად, ამას გერმანელი ხალხი თავად გადაწყვეტს) სიტყვა.

რას მოუტანს „შუქნიშანი“ მომავალ გერმანიას? რამდენად შეძლებენ მემარცხენე ორიენტაციის სოც. დემოკრატები და მწვანეები გამოკვეთილი მემარჯვენე იდეოლოგიის თავისუფალ დემოკრატებთან თანაარსებობას ქვეყნის შიგნით და, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მის ფარგლებს გარეთ?

ქვეყნის საშინაო საქმეებზე მოძებნიან როგორმე შეხების წერტილებს. ცხადია, საგარეოზეც, მაგრამ მაინც გავყვეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულებების მიხედვით:

რუსეთთან ურთიერთობით დავიწყოთ – გერმანიის ბუნდესტაგში გასული პარტიებიდან მე არ მეგულება არცერთი, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობის „დალაგება“ არ სურდეს. ასე იქნება ოლაფ შოლცის კანცლერობის პირობებში, რომელიც ანგელა მერკელის კაბინეტში ვიცე-კანცლერისა და ფინანსთა მინისტრის ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა. ამ მხრივ, საინტერესოა, მიიღებს თუ არა მწვანეთა პარტიის ლიდერი ანალენა ბერბოკი საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელს. მას, ჩამოთვლილ ლიდერებთან შედარებით, ყველაზე კრიტიკული პოზიციები ჰქონდა რუსეთთან, კონკრეტულად კი ნორდ სტრიმ 2-თან მიმართებით და იყო ნატო-ს შემდგომი გაფართოების ყველაზე აქტიური მხარდამჭერი. თუმცა, ასეც რომ მოხდეს, რუსეთთან გერმანიის ურთიერთობებში კარდინალური ცვლილებები მოსალოდნელი მაინც არ არის. თანაც გასათვალისწინებელია ყირიმის ანექსიის საკითხი და ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ მიმართულებით გერმანიამ რადიკალურად შეიცვალოს პოზიცია. თუმცა, არასდროს თქვა არასდროს – ესეც ჭკვიანი ადამიანის ნათქვამია.

რუსეთით იმიტომ დავიწყე, რომ ჩვენთვის ყველაზე აქტუალური და საინტერესო შეიძლება იყოს, თორემ არსებობს ამ პლანეტაზე ორი ყველაზე ძლიერი ეკონომიკა – ამერიკის შეერთებული შტატები და ჯერჯერობით!!! მეორეადგილოსანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. წესით, მათთან მიმართებით გერმანიის პოლიტიკას ცალ-ცალკე ბლოგებიც შეიძლება დაუთმოს კაცმა, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენების განვითარებამ კიდევ უფრო საინტერესო გახადა ამ სამი ქვეყნის ერთიან კონტექსტში განხილვა. ანგელა მერკელის თავმჯდომარეობით, ევროკავშირმა გასული წლის ბოლოს მიიღო საინვესტიციო შეთანხმება ჩინეთთან. ანგელა მერკელის კანცლერობის ბოლო თვეებში მიიღო გერმანიამ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გერმანიაში ამერიკული ჯარების დატოვებისა და ნორდ სტრიმ 2-ის მშენებლობის დასრულების თაობაზე. თუმცა, მერკელი წავიდა, ხოლო გერმანელებს რომ ჰკითხო, მხოლოდ 18%-ს არ მიაჩნია, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ცივი ომი უკვე დაწყებულია.

ცივი ომის დაწყებას ჩინეთთან არც პრეზიდენტი ბაიდენი ლამობს (თავად დაადასტურა გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან), თუმცა „შუქნიშანი“ ცივი ომის „დამქაშებისთვის“ მაინც კარგი სიახლე იქნება. მწვანეებიც და თავისუფალი დემოკრატებიც ჩინეთთან უფრო ხისტი პოზიციების დაკავებისკენ იხრებიან. ეს კარგი ამბავი იქნება თავად პრეზიდენტ ბაიდენისთვისაც, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჯერ ავსტრალია-დიდი ბრიტანეთი-აშშ-ის სამმხრივი, ე.წ. აუკუს-ის პაქტი გააფორმა, მერე კი ვაშინგტონში ოთხთა ფორმატში ინდოელ, იაპონელ და ავსტრალიელ კოლეგებს უმასპინძლა. ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ევროკავშირის მხარდაჭერა აშშ-სთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა საფრანგეთის გულის მოგება ავსტრალიასთან ჩაშლილი 66-მილიარდიანი კონტრაქტის შემდეგ პრეზიდენტ ბაიდენისთვის ადვილი ნამდვილად არ იქნება.

ევროპის სტრატეგიულ ავტონომიაზეც საფრანგეთის პრეზიდენტი ყოველთვის უფრო აქტიურობდა, ვიდრე ანგელა მერკელი, და რაც არ უნდა მოუწოდოს ემანუელ მაკრონმა ევროპელებს, რომ დროა, ევროპამ დაასრულოს გულუბრყვილობა, უსაფრთხოების თვალსაზრისით აშშ-ს გერმანიისთვისაც და დანარჩენი ევროპისთვისაც მაინც განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს.

ამდენად, „შუქნიშანი“-მთავრობის პირობებში გერმანიის პოზიციები ჩინეთთან მიმართებით მაღალი ალბათობით გამკაცრდება და აშშ-ის უფრო მკვეთრი მხარდაჭერისკენ გადაიხრება.

ვადევნებთ თვალყურს, მიმოვიხილავთ ამა თუ იმ ქვეყნის არჩევნებს და მათ შედეგებს და ცხადია, ჩვენი ბედკრული ქვეყანაც გვახსენდება. ისრაელი და გერმანია – ეს ორი ქვეყანა არის ჩემთვის ყველაზე მყარი და კარგი მაგალითი, რომ საქართველოში კოალიციას ღიად მხარი დავუჭირო. ხოლო რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ:

კონკრეტულად ჩვენი გულისთვის, მით უმეტეს ასეთ ნაკლებად მომხიბლავ მდგომარეობაში ყოფნის პირობებში, არავინ არავის წაეჩხუბება. უფრო მეტიც, არათუ არ წაეჩხუბება, არამედ არც არავის დაელაპარაკება და ბოლოს ჩვენ თვითონაც ისე, ყასიდად, ზრდილობისთვის თუ გამოგვეცნაურება, თუ ყველა კარზე არ დავაკაკუნებთ პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის უკვე პოტენციურ წევრებთან. მე უბრალოდ გაფრთხილებთ. ეს ასე იქნება, თუ არაფერი შეიცვლება. ასე მომხდარა სხვა ქვეყნების შემთხვევაში და მოხდება ჩვენთანაც.

გააზიარე