"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
ღმერთო, გაამარჯვებინე უკრაინას!
ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი თვის თავზე, დიდი ქრისტიანული დღესასწაულის ბრწყინვალე შვიდეულში სხვა სურვილი და თხოვნა არ შეიძლება, მქონდეს! უკრაინის გამარჯვება – საქართველოს გამარჯვებაა! უკრაინის გამარჯვება – ცივილიზებული სამყაროს გამარჯვებაა! უკრაინის გამარჯვება – სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებაა! უკრაინის გამარჯვება – სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებაა! უკრაინის გამარჯვება – თავისუფლების მონობაზე გამარჯვებაა!
ღმერთო, გაამარჯვებინე უკრაინას!
მსოფლიოს წამყვანი სამხედრო და პოლიტიკური ანალიტიკოსების შეფასებით, შემდეგი თვე იქნება გადამწყვეტი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის! მე ვიტყოდი, მთელი მსოფლიოსთვის! დიქტატურის დამარცხება დემოკრატიასთან სრულიად ახალი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებას მისცემს დასაბამს!
მაგრამ… გამარჯვებისთვის დიდი ბრძოლებია მოსაგები! ბოროტების იმპერია რუსეთი და მისი მმართველი პუტინი ბოლო ძალებს უყრის თავს აღმოსავლეთ უკრაინაში. თუკი სადმე, ვინმეს ქუჩაში ხელს წაავლებენ, ფორმას აცმევენ (ან არ აცმევენ) და საზარბაზნე ხორცად უკრაინაში უშვებენ. თუკი ვინმე სიმხეცეზე და სისასტიკეზე ხელის მომწერი ჰყავთ, ყველას უკრაინაში ამწესებენ! ავად ცნობილი „ვაგნერის“ დაქირავებული მკვლელები, კადიროვის ტიკტოკერები, ჰეზბოლას მეომრები – ეს არის მსოფლიოში ოდესღაც მითური „მეორე არმიის“ ბირთვი, მაგრამ ისინი არ არიან ბუჩაში, ირპენში, გოსტომელში, ბოროდიანკაში, მარიუპოლში და კიდევ ბევრ სხვა უკრაინულ დასახლებაში ჩადენილი სისასტიკეების მთავარი შემსრულებლები! დიახ, რუსეთის ფედერაციის რეგულარული შეიარაღებული ძალების კონკრეტული რიგითები, ოფიცრები, მეთაურები, მათი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელები არიან დავალების გამცემები და უშუალო შემსრულებლები!
არც ერთი მიმართულებით პუტინის გეგმები უკრაინაში არ განხორციელდა! გმირი ქალაქი კიევი ჩვეული ცხოვრების რიტმს უბრუნდება, არადა რუსულ ურდოს აღლუმის მოწყობა ჰქონდა დაგეგმილი, რესტორნებში მაგიდები ჰქონდა დაკვეთილი და გავლენის/კონტროლის რაიონები და ქუჩები ჰქონდა გადანაწილებული!
მთელი უკრაინიდან ნელ-ნელა დონბასის „გათავისუფლებამდე“ დაპატარავდა პუტინის და მისი ურდოს ამბიციები! აიღებენ რამდენიმე საათით ან დღით ერთ დასახლებული პუნქტს და გაჰკივის პუტინის პროპაგანდისტული მანქანა, გავათავისუფლეთ „ფაშისტებისგან“ დონბასიო! მერე გავა ცოტა ხანი და უპატაკებს თავდაცვის მინისტრი შოიგუ თავის ბატონს, ახლებური მიდგომების დანერგვა არის საჭირო „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ წარმატებით განხორციელებისთვისო! სად არის ან ახლებური მიდგომები ან ახალი ძალები ან წარმატების იმედი – პუტინის ოცნება მის თვალწინ ფერფლად იქცევა! ჩემი თვალით ვნახე ირპენთან ტანკში დანახშირებული პუტინის ოცნება!
სამხრეთში ყირიმის და დნესტრისპირეთის მიმართულებებზე კონტროლის დასამყარებლად აკვდება ათასობით რუსი ლეგენდარული მარიუპოლის უმამაცეს და უმაგრეს დამცველებს! მარიუპოლზე, იქ მოკლულ, ნაწამებ თუ გადარჩენილ ათასობით მშვიდობიან მოქალაქეზე, აზოვის პოლკზე, საზღვაო ქვეითებზე, მესაზღვრეებზე და პოლიციელებზე მთელი მსოფლიო საუკუნეების მერეც ილაპარაკებს! უკვე ავლებენ პარალელებს მარიუპოლსა და ალეპოს, მარიუპოლსა და გროზნოს შორის; ზუსტად ისე, როგორც სირიასა და ჩეჩნეთში, ურდო ბომბავს და წამლავს ქიმიური იარაღით მარიუპოლს, კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს და ებრძვის მის გმირ დამცველებს, მაგრამ… მარიუპოლი, განსხვავებით ალეპოსგან და გროზნოსგან, უკვე არის სიცოცხლის სიკვდილზე, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო! მიხარია და მეამაყება, რომ ჩემი მოდგმის საამაყო შვილებს – ქართველებს დიდი ამაგი აქვთ მარიუპოლზე (აუღებელი ციხესიმაგრის – „აზოვსტალის“ გენერალური დირექტორი ქართველი კაცია! ლეგენდარული „აზოვის“ პოლკის შექმნაში ქართველების წვლილი ძალიან დიდია! დიდება დაღუპულ გმირებს და გამარჯვება ჩვენს მეომრებს!).
„საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ – მშვენიერი გზავნილია მსოფლიოსთვის! სხვა სიტყვებით, სხვა ფორმით, სხვა ემოციით – ბრაზით, წყენით, თხოვნით, მადლიერებით და მოთხოვნით პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მისმა გუნდმა მიაღწიეს იმას, რომ დღეს (დაგვიანებით, მაგრამ მაინც) უკრაინას უფრო მეტი ტანკი ჰყავს, ვიდრე ურდოს უკრაინაში; უკრაინის მხრიდან აგუგუნდა ამერიკული, ბრიტანული, კანადური, ჰოლანდიური და ფრანგული მძიმე არტილერია! ჩეხური, სლოვაკური, რუმინული და სლოვენიური ტანკები უპირისპირდებიან და ანადგურებენ რუსული ურდოს მოძველებულ თუ აღლუმისთვის გამზადებულ ტანკებს!
პოლონეთი იქცა თანადგომის და ნამდვილი ძმობის სიმბოლოდ! პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე გაჩერდით რამდენიმე საათი და მიხვდებით, რა არის ადამიანობა! ვარშავაში, რკინიგზის სადგურზე მოხალისეს (ჩვენს ჯგუფს შეხვდა ასეთი ანგელოზი, სახელად აგნეშკა) უბრალოდ კითხვა დაუსვით და დარწმუნდებით, რომ სიკეთეს ბოროტება ვერასდროს მოერევა!
რუსეთმა ჩაიდინა გენოციდი უკრაინაში! ვინ, თუ არა ბალტიის ქვეყნები და ჩეხეთი გააფორმებდნენ პირველები ამას ოფიციალურად! მალე ვნახავთ აშშ-ის კონგრესში, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, ევროპარლამენტში, საფრანგეთის სენატსა და გერმანიის ბუნდესტაგში ანალოგიურ რეზოლუციებს! აუცილებლად ვნახავთ პუტინს, მის ურდოს და რუსეთს გასამართლებულს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის! მოვა დრო და ჩემი ქვეყანაც დაარქმევს ყველაფერს თავის სახელს!
პუტინთან მოლაპარაკების მცდელობებზე მე ჩემი აზრი მაქვს – არათუ ნეგატიური, არამედ უბრალოდ ვთვლი, რომ გარდა კაპიტულაციისა, პუტინთან სხვა ლაპარაკი არ და ვერ უნდა შედგეს! მესმის, განა არ მესმის ძალისხმევის, რომ შეწყდეს ომი, შეჩერდეს უკრაინელი ხალხის სისხლისღვრა, მაგრამ… ვის გჯერათ, რომ პუტინი, მისი ურდოს განადგურების გარეშე, დათანხმდება უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების სრულად გაყვანას; ვის გჯერათ, რომ საბოლოო ჩამოშლის და კოლაფსის გარეშე პუტინი ხელს მოაწერს კაპიტულაციას?! ამ ყველაფერს კი დრო, იარაღი, ბრძოლა და ეკონომიკური ყულფი სჭირდება! სამწუხაროდ, უკრაინაში ომი გახდა საჭირო იმისთვის, რომ ევროპის ქვეყნები მიმხვდარიყვნენ (არიან ზოგიერთები, ვინც ახლაც არ აღიარებს – ორბანი არ მყავს მხედველობაში 😉 ), რამდენად მძიმე და სახიფათო იყო რუსულ ენერგომატარებლების „ნემსზე შეჯდომა“! რას ვიზამთ? მთავარია, რომ „დეტოქსი“ დაწყებულია და რუსულ გაზსა და ნავთობზე სრულად უარის თქმა ევროპის უმეტეს ქვეყნებში შეუქცევადი გახდა.
ყველაფერს ერთობლიობაში აქვს მნიშვნელობა – რუსეთის ფლაგმანი კრეისერის „მოსკოვის“ ჩაძირვას, აღმოსავლეთ უკრაინაში „რუსკი მირის“ სრულ კრახს, ასეულობით მილიარდი დოლარის ანგარიშებზე გაყინვას და უკრაინის რეაბილიტაციისთვის მათ შესაძლო გადაცემას უკვე მოჰყვა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში, რუსეთის სამხედრო გენერალიტეტში, პოლიტიკური იდეოლოგიის სულისჩამდგმელებში (ცეცხლოვანი სალამი სურკოვს ლეფორტოვოში 😉 ) და რუსული ენერგომაფიის მაღალ ეშელონებში მკვლელობები (ზოგ შემთხვევაში – ოჯახის წევრებთან ერთად), მასობრივი დაჭერები და „პაგონების ჩამოხევები“! ეს მხოლოდ დასაწყისია! წუხს და მოთქვამს გა(ნ)მილიონერებული და ჯიბეებშეთხელებული მილიარდერების კასტა – ასე ვეღარ გაგრძელდებაო!
რუსი თითქმის კეთროვანი ხდება!!! ყველგან ცივილიზებულ სამყაროში! გერმანიაში რაშიზმის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეთა მანქანებს გერმანელი პოლიციელი რომ დააზიანებს, ეს უკვე რუსის დიაგნოზია!
რა მიიღო ამ ორ თვეში პუტინმა იქიდან, რაზეც ოცნებობდა?
უკრაინის დენაციფიკაციის ნაცვლად – დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში აქამდე არარსებული ერთსულოვნება! 90%-მდე უკრაინელი, მათ შორის უკრაინაში მცხოვრები მილიონობით რუსი ამაყობს უკრაინული ერით! ერით, რომელიც ათწლეულები, ალბათ საუკუნეც, არ აპატიებს რუს ხალხს იმ დანაშაულებს, რომლებიც პუტინმა და მისმა ურდომ ჩაიდინა!
უკრაინის დემილიტარიზაციის ნაცვლად – ევროპაში უკვე ყველაზე მაგარი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი არმია, რომელიც მალე გაანადგურებს ოდესღაც „მსოფლიოში სიძლიერით მეორე“ არმიას!
დასუსტებული და დაქსაქსული ნატო-ს ნაცვლად – ზაფხულში ნატო-ს სამიტზე ფინეთისა და შვედეთის გაწევრებით კიდევ უფრო გაძლიერებული, ერთ მუშტად შეკრული ჩრდილოატლანტიკური ალიანსი!
განიარაღებული ცენტრალური ევროპის ნაცვლად – აქამდე წარმოუდგენელი ცოცხალი ძალის და შეიარაღების კონცენტრირება პოლონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში!
ზესახელმწიფოს სტატუსის ნაცვლად – Zეტსახელმწიფო, რომელმაც თავისი ბოროტმოქმედებით ვიკიპედიაში გააჩინა ცნება „რაშიზმი“!
უკრაინა დაუსვამს წერტილს Zეტებს, რაშიზმს და გამოუტანს განაჩენს პუტინს!
ღმერთო, გაამარჯვებინე უკრაინას!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023