"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

გლობალიზაციის დონით საქართველო მსოფლიოში 53-ე ადგილზეა

Forbes-WEB-გლობალიზაცია

გლობალიზაციის საერთაშორისო რეიტინგში საქართველო 53-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

გლობალიზაციის რეიტინგი გლობალიზაციის ინდექსის მიხედვით დგება, რომელსაც ყოველწლიურად ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აქვეყნებს. ინდექსი 196 ქვეყანას მოიცავს და ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გლობალიზაციის დონეს იკვლევს, რაც ჯამში გვაძლევს გლობალიზაციის ზოგადი დონის მაჩვენებელს.

ეკონომიკური გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსური გლობალიზაციის დონით განისაზღვრება. საერთაშორისო ვაჭრობა მოიცავს, თუ რამდენია ქვეყნის საგარეო ვაჭრობა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ და რამდენად დივერსიფიცირებულია სავაჭრო პარტნიორები. ფინანსური გლობალიზაცია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, პორტფელის ინვესტიციებს, საერთაშორისო დავალიანებას, საერთაშორისო რეზერვებს, შრომასა და კაპიტალზე შემოსავლებს საზღვარგარეთიდან, კაპიტალის ანგარიშის ღიაობას და საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმებებს მოიცავს.

პოლიტიკური გლობალიზაციის დონე შემდეგი კრიტერიუმებით განისაზღვრება: საელჩოების რაოდენობა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიებში მონაწილეობა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობა, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მიერთება.

სოციალური გლობალიზაციის დონე შემდეგი კრიტერიუმებით განისაზღვრება: მიგრაცია, ტურიზმი, საზღვარგარეთელი სტუდენტები, ფულადი ტრანსფერები, ინტერნეტის გამოყენება, მოგზაურობის თავისუფლება, საერთაშორისო აეროპორტების რაოდენობა, პრესის თავისუფლება, სამოქალაქო უფლებები, გენდერული თანასწორობა, ჰუმანური კაპიტალი, პერსონალური მომსახურებით ვაჭრობა, „მაკდონალდსის“ რესტორნებისა და „იკეას“ მაღაზიების არსებობა.

ინდექსის ინდიკატორების ინფორმაციის წყარო საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემები და სხვადასხვა კვლევაა. 2023 წლის რეიტინგი 2021-2022 წლების რეალობას ემყარება.

საქართველო გლობალიზაციის ინდექსში

ინდექსის თანახმად, საქართველო გლობალიზაციის დონით მსოფლიოში 53-ე ადგილზეა 70.3 ქულით, ცალკე აღებული ეკონომიკური გლობალიზაციით კი 30-ე ადგილი უჭირავს. გლობალიზაციის საერთო დონით 53-ე ადგილი იმით არის განპირობებული, რომ სოციალური გლობალიზაციით საქართველო 76-ე ადგილზეა, ხოლო პოლიტიკური გლობალიზაციით – 121-ე ადგილზე. გასულ წელს საქართველოს გლობალიზაციის ქულა 0.1-ით დაბალი, 70.2 იყო და ამ ქულით საქართველო მსოფლიოში ერთი პოზიციით ქვემოთ, 54-ე ადგილზე იყო.

საქართველოს ეკონომიკურ გლობალიზაციაში 100-დან 79 ქულა აქვს. გასულ წელსაც 79 ქულა ჰქონდა. ეკონომიკური გლობალიზაციის კომპონენტებში – საერთაშორისო ვაჭრობაში 79.6 ქულა აქვს, ხოლო ფინანსურ გლობალიზაციაში – 77.8. საქართველოს მაღალ პოზიციას საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალური პოლიტიკა და უცხოური კაპიტალის თავისუფლად შემოსვლის შესაძლებლობა განაპირობებს.

პოლიტიკურ გლობალიზაციაში საქართველოს 100-დან 59.4 ქულა აქვს. შედარებით დაბალ ქულას მნიშვნელოვნად განაპირობებს ის ფაქტი, რომ საქართველოში ბევრი ქვეყნის საელჩო არ არის და პირიქით, საქართველოს საელჩოები ბევრ ქვეყანაში არ არის.

სოციალურ გლობალიზაციაში საქართველოს 100-დან 73 ქულა აქვს. საქართველოს მაღალი ქულები აქვს ტურიზმში, ემიგრანტების რაოდენობაში, ფულად გზავნილებში, მაგრამ დაბალი ქულები აქვს საერთაშორისო აეროპორტების რაოდენობაში, სამოქალაქო უფლებებში, ჰუმანურ კაპიტალში და პერსონალური მომსახურებით ვაჭრობაში. ნული ქულა აქვს „იკეას“ მაღაზიების არსებობაში, რადგან ეს ცნობილი შვედური ბრენდი საქართველოში ჯერ არ შემოსულა.

გრაფიკი: საქართველოს ქულა გლობალიზაციის ინდექსში

წყარო: ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გლობალიზაციის ინდექსი

გლობალიზაციის დონით ლიდერი ქვეყნები

გლობალიზაციის დონით პირველ ადგილზე შვეიცარიაა 90.8 ქულით (მაქსიმალური 100 ქულიდან). მეორე ადგილზე ბელგიაა 90.4 ქულით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდებია 90.3 ქულით.

გლობალიზაციის რეიტინგში საქართველოს გეოგრაფიული მეზობლებიდან თურქეთი 54-ე ადგილზეა, რუსეთი 55-ზე, სომხეთი 65-ზე და აზერბაიჯანი 77-ზე.

გლობალიზაციის რეიტინგში ბოლო ადგილზე სომალია 30 ქულით. ბოლოდან მეორეზე ერიტრეაა 32 ქულით, ხოლო ბოლოდან მესამეზე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა 37 ქულით.

გლობალიზაციის დონით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა

 ქვეყანაქულა
1შვეიცარია90.8
2ბელგია90.4
3ნიდერლანდები90.3
4შვედეთი89.0
5გერმანია89.0
6ავსტრია88.5
7გაერთიანებული სამეფო88.4
8დანია87.8
9ფინეთი87.3
10საფრანგეთი87.2

წყარო: ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გლობალიზაციის ინდექსი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა