"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
“გვერდზე გაყვანები” ოსაკაში
როგორც წესი, მრავალმხრივი სამიტების დღის წესრიგები დახუნძლულია გლობალური თემებით, როგორიცაა კლიამტური ცვლილებები, სავაჭრო ურთიერთობები, ეკონომიკური ზრდის ტემპები, გლობალური უსაფრთხოება და სხვა. ასე იყო ოსაკაშიც, როდესაც შეიკრიბნენ მსოფლიო ეკონომიკის 85%-ის შემქმნელი 19 ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები. განიხილეს კლიმატური ცვლილებების და მასთან დაკავშირებული პარიზის შეთანხმების თემა, მსოფლიო ვაჭრობისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეფორმირების პრობლემა, ბირთვული უსაფრთოხებისა და მასთან დაკავშირებული ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენების საკითხი და ა.შ. იყო ტრადიციული ოჯახური ფოტოც, იყო ლანჩები და სადილები პირველი პირებისთვის, მათი საგარეო მინისტრებისთვის და მაღალი რანგის სტუმრებისთვის (იაპონელებს ნამდვილად უმაღლეს დონეზე აქვთ აყვანილი სტუმარ-მასპინძლობის ფილოსოფია). თუმცა, ასეთ შეკრებებზე აუცილებლად ხდება “გვერდზე გაყვანებიც”. არის სპონტანური, დაუგეგმავი ორი სიტყვით გადალაპარაკებებიც, მაგრამ ყველა მთავარი ორმხრივი შეხვედრა რა თქმა უნდა წინასწარ დაგეგმილია. გამომდინარე იქიდან, რომ გლობალური პრობლემების დიდი ნაწილი პირდაპირ დაკავშირებულია ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებთან, ბოლო წლების სამიტების მთავარ ფოკუსში სწორედ ორმხრივი შეხვედრებია და მრავალმხრივი შეხვედრა მათ ჩრდილში ექცევა.
საყოველთაო აღიარებით, სამიტის მთავარ ინტრიგას აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრა წარმოადგენდა. იყო სპეკულაციები, რომ შეხვედრა, შესაძლოა არც კი შემდგარიყო. ასეთ ვარაუდებს საფუძველი ჩაუყარა თავად დონალდ ტრამპმა, როდესაც განაცხადა, რომ თუ ჩინეთის პრეზიდენტი მას არ შეხვდებოდა, ის დამატებით 250 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე 25%-იან ტარიფებს შემოიღებდა. ჩემი აზრით, ეს უფრო “პიარულად” გადადგმული ნაბიჯი იყო და გათვლილი იყო ყველა სხვა დანარჩენ დაინტერესებულ მხარეზე, გარდა ჩინელებისა.
შეხვედრა შედგა. გადავრჩით (ჩვენი არ ვიცი, გლობალური ეკონომიკისთვის ნამდვილად კარგი ამბავია): ახალი ტარიფების შემოღება აღარ მოხდება. დონალდ ტრამპმა სამიტზე მისი ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ცაში აიყვანა ჩინელი კოლეგა, სულ “ბრილიანტი”, “ოქრო და ბაჯაღლო” კაცი ეძახა, თუმცა არც საკუთარი წარმატების წარმოჩენა დაავიწყდა. ის აშკარად კმაყოფილი იყო, რომ: ჩინეთი ისევ დაიწყებს ამერიკელი ფერმერებისგან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვას (ფერმერებს კიდევ ცალკე ეფერა! იცის ამ კაცმა პიარი აშკარად), ამერიკული კომპანიები “სილიკონ ველიდან” შეძლებენ მაღალტექნოლოგიური პროდუქტების მიყიდვას “ჰუავეისთვის”, განახლდება მოალაპარაკებები სავაჭრო შეთანხმებაზე და “ჰუავეის” საკითხი, ყველაფერი რომ შეთანხმდება და დასრულდება, ბოლოს განიხილება. რა ქნას ამ კაცმა მეტი ერთ შეხვედრაზე? არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ფასიან ქაღალდებზეც და აშშ-ს ეკონომიკაზეც. მშვენიერი გასროლაა საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის ოფიციალაურად დაანონსებიდან 10 დღეში. ილუზიაში ნურავინ იქნება: სავაჭრო შეთანხმებამდე სერიოზული გზაა. ჩინურმა მხარემ თავის მხრივ ისიც კი განაცხადა, რომ მეტი არავითარ დათმობებზე წასვლას აღარ აპირებს და ახლა ამერიკული მხარის ჯერია. მოკლედ, სამუშაო კიდევ ბევრია.
გაცილებით ნაკლები მოლოდინი იყო ტრამპის პუტინთან შეხვედრასთან დაკავშირებით. თვითონ კი იყო ძალიან პოზიტიურად განწყობილი შეხვედრამდეც და შეხვედრის შემდეგაც, მაგრამ შედეგობრივად აშშ-რუსეთის ლიდერების შეხვედრა გაცილებით უფრო “მშრალი” იყო. პიარულად აქაც იხელთა სიტუაციურად ტრამპმა. შეხვედრის დაწყებამდე მედია საშუალებების თვალწინ, ნახევრად ხუმრობით, ღიმილით და მეგობრულად თითის დაქნევით ტრამპმა პუტინს მიმართა: “იცოდე, არ ჩაერიო 2020-ში საპრეზიდენტო არჩევნებში”. შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე კი ეს მომენტი დონალდ ტრამპმა საკმაოდ ოსტატურად “გაყიდა”, როგორც სერიოზული გაფრთხილება: “არავითარი ხუმრობა. თქვენ რაც ნახეთ, ისიც სერიოზულად იყო ნათქვამი და შეხვედრაზეც შევეხეთ ამ საკითხს”. ოფიციალური რელიზიდან იკვეთება, რომ საუბარი შეეხო სირიას, უკრაინას, ვენესუელასა და ირანს. არ მგონია, რომ რომელიმე მხრიდან რაიმე განსაკუთრებულ დათმობას ჰქონოდა ადგილი. არც არავის ჰქონდა ასეთი მოლოდინი.
დონალდ ტრამპი შეხვდა, მისივე სიტყვებით, “კერკეტ კაკალ” ლიდერებსაც. ის კმაყოფილი ჩანდა თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრით, თუმცა, დაადანაშაულა რა მისი წინამორბედი ადმინისტრაცია, გულწრფელად აღიარა, რომ სერიოზული პრობლემაა თურქეთის მიერ უკვე შეძენილი რუსული “ს-400”-ების და ამერიკული “ფ-35”-ების თავსებადობაში მოყვანა.
არ მოერიდა საუდის არაბეთის პრინცთან მუჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრის და ზოგადად საუდის არაბეთთან ურთიერთობების მნიშვნელობის ხაზგასმასაც. მიუხედავად ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის სადისტურ მკვლელობასთან საუდელი მემკვიდრე პრინცის პირდაპირი შემხებლობის შესახებ არსებული ეჭვებისა, მან აქცენტი ნავთობის ფასებისა და საუდის არაბეთის მიერ მრავალმილიარდიანი შესყიდვების მნიშვნელობაზე გააკეთა.
“დესერტად” დონალდ ტრამპმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ მიემგზავრება ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კორეაში და მზად არის სადემილიტარიზაციო ზონაში ჩრდილო კორეელ ლიდერთან კიმ ჩენ ინთან “თათარი ახლად” შეხვედრისათვის. გამო ბიჭაუ საზღვარზე, კაცური სალამი გითხრაო (როდესაც ეს ბლოგი დღის სინათლეს იხილავს, შეიძლება ხელიც ჰქონდეს ჩამორთმეული და პირზე კოცნითაც იყვნენ დაშორებული. შეიძლება არც!).
მთლად დონალდ ტრამპის ოსაკას სამიტში მონაწილეობის ანგარიში რომ არ გამოგვივიდეს (არადა, ობიექტურად სწორედ ის იყო მთავარ ფოკუსში), კარგა ხანს დასამახსოვრებელი იქნება დიდი ბრიტანეთის ტერესა მეის ვლადიმერ პუტინისთვის ხელის ჩამორთმევისას მისი სახის გამომეტყველება და მისი განცხადებაც, რომ ვიდრე რუსეთი არ დასჯის სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი გრუ-ს აგენტებს, ვიდრე არ მოეშვება დიდი ბრიტანეტის ტერიტორიაზე დესტრუქციულ ქმედებებს, მის ქვეყანასა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პერსპექტივა არ არსებობს.
ლიბერალური სამყაროს სახელით ღირსეული პასუხი გასცა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ვლადიმერ პუტინს, რომელმაც სამიტზე გამგზავრებამდე “ფაინენშლ თაიმს”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლიბერალიზმი დაასამარა. პასუხად დონალდ ტუსკმა იაპონიაში ჩასვლისთანავე განაცხადა, რომ მოძველებული და წარსულს ჩაბარებული ავტოკრატია და რეჟიმების მმართველობაა და არა ლიბერალიზმი. ჩემი მოკრძალებული აზით, არცერთი და არც მეორე – ორივე ცოცხლობს და ბრძოლა გრძელდება.
გლობალური საკითხების ჩრდილში ხვდება ხოლმე მოსახლოების რაოდენობის სიდიდით მსოფლიოში მეორე ქვეყანა ინდოეთი. ამ დროს, დონალდ ტრამპი ცალკე შეხვდა პრემიერ-მინისტრ რ. მოდის და ე.წ. “ბრიჩს”-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) თუ “რიჩ”-ის ფარგლებში სავალდებულო წესით ცალკე შეხვედრები ამჯერადაც გაიმართა.
მოკლედ იყო ერთი “გვერდზე გაყვანა” და ორი სიტყვით გადალაპარაკება იაპონიის მშვიდ და არაამქვეყნიურ ქალაქ ოსაკაში, პრობლემები კი პრობლემებად დარჩა და შემდეგი დიდი ოცეულის შეკრებისთვის ახალი “გვერდზე გაყვანებიც” ალბათ უკვე ჩაიგეგმა. არ გაინტერესებთ სად იქნება შემდეგი სამიტი? 20-21 ნეომბერს გაიმართება საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში. მაააშ!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023