ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

იაფი ფულის ეპოქის დასასრული

Forbes-WEB-22071301

რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა,
იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი.

ეკლესიასტე 1:9

დღეს მსოფლიოს კვლავ ემუქრება ეკონომიკური რეცესიის რისკი. ეს ნათქვამი და მერე რეცესიის მიზეზებად პანდემიის და უკრაინის ომის დასახელება ყოველგვარი ჩაღრმავების გარეშე იქნება ათასჯერ ნათქვამის თუთიყუშივით გამეორება. ვეცდები ოდნავ მეტის თქმა მოვახერხო.

დღევანდელი რეცესიული რისკის მიზეზი კომპლექსურია და შედგება შემდეგი მეორეული ფაქტორების კომბინაციებისგან: მაღალი საპროცენტო განაკვეთი, მომხმარებლის დაბალი დარწმუნებულობა, ინვესტიციების კლება და რეალური შემოსავლის შემცირება. ამის უკან კი თავდაპირველი წყარო, თავდაპირველი ფაქტორი არის პანდემია და უკრაინის ომმა სურათი კიდევ უფრო დაამძიმა. თუმცა, იცით რა არის? რაც არ უნდა იყოს თავდაპირველი წყარო, მეორეული ფაქტორები იგივეა. რეცესიის პირველწყაროდ იქნება დოთკომის ბაზარის თუ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების ბაზარის ჩამონგრევა თუ ეს იქნება პანდემია, მეორეული ფაქტორები ყოველთვის იგივეა: მაღალი საპროცენტო განაკვეთი, მომხმარებლის დაბალი დარწმუნებულობა, ინვესტიციების კლება და რეალური შემოსავლის შემცირება. ტერმინების ბრახუნში ხშირად გვავიწყდება, რომ ყოველივე ამის უკან დგანან ცოცხალი ადამიანები და მოსჩანს მილიონობით დანგრეული ცხოვრება.

რეცესიული რისკის დროს ინვესტორები იცავენ თავს. როგორ? ერთერთი გზა არის ე.წ. „თავდაცვითი აქციების“ ყიდვა. ბაზრის შეკუმშვის ფონზეც კი ეს აქციები იძლევიან სტაბილურ ფულად ნაკადებს. რომელია ასეთი რეცესიაგამძლე კომპანიები? ისინი, რომლებიც მუშაობენ მომხმარებლის აუცილებელი მინიმალური კალათის პროდუქტების, კრიტიკული აღდგენა-შეკეთება-რემონტის, აუცილებელი ინფრასტრუქტურის, ბიოფარმაცევტიკის და სხვა მიმსგავსებულ სფეროებში. ასეთი კომპანიების მაგალითია: Procter & Gamble, Johnson & Johnson, Philip Morris, Coca-Cola, etc.

რეცესიის ერთერთი შედეგი, რომელიც მერე რეცესიის სპირალის მიზეზიც ხდება, არის მოკლევადიანი დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთის გაძვირება. მოკლევადიანი კრედიტები კი ხშირად გამოიყენება სამომხმარებლო სესხებისთვის. ანუ ეკონომიკის ერთერთი უმსხვილესი მონაწილე, მომხმარებელი, რჩება ფულადი რესურსის გარეშე, რაც უფრო ამწვავებს კრიზისს.

პანდემიამ მოშალა მიწოდების ინფრასტრუქტურა და გააძვირა გადაზიდვები, მათ შორის ნავთობის. უკრაინის ომმა დამატებით გაზარდა საწვავის ფასი და არის იმის შესაძლებლობა, რომ შეიქმნას სასურსათო დეფიციტი. ამ შოკების შედეგად იზრდება ინფლაცია, რომელიც დამატებით ზრდის საშუალოვადიანი დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთს და ბუნდოვანს ხდის გრძელვადიანი კრედიტის ფასს. გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი გამოიწვევს ინვესტიციების შემცირებას და ეკონომიკის ზრდის შემდგომ შემცირებას.

ინფლაცია აშშ-ში ა.წ. მაისში შეადგენდა 8.0%-ს, ხოლო ევროკავშირის ზონაში იყო 8.8%. ნედლი ნავთობის (Brent) ფასი წლიურ ჭრილში (YTD) გაიზარდა 27.2%-ით, ხოლო აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ ეკონომიკის სტიმულირებამ (ვფიქრობ, რომ მაინც აუცილებელი ზომა იყო) ინფლაციის რისკი გაზარდა. აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა ბაზარის ლიკვიდურობას შეამცირებს რაოდენობრივი გამკაცრების (Quantitative Tightening) გზით. ეს კი ინვესტორებს მიუთითებს, რომ იაფი ფულის ეპოქა მთავრდება. რთულია იმის თქმა, თუ საით და რა სიჩქარით წავა (ან სულაც არ წავა არსად) რეცესიის ტრაექტორია. მე ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან, დინამიკური წონასწორობა, ოღონდ სხვა ფორმით, ისევ აღდგება, როგორც არაერთხელ მომხდარა მანამდე. ფუნდამენტურად არაფერი ახალი არ არის. იცვლება ფორმები, არ იცვლება შინაარსი. ჩემთვის უდავოა: „რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი.“ ეკლესიასტე 1:9

გააზიარე