"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"
ინტერნეტის თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში მე-11 ადგილზეა
ინტერნეტის გლობალური თავისუფლების რეიტინგში საქართველო მე-11 ადგილზეა.
მეთოდოლოგია
ინტერნეტის გლობალური თავისუფლების რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ აქვეყნებს. ბოლო რეიტინგი 70 ქვეყანას მოიცავს. თუმცა ქვეყნები, რომლებიც რეიტინგში არ არიან შეყვანილი, ძირითადად განვითარებადი, ღარიბი ქვეყნებია, სადაც ნაკლებსავარაუდოა, რომ ინტერნეტის თავისუფლების მაღალი დონე იყოს. რეიტინგის მონაცემები ყოველწლიურად ახლდება. 2023 წელს გამოქვეყნებული რეიტინგი 2022 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 31 მაისამდე არსებულ რეალობას ასახავს.
ქვეყანას, მაქსიმუმ, 100 ქულის დაგროვება შეუძლია, მეტი ქულა ინტერნეტის მეტ თავისუფლებას ნიშნავს. 100 ქულა შეფასების 3 კრიტერიუმზე ნაწილდება: მაქსიმუმ 25 ქულა მოდის ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე, მაქსიმუმ 35 ქულა მოდის ინტერნეტის თემატურ შეზღუდვაზე და მაქსიმუმ 40 ქულა მოდის ინტერნეტის მომხმარებლების უფლებების დაცვაზე. ქვეყნებზე დაკვირვება ღია მონაცემებზე დაყრდნობით და გამოკითხვებით ხდება. ქულების მიხედვით ქვეყნები თავისუფალ, ნაწილობრივ თავისუფალ და არათავისუფალ ქვეყნებად იყოფიან.
საქართველო ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში
„ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში 76 ქულა აქვს და მე-11 ადგილს იკავებს 70 ქვეყანას შორის. საქართველო ინტერნეტის მხრივ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფშია.
2022 წელს საქართველო ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში მე-7 ადგილზე იყო 78 ქულით. ბოლო კვლევით საქართველოს ქულა 2-ით შემცირდა, რამაც რეიტინგში საქართველოს 4 საფეხურით ჩამოქვეითება განაპირობა. 2 ქულა საქართველოს ინტერნეტის თემატურ შეზღუდვაში დააკლდა. ამ ნაწილში ქულის კლება განაპირობა იმან, რომ ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ბოლო წლებში გარკვეული რაოდენობის საიტები დაბლოკა. საიტების დახურვის მთავარი მიზეზი საავტორო უფლებების დარღვევა იყო.
საქართველოს მაქსიმალური 25 ქულიდან 19 ქულა აქვს ინტერნეტისადმი ხელმისაწვდომობაში. საქართველოს ტერიტორიაზე სრულად არის ინტერნეტი ხელმისაწვდომი. ბოლო სტატისტიკით, ინტერნეტზე ხელი ოჯახების 89%-ს მიუწვდება. ბოლო გამოკითხვით, მოსახლეობის 15%-ს ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია.
ინტერნეტის თემატურ შეზღუდვაში საქართველოს 35-დან 29 ქულა აქვს. ინტერნეტის მომხმარებლები არ არიან შეზღუდული, ვებსაიტებზე შევიდნენ, ინფორმაცია გადმოტვირთონ ან ატვირთონ, ჰქონდეთ საკუთარი ვებსაიტები, გამოიყენონ ფორუმები და სოციალური მედიის პლატფორმები. ასევე თავისუფალია აპლიკაციების გამოყენება.
ინტერნეტის მომხმარებლების უფლებების დაცვაში საქართველოს 40-დან 28 ქულა აქვს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მედიისთვის დაცულია ინფორმაციის წყაროს ანონიმურობა, ბოლო პერიოდში საგამოძიებო უწყებები ითხოვდნენ ინფორმაციის წყაროს დასახელებას. ასევე მითითებულია სასამართლოს შეზღუდულ თავისუფლებაზე, რაც მომხმარებლების უფლებების დაცვისთვის რისკია.
საქართველოს ქულა ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში
წყარო: Freedom House
ინტერნეტის ყველაზე მაღალი თავისუფლების დონის მქონე ქვეყნები
„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ინტერნეტის გამოყენება ყველაზე თავისუფალი ისლანდიასა და ესტონეთშია. ისლანდიას მაქსიმალური 100 ქულიდან 94 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს – 93. ინტერნეტისადმი ხელმისაწვდომობაში ისლანდიას და ესტონეთს 25-დან 25 ქულა აქვს, რაც ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების ყველა მოსახლეს მიუწვდება ხელი ინტერნეტზე.
რეიტინგის ტოპ-10-ში მდიდარი ქვეყნებია. მათ შემდეგ მოდის საქართველო მე-11 ადგილზე.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ინტერნეტის ყველაზე მაღალი თავისუფლების დონე სომხეთშია, რომელსაც 72 ქულა აქვს და რეიტინგში მე-16 ადგილზეა. აზერბაიჯანს 37 ქულა აქვს და რეიტინგში 46-ე ადგილზეა. 52-ე ადგილზეა თურქეთი 30 ქულით და 67-ე ადგილზეა (70 ქვეყნიდან) რუსეთი 21 ქულით. 2021 წელს რუსეთს 30 ქულა ჰქონდა.
რეიტინგში ბოლო, 70-ე ადგილზე ჩინეთია 9 ქულით, სადაც გარკვეული ვებსაიტები დაბლოკილია, ხოლო ინტერნეტმომხმარებლების უფლებები საერთოდ არ არის დაცული. ქვემოდან მეორე ადგილზე მიანმარია 10 ქულით. შემდეგ ირანი მოდის 11 ქულით.
ინტერნეტის თავისუფლების დონით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა
ქვეყანა | ქულა | |
1 | ისლანდია | 94 |
2 | ესტონეთი | 93 |
3 | კანადა | 88 |
4 | კოსტა-რიკა | 85 |
5 | გაერთიანებული სამეფო | 79 |
6 | ტაივანი | 78 |
7 | გერმანია | 77 |
8 | იაპონია | 77 |
9 | ავსტრალია | 76 |
10 | საფრანგეთი | 76 |
წყარო: Freedom House
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024
- on თებერვალი 29, 2024