"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ირანის ულტრაკონსერვატიული არჩევანი

ალექქსი პეტრიაშვილი - 23

18 ივნისს ირანმა პრეზიდენტად ულტრაკონსერვატორი ებრაჰიმ რაისი აირჩია. მისი ბიოგრაფია პრინციპში ნათელ წარმოდგენას ქმნის იმის შესახებ, თუ როგორ პოლიტიკას გაატარებს ქვეყნის შიგნით და მის გარეთ პრეზიდენტი რაისი მას შემდეგ, რაც აგვისტოში ოფიციალურად შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას. მხოლოდ რამდენიმე შტრიხი: ებრაჰიმ რაისი ერთ-ერთი  იყო „სიკვდილის კომისიის“ იმ ოთხი წევრიდან, რომელთაც 1988 წელს 5 ათასზე მეტი ოპოზიციონერისა და აქტივისტის მკვლელობასა და გაუჩინარებაში ედებათ ბრალი; ებრაჰიმ რაისი სხვადასხვა დროს იკავებდა მაღალ თანამდებობებს პროკურატურის სისტემაში, 2019 წლიდან კი იყო მართლმსაჯულების უწყების ხელმძღვანელი; ებრაჰიმ რაისი არის წარმოშობით ირანის სიდიდით მეორე ქალაქ მეშჰედიდან, რომელსაც შიიტი მუსლიმებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს; დაბოლოს, ებრაჰიმ რაისს აქვს ძალიან ახლო ურთიერთობა  ირანის სულიერ ლიდერ ალი ხამენეისთან. ფაქტობრივად, ამ არჩევნებში ის მის პროტეჟედ მოიაზრებოდა, სამომავლოდ კი სულიერი ლიდერის პოსტზე შემცვლელადაც სახელდება. თავად 82 წლის ხამენეიმაც თავის დროზე პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა გარდაცვლილი აიათოლა ხომეინი. როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტის თანამდებობა მნიშვნელოვანი პოზიციაა ირანში, მაგრამ ყველაზე გავლენიანი სულიერი ლიდერია და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად სწორედ მისი სიტყვაა საბოლოო და გადამწყვეტი. ასე რომ, თუ რაისი გაუმკლავდება სანქციებით და პანდემიით გამოწვეულ უმძიმეს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს (გასულ წელს ინფლაციამ 40%-ს გადააჭარბა) და წარმატებით გაუძღვება ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე, ხამენეის გარდაცვალების შემდეგ ის ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციასაც დაიკავებს. თუმცა მანამდე მას ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი პრეზიდენტის პოსტზეც (ცხადია, ალი ხამენეიმაც უნდა გადაწყვიტოს სხვა სამყაროში გადანაცვლება).

ალი ხამენეიმ ებრაჰიმ რაისი მართლმსაჯულების უწყების ხელმძღვანელად პირველ რიგში კორუფციასთან საბრძოლველად დანიშნა. ის მანამდეც გამოირჩეოდა ამ მიმართულებით, ხოლო მნიშვნელოვან პოსტზე დანიშვნის შემდეგ რაისიმ გაორმაგებული ძალისხმევით დაიწყო კორუმპირებული მაღალჩინოსნების, მათ შორის მოსამართლეების გამოვლენა. მან ამ სფეროში გარკვეული რეფორმებიც ჩაატარა, რამაც ირანში სიკვდილმისჯილთა რაოდენობა შეამცირა, თუმცა უმნიშვნელოდ. ირანი მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება კორუფციისთვის სასჯელის უმაღლესი ზომის განაჩენის გამოტანის სტატისტიკაში.

თუ კორუფციასთან ბრძოლაში მყარად შეიძლება გრძნობდეს თავს ებრაჰიმ რაისი, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების მხრივ პერსპექტივები უფრო რთულად გამოიყურება. საქმე ისაა, რომ რაისი, განსხვავებით მისი წინამორბედი შედარებით ზომიერი ჰასან როჰანისგან განსხვავებით, არ ისწრაფვის დასავლური მულტინაციონალური კომპანიებისთვის ირანის ეკონომიკის გახსნისკენ. ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბირთვულ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში დადებითი შედეგის მიღწევის და, შესაბამისად, სანქციების შერბილების/მოხსნის შემთხვევაშიც კი ირანის ახალმა პრეზიდენტმა ხელსაყრელი პირობები შეუქმნას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას დასავლეთიდან, ეს კი ნამდვილად არ შეუწყობს ხელს უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას.

რა თქმა უნდა, ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს პრეზიდენტ რაისის დღის წესრიგში. საარჩევნო კამპანიის დროს ებრაჰიმ რაისს მაინცდამაინც მკაფიოდ არ ჩამოუყალიბებია მისი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები და მთავარ აქცენტს ირანის ეროვნული ინტერესების უზენაესობაზე აკეთებდა. თუმცა  ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მან ღიად განაცხადა, რომ შეთანხმება უნდა შედგეს, ოღონდ ირანისთვის მისაღები პირობებით. არაპირდაპირი მოლაპარაკებები აშშ-სა და ირანს შორის ვენაში ახლაც მიმდინარეობს. როგორც პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტის პირობებში შეთანხმების მიღწევა. რაც შეეხება რაისის არჩევას, ჯეიკ სალივანმა წუხილი გამოთქვა, რომ არჩევნები არათავისუფალ და არასამართლიან გარემოში ჩატარდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ალი ხამენეის ხელმძღვანელობით მოქმედმა სპეციალურმა საბჭომ რამდენიმე, ზომიერი შეხედულებების მქონე ძლიერი კანდიდატი მოხსნა არჩევნებიდან, რამაც, თავის მხრივ, შედარებით პროგრესულ ამომრჩევლებში გამოიწვია აქამდე არსებული უიმედობისა და უნდობლობის გაღრმავება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ რაისისთვის მართლაც კომფორტული საარჩევნო გარემო შეიქმნა. ალბათ ამან განაპირობა, რომ 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველად იყო ასეთი დაბალი აქტივობა. უფრო ზუსტად, 59 მილიონიდან მხოლოდ 48.5%, ანუ 29 მილიონამდე ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 61.9%-მა, ანუ 17.5 მილიონმა ადამიანმა დაუჭირა მხარი ირანის ახალ პრეზიდენტად ებრაჰიმ რაისის არჩევას.

ებრაჰიმ რაისს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს ვლადიმირ პუტინმა და ბაშარ ასადმა, ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერებმა, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა, ერაყის პრემიერ-მინისტრმა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ირანის პრეზიდენტად ულტრაკონსერვატორი რაისის არჩევას სხვაგვარად შეხვდა. „ამნესტი ინტერნეშნელის“ პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ ებრაჰიმ რაისი პრეზიდენტის სავარძელში კი არა, საბრალდებო სკამზე უნდა იჯდეს წარსულში ჩადენილი დანაშაულებისთვის. მან ასევე დასძინა, რომ მაინც განაგრძობს მსოფლიო  მასშტაბით ებრაჰიმ რაისის სამართლებრივ დევნას (ალბათ ამიტომაც თავად რაისი პრაქტიკულად არ გადის ირანიდან). განსაკუთრებით შეშფოთებული იყო ისრაელის ახალი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი. მან მთავრობის პირველი სხდომიდან მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას და გააფრთხილა აშშ-ის თუ სხვა დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები, რომ ეს არის სიტუაციის ძალიან სახიფათო განვითარება და კიდევ უფრო მეტი საფრთხე ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის თვალსაზრისით.

რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, რეალურად ირანი ჯერ კიდევ შორს არის მისი შექმნისგან, თუმცა ბოლო პერიოდში ქვეყანამ მნიშვნელოვნად გაზარდა ურანის გამდიდრების ტემპები და შეთანხმების მიღწევა თუ გაიწელება, შეიძლება ისეთ დონესაც მიაღწიოს, რომლის შედეგად მართლაც შეუძლებელი გახდება 2015 წელს შეთანხმებულ მაჩვენებლებთან დაბრუნება.

დაბოლოს, ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმოებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ირანის ინტერესების გატარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, ვის აირჩევს რაისი საგარეო საქმეთა მინისტრად. აშშ-ში განათლებამიღებული ჯავად ზარიფის შემცვლელად რამდენიმე გვარი სახელდება. მათ შორის არიან ალი ბაღერი, რომელიც მართლმსაჯულების უწყებაში ადამიანის უფლებათა საბჭოს ხელმძღვანელად თავად რაისიმ დანიშნა,  ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, რომელიც წინა წლებში იყო საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით და ულტრაკონსერვატორი საედ ჯალელი, რომელიც ასევე იყრიდა კენჭს და მოხსნა თავისი კანდიდატურა რაისის სასარგებლოდ.

ასე რომ, დაველოდოთ, რა შედეგებს მოუტანს 18 ივნისს გაკეთებული ულტრაკონსერვატიული არჩევანი თავად ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რეგიონს და დანარჩენ მსოფლიოს.

გააზიარე