მარიამი პროექტების მენეჯერი, ფორბსის ბლოგერი და კონტრიბუტორია. მისი კვლევითი ინტერესებია მდგარდი ეკონომიკური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტების მართვა საჯარო და კორპორატიულ დონეზე.
iVoting - პანაცეა თუ დემოკრატიის მახე?
თანამედროვე, თავისუფალი საზოგადოება დემოკრატიულ ღირებულებებზე დგას. სწორედ აღნიშნული სისტემა არის იმის გარანტი, რომ ადამიანმა სოციუმის სრულფასოვან წევრად იგრძნოს თავი, დაცული იყოს მისი უსაფრთხოება და უფლებები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დემოკრატია ცივილიზებული სამყაროს კომფორტის ფუნდამენტია. მეორე მხრივ, მისი ხარისხი და განვითარების ვექტორი მუდმივად იტესტება არჩევნების საშუალებით. თუმცა, სამწუხაროდ, ამომრჩეველთა ჩართულობა არჩევნების პროცესში, გლობალური მასშტაბით, კლებადი ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნული ნეგატიური ტრენდი მხოლოდ განვითარებადი სახელმწიფოების მახასიათებელი არ არის და ამ გამოწვევის წინაშე მთელი რიგი განვითარებული ქვეყნებიც დგანან. უფრო კონკრეტულად, 2017 წლის World Development Report -ში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში არჩევნებში მონაწილეთა საშუალოსტატისტიკურმა კლების მაჩვენებელმა ბოლო 25 წელიწადში 10% შეადგინა.
უნდა აღინიშნოს, რომ 21-ე საუკუნეში დაჩქარებულმა ცხოვრების წესმა ადამიანები ინტერნეტთან დაკავშირებულ მოწყობილობებზე დამოკიდებული გახადა. თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე წლებია, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად იძლევა დისტანციურად მუშაობის საშუალებას და დასაქმებულებს სხვადასხვა საკითხის მოსაგვარებლად უფრო და უფრო ნაკლები გადაადგილება სჭირდებათ. თუმცა საარჩევნო სისტემა დარჩა იმ იშვიათ სფეროებში, რომლებშიც ინოვაციებმა ყველაზე ნაკლებად შეაღწია და ამომრჩეველი ვერ ახერხებს თავისი ფუნდამენტური უფლების განხორციელებას – არჩევნებში ხმის მიცემას – მისთვის ჩვეული მეთოდით, მასობრივად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების გამოყენებით.
სხვადასხვა მიზეზით, მაშ შორის, თანამედროვე, დატვირთული ცხოვრების წესიდან გამომდინარე, არჩევნებში ხმის მისაცემად საგანგებო ვიზიტის დაგეგმვის სტიმული უფრო და უფრო ნაკლებ ადამიანს აქვს, რომ არაფერი ვთქვათ სუსტი დემოკრატიის სახელმწიფოებში გაყალბების, ზეწოლისა და არჩევნების გარშემო სრულიად არადემოკრატიული პროცესების განვითარების გამო, საზოგადოებაში არჩევნების მიმართ გაჩენილ უიმედო და ნიჰილისტურ დამოკიდებულებებზე.
დემოკრატიის უზრუნველყოფისთვის, ამომრჩეველთა მონაწილეობის წახალისების, ინკლუზიურობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მთელმა რიგმა ქვეყნებმა დაიწყეს ფიქრი არჩევნების პროცესში ახალი ტექნოლოგიების იმპლემენტაციაზე, რამაც, თავის მხრივ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, რიგი შეკითხვები გააჩინა. თუმცა არჩევნების ჩატარების მეთოდებს, იქნება ეს ბეჭდური ბიულეტენებისა თუ ელექტრონული ხმის მიცემის ვარიაციები, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.
გამოცდილება აჩვენებს, რომ ტრადიციული, საყოველთაოდ უსაფრთხოდ აღიარებული, საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების გამოყენებით ჩატარებული არჩევნები ნამდვილად არ არის დაზღვეული გაყალბებისგან, ხმების მოსყიდვისგან, დაშინებისგან, სარეგისტრაციო სიების არასწორად შედგენისა და არც ე.წ. ჩაყრისგან. სამწუხაროდ, საარჩევნო უბნების მოწყობა და ქაღალდების გამოყენებით ჩატარებული არჩევნები ვერ ჩაითვლება იდეალურ სისტემად, მით უფრო იმ ფონზე, რომ მასში მონაწილეობის მიღებისგან თავს იკავებს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი. მაგალითად, საქართველოში 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ შესაძლებლობის ნახევარიც ვერ დაფარა და დაახლოებით 45% შეადგინა. ბუნებრივია, დარჩენილი 55% არანაკლებ იმსახურებს, ჩართული იყოს ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ხმის მიცემა განახორციელოს მისთვის კომფორტულ, ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში. ალბათ გასაკვირი არ იქნება, თუ ვივარაუდებთ, რომ არჩევნებში ამომრჩეველთა მაქსიმალურ მონაწილეობას შეუძლია დიამეტრულად შეცვალოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე და დააჩქაროს დემოკრატიის გაძლიერება.
მეორე მხრივ, ელექტრონული არჩევნების ჩატარებას აქვს თავისი საფრთხეები, რაც კიბერთავდასხმებს უკავშირდება. რისკების აღწერისას ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს არა მხოლოდ შედეგების გაყალბების ალბათობა, არამედ ამომრჩეველთა პირველადი რეგისტრაციის მონაცემების სისწორე და დაცვაც.
დღესდღეობით ელექტრონულად ხმის მიცემა ორი მეთოდით არის შესაძლებელი. პირველი ე.წ. e-voting მეთოდის შემთხვევაში, ამომრჩეველს მაინც უწევს საარჩევნო უბანზე მისვლა და იქ, ელექტრონული აპარატების საშუალებით, საკუთარი არჩევანის დაფიქსირება. მეორე – i-voting სისტემა საშუალებას იძლევა, არჩევნებში ხმის მიცემა სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით განხორციელდეს.
პირველი ქვეყანა როგორც ევროპის, ისე მსოფლიო მასშტაბით, რომელმაც i-voting სისტემა დანერგა, ესტონეთი იყო, სადაც საპილოტე პროექტი 2005 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ჩაეშვა. ესტონეთის პირველი მცდელობა ისეთი წარმატებით დასრულდა, რომ უკვე 2007 წლის ეროვნული საპარლამენტო არჩევნებიც i-voting სისტემით ჩატარდა. მას შემდეგ ესტონეთში ჩატარებული თითოეული არჩევნები i-voting ტექნოლოგიის ინტეგრირებით ტარდება. უნდა აღნიშნოს, რომ 2007 წელს i-voting სისტემის ფართომასშტაბიანი დანერგვის მომენტში ამომრჩევლებს მიეცათ საშუალება, თავად განესაზღვრათ არჩევნებში მონაწილეობის ფორმა, იქნებოდა ეს საარჩევნო უბანზე მისვლა და ბეჭდურ ბიულეტენში სასურველი კანდიდატის შემოხაზვა, თუ ინტერნეტის გამოყენებით ხმის მიცემის უფლების განხორციელება. გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, მოსახლეობის ნდობა და ენთუზიაზმი ელექტრონული საარჩევნო სისტემის გამოყენებისადმი ეტაპობრივად გაიზარდა და 2019 წლისთვის 44% შეადგინა.
ესტონეთში i-voting ეპოქის დასაწყისში, ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა შედარებით გართულებული იყო, რაც გულისხმობდა ხმის მიცემის უფლების განხორციელებას ლეპტოპისა და სპეციალური დამატებითი, ID ბარათის წამკითხველის კომბინაციის გამოეყენებას. ვითარება დროთა განმავლობაში შეიცვალა და დღეს ხმის მიცემა მობილური აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი. აპლიკაციის უპირატესობა არის ის, რომ ხმის მიცემის ოპერაციის განხორციელება მრავალჯერ არის შესაძლებელი და რომელთაგანაც მხოლოდ ერთი – ბოლო განხორციელებული არჩევანი დაფიქსირდება ვალიდურად, რაც ამცირებს ამომრჩეველზე ზეწოლის შესაძლებლობას.
ხმის მიცემის მობილური აპლიკაცია ისეთი ამომრჩევლის ჩართულობის შესაძლებლობას იძლევა, რომელთაც სხვა დროს გაუჭირდებოდათ არჩევნებზე მისვლა, მაგალითად, ასეთები არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ემიგრანტები ან დროში შეზღუდული თვითდასაქმებულები. i-voting სისტემა ასევე დაეხმარება ახალგაზრდებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში.
კატრინ ნიმან-მეტკალფი, ესტონეთის e-მმართველობის აკადემიის პროგრამის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ესტონეთის მთავრობაში, საბედნიეროდ, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც, i-voting სისტემის დანერგვამდე არ მოუსმინეს პესიმისტებსა და კრიტიკოსებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ესტონეთი იმ დროისთვის პატარა, ღარიბი და ეკონომიკურად განუვითარებელი ქვეყანა იყო და, შესაბამისად, მას არ შეეძლო ისეთი ინოვაციური ნაბიჯების გადადგმა, რომელთაც ანალოგი სხვა დასავლურ, ძლიერ სახელმწიფოებში ჯერ არ მოეპოვებოდათ. ესტონეთმა ყველას საპირისპირო დაუმტკიცა – სწორედ ინოვაციური მიდგომაა ის ბერკეტი, რომელიც ღარიბ ქვეყანას სწრაფად განვითარების საშუალებას აძლევს, თუნდაც ეს მეთოდები ძალიან ფრთხილ მეგასახელმწიფოებს ჯერ დანერგილი არ ჰქონდეთ.
ელექტრონული არჩევნების უსაფრთხოებას უფრო მეტად რომ ჩავუღრმავდეთ, დღეის მდგომარეობით, არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ერთადერთი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე მეტად გამართული და დაცული სისტემით არჩევნების ჩატარების საშუალებას იძლევა, არის დეცენტრალიზებული ბლოკჩეინტექნოლოგია. ბლოკჩეინით არჩევნების მართვა გულისხმობს, რომ პროცესი კონტროლდება კომპიუტერების ქსელის საშუალებით. ქსელის შიგნით ჩაწერილი მონაცემების სისწორესა და სანდოობაზე პრივილეგირებული წვდომა არცერთ კომპიუტერს და მოწყობილობას არა აქვს და თითოეული ქსელის წევრის წვდომის, შემოწმებისა და კონტროლის უფლება თანაბარია. გარდა ამისა, დამაიმედებლად ჟღერს პრაქტიკული გამოცდილების მქონე ესტონეთის მთავრობის მთავარი ინფორმაციული ოფიცრის, სიმ ზიკუთის განმარტება, რომლის მიხედვითაც ელექტრონული ხმის მიცემის სისტემას აქვს რისკები, მაგრამ რისკების მართვა სწორი დაგეგმვისა და მონიტორინგის პირობებში შესაძლებელია.
ბუნებრივია, ჯერჯერობით არ არსებობს აბსოლუტური უსაფრთხოება, რომელიც ელექტრონულ არჩევნებს უნაკლო სისტემად აქცევდა, თუმცა, მეორე მხრივ, განვითარებად ქვეყნებში ქაღალდებზე ჩატარებული არჩევნებიც ძალიან შორის არის გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და ინკლუზიურობისაგან. შესაბამისად, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, თუ იქნება საკმარისი სურვილი და მზაობა იმისთვის, რომ გაძლიერდეს დემოკრატიული სისტემა და არჩევნების სისტემა მეტად ხელმისაწვდომი გახდეს, შესაძლებელია ინტეგრაციული მეთოდის ჩამოყალიბება, რომელიც გააერთიანებს როგორც ბეჭდური ბიულეტენების, ისე i-voting სისტემებს ბლოკჩეინის გამოყენებით. რაც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკური ნებისა და გამართული პროექტების მენეჯმენტის საკითხია, მით უფრო იმ ფონზე, რომ მსგავსი გამოცდილება უკვე არსებობს.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ნოემბერი 30, 2021
- on ნოემბერი 4, 2021
- on ოქტომბერი 14, 2020
- on თებერვალი 5, 2020
- on იანვარი 11, 2020
- on ნოემბერი 5, 2019
- on აგვისტო 30, 2019