„ვარ მედიაფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი, მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრ "მედიახმის" დამფუძნებელი. მოდით, ერთად დავინახოთ როგორ მოქმედებს მედია და ტექნოლოგიები ჩვენზე.“

„კალმარის თამაში“ ქართულად

გერსამია

2021 წლის სექტემბერში მსოფლიო შეძრა Netflix-ის ახალმა სამხრეთკორეულმა  სერიალმა „კალმარის თამაში“ („Squid Game”), რომელმაც პირველივე თვეში ასობით მილიონი მაყურებელი მიიზიდა. მძაფრსიუჟეტიან, საშინელებათა ჟანრის ფილმის სცენარში პერსონაჟები სამკვდრო-სასიცოცხლო თამაშში ერთვებიან, სადაც 400 მონაწილიდან, საბოლოოდ, მხოლოდ ერთი იმარჯვებს და რჩება – ცოცხალი. აზარტში შესული პერსონაჟები თამაშში წაგების საფასურს სიცოცხლით იხდიან. „კალმარის თამაშის“ მონაწილეები ვერ ცვლიან და ვერ აკონტროლებენ წესებს, რომლებიც მათ სიცოცხლეს ათამაშებს და გადარჩენისთვის საუკეთესო მეგობრებსაც კი წირავენ. სერიალის ყოველ ეპიზოდში  მეორდება სცენა: ტაბლო, რომელიც მორიგი „თამაშის“ შემდეგ, დაღუპული და გადარჩენილი, სტატისტიკად ქცეული ადამიანების რაოდენობას აჩვენებს. ეს სერიალი მე რამდენიმე დღის წინ ვნახე. ვნახე და ამ საშინელებათა ჟანრის სამხრეთკორეულ  ფილმში ქართული „კალმარის თამაშები“ დავინახე.

არჩევანი

მედიაფსიქოლოგები ამბობენ, რომ შემთხვევითი არ არის ის, თუ რომელი მედიაპროგრამის, ფილმის, ინფორმაციის, მუსიკალური პროდუქციის ყურებას ან მოსმენას ვირჩევთ. მედიაფსიქოლოგები ამ ფენომენს მედიის „გამოყენებისა და კმაყოფილების“ (uses and gratification) თეორიით ხსნიან და ასაბუთებენ, რომ ჩვენ სინამდვილეში ჩვენივე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ვირჩევთ, ყოველ ჯერზე რას ვუყუროთ. ამა თუ იმ ფილმის პოპულარობას ისიც განაპირობებს, თუ რამდენად თანხვდენილია ესა თუ ის სცენარი და ფილმიდან დატოვებული ემოციური ნარჩენები ინდივიდების თუ მასების არაცნობიერთან, კონკრეტულ გარემოსთან, შინაგან ემოციებთან და განწყობებთან.

რატომ გახდა „კალმარის თამაში“ ასე პოპულარული? რა არის ის მოთხოვნილება, რომელიც გვაერთიანებს მთელ მსოფლიოში ასობით მილიონ ადამიანს და გვიბიძგებს, ვუყუროთ ამ სერიალს? რას ვხედავთ მასში ისეთს, რაც ჩვენს არაცნობიერს იზიდავს? იქნებ ეს ის ემოციური ფონი და სცენარია, რომელიც მთელ  მსოფლიოში  პანდემიამ შექმნა? შექმნა მაშინ, როცა ადამიანის სიცოცხლე დაუნდობელ სტატისტიკად აქცია, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ; როცა მკვლელი ვირუსის პირისპირ თვითგადარჩენის ინსტინქტის იმედად დავრჩით და გამძაფრებული გვაქვს მოთხოვნილება – ფიზიკურად გადავრჩეთ. ეს ყველაფერი – ამ სერიალშია. მერე რა, რომ მხატვრული ფილმია და თამაშია. ჩვენს ტვინს ეს არ აინტერესებს.

მედია და ემოციები

ფიზიოლოგიურად, ჩვენი ნერვული სისტემა მხატვრული ფილმიდან წამოსულ ე.წ. ტრიგერებზე ისევე რეაგირებს, როგორც რეალურზე. რა თქმა უნდა, რეაქცია სხვა გვექნებოდა, თუ ადამიანის მკვლელობის დოკუმენტურ კადრებს ვნახავდით, მაგრამ ტვინის ემოციური აღგზნებისთვის სინამდვილესთან მაქსიმალურად მიახლოებული სპეცეფექტებიც საკმარისია. იგივე ეხება კომპიუტერულ თამაშებსაც, სადაც შეიძლება თამაშ-თამაშში „მოგვკლან“, თან რამდენჯერმე. ტვინისთვის ასეთი სცენარის გადამუშავება (თუნდაც ეს იყოს ვირტუალური რეალობა) ნამდვილი გამოწვევაა. ტვინი, რომელიც მილიონობით წლის მანძილზე, გადასარჩენად სტანდარტულ საფრთხეებზე რეაგირებას სწავლობდა, თანამედროვე ტექნოლოგიების ან ფსევდორეალობების წყალობით, ნამდვილ შოკშია: ვირტუალურად და ემოციურად ის თან სიკვდილის მოწმეა, და ამავდროულად, რეალურ, ფიზიკურ გარემოში აცნობიერებს, რომ სხეული კვლავ ცოცხალია.

ასეთი ემოციური აღგზნებისა და მოულოდნელობისთვის,  „გადარჩენის“ ხელახალი განცდისთვის ადამიანი მზადაა, მთელი ღამე კომპიუტერთან, თამაშში გაატაროს, ათასჯერ გამოსცადოს ვირტუალური სიკვდილი და რეალურ სამყაროში ცოცხლად დარჩენის სიამოვნება. არაცნობიერად ტვინი, ყოველ ჯერზე, სიკვდილს „ამარცხებს“. უცნაურია, ხომ? იგივე ხდება საშინელებათა ჟანრის სერიალების ყურებისას. თურმე როგორ გვჭირდება დავრწმუნდეთ და შევიგრძნოთ, რომ ორგანიზმი ცოცხალია და ამას საშინელებათა ფილმებითა და აზარტული, ფსიქოლოგიურად კარგად გამოთვლილი ალგორითმებით ვცდილობთ. არადა, სიცოცხლით ტკბობა სხეულს სხვა ემოციებით და ფხიზელი თვალითაც  შეუძლია. გააზრებული არჩევანი ხომ ჩვენი გასაკეთებელია.

რატომ გვიზიდავს ნეგატიური ამბები და ემოციები?

ნეგატიური ამბები ჩვენი ცხოვრების ნაწილია და  ისეთი ემოციები, როგორიცაა მაგალითად, შიში, გაბრაზება, სევდა  – გვეხმარება საფრთხეების იდენტიფიკაციაში, გადარჩენის სტრატეგიების შემუშავებაში. უფრო მეტიც, ჩვენი ტვინი ევოლუციურად და ფიზიოლოგიურად ისეა მოწყობილი, რომ ნეგატიურ ემოციებს ორგანიზებულად ახარისხებს და იმახსოვრებს. ეს გზა ადამიანის ტვინმა ჯერ კიდევ გამოქვაბულში ყოფნისას გამოიარა, როცა მიხვდა, რომ გადარჩენისთვის საფრთხეების შემჩნევა და დამახსოვრება იყო საჭირო.

მედიაში დანახული რეალობის აღქმისას ტვინს იგივე წესები აქვს. ნეგატიურ ნიუსებზე, ემოციებზე, გამოსახულებებზე, სპეცეფექტებზე, კამერის სწრაფ მოძრაობაზე ჩვენი ტვინი უფრო აქტივირდება და ემოციურად იღგზნება. პრობლემებზე ორიენტირებული ამბები და საგანგებო ბრიფინგებიც უფრო გვიზიდავს, იმიტომ რომ  გვსურს, ინფორმირებულები ვიყოთ სავარაუდო საფრთხეების შესახებ. ანუ, ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, მოიძიოს ინფორმაცია იმისთვის, რომ იყოს უსაფრთხოდ. ოღონდ, გადარჩენისთვის ჩვენ ნეგატიური და პოზიტიური ემოციების ბუნებრივი ბალანსი გვჭირდება. თურმე სწორედ პოზიტიური ემოციები აძლიერებს ორგანიზმის სტრესმედეგობას. ამიტომ კარგია, როცა მედია, პრობლემასთან ერთად, გამოსავლის და პრობლემის გადაჭრის სცენარებს გვთავაზობს. არჩევანს აქაც, ყოველ ჯერზე, აუდიტორია აკეთებს.

რატომ არ/ვეღარ ვრეაგირებთ საფრთხეებზე?

ტვინის ფიზიოლოგიური რეაქცია საფრთხეებზე დღესაც ისეთია, როგორიც საუკუნეების მანძილზე იყო, მედიის გამოჩენამდე. მისი ევოლუციური ტრანსფორმაცია რამდენიმე ათეულ წელიწადში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ამიტომ ჩვენს საუკუნეში ტვინს კიდევ ერთი გამოწვევა აქვს: საფრთხე მასთან მოტყუებით მოდის – ისე, რომ ტვინი მას საშიშროებად ვერ აღიქვამს. ანუ, საფრთხეები შეფუთულია, ჰიბრიდულია, გალამაზებულია. ეს აღარაა არც “საშიში დინოზავრი“ და არც „კბილებამდე შეიარაღებული ჯარი“. რეალური საფრთხე შეიძლება იყოს ინფორმაცია, მოღიმარი კორუმპირებული პოლიტიკოსი, ან ვირუსი, რომელიც არ ჩანს, მაგრამ ადამიანს აზიანებს. რუსული პროპაგანდაც დიდი ხანია, სწორედ ასე გვიტევს და გვეთამაშება. პროპაგანდის ავთვისებიანი ბუნება მყისიერად, ფიზიკურად კი არ გვანადგურებს, არამედ „უჩინმაჩინი“ საფრთხეებით გონებას ატყუებს, რომელიც ვერ ხედავს ფიზიკური განადგურების საფრთხეს, არც ეშინია და ვერც სათანადოდ რეაგირებს. ამ ტექნიკით იქმნება და იფუთება მთელ ერზე მორგებული საფრთხეები და ფსევდოსაფრთხეები. როგორც ჩანს, ბიოლოგიურ ტვინს ჯერ მათი გარჩევა და შემდეგ  უჩინარ საფრთხეებზე რეაგირება უნდა ვასწავლოთ, რომ მტრის მანიპულაციებისგან დაცულები ვიყოთ.

„კალმარის თამაშების“ ქართული რიმეიქი

მაინც, რა კავშირშია ვირტუალურ და ფიზიკურ გარემოში გადარჩენისთვის ბრძოლა, საფრთხეების გამოცნობა და სულაც, „კალმარის თამაში“ ქართულ რეალობასთან?

მხატვრული ფილმიდან და ეკრანებიდან ჩვენს რეალობაში რომ დავბრუნდეთ, ვნახავთ, რომ სასტიკი „თამაში“ აქ და ახლა, ჩვენთან ძალიან ახლოს მიმდინარეობს. ბოლო თვეებია, კოვიდით გარდაცვლილი ადამიანები – ეკრანზე გამოტანილ სტატისტიკად იქცა. ჩვენ კი ვეღარც ვრეაგირებთ. ბოლო თვეა, ადამიანები მესამე პრეზიდენტის შიმშილს, როგორც „რეალიტი შოუს“ ისე უყურებენ და ბჭობენ: კიდევ რამდენს გაუძლებს? შეწყვეტს შიმშილობას თუ არა? ზოგი იმასაც კითხულობს, თუ როდის მოკვდება,  თითქოს მხატვრული ფილმი იყოს… არადა, ეს ის სცენარია, რომელსაც ვერ გადავწერთ, ვერ დავაპაუზებთ და ვერც წავშლით. ის ჩვენს მეხსიერებაში დარჩება. ეს საქართველოს ისტორიაა, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის „თამაშად და სანახაობად“ გვექცა.

აღმოჩნდა, რომ საქართველოში იყო ჰუმანური  – გამოწვევაა არა მარტო ჩვენთვის, არამედ ისეთი ინსტიტუციისთვისაც კი, როგორიც საპატრიარქოა, რომელიც ამ „თამაშში“ ჯერჯერობით დუმილით და დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს. არადა, თუ ფსიქოლოგიის სფეროში ჩატარებულ ექსპერიმენტებს ვენდობით (მაგალითად, ზიმბარდოს „სტენფორდის ციხის ექსპერიმენტს“), მაშინ მოგვიწევს დავუჯეროთ მას იმაშიც, რომ აუცილებელია დროულად შევაჩეროთ სისასტიკე, სანამ „კარგი ადამიანებიც დაიწყებენ ცუდად მოქცევას“ და აჰყვებიან სასტიკი „თამაშის“ აზარტს. სინამდვილეში, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ არაადამიანური მოპყრობისა და უსამართლობის ყოველი ეპიზოდი და დავასრულოთ ის ღირსეულად.

დავასრულოთ ისე, რომ ადამიანის სიცოცხლემ გაიმარჯვოს. ესეც ჩვენი არჩევანია.

გააზიარე