"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

კიდევ ერთი ეკლექტიკური კოალიცია... ამჯერად უნგრეთში!

პეტრიაშვილი

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 2022 წლის აპრილში უნდა გაიმართოს, ჯერ კიდევ 6 თვე არის დარჩენილი. თუმცა გასულმა კვირამ უკვე ნათლად დაანახვა ყველას, რომ ეს იქნება ყველაზე რთული არჩევნები ქვეყნის მოქმედი პრემიერის ვიქტორ ორბანისა და მისი მმართველი ნაციონალისტური პარტია „ფიდეშისთვის“.

2018 წელს, იმ დრომდე ყველასთვის უცნობმა პეტერ მარკი-ზაიმ გაიმარჯვა უნგრეთის სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქის ჰოდმეზოვასარჰელის მერის არჩევნებში. 49 წლის პეტერ მარკი-ზაი ზომიერი კონსერვატიული შეხედულებების მქონე კათოლიკე ქრისტიანია, რომელსაც ჰყავს შვიდი შვილი, პროფესიით არის მარკეტინგის მენეჯერი, სხვადასხვა დროს ცხოვრობდა აშშ-სა და კანადაში და… არა აქვს პოლიტიკური გამოცდილება. მას არც საკუთარი პოლიტიკური პარტია ჰყავს. თუმცა, პეტერ მარკი-ზაი სათავეში უდგას მოძრაობას სახელწოდებით „ყველას უნგრეთისთვის“ (უნგრული აბრევიატურა „MMM“).

17 ოქტომბერს ცენტრალურ ევროპაში პირველად გაიმართა „პრაიმერიზი“ საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური ძალების ლიდერის გამოსავლენად. პეტერ მარკი-ზაიმ 2-რაუნდიან არჩევნებში დაამარცხა მემარცხენე-ცენტრისტული დემოკრატიული კოალიციის ლიდერი კლარა დომბრევი, რომელმაც არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს პეტერ მარკი-ზაის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად.

2010 წლის არჩევნებში ლიბერალ-დემოკრატიული ძალების საგრძნობი უპირატესობით დამარცხების შემდეგ ვიქტორ ორბანი ერთპიროვნულად მართავს უნგრეთს. მისი პარტიის კონტროლის ქვეშ არის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი; მას აქვს პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა, რომლის მეშვეობითაც წლების მანძილზე არაერთი კონსტიტუციური ცვლილება განახორციელა. განსაკუთრებულად მწვავე იყო ევროკავშირის რეაქცია ვიქტორ ორბანის პარტიის მიერ ლგბტქ თემის წინააღმდეგ მიღებული კანონმდებლობის გამო. 8 ივლისს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას ევროკავშირის მექანიზმის ამოქმედების შესახებ, რის შემდეგაც ევროკომისიამ დაიწყო ლეგალური ქმედება უნგრეთის მიერ აღნიშნული კანონმდებლობის მიღების შემდეგ. პასუხად ვიქტორ ორბანი გამოვიდა ანტი-LGBTQ კანონმდებლობის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით.

ვიქტორ ორბანს უკვე დიდი ხანია, დაძაბული ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან და მჭიდრო პარტნიორული კავშირი – ვლადიმირ პუტინთან. მას მხარს უჭერს ნაციონალისტურად განწყობილი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი და მიუხედავად ამ დრომდე წინააღმდეგობისა, ის წარმატებით ახერხებდა არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას. მომავალ წელსაც ვიქტორ ორბანი ძალისხმევას არ დაიშურებს მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ამჯერად ეს არცთუ ისე მარტივი იქნება.

რა შანსები აქვს პეტერ მარკი-ზაის? მის ერთადერთ ნაკლოვანებად ექსპერტები მწირე პოლიტიკურ გამოცდილებას მიიჩნევენ. სამაგიეროდ, ვიქტორ ორბანთან ბრძოლაში გამარჯვებისთვის ისინი მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ პეტერ მარკი-ზაი არის ზომიერი კონსერვატიული შეხედულებების და მის მხარდამჭერებს შორის შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ამ დრომდე არ უჭერდა მხარს არც მემარცხენე და არც მემარჯვენე ოპოზიციურ ძალებს, მაგრამ იყო და არის უკმაყოფილო ვიქტორ ორბანის ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკით. მათ შორის არიან ორბანის მთავრობის ყოფილი წევრები, სამღვდელოების წარმომადგენლები და სხვ.

ბოლო კვლევების თანახმად, დიდი ხნის შემდეგ პირველად არის ასეთი მცირე სხვაობა მმართველ და ოპოზიციურ კანდიდატებს შორის. უნგრეთის მოქალაქეების დაახლოებით მესამედი მხარს უჭერს მოქმედ პრემიერს, თითქმის ამდენივე – ოპოზიციურ კანდიდატს, ხოლო ამომრჩევლების მეოთხედს ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის დაუჭერს მხარს მომავალ არჩევნებში. ექსპერტების შეფასებით, პეტერ მარკი-ზაის კანდიდატურა სწორედ მერყევი ამომრჩევლის მოზიდვის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პეტერ მარკი-ზაის მხარდაჭერა გამოუცხადა როგორ მემარცხენე, ისე მემარჯვენე ექვსმა ძირითადმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ.

23 ოქტომბერს უნგრეთში ყოველწლიურად აღინიშნება 1956 წლის რევოლუციის დაწყების დღე. ეს არის ეროვნული დღესასწაული, რომლის აღნიშვნაც ვიქტორ ორბანმა კამპანიის დაწყებისთვის კარგად გამოიყენა.  ათიათასობით მისი მხარდამჭერი შეიკრიბა ბუდაპეშტის ცენტრში. პრემიერმა ორბანმა არ გაუშვა ეს შესაძლებლობა ხელიდან, რომ არ გაეკრიტიკებინა ბრიუსელი და ვაშინგტონი. მისი „ყურადღების“ მიღმა არ დარჩენილა არც ჯორჯ სოროსი, რომელიც ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა აშშ-თან ერთად ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობაში. რაც შეეხება ევროკავშირს, მან ასევე მწვავედ ისაუბრა ბრიუსელის დამოკიდებულებაზე უნგრეთის მიმართ. „ევროკავშირი ჩვენ და პოლონელებს აღგვიქვამს და გვეპყრობა, როგორც მტრებს“, განაცხადა მრავალათასიან მიტინგზე ვიქტორ ორბანმა (მოგეხსენებათ, რომ პოლონეთს ასევე ძალიან გაუმწვავდა ურთიერთობები ევროკავშირთან მართლმსაჯულების სფეროში წინააღმდეგობრივი კანონმდებლობის მიღების გამო. პოლონეთის პრემიერმა მატეუშ მორავეცკიმ 21 ოქტომბერს ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს სამიტის დაწყებამდე ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ პოლონეთი არ დაემორჩილება ევროკავშირის ზეწოლას). მიტინგზე გამოსვლისას ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ კომუნისტებმაც კი ვერ შეძლეს უნგრეთის დაჩოქება და ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის დაპირისპირება დავითისა და გოლიათის შერკინებას შეადარა. მიუხედავად ასეთი მწვავე განცხადებებისა, არც ვიქტორ ორბანი და არც პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავეცკი არ საუბრობენ, შესაბამისად, უნგრეთისა და პოლონეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შესაძლებლობაზე.

თავის მხრივ, პეტერ მარკი-ზაიმ ოპოზიციური ძალების მიერ ორგანიზებულ ასევე მრავალათასიან მიტინგზე განაცხადა, რომ ქვეყანა დაიღალა ვიქტორ ორბანის მმართველობისგან; რომ უნგრეთი უნდა იყოს ყველასთვის და არა ერთი კაცისთვის და რომ მომავალ წელს უნდა დასრულდეს მის მიერ დანარჩენი ქვეყნის წნეხის რეჟიმში ყოფნის ეპოქა.

რა გეგმები აქვს პეტერ მარკი-ზაის არჩევნებამდე და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში? როგორც მან ე.წ. პრაიმერიზში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, მასსა და მის ყოფილ კონკურენტ კლარა დომბრევს შორის შედგა შეთანხმება, რომ გამარჯვების შემთხვევაში:

  • უნგრეთი შემოიღებს ევროს;
  • შეუერთდება ევროპულ საჯარო პროკურორის ოფისს (EPPO – European Public Prosecutor’s Office);
  • გააუქმებს გადაწყვეტილებას ბუდაპეშტიდან 60 კმ-ში მდებარე პაკსის ატომური სადგურის რუსული დაფინანსებით და ტექნოლოგიით გაფართოების შესახებ.

პეტერ მარკი-ზაი ასევე გეგმავს სერიოზული საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას, თუმცა ამ შემთხვევაში მას პარლამენტის 2/3-ის მხარდაჭერა დასჭირდება, რაც  ამ ეტაპზე, ექსპერტების აზრით, ძალიან რთულად წარმოსადგენია. მიუხედავად ამისა, წამყვანმა კვლევითმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს მუშაობა ქვეყნის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის შესაძლო გზების ძიებაზე.

როგორც აღვნიშნე, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების დღემდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, თუმცა, მოგეხსენებათ, დრო სწრაფად გარბის და არავინ იცის, 2022 წლის აპრილისთვის ვინ როგორ პოლიტიკურ ფორმაში იქნება. მიუხედავად ამისა, ერთი რამ დღეს უკვე ცხადია: დემოკრატიებში პოლიტიკური ძალები სულ უფრო ხშირად მიდიან დასკვნამდე, რომ, თუ ძლიერი მმართველის დამარცხება წლების მანძილზე ვერ ხერხდება ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე, ყოველგვარი იდეოლოგიური განსხვავებები შეიძლება დროებით მაინც გვერდზე გადაიდოს და ერთიანი ძალით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება დემოკრატიული არჩევნების გზით. ასე მოხდა 80 წლის შემდეგ პირველად შარშან ესპანეთში; ასე მოხდა 12 წლის შემდეგ პირველად წელს ისრაელში; ასე შეიძლება მოხდეს პირველად მომავალ წელს უნგრეთში.

გააზიარე