"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
კიდევ ერთი გლობალური გამოწვევა: ჩინეთი ტაივანში აშშ-თან ომისთვის ემზადება?!
უკრაინასთან დაკავშირებით გასულ კვირაშიც ბევრი ითქვა და მომავალი კვირების განმავლობაშიც კიდევ ბევრი ითქმება და მოხდება. დიდი იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად მოხდება. ყოველ შემთხვევაში, აშშ-ისა და ნატო-ს პასუხებზე რუსეთის მოთხოვნებთან დაკავშირებით კრემლის მხრიდან იყო რეაქცია, რომ ვლადიმირ პუტინი ყურადღებით შეისწავლის აშშ-ის წინადადებებს და ამა თუ იმ ფორმით გასცემს პასუხს. ამდენად, გარკვეული პაუზა გაჩნდა უკრაინის ირგვლივ არსებულ დაძაბულობაში და მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ უკრაინის და მეორე მხრივ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები განსხვავებულად აფასებენ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ალბათობას, უახლოესი დღეების მანძილზე მაინც შეიძლება სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც შესაბამისი ყურადღების გამახვილება.
როგორც დასავლეთ ნახევარსფეროში არის ბევრისთვის უკრაინა გეოგრაფიულადაც და მენტალურადაც შორეული ადგილი, ისე შეიძლება იყოს ჩვენს კონტინენტზეც უმრავლესობისთვის სადღაც შორს და უინტერესო ტაივანი. თუმცა ბოლო თვეებისა და განსაკუთრებით გასული კვირის განმავლობაში უკრაინასთან დაკავშირებული კრიზისის ფონზე ტაივანის პრობლემა მაინც სერიოზულად წამოვიდა წინა პლანზე. ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი მისი „მგელი დიპლომატების“ (თავად ჩინელების მოფიქრებულია, ჩემი ფანტაზია არ გეგონოთ 🙂) მიერ გაკეთებული განცხადებები ნამდვილად ცხადყოფს, რომ ტაივანის პრობლემა სულ უფრო მეტად გლობალური ხდება და სულ უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს.
ისიც უნდა ითქვას, რომ მწვავე განცხადებები, კომენტარები თუ გაფრთხილებები ადრეც ბევრი ყოფილა. თუნდაც გასული წლის ნოემბერში, აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის გამართულ ვირტუალურ შეხვედრას თუ გავიხსენებთ, ჩინეთის ლიდერმა ირიბად გააფრთხილა ამერიკელი კოლეგა, რომ ყველა ქვეყანა, ვინც ტაივანის დამოუკიდებლობის თემას ავითარებს და ხელს უწყობს, ცეცხლს ეთამაშება. ასეთი იყო კლასიკური ჩინური, აღმოსავლურად შეფუთული განცხადებების ტონი გასულ კვირამდე. ზაფხულში რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ აშშ-ში ჩინეთის ელჩმა ცინ განგმა გასულ პარასკევს ამერიკული „NPR“-თვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში პირველად განაცხადა, რომ თუკი ტაივანი განაგრძობს სვლას დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ და აშშ მას მხარს დაუჭერს, მაშინ შესაძლებელია სამხედრო კონფლიქტი ორ დიდ სახელმწიფოს – ჩინეთსა და აშშ-ს შორის. ასე პირდაპირ სამხედრო დაპირისპირების შესაძლებლობაზე ნამდვილად პირველად ითქვა. უშუალოდ ტაივანში სამხედრო ოპერაციის განხორციელებას რაც შეეხება, ჩინეთის არც დიპლომატები მალავენ საკუთარ განზრახვებს და არც სახალხო განმათავისუფლებელი არმია. იანვრის შუა რიცხვებში საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა ლუ შაიემ „ფრანს 24“-თვის მიცემულ ინტერვიუში ღიად განაცხადა, რომ ჩინეთი ემხრობა ტაივანის მშვიდობიან შემოერთებას, მაგრამ არ გამორიცხავს ტაივანის „სეპარატისტული რეჟიმის“ და „გარეშე ძალების“ მიმართ ძალის გამოყენებას. როგორც ხედავთ, „მგელი დიპლომატები“ ზედმიწევნით ასრულებენ დედაქალაქიდან მიღებულ ინსტრუქციას და პოლიტიკური გზავნილებით ადასტურებენ ტაივანში შესაძლო შეჭრისათვის ჩინეთის მზადყოფნას. უნდა ითქვას, რომ მათ არც ჩინეთის სამხედრო ავიაცია ჩამორჩება. ტაივანის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით, მხოლოდ წლის დასაწყისიდან, ანუ მარტო იანვრის თვეში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საჰაერო ძალებმა 21-ჯერ დაარღვიეს ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა. ჯამში 132 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის 96 საბრძოლო თვითმფრინავი, 3 ბომბდამშენი და 33 სადაზვერვო თვითმფრინავი პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში იჭრებოდა ტაივანის საჰაერო სივრცეში. ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ვუმ ჩინეთის ტაივანში შემოჭრის საფრთხეს სერიოზული უწოდა და განაცხადა, რომ ტაივანი ჩინეთის მხრიდან აგრესიისთვის უნდა ემზადოს.
ცხადია, ტაივანს აქვს იმედი, რომ ჩინეთის ტაივანში შეჭრის შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობა მას არსებით სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს, რომელშიც, პირველ რიგში, თანამედროვე შეიარაღების მიწოდება იგულისხმება. ტაივანი წლებია, სერიოზულ სამხედრო დახმარებას იღებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ხოლო გასული წლის მანძილზე ტაივანის სრუტეში სამხედრო ყოფნის გაძლიერებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მხარდაჭერა დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, იაპონიის და ცალკეული ევროპული სახელმწიფოების მხრიდან.
რაც შეეხება პოლიტიკურს, მიუხედავად იმისა, რომ ტაივანს მხოლოდ 14 ქვეყანასთან აქვს დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობა, ხოლო 60-მდე ქვეყანაში აქვს გახსნილი სავაჭრო წარმომადგენლობები, პოლიტიკური მხარდაჭერაც საგრძნობლად იზრდება. პირველ რიგში ეს ეხება, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს. გასულ კვირას გაიმართა ჰონდურასის პრეზიდენტის სიომარა კასტროს ინაუგურაცია, რომლის დროსაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და ტაივანის ვიცე-პრეზიდენტ უილიამ ლაის შორის ხანმოკლე კომუნიკაცია შედგა. ამან, ცხადია, ჩინეთის ხელისუფლების მძაფრი კრიტიკა გამოიწვია. თავის მხრივ, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ტაივანის ვიცე-პრეზიდენტი თავად მიესალმა მას და მხოლოდ რამდენიმე წუთი ისაუბრეს ცენტრალური ამერიკის რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. თუმცა ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის საგარეო ვიზიტი მხოლოდ ამ ხანმოკლე კომუნიკაციით არ შემოფარგლულა. ტეგუსიგალპასკენ მიმავალ გზაზე ტაივანის ვიცე-პრეზიდენტი უილიამ ლაი ერთი ღამით ლოს-ანჯელესში გაჩერდა და ვირტუალური შეხვედრები გამართა ამერიკელ კონგრესმენებთან, ამერიკულ-ტაივანური ინსტიტუტის ორგანიზებით ანალიტიკურ და ექსპერტულ წრეებთან და აშშ-ში მცხოვრებ ტაივანელებთან. უკანა გზაზე კი უილიამ ლაი 24 საათით გაჩერდა სან-ფრანცისკოში. ეს ვიზიტი კიდევ უფრო საყურადღებო იყო, ვინაიდან ტაივანის ვიცე-პრეზიდენტს ჰქონდა ვირტუალური შეხვედრა აშშ-ის კონგრესის სპიკერთან, ნენსი პელოსისთან, რომელმაც მხარდაჭერის გამოხატვასთან ერთად დააფიქსირა ტაივანის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართვის აუცილებლობაც (ამ საკითხში აშშ-ს დიდი ბრიტანეთი და ავსტრალიაც მხარს უჭერენ). ცხადია, ტაივანის სიახლოვეს მიმდინარე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებთან ერთად ასეთი ინტენსიური პოლიტიკური კონტაქტები აუცილებლად გამოიწვევდა ოფიციალური პეკინის მძაფრ რეაქციას. ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, „აშშ-მ უნდა შეასრულოს პირობა, რომ არ დაუჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას და შეწყვიტოს ცეცხლთან თამაში ტაივანის საკითხთან დაკავშირებით“.
საყოველთაო აღიარებით, ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ჩინეთის ტაივანში შეჭრა იქნება ყველაზე სერიოზული ტესტი და გამოწვევა (გარკვეულწილად უკრაინაზე მეტად სერიოზულიც კი). ერთი მხრივ, აშშ-ის ადმინისტრაცია ერთგული რჩება „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის, მეორე მხრივ კი განაგრძობს „სტრატეგიული ორაზროვნების“ ხაზის გატარებას. თუკი ჩინეთი ტაივანში შეჭრას გადაწყვეტს და ეს ბაიდენის პრეზიდენტობის დროს მოხდება, მის ადმინისტრაციას მოუწევს ორაზროვნების საფარიდან გამოსვლა და პრინციპული პოზიციის დაკავება. არის კი მზად პრეზიდენტი ბაიდენი ჩინეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის? ექსპერტთა ნაწილი საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი და ამტკიცებს, რომ ომის შემთხვევაში ბაიდენი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ტაივანის ღიად მხარდაჭერის თაობაზე და ეს იქნება მისი პოლიტიკის საბოლოო კრახი. რთულია იმის წინასწარმეტყველება, თუ რას იზამს ბაიდენი, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ სკეპტიკოსი ექსპერტების პოზიციაც არ არის მთლად უსაფუძვლო.
ტაივანის დილემა არამხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის წინაშე დგას. მას შემდეგ, რაც ნატო-სა და ევროკავშირის წევრმა ლიეტუვამ გადადგა თამამი ნაბიჯები ტაივანის პრაქტიკულად აღიარების მიმართულებით, რაც გამოიხატა ვილნიუსში „ტაივანის წარმომადგენლობის“ გახსნაში, ჩინეთმა სერიოზულად გაამწვავა მასთან ურთიერთობები. გარდა იმისა, რომ გაიწვია ელჩი ვილნიუსიდან და აიძულა ლიეტუვაც, დაეწია წარმომადგენლობის დონე პეკინში, ჩინეთმა გააძლიერა ეკონომიკური წნეხი ლიეტუვაზე. გარდა იმისა, რომ აიკრძალა ლიეტუვური პროდუქციის შეტანა ჩინეთში, მსხვილმა ევროპულმა კომპანიებმა მიიღეს გაფრთხილება ჩინეთის მხრიდან, რომ შეწყვიტონ ინვესტიციები ლიეტუვაში და შეაჩერონ საკუთარი პროდუქციისთვის ლიეტუვაში წარმოებული ნაწილების გამოყენება. პირველ რიგში, ეს გერმანულ ავტომწარმოებლებს ეხებოდა. მათაც არ დააყოვნეს და სხვა მსხვილ მწარმოებლებთან ერთად გამართეს შეხვედრები ლიეტუვის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ცხადია, ასეთ ვითარებაში გარდაუვალი გახდა ევროკომისიის ჩართვა. ბრიუსელმა სცადა მოლაპარაკების გზით პეკინთან პრობლემის მოგვარება, მაგრამ ჩინური მხარის სიხისტემ განაპირობა ევროკომისიის მიმართვა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისადმი. ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ოფიციალურად მოითხოვა ამ ორგანიზაციის ჩართვა გაერთიანების ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ლიეტუვისადმი ჩინეთის მხრიდან განხორციელებული არასამართლიანი ქმედებების გამო. ოფიციალური პეკინი მიიჩნევს, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩინეთსა და ლიეტუვას შორის არსებული პრობლემა და ევროკავშირი ამ საკითხში არ უნდა ჩაერიოს. ექსპერტთა შეფასებით, შეიძლება მსხვილი კომპანიებისა და ევროკომისიის ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდეს და მათმა შეთავაზებამ ლიეტუვისადმი, შეუცვალოს სახელი წარმომადგენლობას (სხვა ქვეყნებში წარმომადგენლობას აქვს ტაივანის დედაქალაქის – ტაიპეის წარმომადგენლობის სახელწოდება), არ იქონიოს გავლენა ურთიერთობების ნორმალიზებაზე. ევროკავშირის მიერ უიღურების საკითხთან დაკავშირებით შემოღებული სანქციების შემდეგ, ეს არის მორიგი დაძაბულობის ტალღა, რაც კიდევ უფრო აშორებს 2020 წელს ანგელა მერკელის ძალისხმევით ხელმოწერილ საინვესტიციო შეთანხმებას რატიფიცირებისა და ძალაში შესვლისგან. თანაც, უკან დახევისთვის არც ლიეტუვის მთავრობა არის მზად. პირიქით, მათ ტაივანთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გეგმები აქვთ. ტაივანმა უკვე შექმნა 200 მილიონი დოლარის მოცულობის საინვესტიციო ფონდი და ჯამში 1 მილიარდი დოლარის გამოყოფას აპირებს ლიეტუვისთვის.
ხისტად პოზიციონირებს დიდი ბრიტანეთიც. გარდა ზემოხსენებული სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერისა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა უახლოეს მომავალში კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმასაც გეგმავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, თებერვალში ტაივანში გაემგზავრება ბრიტანეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, რაც, ცხადია, ასევე გამოიწვევს ჩინეთის გაღიზიანებას. რომ შევაჯამოთ, ტაივანთან მიმართებით ვითარება პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში სულ უფრო მეტად იძაბება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთი ხვალ, ზეგ, ან თუნდაც პეკინის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ გადაწყვეტს ტაივანში შეჭრას, მაგრამ, საყოველთაო შეფასებით, ეს მხოლოდ დროის ამბავია. პეკინში გადაწყვეტილება მიღებულია და როდესაც ეს მოხდება, დემოკრატიული სამყარო ძალიან სერიოზული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის წინაშე დადგება.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023