ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.
კრიპტომორევი
Well, I think it (Bitcoin) is working.
Richard Branson
What value does cryptocurrency add?
No one’s been able to answer that question to me.
Steve Eisman
2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს სატოში ნაკამოტომ სავარაუდოდ გადაწყვიტა, რომ ახალი ეპოქა უნდა შეექმნა: დეცენტრალიზებული ვალუტის დრო – იმ ვალუტის, რომელიც თავისუფალი იქნებოდა მთავრობებისა და ეროვნული ბანკების კონტროლისაგან და რომელიც ახლა კრიპტოვალუტის სახელითაა ცნობილი. სატოში ნაკამოტოს ვინაობა დღემდე უცნობია, მაგრამ კრიპტოვალუტამ თავისი სახელი უკვე შეიქმნა და ადგილი დაიკავა მსოფლიოს აქტივებში: დღეისათვის კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 1 ტრილიონ 670 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, ამჟამად კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციის მოცულობა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან მხოლოდ 14 სახელმწიფოს ერთიან ეროვნულ პროდუქტს (ეეპ) ჩამოუვარდება და აჭარბებს ისეთი ქვეყნების ეეპ-ებს, როგორიცაა ნიდერლანდები, ბელგია, შვედეთი, თურქეთი თუ პოლონეთი. კრიპტოვალუტების ბაზრის დაახლოებით 2/3-ს შეადგენს ბიტკოინი (BTC), ხოლო მეორე ადგილზეა ეთერიუმი (ETH) დაახლოებით 10%-ით.
2013 წელს ერთი ბიტკოინის ღირებულებამ გადააჭარბა სიმბოლურ რიცხვს, 1,000 აშშ დოლარს და 2017 წლის დეკემბერში 19,000 ათასს დოლარს მიაღწია, ხოლო 2018 წელს მისი ღირებულება თითქმის 80%-ით შემცირდა. ბოლო ექვს თვეში ბიტკოინის ფასი თითქმის 400%-ით გაიზარდა (დღეისათვის 1 ბიტკოინის ფასი დაახლოებით 54 ათას დოლარს შეადგენს) და განსხვავებით წინა წლების სპეკულაციური საქმიანობისაგან, სავარაუდოდ, ეს გამოწვეულია მეინსტრიმული ფინანსური ისტებლიშმენტის ნაწილის (მაგ., Black Rock – აქტივების მართვა, Renaissance Technologies – ჰეჯ-ფონდი, Morgan Stanley – საინვესტიციო ბანკი) კრიპტოვალუტისადმი ინტერესით. დაინტერესება ოთხ მიზანს ემსახურება:
- ჰეჯირება – აქტივების ღირებულების დაცვა მოკლევადიანი საბაზრო სპეკულაციებისგან;
- ინფლაციური რისკებისგან დაცვა;
- კრიპტოვალუტის ფლობა, რომელიც თავისთავად უკვე წარმოადგენს ღირებულების მქონე აქტივს;
- კრიპტოვალუტით ვაჭრობა, რომლის ყიდვა და გაყიდვა შეიძლება როგორც გრძელ, ასევე მოკლე პოზიციებზე.
თუ ეს ინტერესი გაგრძელდება, კრიპტოვალუტის ღირებულების ზრდის სივრცე კიდევ რჩება. ამავე დროს, ისეთ გიგანტებს, როგორიცაა სუვერენული თუ საპენსიო ფონდები, თავი შორს უჭირავთ კრიპტოვალუტებისგან და ამჯობინებენ ბონდებითა და ობლიგაციებით სტანდარტულ საინვესტიციო საქმიანობას.
კრიპტოვალუტების ფასები ძალიან მოძრავია და გარე შოკები მათზე იოლად აისახება. მაგალითისთვის საკმარისია „ტესლასა“ და ბიტკოინის წლევანდელი მხოლოდ 1 თვის, თებერვლის, ისტორია: ილონ მასკის „ტესლამ“1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინები შეიძინა, რის შედეგადაც ბიტკოინის ფასი რამდენიმე საათში თითქმის 15%-ით გაიზარდა, ხოლო არასრული სამი კვირის შემდეგ იმავე მასკის ტვიტმა, რომ ბიტკოინების ფასი ძალიან მაღალია, რამდენიმე საათში გამოიწვია მისი ღირებულების შემცირება თითქმის 16%-ით.
კრიპტოვალუტებს შეუძლია, გაამართლოს თავისი მაღალი ფასი, მაგრამ ის ვერ შეცვლის არსებულ გლობალურ ფინანსურ კონიუნქტურას და თავისი თაყვანისმცემლებისა და მსოფლიოს ლიბერტარიანელების ოცნებას რეალობად ვერ გადააქცევს: ის ვერ გახდება იმავე მასშტაბის გადამხდელი ინსტრუმენტი, როგორიცაა აშშ დოლარი, ევროკავშირის ევრო თუ იაპონური იენა. კრიპტოვალუტის ტექნიკური ბარიერები რომც გადაილახოს, ნებისმიერი სახელმწიფო შეზღუდავს ან სულაც დაბლოკავს იმ ტექნოლოგიას, რომელიც მის მონეტარულ სუვერენიტეტს რეალურ რისკს შეუქმნის. მაგალითისთვის, რეგულაციებმა უკვე აიძულეს ფეისბუკის კრიპტოვალუტა, ამბიციებიც მოეთოკა და რებრენდინგიც განეხორციელებინა (Libra-დან Diem-ზე). პარალელურად, ზოგიერთი ქვეყნის ეროვნული ბანკი უკვე მუშაობს თავის ციფრულ ვალუტაზე (რაც პარადოქსულად, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კრიპტოვალუტის დეცენტრალიზებულ შინაარს).
სავარაუდოდ, კრიპტოვალუტა თავისი შემქმნელის (ან შემქმნელების) მიერ გათვალისწინებული იყო როგორც გადახდებისა და ტრანზაქციების ინსტრუმენტი. ამჟამად კრიპტოვალუტა უფრო ინვესტირებისა და ჰეჯირების გზაზე დგას. მიუხედავად რამდენიმე სოლიდური კომპანიის განაცხადისა (იგივე „ტესლა“), რომ ის მიიღებს ბიტკოინს, როგორც გადახდის საშუალებას, კრიპტოვალუტა, როგორც ტრანზაქციების გადახდის უნივერსალური საშუალება, ჯერ ძალიან შორსაა ამ მიზნისაგან.
კრიპტოვალუტებს შეუძლიათ შეასრულონ (და უკვე ასრულებენ) ღირებულების შენახვის უსაფრთხო ინსტრუმენტის როლი, ისევე როგორც ოქროს. იმ განსხვავებით, რომ ციფრული საფულის შენახვა უფრო მოსახერხებელია, ვიდრე რეალური, დაჯავშნილი საცავების შექმნა და შენახვა. ამ შემთხვევაში, კრიპტოვალუტებს შეუძლიათ, ინვესტორების პორტფელის ნაწილი იყვნენ. კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, ოქროს ფუნდამენტური გამოყენება აქვს, მაგრამ მის ფასს არა იუველირები და ელექტროსქემების მწარმოებლები, არამედ ინვესტორები განსაზღვრავენ,. შესაბამისად, შესაძლოა, რომ კრიპტოვალუტების ფასი თვითმდგრადიც გახდეს. ფაქტია, რომ მილენიალების თაობის ინვესტორები კრიპტოვალუტას ხშირად ამჯობინებენ ოქროს. თუმცა კრიპტოვალუტის ღირებულება დიდი ამპლიტუდით ირყევა, რაც არასასურველია ღირებულების შემნახველი ინსტრუმენტისთვის. თუმცა საბოლოოდ, რეგულაციებთან შეგუება და უფრო ლიკვიდური ვაჭრობა კრიპტოვალუტებს ალბათ უფრო დიდ მომხიბვლელობას შესძენს. კრიპტოვალუტა თავიდან, სავარაუდოდ, ჩაფიქრებული იყო, როგორც გლობალური ფინანსური სისტემის ალტერნატივა. ამჟამად მისი მიზანი უფრო მოკრძალებული უნდა იყოს – ამ სისტემაში ადგილის პოვნა.
დაბოლოს: ვიყიდოთ თუ არა კრიპტოვალუტები ფულის შოვნის მიზნით? ასეთ მერყევ აქტივებზე ვერ გავრისკავ, სხვას რამე ვურჩიო. იმას კი გეტყვით, რომ მე ვიყიდე კრიპტოვალუტები. ცოტა. იქნებ არ ხუმრობს ფორტუნა?
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 10, 2023
- on აპრილი 13, 2023
- on მარტი 29, 2023
- on მარტი 15, 2023
- on მარტი 2, 2023
- on თებერვალი 15, 2023
- on თებერვალი 1, 2023
- on იანვარი 11, 2023