ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.
ლიტერატურა და დამახინჯებული რეალობა
დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან
და ღმერთი იყო სიტყვა. (იოანე, 1:1)
ჰომეროსისა და სერვანტესის წაკითხვით ფულს ვერ ვიშოვით – ეს გარანტირებულია. ვერც ედგარ პო და ანატოლ ფრანსი დაგვეხმარება ამ საქმეში, ვერც გალაკტიონი და ნიკო სამადაშვილი. მაშ, რატომ უნდა ვიკითხოთ მხატვრული ლიტერატურა? ეს შეკითხვა არ არის იოლად პასუხგასაცემი, განსაკუთრებით იმ დროში, როდესაც სხვადასხვა ფორმისა და ზომის ეკრანებიდან ნიაღვრად მოდის აუდიო- თუ ვიდეომასალები, ჩანაწერები, პირდაპირი გადაცემები და ნარატივები (რომლებშიც საკმაოდ იშვიათად თუ შეგვხვდება ხარისხიანი მასალა). თუმცა ვეცდები, ჩემი მოკრძალებული ძალებით ვუპასუხო ზემოთ ნახსენებ შეკითხვას. ის ახსნა, რომელსაც წინამდებარე ბლოგში გთავაზობთ, მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და მას არანაირი პრეტენზია ჭეშმარიტებაზე არ გააჩნია.
ადამიანის ბუნება რჩება უცვლელი. მას დღესაც ამოძრავებს იგივე გრძნობები და ვნებები, რაც ჰქონდა ასეულობით თუ ათასობით წლის წინ: სიყვარული, ბრაზი, მრისხანება, სექსუალური ლტოლვა, გამარჯვების სურვილი, შური თუ შურისძიება. კიდევ უფრო ფუნდამენტურ დონეზე კი: გადარჩენისა და გამრავლების ზემძლავრი იმპულსები. არა აქვს მნიშვნელობა, რა ეპოქაშია ადამიანი: ბოლო მოდელის კომპიუტერს უზის, მთვარეზე და მარსზე კვლევით აპარატებს გზავნის თუ ქვის დანას თლის. როგორც ადრე, ასევე ახლაც, ადამიანს ისევ ძალუძს სხვისთვის უანგარო თავგანწირვა თუ ზურგში დანის ჩაცემა, დახმარება თუ ხელის კვრა. ადამიანს ყველაზე მეტად თავისი თავის შეცნობა უჭირს, ყველაზე მეტად თავისი თავის დანახვის ეშინია. გავიხსენოთ ძველი ბერძნული მაქსიმა: შეიცან თავი შენი. ეს შეცნობა და საკუთარი რეალური „მე“-სთვის თვალის გასწორება ითვლებოდა (და ჩემი აზრით, ახლაც ასეა) ყველაზე დიდ გამარჯვებად. რადგან ადამიანს ასე უჭირს საკუთარი თავის გაცნობა, მის დასახმარებლად მოდის ლიტერატურა. ლიტერატურა არის ის სარკე, რომელიც წიგნების სხვადასხვა პერსონაჟის ფიქრებით, მოქმედებებით თუ ცხოვრებით ქმნის იმ რეალურ სარკეს, რომელშიც ჩახედვა და საკუთარი თავის ამოცნობა შეგვიძლია. დანარჩენი ყველაფერი – სოციალური ქსელები თუ პლატფორმები, თავგადაკლული მუშაობა თუ ფულის ნიჩბებით მოხვეტა – ასევე ქმნის სარკეს, ოღონდ დაბრეცილს და იქიდან მომზირალი ჩვენი თავი სხვანაირია, ის კარგია და გვიხარია. ოღონდ პრობლემა ის არის, რომ ეს თავის მოტყუებაა, რადგან ანარეკლი არასწორია, რადგან თვითონ სარკეა არასწორი, დაბრეცილი. წიგნს შეუძლია, გვიბიძგოს და საკუთარი თავი შეგვადარებინოს პერსონაჟს და ამით დაგვეხმაროს საკუთარი თავის ამოცნობაში. ხოლო საკუთარ თავს თუ კარგად გაიცნობ და ამოიცნობ, შეგიძლია ჩათვალო, რომ იცნობ პლანეტის ყველა მცხოვრებს.
მხატვრულ ლიტერატურას შეუძლია კიდევ ერთი მძლავრი ინსტრუმენტის შექმნა: საზომის. მე შეიძლება ვერასდროს გავხდე ისეთი კარგი და ღირსებით შემკული ადამიანი, როგორიც არის ესა თუ ის პერსონაჟი, მაგრამ მე მაქვს ჩემი, შინაგანი ეტალონი. მე უკვე ვიცი, ვის და რას შევედარო. და ეს ნაღდი საზომია, რადგან დიდ ლიტერატურას გავლილი აქვს ყველაზე მძიმე და რთული ტესტი: გამოცდა დროით.
რეი ბრედბერის აქვს გასაოცარი ნოველა, „451 ფარენჰაიტით“ (ტემპერატურა, რომელზეც ქაღალდი იწვის). დისტოპიურ ქვეყანაში წვავენ წიგნებს, როგორც სინათლისა და იდეების მატარებელ არტეფაქტებს. ადამიანები იზეპირებენ დასაწვავად განწირულ წიგნებს (მე ვარ ო.ჰენრის „უკანასკნელი ფოთოლი”, მე ვარ მარკ ტვენის „ტომ სოიერი“ და ა.შ.), რომ შთამომავლობას შემოუნახონ ეს უმნიშვნელოვანესი დანატოვარი.
რადგან ადამიანის ბუნება უცვლელია, იმიტომ არის, რომ დღესაც აქტუალური და მნიშვნელოვანია (და შემდეგაც ასე იქნება) რამდენიმე წლის თუ საუკუნის წინანდელი ავტორები: ჰომეროსი, ვერგილიუსი, სერვანტესი, შექსპირი, თომას მანი, დოსტოევსკი, ჯოისი, ბაირონი, გალაკტიონი თუ სხვა გიგანტები, რომელთა მხრებზეც დგას კაცობრიობა.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 10, 2023
- on აპრილი 13, 2023
- on მარტი 29, 2023
- on მარტი 15, 2023
- on მარტი 2, 2023
- on თებერვალი 15, 2023
- on თებერვალი 1, 2023
- on იანვარი 11, 2023