"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

მატარებელი თბილისი-ბრიუსელი... წავა მალე!

Forbes-WEB-22062003

ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი სიტყვათა თამაში: „მატარებელი თბილისი-ვალე გავა მალე; ან დღეს, ან ხვალე“ 🙂!

რაც შეეხება მატარებელს თბილისი-ბრიუსელი, აქ კი საქმე უფრო სერიოზულად არის. ის არათუ გავა, არამედ მალე წავა და თუ ყველამ ერთად ძალიან არ მოვინდომეთ, უჩვენოდ წავა!

ამ მატარებელს შეუძლია ჩვენს ისტორიულ კუთვნილ ადგილას – ევროპაში დაგვაბრუნოს! ეს არჩევანი მართლაც რომ ცივილიზაციური არჩევანია და ასწლეულების მანძილზე მის აღსასრულებლად იღვწოდნენ, იბრძოდნენ და თავსაც სწირავდნენ ჩვენი დიდი წინაპრები!

დღეს ევროპულ ოჯახში დაბრუნება ნიშნავს ევროპულ კავშირში გაწევრიანებას. თავის მხრივ, 27 ევროპულ ქვეყანასთან გაერთიანება ნიშნავს ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმებას. მათ შორის უმთავრესია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან საკუთარის ჰარმონიაში მოყვანა. ეს ოთხი კრიტერიუმი კოპენჰაგენის კრიტერიუმებში დეტალურად იშლება სხვა უმნიშვნელოვანეს სფეროებში (ეკოლოგია, განათლება, სოციალური დაცვა, უსაფრთხოება და ა.შ.) დაწესებულ სტანდარტებთან ერთად. მათთან შესაბამისობაში მოსვლა ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო პროცესია, რომელსაც, რა თქმა უნდა, სათანადო სიკეთეები მოჰყვება გაწევრიანების პროცესში და წევრობის დროს.

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიაში მრავლად იყო საეტაპო ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ გადადგა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ევროპის საბჭოში გაწევრიანება, ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა – ამ ყველაფერში უამრავმა ადამიანმა, პოლიტიკურმა ლიდერმა, დიპლომატმა თუ საჯარო მოხელემ თავისი აგური დადო. ეს არ იყო მარტივი გზა და, რა თქმა უნდა, ჩვენ მას ვერ გავივლიდით, რომ არა თავად ევროკავშირის მხრიდან დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზევე აღმოჩენილი, გადამეტების გარეშე, სასიცოცხლო მნიშვნელობის მხარდაჭერა. დღევანდელ დღემდე მოსვლას ბევრი სისხლი, ბევრი ბრძოლა, შრომა და რესურსი დასჭირდა. შეიძლება ვინმეს ზედმეტად პათეტიკურად მოეჩვენოს ეს სიტყვები, მაგრამ, დიახ, როდესაც ჩვენი ბიჭები და გოგოები სამშობლოსთვის მტერთან ბრძოლაში იღუპებოდნენ, ისინი იმ უმთავრესი ფასეულობებისთვის იბრძოდნენ, რომლებიც ევროპულ კავშირში 440 მილიონ ადამიანს დღეს წესად, კანონად და მთავარ საქმედ აქვს. აქვე გადამეტების და ყოველგვარი ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ შორეულ წარსულში, ზუსტად ისევე, როგორც დღეს უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის, ასევე იბრძოდნენ ქართველები ევროპელთა სიმშვიდისა და კეთილდღეობისათვის.

დღეს  მთავარი ბრძოლა უკრაინაშია და იქაც მამაცი უკრაინელების მხარდამხარ გმირულად იბრძვიან ჩვენი თანამემამულეები. სამწუხაროდ, გვყავს გმირულად დაღუპულებიც. ყველა ქართველ მებრძოლს, ვისთანაც კი მე მისაუბრია, პირდაპირ უთქვამს, ვიცით, რომ ვიბრძვით უკრაინის და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავლისთვისო.

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ევროკავშირში, გაფართოების ტალღების შემდეგ, განსაკუთრებით კი 2004 წლის ყველაზე მასშტაბური გაფართოების შემდეგ, დროთა განმავლობაში გაძლიერდა ევროსკეპტიკური განწყობები, ანუ ევროკავშირში სულ უფრო მეტად სწუხდნენ იმაზე, რომ მათ დიდი ტვირთი მიიღეს ახალი, ეკონომიკურად გაცილებით სუსტი ქვეყნების შემოერთებით. ძლიერდებოდა მოსაზრება, რომ ეს გაფართოების ტალღები შეცდომაც კი იყო და ახალი წევრების შემომატება აღარ ითვლებოდა მიზანშეწონილად. სწორედ ამან შეაფერხა მნიშვნელოვნად ბალკანეთის ქვეყნების ევროპულ კავშირში ინტეგრაციის პროცესი. ჩრდილოეთი მაკედონია, მონტენეგრო და ალბანეთი წლებია, რეფორმებს ატარებენ კანდიდატის სტატუსში და სწორედ უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს, დაიწყება თუ არა მათთან გაწევრიანების მოლაპარაკებები. აქ შეგნებულად არ ვახსენე თურქეთი და სერბეთი, რომლებთანაც მთელი რიგი მიზეზების გამო ან შეჩერებულია მოლაპარაკებები, ან ძალიან რთულად მიდის.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში სრულიად ახალი რეალობა დადგა. უკრაინელების თავგანწირვამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა, ხოლო თავად უკრაინის ხელისუფლება კი კიდევ უფრო მეტად, კარგი გაგებით აგრესიული გახადა ევროპულ კავშირში გაწევრების მოთხოვნის თვალსაზრისით. მართალია, მათ ჰქონდათ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები ომის დაწყებამდე, მათ შორის ერთ-ერთი ოლიგარქების წინააღმდეგ მიღებული კანონმდებლობა იყო, მაგრამ ყველა თანხმდება: რომ არა ომი რუსი აგრესორების წინააღმდეგ, რომ არა უკრაინელების თავდადებული ბრძოლა, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება, ევროკავშირის შიგნით კიდევ კარგა ხანს არ ჩამოყალიბდებოდა საზოგადოებრივი აზრი იმის თაობაზე, რომ უკრაინული ერი არის ევროპული ერი, უკრაინა არის ევროპული ქვეყანა და უკრაინა იმსახურებს ევროპულ კავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატის სტატუსს. დემოკრატიებში მთავრობები და პოლიტიკოსები ასრულებენ საზოგადოების დაკვეთას და არა პირიქით. შესაბამისად, ამ უკანასკნელთაც გაათვითცნობიერეს ეს და ღიად დაუდასტურეს მხარდაჭერა უკრაინას კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.

არ შემეშინდება ამ სიტყვის თქმა და ვიტყვი, რომ დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი მოლდოვამაც, მისმა საოცრად შრომის და ბრძოლის უნარის მქონე  პრეზიდენტმა მაია სანდუმ დემოკრატიულად არჩეულ პროევროპულ მთავრობასთან ერთად.

გასაკეთებელი ორივეს კიდევ ბევრი აქვს. კანდიდატის სტატუსიც უფრო ნდობის კრედიტი იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში მათ მიმართ ამ გადაწყვეტილების მიღება, შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან ერთად, უკრაინის რუსეთთან ომის პირველი ისტორიული შედეგებია. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შედეგები და გადაწყვეტილებები კიდევ ბევრი იქნება.

სად არის ამ დროს საქართველო? მე ძალიან მეამაყება, რომ „საქართველოს ევროპული გზის“ ყოველწლიური ღონისძიებების მასპინძელი ვიყავი ჩემს არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად. ჩვენთვის, ისევე როგორც ჩვენი წინამორბედებისთვის, რომელთა ამაგიც აუცილებლად დასაფასებელია, ეს არ იყო ჩვეულებრივი, მორიგი შეკრება ქათქათა ბათუმში. გულწრფელად მიხაროდა, როდესაც ცოტა ხნის წინ იმავე კონფერენციის ფარგლებში პეტრას ციხეზე ასოცირებული ტრიოს შექმნა ოფიციალურად გაფორმდა. ასევე გულწრფელად არ მინდოდა იმის წარმოდგენა, რომ ეს ტრიო ევროკომისიის რეკომენდაციებში დაიშლებოდა და, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით.

ამდენად, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს მარშრუტს თბილისი-ბრიუსელი, დიდი გულისტკივილით უნდა ვთქვა, რომ საქართველო ახლა სათადარიგო ლიანდაგზე დგას, რომლიდანაც სულ რაღაც 6 თვეში ასევე შეიძლება ჩაგვხსნან და საბოლოოდ თავი ძველ საბჭოურ, დაჟანგულ ვაგონებს შორის ამოვყოთ. არადა სულ რაღაც 3-4 წლის წინაც კი ჩვენ ამაყად დავატარებდით აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩემპიონების ტიტულს. დიახ, საამაყო იყო, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდოდა – ჩვენს კუთვნილ ადგილას დაბრუნება და დამკვიდრება გვინდოდა.

ხალხის ნება ურყევია. მთავრობები მოდიან და მიდიან, ხალხი კი რჩება, თუმცა ამ მთავრობებს თუ ხალხი უფლებას მისცემს, მათ შეუძლიათ ქვეყანა დიდ უფსკრულში გადაჩეხონ. ამისთვის არავინ მემეტება, მათ შორის არც ისინი, ვინც ახლა ლოკომოტივში საჭესთან სხედან. უფსკრულში ერთად გადაჩეხას, დამეთანხმებით, შინ, ევროპაში ერთად დაბრუნება ნამდვილად ჯობია. დღეს ზედმეტად ოპტიმისტი ვარ? შეიძლება, მაგრამ ალბათ ძალიან მინდა, ვიხილო ჩემი ქვეყანა შინ, ევროპაში დაბრუნებული.

გააზიარე