„ვარ მედიაფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი, მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრ "მედიახმის" დამფუძნებელი. მოდით, ერთად დავინახოთ როგორ მოქმედებს მედია და ტექნოლოგიები ჩვენზე.“
მედიამეხსიერება: რუკა არ არის ტერიტორია
ადამიანის მეხსიერებას (მედიისგან განსხვავებით) არ აქვს ჩართული ვიდეოკამერა, რომელიც ყველაფერს იწერს და საჭიროების შეთხვევაში “გადაახვევს“. ჩვენი გონება მოვლენებს სელექციურად იმახსოვრებს და იმისთვის, რომ გავიხსენოთ, რა მოხდა წარსულში – ჩვენს გონებას კომპლექსური დავალებების შესრულება უწევს. ბიოლოგიურ მეხსიერებას არ აქვს მიღებული ინფორმაციის მომენტალურად “დასეივების“ ფუნქცია, დამახსოვრებისთვის ტვინს ინფორმაციის გადამუშავება სჭირდება. მედიაგადაცემები (საინფორმაციო გამოშვებები და ტოკ-შოუები) ამაში ჩვენს ტვინს ნამდვილად ეხმარებიან.
ბიოლოგიური მეხსიერება VS მედია არქივი: რა შეუძლია მედიას?
- მედია ხშირად თავად წყვეტს, რა უნდა გვახსოვდეს და რა უნდა დაგვავიწყდეს.
- მედიას შეუძლია ჩვენი ძველი მოგონებებიდან შექმნას სრულიად ახალი კონტექსტი.
- მედიას შეუძლია ემოციური ფონის შექმნით, კონცენტრაციით და გამეორებით ინფორმაცია უფრო დასამახსოვრებელი და მეხსიერება კონკრეტული ამბის გარშემო კონსოლიდირებული გახადოს.
- მედია სუნთქავს ახალი ამბებით, ბიოლოგიური მეხსიერება კი მუდმივად ქმნის ახალ სტრუქტურას და მასაც, არსებობისთვის სჭირდება ახალი გამოცდილება და ინფორმაცია.
- მედიას შეუძლია მალევე დაგვავიწყოს ინფორმაცია. მედიას შეუძლია ძალიან დიდხანს დაგვამახსოვროს მოვლენა. იმისთვის, რომ ამბავი დიდხანს დაგვამახსოვროს, მედია “ძველ ამბავს“ მუდმივად ფუთავს ახალი ამბების კონტექსტში.
- მედიას შეუძლია თავისი არქივიდან ამოიღოს კონკრეტული მონაკვეთი და ახალ ამბებთან სინთეზირებით, მეხსიერების update ჩართოს.
- მედიას შეუძლია შერჩევითად გაგვახსენოს წარსული, გააცოცხლოს ის ან შექმნას ყალბი მეხსიერება.
ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად დავინახოთ ის, რაც წარსულში მოხდა. ვხედავთ იმას, რაც ჩვენმა გონებამ ფრაგმენტულად დაიმახსოვრა და მანამდე დაარქივებულ ინფორმაციასთან სტრუქტურულად დააკავშირა. როცა ვიხსენებთ, აღვიქვამთ არა მთლიან სურათს, არამედ მის ნაწილებს, ჩვენს მეხსიერებაში შენახულ ზუსტ და ფსევდო ფაქტებს, რომლებიც თურმე სწორად ან შეცდომით ერთმანეთზე გადაგვიბამს.
ტრადიციული მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც არ არის რეალობის იდენტური და მასაც შეუძლია ყალბი რეალობის შექმნა და ჩვენი სიმულაციაში ჩართვა.
მედია მეხსიერება ქმნის ცვლილებას
მედიაში გაშუქებულ ახალ ამბავს, რომელსაც ვიმახსოვრებთ, მოაქვს ცვლილება ჩვენი მეხსიერების უკვე არსებულ სურათში. მეხსიერება არ არის სტატიკური, ის მუდმივად იცვლება იმ კონტექსტის და ახალი ამბების, ემოციების შესაბამისად, რასაც მას ახალი რეალობა თუ ფსევდო-რეალობა სთავაზობს. არ გაგიკვირდეთ თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენ მედიით ისეთი რამ გითქვამთ ან სოციალურ ქსელში ისეთი რამ დაგიპოსტავთ, რაც საერთოდ აღარ გახსოვთ ან გახსოვთ სხვანაირად. ასევე, შესაძლებელია, მედია არქივის და ე.წ. deep fake-ების შექმნით, თქვენი ნათქვამი სხვა კონტექსტში აღმოჩნდეს და სრულიად ახალი, ყალბი ან გამრუდებული მეხსიერება შექმნას.
ჩვენი გონება ყოველდღიურ ჰიპნოზშია
მედიაში ფსიქოლოგიური ტრანსის ალგორითმები მოქმედებს იმავე პრინციპით, როგორც ფსიქოთერაპევტის კაბინეტში. განსხვავება ისაა, რომ მედიით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრანსი არის ყოველდღიური მდგომარეობა, რომელიც ჩვენს ფიზიოლოგიურ კომფორტთან ასოცირდება (ეს შეიძლება იყოს მუსიკის მოსმენა, ჭამა ტელევიზორის ყურებისას, მედიტაცია, კონკრეტულ დროს ნიუსების მოლოდინი, კონცენტრაცია და მიჯაჭვულობა). ტრანსი ძლიერდება და მედიის ზემოქმედება იზრდება, როცა გავიგებთ ფრაზას, რომელიც თანხმობას და კომფორტს იწვევს, როცა დავინახავთ საგანს (მაგ: ინტერაქტივს ან წარწერას ეკრანზე), რომელზე კონცენტრირებაც საჭიროა. თუ მაყურებლისგან არსებობს ამგვარი თანხმობა, მისთვის უფრო მარტივია, გაატაროს საეჭვო, ყალბი ინფორმაცია ან რაიმე ახსნა მოუძებნოს მას, ვიდრე გამოვიდეს პირველადი ფსიქოლოგიური კომფორტიდან და ტრანსიდან.
რა დროს გვამახსოვრდება ამბავი?
ანონსებით, თხრობის დინამიკით შესაძლებელია მედიამ მაყურებელი ხანგრძლივადაც “მიაჯაჭვოს“ ეკრანზე. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც გაწყვეტილი, დაუსრულებელი თხრობის ეფექტი მუშაობს. კვლევები ადასტურებს, რომ თურმე ადამიანს დაუსრულებელი საქმეები ამახსოვრდება იმაზე მეტად, ვიდრე შესრულებული და ბოლომდე მიყვანილი საქმეები. ახალ ამბებში, საინფორმაციო გამოშვებებში ეს ტექნიკაც გამოიყენება: დაუსრულებელი/მიმდინარე ამბები უფრო გვამახსოვრდება. ამიტომ, სასამართლო ხელისუფლებაში წლობით და ხშირად ხელოვნურად გაჭიანურებული საქმეები, კარგი საბაბი ხდება იმისთვის, რომ კონკრეტული თემა მუდმივად აქტუალური იყოს მედიაში.
თუ მედია ახალ ინფორმაციას სტრუქტურირებულად, ნაცნობ კონტექსტში (მათ შორის, ნაცნობ ადამიანებისა და ფიზიკური გარემოს დახმარებით) შემოგვთავაზებს – ამბის გახსენებაც, მომავალში უფრო მარტივი იქნება. თუ ეს მოვლენა ემოციურადაც დამუხტულია – დამახსოვრების ეფექტი უფრო ძლიერია.
რა დაგვამახსოვრდება “კარტოგრაფების საქმიდან“?
“კარტოგრაფების საქმეში“ ყველასთვის ნაცნობი და ემოციურად დამუხტული სიტყვა არის “გარეჯი“. ეს სიტყვა ძველი მეხსიერებისთვის ანკესია და მასზე ახალი კონტექსტის, სცენარის დაშენება უფრო მარტივადაა შესაძლებელი. “გარეჯთან“ თუნდაც არაარგუმენტირებული და კონტექსტიდან ამოვარდნილი ინფორმაციის მიბმა ასოციაციებს მაინც ააგებს და მაყურებელს დაამახსოვრდება. ამისთვის მთავარია იყოს სტრუქტურა, წარმოსახვის და ემოციური ასოციაციების წახალისება, რომელიც შეაწებებს ინფორმაციას და პერიოდულად დაამუშავებს მეხსიერებას.
მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ და რა კონტექსტში განვათავსებთ მედიიდან მიღებულ ახალ ინფორმაციას გონებაში, რა წარმოსახვას ავაგებთ მის გარშემო, რომელიც მომავალში ამ ამბის გახსენებისას – ჩვენი გზამკვლევი გახდება. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოხდება კონკრეტული ამბის განახლება ყოველდღიურად, როგორი იქნება სიუჟეტების აგების თანმიმდევრობა, ტოკ-შოუებში მოწვეული სპიკერების რიტორიკა, რა დროს შეწყდება ამბის განხილვა, როდის და როგორ დასრულდება მედია-გაშუქება.
“კარტოგრაფების საქმე“ და აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის პროცესი არ დასრულებულა. სავარაუდოდ, განხილვა მედიით კიდევ დიდხანს გაგრძელდება, განახლდება ახალი კონტექსტით. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების მეხსიერებაში მან შესაძლოა დატოვოს კვალი: შექმნას ყალბი მეხსიერება ან პირიქით.
BIG MEDIA IS WATCHING YOU
საბჭოთა კავშირმა მედიასაც (ისევე, როგორც ეკონომიკას, პოლიტიკას, კულტურას) დაუტოვა მემკვიდრეობითი ტრავმები, რომელიც, სამწუხაროდ, მედიის პროპაგანდისტულ ნარატივში დროდადრო ცოცხლდება-ხოლმე.
კონტექსტუალურია ის, რაც მუდმივად გვახსოვს და რასაც გვახსენებს მტერი: რუსეთისგან ოკუპირებულ სახელმწიფოში ადამიანი “დაუცველია“. პერიოდული გატაცებები, მცოცავი ოკუპაცია, გვახსენებს, რომ არც სახელმწიფოს საზღვრებია მყარი და არც პიროვნების. ისტორიული მტერი გამიზნულად ცდილობს, მუდმივად გაგვახსენოს საზღვრების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ თემასთან პირისპირ დაუცველები დაგვტოვოს. ამ პროცესში მას სჭიდება მოკავშირეები, წარმოსახვითი მტრების და გმირების წარმოჩენა, ფსევდორეალობისა და ყალბი მეხსიერების შექმნა.
რუსული ჰიბრიდული გეგმის განხორციელების პრევენცია შესაძლებელია მეტი ინფორმირებულობით, ემპათიის და სოლიდარობის გამოხატვით მათ მიმართ, ვინც პროპაგანდის სამიზნეა. იმ ყველაფრით, რამაც მიმდინარე კვირებში “კარტოგრაფების საქმეზე“ ყალბი მეხსიერების შექმნის პრევენცია მეტნაკლებად მოახდინა. ეს, საბოლოოდ, კონსოლიდირებულ სამოქალაქო მეხსიერებას შექმნის, რომელიც ჩვენს იდენტობას, სწორ ღირებულებებს გააერთიანებს და დაიცავს.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on იანვარი 11, 2024
- on აგვისტო 31, 2023
- on მარტი 17, 2022
- on თებერვალი 22, 2022
- on იანვარი 20, 2022
- on იანვარი 4, 2022
- on დეკემბერი 6, 2021
- on ნოემბერი 8, 2021