ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

მეორე მსოფლიო ომი - შავი ჭირის დამარცხება

344800743_619672123132826_2140109434377544269_n

Those, who have touched the bottom and have seen

                                                    the face of Gorgon, did not return or returned wordless.

                                                                                                                             Primo Levi

                                                ისინი, ვინც შეეხნენ ფსკერს და ნახეს გორგონას სახე,

                                                  ვერ დაბრუნდნენ ან დაბრუნდნენ დამუნჯებულები.

                                                                                                                         პრიმო ლევი

წელს, მაისში შესრულდა 78 წელი ნაციონალ-სოციალიზმის (ნაციზმის) ურჩხულის დამარცხებიდან, რომელიც საკუთარ გამოქვაბულში ამობუგეს. ნაცისტური სახელმწიფო მოკლეს, მაგრამ დღესაც ბევრია სხვადასხვა ტიპის რადიკალური იდეოლოგიები, რომლებიც, როგორც ნაციზმი, ეყრდნობიან სხვადასხვა სახის, მოგონილ რასობრივ, ეთნიკურ თუ რელიგიურ უპირატესობებს.

1941-1945 წლებში ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ჩამოყალიბდა ანომალიური ალიანსი: საბჭოთა ტოტალიტარულ სახელმწიფო (სსრკ) და დასავლური დემოკრატიები (აშშ და დიდი ბრიტანეთი). გამოდიოდა, რომ ეს ორი ბანაკი ერთმანეთში ისეთ დიდ საფრთხეს ვერ ხედავდა, როგორც ნაციზმში. ეგრეც იყო. ნაცისტურ გერმანიასთან არ ჭრიდა Realpolitik-ი ინსტრუმენტები, რადგან მას ამოძრავებდა მხოლოდ თავისი დაუნდობელი იდეოლოგია. ეს იდეოლოგია არ უშვებდა გადახრებს, ის ხისტი იყო. ნაცისტებთან არ იმუშავა ლონდონის და პარიზის დაყვავების პოლიტიკამ (რომლის კულმინაცია იყო მიუნხენის 1938 წლის სამარცხვინო კონფერენცია), არც საბჭოთა კავშირთან ერთად გაყოფილმა ტერიტორიებმა (პოლონეთი), არც სსრკ-ს ნეიტრალიტეტმა და ვაჭრობამ (გერმანული ექსპორტი – ჩარხების და მეტალურგიის პროდუქტები, საბჭოთა ექსპორტი – ნავთობი და ხორბალი) 1939-1941 წლებში. ეს ომი არ იყო კაპიტალიზმის და სოციალიზმის დაპირისპირება, ეს იყო ამ ორის გაერთიანებული, ეგზისტენციალური ბრძოლა უდიდეს საფრთხესთან. საფრთხესთან, რომლის სისასტიკის და სიშლეგის მსგავსი მანამდე კაცობრიობას არ უნახავს. ამავე დროს, ეს იყო სამოქალაქო ომი, რადგან ნაციზმმა თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში გააჩინა ბზარები – პრო- და კონტრნაციზმი.

1939-1941 წლებში ნაციზმის ტრიუმფალურმა სვლამ მთელ ევროპაში, მსოფლიოში დატოვა რეალურად მხოლოდ ორი დემოკრატიული სახელმწიფო, აშშ და დიდი ბრიტანეთი, ისიც პოლიტიკური რუკის კიდეებზე (თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ იმ დროისთვის დიდი ბრიტანეთი ჯერ კიდევ იყო კოლონიური მეტროპოლია, შეიძლება საერთოდ ეჭვქვეშ დავაყენოთ მისი სრული დემოკრატიულობა. თუმცა წინამდებარე არგუმენტირებისას, ჩავთვალოთ, რომ დიდი ბრიტანეთი იყო სრული დემოკრატიული სახელმწიფო). ნაცისტური გერმანია დაუფარავად ებრძოდა და ანგრევდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს ევროპაში, შლიდა ევროპის ევროპულობას, ანგრევდა მის ქრისტიანულ და ძველბერძნულ საფუძველთა საფუძვლებს. ამავე დროს, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმაც კარგად იცოდნენ, რომ მათი ხაზინა ვერ გაუძლებდა მეორე დიდი ომის ხარჯებს (ეს იყო გაკვეთილი, სხვა მრავალთა შორის, რაც მათ მიიღეს პირველი მსოფლიოს ომის შესახებ). ამ ქვეყნების მოუმზადებლობის სურვილი და მოუმზადებლობის დემონსტრაცია იყო 1939-1940 წლების ე.წ „ყალბი ომი“ (phoney war), ხოლო 1940 წლის მაის-ივნისში მოხდა კულმინაცია, როდესაც გერმანიის არმიამ (ვერმახტმა) ფრანგული ჯარი და დიდი ბრიტანეთის საექსპედიციო კორპუსი ჩრდილოეთ ზღვაში გადაყარა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით). ადგილზე საომრად რჩებოდა საბჭოთა კავშირი, რომელიც თავისი პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობის ჯარისკაცებით, რომელთა სიცოცხლეს, მათი კაციჭამია ხელმძღვანელები არას დაგიდევდნენ და სამწუხაროდ, მათ იყენებდნენ როგორც „საზარბაზნე ხორცს.“ მხოლოდ ასეთ დაუნდობელ ქვეყანას შეეძლო გაენადგურებინა ვერმახტი დასავლეთის უმნიშვნელოვანესი მატერიალურ-ტექნიკური დახმარებით (ლენდ-ლიზის პროგრამა). როგორც შემდგომ ისტორია გვაჩვენებს, ვერმახტის დაახლოებით 80% დაიღუპა აღმოსავლეთის ფრონტზე.

ცოტა, მაგრამ ჯერკიდევ ცოცხალი არიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები. ეს შეგვახსენებს იმას, რომ უფსკრულში ჩასვლა არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა და მსგავს რამეს განმეორების პოტენციალი აქვს.

ნაციზმი განადგურდა, მაგრამ თითქმის ყველგან მსოფლიოში, კვლავ მძლავრობს რადიკალური იდეოლოგიები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად მოუწოდებს თავიანთ წევრებს ძალადობისკენ. სამწუხაროდ, ეს ბოროტება ხდებოდა, ხდება და ალბათ კიდევ მოხდება ბევრჯერ, ალბერ კამიუს ალეგორიულ რომანის „შავი ჭირის“ დასასრულის მსგავსად: „[…] que le bacille de la peste ne meurt ni ne disparaît jamais, qu’il peut rester pendant des dizaines d’années endormi dans les meubles et le linge, qu’il attend patiemment dans les chambres, les caves, les malles, les mouchoirs et les paperasses, et que, peut-être, le jour viendrait où, pour le malheur et l’enseignement des hommes, la peste réveillerait ses rats et les enverrait mourir dans une cité heureuse.“ „[…] შავი ჭირის ბაცილა არც კვდება და არც სამუდამოდ ქრება, მას შეუძლია იყოს ათობით წლები შემალული ავეჯში და სარეცხში, მას შეუძლია მოთმინებით იყოს ოთახებში, სარდაფებში, სკივრებში, ცხვირსახოცებში, ქაღალდებში და შეიძლება მოვიდეს ერთი დღე, როდესაც ადამიანთა სატანჯველად და ჭკუის სასწავლებლად, შავი ჭირი კვლავ გააღვიძებს ვირთხებს და გააგზავნის მათ მოკვდინებისთვის ბედნიერი ქალაქის ქუჩებში.“

გააზიარე