"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და მე გეტყვი, ვინ მოიგებს ომს უკრაინაში!
გასულ კვირაში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ გერმანიაში, სადაც უკრაინელი, მოლდოველი და ინდონეზიელი კოლეგებიც მიიწვიეს. გულწრფელად დამწყდა გული, რომ საქართველო არ იყო იქ. არასდროს დამიჭერია მხარი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ძალით დაბრუნებისთვის. უფრო მეტიც, საერთოდ კავშირს ვერ ვხედავ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასა და საქართველოში ომის გაჩაღების სურვილს შორის. სამაგიეროდ, პირდაპირ ბმას ვხედავ დიდი შვიდეულის კოლეგებთან ასოცირებული ტრიოს ორი წევრის – უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების ინტენსიურ შეხვედრებთან, სადაც განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარება და ამ ორი ქვეყნისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო. ფინეთისა და შვედეთის მთავრობების მიერ ნატო-ში გაწევრების სურვილის გაცხადების შემდეგ, ევროკავშირში ინტეგრაციამაც დამატებითი დატვირთვა შეიძინა რუსეთისთვის. ახლა უკვე დეკლარირებულად მტრული გაერთიანებაა და უკრაინის მასში გაწევრებაც მიუღებელია რუსეთისთვის. რა არის მისაღები და სად ყოფნა არის მისაღები რუსეთისთვის, ამას დღეს ნახავთ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) საიუბილეო ღონისძიებაზე რომ შეკრიბა -რუსეთის მთავრობამ. ამაზე ცოტა მოგვიანებით, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ბოლო დროის მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ეს ნაძალადევი გაერთიანებაც ხელიდან ეცლება რუსეთს და ის რეალურად მხოლოდ ქაღალდზე დარჩება.
მანამდე კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უმაღლესი კლასის დიპლომატმა დმიტრო კულებამ უაღრესად ნაყოფიერად გაატარა კვირა გერმანიაში, სულ მეგობრების გარემოცვაში. ყველგან შესაბამისი გზავნილებით იყო წარმოდგენილი უკრაინა. დიდ შვიდეულთან განიხილებოდა ფინანსური დახმარების საკითხი. კოლეგებმა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკებიდან დმიტრო კულებას აღუთქვეს უკრაინის 30 მილიარდი დოლარით დახმარება. გარდა ამისა, ინტენსიურად განიხილებოდა სანქციების ქვეშ მოხვედრილი რუსული სახელმწიფო და კერძო აქტივების უკრაინის რეაბილიტაციაზე მიმართვის საკითხი. ფორმალური გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, მაგრამ სულ უფრო ხშირად წაიკითხავთ და ნახავთ უმაღლესი და მაღალი რანგის ამერიკელი, კანადელი, იაპონელი თუ ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ გაყინული აქტივები უნდა გადაეცეს უკრაინას და მოხმარდეს მის აღმშენებლობას. ერთ-ერთი მთავარი თემა დიდი შვიდეულის სამიტზე იყო მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები. რუსეთის მიერ უკრაინული ხორბლის მიტაცება და დატყვევება მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას. მოგეხსენებათ, უკრაინა ხორბლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია მსოფლიოში, რაც რუსეთმაც მშვენივრად იცის. როგორც ჩანს, ვინაიდან ენერგომატარებლების მიწოდებით მსოფლიოს დაშანტაჟება არ გამოდის ისე, როგორც რუსეთს უნდა, პუტინმა გადაწყვიტა, გლობალური შიმშილით დააშანტაჟოს მსოფლიო.
ამერიკელ და უკრაინელ პირველ დიპლომატებს შორის სასურსათო უსაფრთხოებისა და სამხედრო დახმარების საკითხებზე საუბარი გაგრძელდა ორმხრივ ფორმატში ბერლინში, სადაც ნატო-ს არაფორმალური საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება ფინელი და შვედი კოლეგების მონაწილეობით. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანელ კანონმდებლებსა და მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდება.
ამასობაში ფინეთი და შვედეთი სულ მალე ნატო-ს წევრები გახდებიან. გულწრფელად გეტყვით, მე არც თურქეთის თავშეკავებული პოზიცია მიმაჩნია საგანგაშოდ და არც მით უმეტეს ხორვატიის პრეზიდენტის ნეგატიური დამოკიდებულება. დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთთან შეთანხმება აუცილებლად მოხდება, ხოლო ხორვატიის პრეზიდენტს საერთაშორისო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციაზე ვეტოს დადების არავითარი უფლებამოსილება არა აქვს.
რუსეთმა იმდენი ქნა, რომ კიდევ ერთი ნეიტრალური ქვეყანა – შვეიცარია მუშაობს ნატო-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სტრატეგიულ დოკუმენტზე. ის არ მოიცავს ნეიტრალურ სტატუსზე უარის თქმას და ნატო-ში გაწევრიანების რეკომენდაციას, მაგრამ სამაგიეროდ განიხილავს სამხედრო თანამშრომლობის ისეთ ფორმებს (მაგ. შვეიცარიის მიერ ნატო-ს ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდება უკრაინაში გაგზავნილი შეიარაღების ჩანაცვლების მიზნით), რომელიც კლასიკური ნეიტრალიტეტის გაგებას სულ უფრო მეტად აშორებს შვეიცარიას. საინტერესოა შვეიცარიის საზოგადოების დამოკიდებულებაში მკვეთრი ცვლილება ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ნატო-ს წევრობის მომხრეები ჯერ კიდევ უმცირესობაში არიან, მაგრამ ომამდე არსებულ 21%-თან შედარებით, 24 თებერვლის შემდეგ აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით 33%-მდე ზრდა, დამეთანხმებით, სერიოზული ნახტომია.
ეს ყველაფერი დიახაც რომ რუსეთის დამსახურებაა, თორემ ორი მსოფლიო ომი ისე გაიარა ნეიტრალურმა შვეიცარიამ, არც კი დასმულა მისი ომში ჩართვის და რომელიმეს მხარის დაჭერის საკითხი.
კიდევ უფრო „საინტერესო“ ვითარებაა რუსეთისთვის თითქოსდა შედარებით უფრო შინაურულ გარემოშიც. ყაზახეთის მიერ 9 მაისის სამუშაო დღედ გამოცხადებას როგორი ისტერიაც მოჰყვა რუსეთიდან, ყველამ კარგად ვიხილეთ. წამოვიდა პროპაგანდისტული არხებით მუქარები ოფიციალური ნურსულთანის მისამართით, მაგრამ მთავარი უსიამოვნო სიურპრიზი რუსეთს წინ ელოდა – ყაზახეთის პრეზიდენტმა მაინცდამაინც ასეთ კრიტიკულ და მწვავე მომენტში გადაწყვიტა თურქეთში ვიზიტით ჩასვლა, პრეზიდენტ ერდოღანთან მაგიდის ჩოგბურთის თამაში და… სამხედრო ხელშეკრულების გაფორმება. სულ უფრო ბუნდოვანი ხდება ბელარუსი ლუკაშენკოს განცხადებებიც. ასეა თუ ისე, ამ დრომდე მან არ/ვერ მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი ჯარების უკრაინაში გაგზავნის თაობაზე. ხან ვარჯიშები გამართა საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხან მოულოდნელი დათვალიერება მოაწყო, მაგრამ საბოლოო ჯამში უფროსი ძმის მისახმარებლად უკრაინაში ჯარების შეყვანის გადაწყვეტილება მაინც არ მიიღო. არადა, როგორ სჭირდება რუსეთს საზარბაზნე ხორცად დამატებითი მასები მაშინ, როდესაც სულ უფრო ცუდად მისდის საქმე აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტებზე.
კიდევ უფრო კატეგორიულია ჩინეთი. მიუხედავად იმისა, რომ მას რუსეთთან გაფორმებული აქვს მთელი რიგი სტრატეგიულ-სამოკავშირეო ხელშეკრულებებისა, მან არაერთხელ ღიად დაუჭირა მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და არც კი დაუშვია რუსეთისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევა.
ერთადერთი კაცი, ვისი მილოცვაც 9 მაისთან დაკვშირებით მე შემხვდა მედიასაშუალებებში, იყო ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი. სირიიდანაც კი საკუთარი ნაწილების გაყვანა მოუწია რუსეთს, ვინაიდან ბაშარ ასადისადმი ლოიალური სირიელი მებრძოლების დაქირავებისა და უკრაინაში გაგზავნის პროცესი რეალურად ჩავარდა.
სანქტ-პეტერბურგიდან მალე ნატო-ს წევრი ქვეყნის კონტურები გამოჩნდება. 1300-კილომეტრიან საზღვარს დაცვა დასჭირდება. შვედური კუნძული გოტლანდი, თავისი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და სარადარო სისტემებით რუსეთისთვის კიდევ ერთი სერიოზული თავსატკივარი იქნება ბალტიის ზღვაში. უკრაინას მალე ნატო-ს სტანდარტებთან სრულად თავსებადი შეიარაღება ექნება. მოელიან, რომ ზაფხულის განმავლობაში გარდატეხაც მოხდება. მოკლედ, ყველა ცივილიზებული და დემოკრატიული ქვეყანა ერთმანეთის მხარდამხარ დგას და კიდევ უფრო მაგრად დადგება, რუსეთს კი მისი ტრადიციული მოკავშირეებიდან რეალურად არც არავინ დარჩება. ასე რომ, თუ გადავხედავთ, ვინ ვისი და როგორი მეგობარია, კიდევ უფრო ცხადი გახდება, რომ უკრაინა იმარჯვებს.
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023