"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

მიუნხენი 2022: ყველა მინუს რუსეთი

Forbes-WEB-22022107

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წელს დაარსდა. ცივი ომის დასრულებამდე ის ძირითადად ნატო-ს წევრი ქვეყნების უმაღლესი და მაღალი რანგის პოლიტიკოსების, დიპლომატების, სამხედროების, ბიზნესისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლების თავშეყრის ღონისძიებას წარმოადგენდა. მხოლოდ საბჭოთა კავშირისა და  ვარშავის ბლოკის დაშლის შემდეგ დაიწყეს ორგანიზატორებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების წარმომადგენლების მიწვევა, რომლებიც იმჟამად ჯერ კიდევ არ შედიოდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემადგენლობაში. ღონისძიების მასშტაბები იზრდებოდა და მასში იაპონიის, სამხრეთ კორეის, ინდოეთისა და ჩინეთის წარმომადგენლების მიპატიჟებაც დაიწყეს. 90-იანი წლების ბოლოს აგრეთვე პირველად მიიწვიეს რუსეთის წარმომადგენლებიც. ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს ტრადიცია არ დარღვეულა და რუსეთის ოფიციალური დელეგაციები ყოველთვის მონაწილეობდნენ უსაფრთხოების თემებზე არსებულ ყველაზე მაღალი რანგის ყოველწლიურ ღონისძიებაში. რამდენიმე დღის წინ ზუსტად 15 წელი შესრულდა მიუნხენში ვლადიმირ პუტინის ისტორიული გამოსვლიდან, როდესაც მან არსებული მსოფლიო წესრიგის მიუღებლობაზე ისაუბრა, უმკაცრესად გააკრიტიკა აშშ და დემოკრატიული თანამეგობრობა და განაცხადი გააკეთა ერთპოლუსიანი სისტემის დასრულების შესახებ. მაშინ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია თავისუფალ სამყაროში რუსეთის პრეზიდენტის ამ გამოსვლამ, მაგრამ შეშფოთება/აღშფოთება დარჩა ადგილზე ჯონ მაკეინის საპასუხო განცხადების და შემდგომში ექსპერტ-ანალიტიკოსების შეფასებების ამარა. სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის და ტერიტორიების 20%-ზე მეტის ოკუპაციის შემდეგაც.

პირველი რეალური განგაშის ზარი დემოკრატიულმა თანამეგობრობამ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შემოჰკრა. თუმცა მიუნხენში დიალოგი გრძელდებოდა. დელეგაციის რანგი და მასშტაბი მცირდებოდა, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ყოველთვის ადგილზე იყო.

დაიმახსოვრეთ 2022 წლის 18-20 თებერვლის მიუნხენის კონფერენცია. რუსეთიდან მასში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ რამდენიმე ბიზნესმენი, მათ შორის ოლეგ დერიპასკა და რამდენიმე ექსპერტი ჩავიდა. კონფერენციის ორგანიზატორმა ბატონმა იშინგერმა მწუხარება გამოთქვა ოფიციალური მოსკოვის არყოფნის გამო. რა თქმა უნდა, ლავროვის ან ვინმე სხვა ოფიციალური წარმომადგენლის ნახვის წყურვილი არ იყო მწუხარების მთავარი საბაბი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მომავალ კვირაშიც შეხვდება რუსეთის პირველ დიპლომატს. წუხილის, შეშფოთების და, თუ გნებავთ, განგაშის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების ყველაზე რეალური საშიშროების გათვალისწინებით ოფიციალური რუსეთის დემონსტრაციულმა არყოფნამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჰაერში ომის შეგრძნება.

რუსმა ექსპერტებმა ლავროვის არჩასვლა იმით ახსნეს, რომ მთელი სამყარო დარაზმული იყო რუსეთის წინააღმდეგ და მუდმივი კრიტიკის სმენისა და თავის მართლების რეჟიმში ყოფნა უხერხული იყო ისეთი „ძერჟავის“ პირველი დიპლომატისთვის, როგორიც რუსეთი იყო. როგორც ყოველთვის, რკინის ლოგიკაა! ვერაფერს იტყვი! ქვეყანას ომი არ უნდოდეს და ამაზე დანარჩენ მსოფლიოსთან სალაპარაკოდ არ ჩადიოდეს, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია.

ვიდრე დემოკრატიული თანამეგობრობის გამოსვლების, ინდივიდუალური თუ ერთობლივი განცხადებების და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაკეთებული შეფასებების შინაარსს შევეხებით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მართალია ონლაინრეჟიმში, მაგრამ მონაწილეობა მაინც მიიღო ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ. მართალია, სულ რამდენიმე დღის წინ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება გააკრიტიკეს, მაგრამ ჩინეთის პირველმა დიპლომატმა უკრაინაზე საუბრის დროს ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უპირობოდ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ახალი ფართომასშტაბიანი აგრესიის საფრთხის პარალელურად, ექსპერტთა მიერ აქტიურად განიხილება ჩინეთის პოზიცია, მისი დამოკიდებულება ამ კრიზისთან მიმართებით და პროცესების შესაძლო გავლენა ტაივანის ირგვლივ არსებულ პრობლემაზე. უმრავლესობა თანხმდება, რომ ჩინეთი აქტიურად არ ჩაერევა, მაგრამ ყურადღებით დააკვირდება და დაელოდება რუსეთის შესაძლო აგრესიის შედეგებს და იმის მიხედვით იმოქმედებს ტაივანის მიმართულებით. თუმცა არის მოსაზრებაც, რომ ჩინეთი ისარგებლებს ვითარებით და ევროპაში არსებული ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების პირობებში შეეცდება ტაივანის სამხედრო ძალით მის შემადგენლობაში „შეთრევას“. ამიტომაც მაღალი რანგის ამერიკელი და ბრიტანელი პოლიტიკოსები და სამხედროები დაბეჯითებით საუბრობენ, რომ დემოკრატიული სამყარო უნდა მოქმედებდეს გლობალურად და მზად იყოს ერთდროულად რამდენიმე „ფრონტზე“ კრიზისებთან გასამკლავებლად.

ახლა კი უკრაინა – მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა არ ურჩია ქვეყნის დატოვება კიევზე მოსალოდნელი იერიშის მოლოდინში; მიუხედავად იმისა, რომ მის გამოსვლაში საკმაოდ ბევრი იყო კრიტიკა პარტნიორების მისამართით და ზოგადად მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლამ და კითხვა-პასუხმა სი-ენ-ენის ცნობილ ჟურნალისტ ქრისტიან ამანპურთან უწყვეტი, ფეხზე დამდგარი დარბაზის ოვაციები დაიმსახურა. სავსებით სამართლიანად! უკრაინის პრეზიდენტმა ძალიან ბევრის, მათ შორის ჩვენი სათქმელიც თქვა, როდესაც ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნატო-ს კარი ღიაა, მაგრამ უცხოებისთვის შესვლა დროებით აკრძალულია! როდემდე? გვითხარით გულწრფელად პასუხი“! მას არც ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმი დავიწყებია. დიახ, პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მაშინ უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ ბირთვულ იარაღზე უარი თქვა და ახლა არც იარაღი აქვს და არც უსაფრთხოების გარანტიები, აბსოლუტურად სამართლიანია და მისი გზავნილიც მემორანდუმის ხელმომწერთა შეკრების აუცილებლობაზე და უარის შემთხვევაში შეთანხმების ძალადაკარგულად ჩათვლაზე ძალიან სწორი და ზუსტი იყო. კიდევ ბევრი გზავნილის გამოყოფა შეიძლება უკრაინის პრეზიდენტის მართლაც რომ ისტორიული გამოსვლიდან, მაგრამ არ შემიძლია, განსაკუთრებით ხაზი არ გავუსვა კიდევ რამდენიმე მათგანს: 1) ჩვენ არ გვჭირდება სანქციების დაწესება მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას ცეცხლის ალში გაახვევს – თუ დარწმუნებით ამბობთ, რომ რუსეთი შემოიჭრება უკრაინაში, დაუწესეთ სანქციები დღეს; 2) ჩვენც ვიცით, რომ რუსეთი შეიძლება შემოიჭრას, მაგრამ უკრაინის ეკონომიკურად და ფინანსურად ჩამოშლის თავიდან ასაცილებლად არ ვსაუბრობთ ამაზე გამუდმებით. თქვენ საუბრობთ და უკრაინიდან ყოველდღიურად გადის მსხვილი ბიზნესი და ინვესტიციები. შემოიტანეთ დღეს თქვენი კაპიტალი და ბიზნესი უკრაინაში. აი ეს იქნება ყველაზე ძლიერი სიგნალი; 3) ევროკავშირში უკრაინის გაწევრების პერსპექტივაზე ჩვენთან ერთად უნდა საუბრობდეს თავად ევროკავშირი; 4) ჩვენ ჩვენს თავს აუცილებლად დავიცავთ, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები დღეს იცავს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებას.

ის, რომ ეს არის რუსეთის კრიზისი და არა უკრაინის, ხმამაღლა განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა. მას არც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პოტენციურ სანქციების პაკეტში მოხვედრის შესაძლებლობა დავიწყებია. მისი კანცლერი კვლავ შედარებით მოზომილი იყო, მაგრამ უკრაინაში ახალი ფართომასშტაბიანი აგრესიის შემთხვევაში გეოპოლიტიკური ენერგოპროექტის შეჩერება რომ აუცილებლად განიხილება (ვფიქრობ, რომ შეჩერდება კიდეც), ამაში ეჭვი არავის ეპარება.

ტყუილად არ სძულთ რუსებს ანგლოსაქსები, განსაკუთრებით – ბოლო თვეებში. ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივნების თითოეული მოქმედება, გამოსვლა და განცხადება თავისუფლების მოყვარული ხალხის მხოლოდ აღფრთოვანებას იწვევს. ძალიან ხისტი იყო თავად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც. „უკრაინაში ახალი აგრესიის შემთხვევაში რუსეთი უნდა დამარცხდეს და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ რუსეთი დამარცხდა“! ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროსაც ძალიან კატეგორიული იყო და ღიად აღუთქვა მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. სამხედრო დახმარებასთან ერთად, ერთი, რაზეც დაზუსტებით საუბარი შეიძლება, არის ის, რომ რუსი ოლიგარქებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის და ბიზნესებისთვის ნისლიანი ალბიონი დაიხურება როგორც ფიზიკურად, ისე ფინანსურად.

ცუდი დღე ელით რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც. როგორც იქნა, გამოჩნდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი (მე მაპატიეთ, მაგრამ ასეთი უფერული აშშ-ის პრეზიდენტის მეწყვილე მე არ მახსოვს), რომელმაც ტრანსატლანტიკური ერთსულოვნების აუცილებლობასა და რუსული ბანკებისა და სტრატეგიული სფეროებისთვის უმკაცრესი სანქციების დაწესებისთვის მზაობაზე ისაუბრა. თუმცა, აქვე მან, ისევე როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და კონგრესის თავმჯდომარემ ნენსი პელოსიმ, თქვა, რომ ჯერ კიდევ არსებობს დიპლომატიური გზით კონფლიქტის აცილების შესაძლებლობა.

ძალიან მინდა, რომ ის მიზერული შესაძლებლობა, რომელზეც საუბრობენ მსოფლიოს ლიდერები, იქცეს რეალობად და ომი თავიდან იქნას აცილებული, მაგრამ, სამწუხაროდ, შექმნილი ვითარებიდან მშვიდობიანად გამოსვლის შანსი უკვე თეორიულის კატეგორიაში გადავიდა.

მიუნხენში ხალხი მშვიდობის შანსებზე რომ საუბრობდა, ვლადიმირ პუტინი ლუკაშენკოსთან ერთად ბირთვულ წვრთნებს აკვირდებოდა. მართალია, მისმა პარანოიამ კულმინაციას მიაღწია და ყველაფერ იმაზე შეიძლება წავიდეს, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტი და სხვა ლიდერები საუბრობენ, კიევზე იერიშის მიტანის ჩათვლით, მაგრამ ატომურ ღილაკზე თითის დაჭერისთვის თვით ვლადიმირ პუტინიც კი არ არის მზად, არათუ მისი უახლოესი გარემოცვა. არ არის ის ისეთი მაგარი „პაცანი“ (მისი პირველი დიპლომატის ციტირებას ვახდენ 🙂), რომელიც იტყვის და გააკეთებს. თქვა უკვე და ვერ აკეთებს. ვერც გააკეთებს.

დიდება უკრაინას!

გააზიარე