"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
მიუნხენი 2023: რუსეთისთვის განაჩენი გამოტანილია?!
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა. ცხადია, მთავარი თემა იყო რუსეთის ომი უკრაინაში და, შესაბამისად, თითოეულ განცხადებას და სიტყვას განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭებოდა, ვინაიდან ზუსტად იმ დროს, როდესაც ისინი წარმოითქმოდა, გმირი უკრაინელი მებრძოლები და მათთან ერთად ქართველი, პოლონელი, ჩეჩენი, ამერიკელი, ბრიტანელი, აზერბაიჯანელი, ბელარუსი და რუსი მებრძოლები იგერიებდნენ რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვნად გაძლიერებულ შეტევებს დონეცკისა და ლუჰანსკის ფრონტებზე.
რამდენიმე წინადადებით რომ შევაჯამოთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არსებული სულისკვეთება და ძირითადი გამოსვლები, მთავარი გზავნილები ასე გამოიყურება: „უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს! რუსეთმა პასუხი უნდა აგოს! უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უნდა გაიზარდოს მნიშვნელოვნად და სწრაფად“! ნამდვილად შთამბეჭდავი და იმედის მომცემია!
კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი ამერიკის შეერთებულმა შტატების სახელით პირადად დააყენა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. პრინციპში, მან ოფიციალურად წაუყენა ეს ბრალდება რუსეთს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადების თანახმად, როგორც უშუალო შემსრულებლები, ისე ბრძანების გამცემები აუცილებლად აგებენ პასუხს კანონის წინაშე. „ეს დანაშაულები არის ბარბაროსული და არაადამიანური“, – ეს სიტყვები კ.ჰარისმა ბუჩაში დატრიალებული ტრაგედიის ამსახველი ფოტოების ფონზე წარმოთქვა. მან პირობა დადო, რომ აშშ ყოველმხრივ დაეხმარება უკრაინას სასტიკი მკვლელობების, გაუპატიურებების, ბავშვების გატაცებებისა და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სხვა მძიმე დანაშაულებების გამოძიებისა და სამართლიანობის დადგენის საქმეში. „ეს არის თავდასხმა ჩვენს საერთო ღირებულებებზე, კაცობრიობაზე“ – საერთო შეფასებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ძალიან ხისტი და მნიშვნელოვანი გზავნილებით გაჯერებული გამოსვლა ჰქონდა. მისი განცხადებები მყარ საფუძველს ქმნის იმის დარწმუნებით სათქმელად, რომ რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალი ნამდვილად შეიქმნება.
ძალიან კონკრეტული იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი. ბორის ჯონსონი ნამდვილად შევა ისტორიაში, მაგრამ ხაზგასმით უნდა ითქვას: როდესაც სახელმწიფოს პოზიცია მტკიცე და ურყევია, პრემიერ-მინისტრის ცვლილება მნიშვნელოვნად არაფერს ცვლის. პრემიერ სუნაკს ნამდვილად არ დაუშვია დიდი ბრიტანეთის დროშა დაბლა. პირიქით, მან მოუწოდა ცივილიზებულ თანამეგობრობას, რომ დროა, გაორმაგდეს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. აგრეთვე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა სიამაყით განაცხადა, რომ მისი ქვეყანა იქნება პირველი, ვინც უკრაინას შორს მოქმედ რაკეტებს მიაწვდის.
საოცრად შთამბეჭდავი იყო მასპინძელი გერმანიის პოზიცია. „გერმანია ის ქვეყანაა, რომელსაც შესაძლებლობაც აქვს და ვალდებულებაც, ითავოს ლიდერობა უკრაინის მხარდასაჭერად საერთო ძალისხმევის კონსოლიდაციისთვის… მიაწოდეთ ტანკები უკრაინას ახლა, ვისაც ამის რესურსი და შესაძლებლობა გაქვთ“, – ეს სიტყვები გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ეკუთვნის.
„უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს“, – მტკიცებით ფორმაში განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა პისტორიუსმა. „ჩვენ არასდროს დავუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიების ხარჯზე მშვიდობის დამყარებას“, – ტრადიციულად პრინციპული იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.
„პოლონეთი მიესალმება უკრაინისთვის მიგ-29 თვითმფრინავების გადაცემის საკითხის ფართო კოალიციურ ფორმატში განხილვას და გამოთქვამს მზადყოფნას საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის. აგრეთვე, პოლონეთი მზად იქნება, თუკი ამერიკული ფ-16-ების საკითხის განხილვაც დაიწყება“, – განაცხადა უკრაინის ერთგული მოკავშირე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა თადეუშ მორავეცკიმ.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა კვლავ ისაუბრა დემოკრატიული თანამეგობრობის პასუხისმგებლობაზე 2014 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე არასაკმარისი რეაგირების გამო. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ფინეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მე-13 პაკეტს ამზადებს.
ყველა ამ გამოსვლას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა, რომლითაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა. „დავითებმა უნდა დავამარცხოთ პუტინები“ – როგორც ყოველთვის, ემოციურად დამუხტული და კონკრეტული გზავნილებით დატვირთული იყო პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლა.
ასე რომ, საერთო ჯამში, მიუნხენის ბაიერიშე შლოსში ისეთი განწყობა სუფევდა, რომ რუსეთისთვის განაჩენი გამოტანილად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
თუმცა… ხვდებით ალბათ, რომ შემთხვევით არ არის სათაურში კითხვის ნიშანი.
„მე დავრწმუნდი, რომ რუსეთი არის მაფიოზური სახელმწიფო“, – როგორც იქნა დაასკვნა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა (მასერთი წელი დასჭირდა, რომ დარწმუნებულიყო პუტინის პირდაპირ კავშირში მისი ყოფილი პირადი მზარეულის პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბრძოლასთან უკრაინაში). მისი განცხადებით, მსოფლიომ უნდა განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა მან შეძლოს წარმატების მიღწევა, აგრეთვე, მაკრონს ესმის, რომ ახლა არ არის მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი გარემოებები, მაგრამ მაინც მიაჩნია, რომ საბოლოო ჯამში უნდა გამოინახოს გზები რუსეთთან დიალოგისთვის. გარდა ამისა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი არასდროს დაუჭერს მხარს რუსეთის გამანადგურებელ მარცხს, განსხვავებით ბევრისგან, ვისაც ასე სურს.
მართალია, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ უკრაინაში მიმდინარე ომი პირველად მოიხსენია, როგორც საომარი მოქმედებები (თუმცა უმეტესწილად მაინც გამოიყენებდა ტერმინს „კრიზისი“); აგრეთვე, წინასწარ დააანონსა ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივა, რომელსაც ალბათ თვით სი ძინპინი გაახმოვანებს, მაგრამ… სულ უფრო მეტად იზრდება შეშფოთება ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის სამხედრო ტიპის დახმარების გაწევის გამო. ამის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პირადად ესაუბრა ჩინელ კოლეგას კონფერენციის ფარგლებში. თავად ჩინეთი ამას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, დაზვერვის ინფორმაციით, არსებობს უტყუარი ფაქტებიც. გარდა ამისა, ჩინეთის პირველმა დიპლომატმა თავის გამოსვლაში სცადა „ანკესი გადაეგდო“ ევროპისკენ და გაეჩინა ნაპრალი აშშ-სა და ევროპას შორის, მაგრამ განცხადებების და ვან ის გამოსვლის ევროპელი ლიდერების შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, მას ეს არ გამოუვიდა, ისევე როგორც არავის გასჩენია რწმენა/ნდობა ჩინური სამშვიდობო გეგმის მიმართ.
ნამდვილად არ იქნება სწორი იმის თქმა, რომ საფრანგეთისა და ჩინეთის პოზიციები თანხვდენილია. უფრო მეტიც, საფრანგეთი ძალიან სერიოზულ სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას (საფრანგეთმა უკვე მიაწოდა ძალიან ბევრი არტილერიის ღმერთად შერაცხილი „ცეზარის“ საარტილერიო დანადგარი; აგრეთვე მსუბუქი ტანკები და ასე შემდეგ), მაგრამ მისი პოზიცია რუსეთთან დიალოგის/მოლაპარაკებების შესახებ მაინც განსხვავებულია გერმანულისგან, რომ არაფერი ვთქვათ ამერიკელებზე. კერძოდ, აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო მდივნები, ისევე როგორც უმაღლესი რანგის სამხედრო ხელმძღვანელები ერთხმად აცხადებენ, რომ ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, მაგრამ პირობებს უკრაინა განსაზღვრავს და ასეთი მოლაპარაკებების დროსაც ის გადაწყვეტს. ცხადია, უკრაინის ყველა მხარდამჭერს აქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულ-ზაფხულის განმავლობაში უკრაინა მიაღწევს ახალ მნიშვნელოვან გამარჯვებებს ბრძოლის ველზე, რაც აიძულებს რუსეთს, დათანხმდეს იმ მოთხოვნებს, რომელთაც უკრაინა აყენებს.
უკრაინის ტერიტორიების სრულად გათავისუფლება, რეპარაციებისა და კომპენსაციის გადახდა უკრაინისთვის და ყველა დამნაშავის დასჯა – ეს არის სამი პირობა, რომელთა დაკმაყოფილებასაც ითხოვს უკრაინა. მიუნხენის საერთო სულისკვეთება სწორედ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების ირგვლივ გამოიკვეთა. ცხადია, ამას პუტინის რუსეთი არასდროს დათანხმდება. პუტინს სურს ომის გაჭიანურება, რაც ევროპისა და აშშ-ის ხედვებს ნამდვილად არ ემთხვევა. თუმცა რა მოხდება, თუ მომავალი მოლაპარაკებების დროს რუსეთის მმართველი პუტინის მაგივრად ვინმე სხვა იქნება?! ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი ზაფხულის ბოლოს-შემოდგომის დასაწყისში გამოიკვეთება, ხოლო მომავალი წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, ჩემი ღრმა რწმენით!!! გამარჯვებული უკრაინის პრეზიდენტი პირადად დაესწრება.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023