ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

მონოპოლი - მუდმივი სამაგიდო თამაში

ლაითაძე2

Monopoly is the terrible thing,

                                                                                                                      Till you have it.

                                                                                                                    Rupert Murdoch

                                                                                 მონოპოლია საშინელებაა მანამდე,

                                                            სანამ შენ თვითონ არ გახდები მონოპოლისტი.

                                                                                                              რუპერტ მერდოკი

 

1935 წლის 15 თებერვალს, ფილადელფიაში, მაგიდის თამაში „მონოპოლი“ პირველად ისტორიაში გასაყიდად გამოიტანა კომპანია Parker Bros-მა. ამ სამაგიდო თამაშის იდეა Parker Bros-ს მიყიდა უმუშევარმა ინჟინერმა ჩარლზ დეროუმ (Charles B. Darrow). კომპანია, რომელშიც დეროუ მუშაობდა, 1929-1933 წლების დიდი დეპრესიის დროს გაკოტრდა. იმავე 1935 წელს თამაშის გაყიდვის უფლება მოიპოვა ინგლისურმა კომპანია Waddingtons-მა ქალაქ ლიდსიდან. „მონოპოლის“ ჰყავს წინამორბედი თამაშები, მაგრამ იმ სახის შექმნაში, რომლითაც ჩვენ მას ვიცნობთ, სწორედ რომ ჩარლზ დეროუს წვლილია.

ჩვენ ყველამ ვიცით „მონოპოლი“, არაერთხელ გვითამაშია მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად. თამაში ძირითადად უძრავი ქონების ბაზარს ეხება. არსებობს ამ თამაშის რამდენიმე ვერსია, რომლებიც მისადაგებულია გარკვეული ქვეყნების თუ კონტინენტების ადგილობრივ გემოვნებასთან. მაგრამ პრინციპი ერთია: მოგება სხვისი განადგურების ხარჯზე.

რა არის სახასიათო „მონოპოლისთვის“? დღევანდელი კაპიტალიზმის სულისკვეთება (ყოველ შემთხვევაში, დეკლარირებულად) არის win-win სიტუაცია – ყველა იღებს სარგებელს ერთმანეთთან კომერციით. ამ თამაშში კი იგებს მხოლოდ ერთი, ის მდიდრდება სხვების გაკოტრების ხარჯზე. სახელი „მონოპოლი“ პირდაპირ მიუთითებს ბაზარზე მხოლოდ ერთი დომინანტის არსებობას. ეს არის ადრეული კაპიტალიზმის სულისკვეთება, რომელიც კარგად არის ასახული „მონოპოლიში“. თამაშ-თამაშ ხილული ხდება კაპიტალიზმის დღევანდელი რეალური სახეც, მისი დაუნდობელი მოქმედება. საბაზრო ეკონომიკას დღეს შეიძლება ხავერდის ხელთათმანები უკეთია, მაგრამ ამ ხელთათმანების მიღმა რკინის მუშტებია შეკრული. „მონოპოლის“ ულმობელი ხასიათი შეიძლება სწორედ იმის გამოც აქვს, რომ ამ თამაშის იდეის შემქმნელი, ზემოთ ხსენებული ინჟინერი დეროუ, სწორედ რომ კაპიტალიზმის მორევს ემსხვერპლა.

რთული სათქმელია, რა გავლენას ახდენს მოზარდზე „მონოპოლის“ თამაში. ანახებს მას გარემომცველი სამყაროს დაუნდობლობას? თუ ასწავლის სტრატეგიულად ფიქრს? თუ მიანიშნებს შანსის მნიშვნელობასა და წარმავლობაზე („მონოპოლი“ კამათლებით ითამაშება)? ალბათ, ყველაფერი ცოტ-ცოტად. თუმცა გვერდით რომ გადავდოთ ეს შორს მიმავალი დასკვნები, „მონოპოლის“, ისევე როგორც მაგიდის სხვა თამაშებს, აქვს ბევრი დადებითი და ზოგჯერ მყისიერი შედეგი:

გართობა: მაგიდის თამაშს ყოველთვის სდევს სიცილი, რომელიც ენდორფინებს გამოყოფს. ენდორფინები კი იწვევს ბედნიერების განცდას;

ოჯახის ერთობა: გამომდინარე იქიდან, რომ დღეს თითქმის ყველა ოჯახის წევრს სხვადასხვა განრიგი აქვს, რაც ართულებს დროის ერთად გატარებას. სამაგიდო თამაშს შეუძლია სწორედ ერთობის ასეთი მომენტის შექმნა, რაც ასე მნიშვნელოვანია ოჯახური ბედნიერებისთვის;

„მონოპოლის“ თამაში საშუალებას აძლევს მოზარდებს, გააძლიერონ კოგნიტიური და ანალიტიკური უნარები;

„მონოპოლის“, ისევე როგორც სხვა სამაგიდო თამაშების, სარგებლიანობა, განსაკუთრებით კი უფროსი ასაკის ადამიანებისათვის, არის შემეცნებითი უნარის დასუსტების წინააღმდეგ ბრძოლა. სამაგიდო თამაშებში სისტემატურ მონაწილეობას შეუძლია თავისი წვლილის შეტანა ისეთი ავადმყოფობების შეფერხებაში, როგორიცაა დემენცია და ალცჰაიმერი. გონების გამუდმებითი მუშაობა ამცირებს ამ დაავადებების დაწყების რისკს;

სიცილით გამოწვეული ენდორფინების ზრდა ამცირებს წნევას;

სამაგიდო თამაშების დროს გონების მუდმივი მუშაობა აღრმავებს მეხსიერებას;

„მონოპოლი“ შეიძლება იყოს სტრესის ჯანსაღი შემამცირებელი;

იმის გამო, რომ „მონოპოლის“ მოთამაშეებს უწევთ კამათლების გაგორება, „ფიშკების“ გადაადგილება და მომცრო ნივთებთან ურთიერთობა, შედეგი არის ის, რომ იზრდება მოქნილობა და კოორდინაცია, რაც მნიშვნელოვანია ფიზიკური უძლურების დროს და ასრულებს თერაპიაში დამხმარე როლს.

„მონოპოლი“ დღემდე რჩება ყველაზე მაღალი გაყიდვების მქონე პატენტირებულ მაგიდის თამაშად.

გამახსენდა ჩემი ბავშვობის დროინდელი, ჩვენივე ხელით დახატული „მონოპოლი“, რომლის წესებიც სანახევროდ არ ვიცოდით ან იქვე ვიგონებდით. საბჭოთა კავშირში „მონოპოლი“ აკრძალული იყო. გამოდის, რომ ვიღაცამ ჩამოიტანა კონტრაბანდულად და მერე გადახატეს, მერე გადახატული გადახატეს და ა.შ. ჩვენ მერამდენე ვერსიას ვთამაშობდით, ვინ უწყის.

დასასრულს კი: მოდი, ხანდახან ვითამაშოთ „მონოპოლი“, გავიცინოთ და თამაშში მაინც მოვუგოთ სამყაროს, რადგან რეალურ ცხოვრებაში სამყაროსთვის არავის მოუგია.

გააზიარე